Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გასაღების“ ძებნაში დაკარგული კვირა


კვირა დაიწყო საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტით ბრიუსელში, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაში და შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან, რომელმაც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველო ერთგულ და პასუხისმგებლობით აღსავსე პარტნიორად მოიხსენია და განაცხადა, რომ ძალაშია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, თუმცა ნატოს გენერალურმა მდივანმა იქვე შენიშნა, რომ, ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, საქართველოს კვლავაც მოეთხოვება დემოკრატიული რეფორმების პროცესის გაგრძელება, რაც მოიცავს კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას. ნატოს გენერალურმა მდივანმა მხარეების პრინციპულ შეთანხმებაზეც ილაპარაკა:

„ვაპირებთ განვახორციელოთ პაკეტი, რაზეც შევთანხმდით უელსის სამიტზე. ეს პაკეტი გააძლიერებს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს. ის შეეხება ტრენინგებს, ის შეეხება წვრთნებს, ის შეეხება ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნას... ჩვენ ამას იმის გამო ვაკეთებთ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს. ეს საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაა და მათ უნდა გადაწყვიტონ როგორ განავითარებენ თანამშრომლობას“.

იენს სტოლტენბერგის პასუხად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოხატა და გამოთქვა იმედი, რომ ნატო უყურადღებოდ არ დატოვებს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, რომელთა შორის უმთავრესი რუსეთთან ურთიერთობაა:

„მინდა გამოვხატო ღრმა შეშფოთება და წუხილი, რომ, რუსეთისადმი ჩვენი კონსტრუქციული მიდგომების მიუხედავად, რუსეთის მხარე არ პასუხობს ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას იმავე სულისკვეთებით. რუსეთი განაგრძობს დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, რაც მიზნად ისახავს აფხაზეთის რეგიონის დე ფაქტო ანექსიას და, სავარაუდოდ, ასეთივე ვითარებაა ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ ალიანსის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაში, სადაც განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის სიმტკიცე ეროვნული იდეა და ცივილიზაციის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი, ხოლო ასოცირების შეთანხმება საქართველოს ევროპეიზაციისა და მოდერნიზაციის მთავარი სამოქმედო გეგმაა. საქართველოსა და მისი ხელისუფლების ამ სულისკვეთებას სათანადო შეფასება მისცა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების აუცილებლობას ხედავს:

„თავიდან უნდა იქნეს აშორებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, კონფრონტაცია და გარანტირებული უნდა იყოს სივრცე ოპოზიციასა და პარტიათა შორის დიალოგისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ საჭიროებაზე, რომ საქართველომ კვლავაც მიმართოს ძალისხმევა სასამართლოს რეფორმირებისკენ და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა. სისხლის სამართლის სფეროში გამოძიება და სამართლებრივი დევნა დაფუძნებული უნდა იყოს მტკიცებულებებზე, უნდა იყოს გამჭვირვალე, პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და განუხრელად უნდა შეესაბამებოდეს სამართლებრივი პროცედურების დაცვის პრინციპებს. ასეთი ვალდებულებები საქართველომ აიღო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში“.

გასული კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვა, რამაც უკიდურესად დაძაბა ვითარება პრემიერ-მინიტრ ღარიბაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ სატელეფონო საუბრებზე მიყურადების ტექნიკური წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა დარჩეს.

„ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტეტბს. ამას გეგმავენ „ნაციონალები“ და იყენებენ თავიანთ არასამთავრობო ორგანიზაციებს“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი იმედოვნებენ, რომ პარლამენტი გაიზიარებს მათ ხედვას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ ექნება ფარულ მოსმენებზე ტექნიკური წვდომა. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე დიდ იმედს ამყარებენ პრეზიდენტ მარგველაშვილზე, რომელმაც მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესაჩერებლად ერთხელ უკვე გამოიყენა ვეტოს უფლება.

გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო გლდანის მე-8 საპყრობილისაკენ, სადაც, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ორი პატიმრის ცემასა და ღირსების აყრაში ციხის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. უჩა ნანუაშვილმა მოუწოდა მთავარ პროკურატურას მიმართოს სასამართლოს და თანამდებობიდან გადააყენოს საპყრობილის დირექტორის მოადგილე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, მორიგე კონტროლიორი და რამდენიმე ოფიცერი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან პატიმრების ცემაში.

პატიმრების ცემისა და ჯაჭვით დაბმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოძიების დაწყებას აპირებდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილმა განაცხადა, ბოლო მომენტში ეს გადაწვეტილება შეცვლილი იქნა და, ნდობის ხარისხის გაზრდის მიზნით, გამოძიებას პროკურატურა ჩაატარებს.

გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ გუანტანამოს ციხიდან საქართველოში გადმოიყვანეს იმენის მოქალაქეები - სამი ყოფილი პატიმარი.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლების მადლიერია მისი სურვილის გამო, მხარი დაუჭიროს ამერიკის ძალისხმევას დახუროს გუანტანამოს ყურეში არსებული საპყრობილე“, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილება კოორდინირებული იყო საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა ”შესაბამისი უსაფრთხოების ზომები და ჰუმანური მოპყრობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი”. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამაც, რომლის თქმითაც, სტრატეგიული პარტნიორის თხოვნის საფუძველზე 2014 წლის 21 ნოემბერს საქართველოში გადმოიყვანეს დაბალი რისკის მქონე სამი ყოფილი პატიმარი.

გასულ კვირას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს ემზარ კვიციანს, რომელსაც ბრალი ედებოდა როგორც უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში, ასევე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობაში. „ემზარ კვიციანი პოლიტპატიმარია“ - ამ ლოზუნგით კვიციანის ახლობლებმა 20 ნოემბერს მსჯავრდებულის გათავისუფლება მოითხოვეს და თბილისსა და ქუთაისში გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს.

გასული კვირის მიწურულს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე, რომელიც ლონდონში 58 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის უკმარისობით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG