Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისგან მოსალოდნელი ანექსიისა და მოხის მუსლიმთა კვირა


ფილიპ ბრიდლავი, ირაკლი ალასანია
ფილიპ ბრიდლავი, ირაკლი ალასანია

მიმოხილვა დავიწყოთ ნატოსთან დაახლოებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პერსპექტივით. 22 ოქტომბერს თბილისს ეწვია ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ევროპის მიმართულების უმაღლესი მთავარსარდალი, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი. ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განსახილველ ერთ-ერთ მთავარ თემას ნატოს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედების საკითხი წარმოადგენდა, რასაც საქართველოს განსაკუთრებული ინტერესი უკავშირდება. ოთხშაბათს, თავდაცვის მიმისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გენერალმა ბრიდლავმა აღნიშნა, რომ ამ მიზნისთვის შესაბამისი ნიადაგი მზადდება:

”ჩვენ გვქონდა შესანიშნავი განხილვა პრაქტიკულ დონეზე. მე, როგორც ოპერაციების მეთაურ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ჯარს ბრძოლის ველზე გზავნის და ბრძოლისთვის ამზადებს, ჩვენმა განხილვამ საშუალება მომცა გამეგო, თუ რა ეტაპზეა საქართველო ამ პროცესში და როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ ავამოქმედოთ საწვრთნელი ცენტრის ოპერაციული ნაწილი”.

ნატო აცნობიერებს აღნიშნულ საფრთხეებს და ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს, რათა ნატოს ქვეყნებმა სწრაფი რეაგირება მოახდინონ მსგავს საფრთხეებზე მომავალში...
ფილიპ ბრიდლავი

საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბება ერთ-ერთი მთავარი სეგმენტია ნატოსგან უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტისა, რომლის აღსრულებისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები, სავარაუდოდ, მომავალი წლის თებერვლიდან გადაიდგმება. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა 22 ოქტომბერს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, 21 ოქტომბერს ბრიუსელში შეთანხმდა გეგმა, რომელსაც ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში განიხილავენ, ხოლო თავდაცვის მინისტრები საბოლოო სახით თებერვალში დაამტკიცებენ. შეთანხმების შემდეგ კი საგანგებო ”შემსწავლელი ჯგუფი” საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურას შეისწავლის. ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ყველაფერი უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება:

”მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ის შეთანხმება, რაც აქვს საქართველოს და ნატოს საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან, ერთობლივ წვრთნებთან და ჩვენს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გეგმები, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული”.

ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ნატო-საქართველოს დაახლოება თავისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ჰგონია, ეს რუსეთია, რომელიც რეგიონში კვლავაც იბრძვის თავისი უკანონო გავლენის არეალის გაფართოებისთვის. როგორც გენერალმა ბრიდლავმა აღნიშნა, ”ნატო აცნობიერებს აღნიშნულ საფრთხეებს და ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს, რათა ნატოს ქვეყნებმა სწრაფი რეაგირება მოახდინონ მსგავს საფრთხეებზე მომავალში”.

მიმდინარე კვირაში საქართველოში კვლავაც განხილვის საგანს წარმოადგენდა რუსეთის მიერ აფხაზეთის შესაძლო ანექსიის საკითხი, პრობლემა, რომელმაც რუსეთსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიას შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზადების პროცესში იჩინა თავი. მუქარა იგრძნობოდა განცხადებაში, რომელიც 20 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჰერბერტ ზალბერთან, სატელეფონო საუბრისას გააკეთა:

”საქართველოს მხარის მსჯელობა აფხაზეთის თითქოსდა ”ანექსიის” შესახებ არაკეთილსინდისიერი და სახიფათო სპეკულაციებია, რასაც შეუძლია სერიოზულად გაართულოს ჟენევის მოლაპარაკებათა ატმოსფერო”.

გრიგორი კარასინი თბილისის შესაჩერებლად დახმარებას, ევროკავშირის გარდა, ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის კიდევ ორი თანათავმჯდომარისგან - გაეროსა და ეუთოსგანაც ითხოვს. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ მოსკოვის ინიციატივაში საგანგაშო და გასაკვირი არაფერია.

გრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი

”ამჟამინდელ პირობებში მოსკოვმა და სოხუმმა ჩათვალეს აუცილებლად მოაწესრიგონ და განაახლონ ორმხრივი თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩოები. ამასთან, უცვლელად რჩება თანასწორობის, ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპები, რომლებითაც მხარეები ხელმძღვანელობენ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ”, - უთხრა კარასინმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს.

მოსკოვი სოხუმის სახელითაც ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა, რომ მათი მიდგომები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება სამომავლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიტიკური ლიდერები უკმაყოფილოდ აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი მათი ე.წ. სახელმწიფოს ე.წ. სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება და რომ ამ დოკუმენტის შემოთავაზებული ფორმით ხელმოწერა არ შეიძლება.

მაგრამ აფხაზეთში გაჩაღებული უკმაყოფილო დისკუსია, შეიძლება ითქვას, აკვირვებთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, სადაც რუსეთთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციის სურვილს გამოხატავენ. მეტიც, როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა ”ეხო კავკაზას” კორესპონდენტს უთხრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა სპიკერმა სტანისლავ კოჩიევმა, რუსეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მზად არის და ხელმოწერას ელოდება:

”ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ წლის ბოლომდე მოეწერება ხელი. ასეთი დოკუმენტის მომზადება დღეს არ დაწყებულა, პერმანენტული მუშაობა მიმდინარეობდა. მეხუთე მოწვევის პარლამენტმაც შეიტანა მოკრძალებული წვლილი. ხელშეკრულების ახალ პროექტში, სხვა პუნქტებთან ერთად, შეტანილია ზოგიერთი პუნქტი, რაც ასევე გვხვდება აფხაზეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტში. ხელშეკრულების ეს პროექტი უფრო შეესაბამება სამხრეთ ოსეთს და ის მზად არის ხელმოსაწერად”.

რუსეთისგან მოსალოდნელი ”ანექსიის” შესაჩერებლად თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი მხარდაჭერისა და ყურადღების მოზიდვას ცდილობს. სწორედ ეს საკითხი იყო, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის საუბრის მთავარი თემა ლუქსემბურგსა და გერმანიაში გამართული შეხვედრების ფარგლებში ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებთან თუ წევრი ქვეყნების ლიდერებთან. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული აქცენტი ფიგურირებს ასევე თანამშრომლობის მემორანდუმში, რომელიც იაპონიაში, პრეზიდნეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს მიერ ხელმოწერილ 23-პუნქტიან დოკუმენტში, რომელიც ორ ქვეყანას შორის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, ორი ქვეთავი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებს ეთმობა. პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, დოკუმენტის მე-18 პუნქტში წერია:

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

"ორივე მხარე იზიარებს შეხედულებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში [სამხრეთ ოსეთში] -კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შესახებ, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ასევე ხაზგასმით აღნიშნავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ეფუძნება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ქართული მხარე გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას რუსეთის განზრახვის გამო, დადოს "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან – აფხაზეთის რეჟიმთან. ორივე მხარე ეწინააღმდეგება მრავალმხრივ მცდელობას შეიცვალოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები".

დოკუმენტის მე-19 პუნქტის მიხედვით კი, ორივე მხარე აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების უფლებების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. "განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი უფლება, დაუბრუნდნენ მშობლიურ ადგილებს გაეროს რეზოლუციის შესაბამისად", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტისა და იაპონიის პრემიერის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში.

აფხაზეთის შესაძლო ანექსიის პრობლემის განხილვა დასახელდა საქართველოს პრეზიდენტის ბელგიაში ვიზიტის გადადების ძირითად მიზეზად. ინფორმაცია ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ გაახმაურა. ბევრს გაუკვირდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის პრობლემის განსახილველად უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს დანიშნა და მაინცდამაინც ბელგიაში ვიზიტს დაამთხვია. შედეგად, გადაწყდა, რომ პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის ბელგიაში პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამგზავრებულიყო.

თარიღი არ შეიცვლება. საბჭო დანიშნულია, შესაბამისად, დაანონსებულია. ჯერ კიდევ დანიშნულია 15 ოქტომბერს, როგორც კი აღნიშნული ხელშეკრულება იქნა გამოქვეყნებული მედიაში...
ირინა იმერლიშვილი

ამასთან, უშიშროების საბჭოს სხდომაში, ასევე საზღვარგარეთ ვიზიტების მიზეზით, ვერც თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრები იმონაწილევებენ. სათუოა საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობაც. ირაკლი ალასანიამ, რომელიც იმ დროისთვის გერმანიასა და საფრანგეთში იქნება, გიორგი მარგველაშვილს საბჭოს სხდომის გადადების თხოვნითაც კი მიმართა, თუმცა, ამის მიუხედავად, წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას არ ცვლის და ეს მედიის წარმომადგენლებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა აცნობა:

“ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც კონსტიტუციური ორგანო, რომელიც შექმნილია ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის, მე იმედი მაქვს, რომ შეძლებს შეკრებას აღნიშნულ დროს - იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭო - და მოითათბირებს აღნიშნულთან დაკავშირებით. თარიღი არ შეიცვლება. საბჭო დანიშნულია, შესაბამისად, დაანონსებულია. ჯერ კიდევ დანიშნულია 15 ოქტომბერს, როგორც კი აღნიშნული ხელშეკრულება იქნა გამოქვეყნებული მედიაში“.

მიმოხილვა განვაგრძოთ კვირის მწვავე და ხმაურიანი საკითხით, რომელიც ადიგენის რაიონის სოფელ მოხის მუსლიმთა თემს უკავშირდება. საუბარია 22 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტზე, რომლის შედეგადაც 14 ადამიანი იქნა დაკავებული. 23 ოქტომბერს სამი მათგანი ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს, ხოლო კიდევ 11 პირი, ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. ჯარიმის ოდენობა თითოეულისთვის 250 ლარს შეადგენდა. დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული პირები პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდნენ. პოლიციის მხრიდან „არაპროპორციული ძალის“ გამოყენებაზეა ლაპარაკი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 23 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენები უკავშირდება სახელმწიფოს კუთვნილ ნახევრად დანგრეულ ნაგებობას, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმი თემი ისტორიულ მეჩეთს უწოდებს და მის დაბრუნებას 2007 წლის შემდეგ ამაოდ ითხოვს. ადგილობრივი მართლმადიდებლების რწმენით კი, ნანგრევების ადგილას ერთ დროს მათი ეკლესია იდგა. სადავო ადგილას ახლა

ადგილობრივ ხელისუფლებას ბიბლიოთეკის აშენება უნდა და ამ გეგმას ემხრობიან მართლმადიდებლები, რადგანაც, მათი აზრით, მუსლიმებს სოფელში ერთი მეჩეთი უკვე აქვთ, ხოლო ბიბლიოთეკით სარგებლობა შეეძლება ყველას, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. ეს ლოგიკა, ცხადია, მიუღებელია მუსლიმი თემისთვის, რომელიც თვლის, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს საკითხი მათთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა. არასამთავრობო სექტორისთვის მიუღებელია, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გვერდის ავლით იქნა მიღებული.

ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ მუფთისთვის სოფელში არსებულ მეჩეთთან ახლოს სახელმწიფო სახსრებით აშენდებოდა პატარა ზომის რეზიდენცია, რადგან მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო. სოფელში უკვე არსებობს მეჩეთი და მუსულმანებს ლოცვის პრობლემა არ აქვთ...
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების თანახმად, პროცესს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უძღვებოდა:

„ვესაუბრე გუბერნატორს, რომელსაც ჰქონდა კომუნიკაცია რეგიონის მუფთთან. ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ მუფთისთვის სოფელში არსებულ მეჩეთთან ახლოს სახელმწიფო სახსრებით აშენდებოდა პატარა ზომის რეზიდენცია, რადგან მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო. სოფელში უკვე არსებობს მეჩეთი და მუსულმანებს ლოცვის პრობლემა არ აქვთ. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს იყო ნორმალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ არ მომხდარიყო კონფლიქტი. რა თქმა უნდა, დასაგმობი და მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ, იგივე პოლიციის მანქანების დაზიანება ქვებით. ყველა მოქალაქე კანონთან თანასწორია“.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 23 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრემიერ-მინისტრის შეფასებები ”აშკარად არაადეკვატურია და არ პასუხობს ადგილობრივი მუსლიმი თემის საჭიროებებსა და ინტერესს”. მე-3 სექტორის წამყვანი ორგანიზაციები უპასუხისმგებლო ნაბიჯად მიიჩნევენ მუსლიმებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორისთვის მინდობას, რადგანაც ის, ადგილობრივი მუსლიმების თქმით, „მათ მიმართ აგრესიული ქცევით გამოირჩევა”.

ამავე განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეაჩეროს ”მუსლიმი თემის რელიგიური დევნა”, რამაც უკვე ”სისტემური ხასიათი მიიღო”.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG