Accessibility links

logo-print

გასული კვირის ორშაბათს სოჭში „ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს ხელისუფლებამ დაგმო დოკუმენტის ხელმოწერა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევაც მოითხოვა. ხელისუფლების განცხადებით, დოკუმენტს იურიდიული ძალა არა აქვს, თუმცა აუცილებელია საერთაშრისო რეაგირება.

იმ დროს, როცა სოჭში რუსეთის ფედერაციისა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტები "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულებას აწერდნენ ხელს, სოხუმში ხელშეკრულების გაფორმების მოწინააღმდეგეების აქცია იმართებოდა. პარტია „ამცახარას“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისულმა დაურ ჭითანავამ რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომელთაც, მათი შეფასებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკას ხელშეკრულება უქადის.

„ხალხი გარკვეულწილად უკმაყოფილოა, ანუ არის გარკვეული შიში ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი საფრთხე აფხაზური ენის განვითარების მუხლს უკავშირდება. ჩემთვის, როგორც აფხაზისთვის, ცოტა გაუგებარია, ამ საკითხებით რატომ უნდა იყოს დაკავებული რუსეთის ფედერაცია. კიდევ, ალბათ, თავდაცვის საკითხი - ეს გვაღელვებს. როგორ შეაფასებს ამას საერთაშორისო თანამეგობრობა და, ზოგადად, ჩვენი მომავლისთვის ეს როგორ გამოჩნდება, ვინ უხელმძღვანელებს: ჩვენ ვუხელმძღვანელებთ ამ გაერთიანებულ სამხედრო შენაერთებს თუ სხვა გვიკარნახებს როგორ დავიცვათ თავი და ხომ არ მოხდება ისე, რომ თუ საქართველო რუსეთთან მოილაპარაკებს, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იმ შეიარაღებულ ძალებს, რომლისთვისაც ხელსაყრელი იქნება ქართული მხარის პოზიცია. აი, სწორედ თავდაცვა აღელვებს ყველას“.

თუმცა სოჭში გამართული შეხვედრისას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გამოთქვა რწმენა, რომ ხელშეკრულებით, რომელიც ათი წლის ვადით გაფორმდა და რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ვადის გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს, აფხაზეთის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაა შესაძლებელი.

თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების განსახორციელებლად აფხაზეთისთვის დაგეგმილია 5 მილიარდი რუსული რუბლის გამოყოფა. მისივე სიტყვებით, ასევე შესაძლებელია ტრანზიტული სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელება სოხუმი-თბილისის მიმართულებით, რომელიც, ერთი მხრივ, სომხეთს და, მეორე მხრივ, რუსეთს დაუკავშირდება:

„აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ წარმატებით ვითარდება, ჩვენ საკმაოდ კარგი ნორმატიული ბაზა გვაქვს. ამასთან, ჩვენი ექსპერტები და პარლამენტის წევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია მივიღოთ დამატებით ზომები, რათა შეიქმნას საუკეთესო პირობები ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად, ასევე იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ აფხაზეთის უსაფრთხოება. ჩვენ ვიცით, რომ დაგეგმილია სწორედ დახმარების გაორმაგება, გასულ და მიმდინარე წელთან შედარებით“.

ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, კვლავაც უცვლელია საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების, პოზიცია. სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო განცხადებაში, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვა, ნათქვამია, რომ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას“.

ამავე შინაარსის მოწოდებებით რუსეთს მიმართა ნატომაც, ე.წ. ხელშეკრულებას გამოეხმაურა ევროკავშირიც. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა საზიანოა უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძალისხმევისთვის რეგიონში.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთის შემდგომი მოქმედებები საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციებზე იქნება დამოკიდებული:

„არსებობს მხოლოდ ერთი ბერკეტი - საერთაშორისო აზრის მძლავრი მობილიზება, რომელიც, უკრაინაში გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, რუსეთს დააწვება ტვირთად. აქ არ არის საუბარი უბრალო თავის მართლებაზე – რუსეთს უნდა გაუჩნდეს შიში იმისა, რომ ეს ყველაფერი იმოქმედებს მის ეკონომიკაზე, მის საინვესტიციო კლიმატზე, იმოქმედებს კონკრეტულად ფასებზე რუსეთში, ეს ყველაფერი შეუქმნის რუსეთს იმიჯს, რომელიც არ მისცემს მას განვითარების საშუალებას და ა.შ. ეს არის ის გზა, რომლითაც ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობა აიძულოს რუსეთი, რომ უკრაინა დატოვოს და ამას უნდა შეუერთდეს საქართველოც“.

კვირის სხვა მნიშვნელოვან ამბებს რაც შეეხება, 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად თბილისში, ისევე როგორც საქართველოს 20-ზე მეტ ქალაქში, მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა. აქცია თითქმის ერთი თვე მზადდებოდა სოციალური ქსელის საშუალებით. აქციის მონაწილეებმა პეტიციას მოაწერეს ხელი. პეტიციის ადრესატები არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. პეტიციის ხელმომწერნი ხელისუფლებას მოუწოდებენ გააცნობიეროს ქალზე ძალადობის პრობლემის სიმწვავე და საკუთარი პასუხისმგებლობა გენდერულ უთანასწორობასთან ბრძოლაში.

გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა ლატვიის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი დელეგაცია, პრეზიდენტ ანდრის ბერზინშის ხელმძღვანელობით, რაც, ექსპერტების თვალთახედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ლატვია მალე დაიკავებს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის პოსტს. სწორედ ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება მაისში აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტი, რომელსაც საქართველოს განსაკუთრებული მოლოდინი უკავშირდება. საქართველოს ბალტიისპირა მეგობარი სახელმწიფოს იმედი აქვს ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევასთან მშვიდობიანად გამკლავების ჭრილშიც.

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულად ცნო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გამოძიების თანახმად, იკვეთება სისტემური დანაშაული, რადგანაც სახელმწიფო სტრუქტურები „კოორდინირებულად“ მოქმედებდნენ დანაშაულის დაფარვის მიზნით.

მთელი გასული კვირის განმავლობაში კვლავ აქტუალური იყო „ფარული მოსმენების შესახებ“ კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა პარლამენტში.

ამ საკითხებმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა 28 ნოემბერს, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ავტორობით ცნობილი კანონპროექტების პაკეტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვის დღეს, როდესაც ფარული მოსმენების გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვების პერსპექტივა დაინტერესებულ პირთა ერთმა ნაწილმა გააპროტესტა - მათ შორის, დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. იმდენად განსხვავებულია ჩვენი პოზიციები, რომ კანონის გაკეთილშობილებისათვის ცვლილებებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, - ასე ახსნა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტის განხილვაში მონაწილეობაზე უარის მიზეზი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა, თინა ხიდაშელმა:

„არ არის განსაკუთრებული ინტერესი განსხვავებული აზრების მოსმენის. ეს რამდენიმე დღეა, როგორც ჩანს, ძალიან განსხვავებული აზრების გამოხატვის რეჟიმში ვიყავით და ამიტომ ქალბატონ ეკას არ შევუქმნი დისკომფორტს და წარმატებები ვუსურვე მათ ამ კანონის მშვიდად განხილვაში“.

რაც შეეხება სისტემას, 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ მოამზადა და რომელიც ფარული მოსმენების გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას გულისხმობდა. ამ კანონპროექტისგან განსხვავებით, დეპუტატების საკმარისი რაოდენობა მოაგროვა მეორე კანონპროექტთა პაკეტმა, რომელიც ეგრეთ წოდებული ორი გასაღების პრინციპს ეფუძნება - კერძოდ, აქტით, რომელსაც გამოსცემს მოსამართლე, გადაუდებელ შემთხვევაში კი - პროკურორი, შინაგან საქმეთა სამინისტრო რთავს მოსმენის აპარატურას. პროცესში, როგორც მაკონტროლებელი რგოლი, ერთვება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც.

კანონპროექტის ამ ვერსიის შერჩევას და გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვებას 28 ნოემბერს კმაყოფილებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც მანამდეც არაერთხელ საჯაროდ გამოხატა, რომ სწორედ ამ სისტემას ლობირებდა.

თუმცა მოსმენების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვების საკითხისათვის წერტილის დასმის სულ სხვა ხედვა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა. მან კოლეგებს „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები შეახსენა და სწორედ ამ დაპირებების შესრულებისათვის ზრუნვისკენ მოუწოდა. ამ კონტექსტში მან, პოლიციის გაძლიერების ნაცვლად, მისი და პროკურატურის გადაუდებელი ფუნდამენტური რეფორმირება მოითხოვა.

პარლამენტმა 28 ნოემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი მეორე და მესამე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა, თუმცა კანონს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშილმა ვეტო დაადო და პარლამენტს თავისი წინადადება შესთავაზა, რაც ე.წ. მოსმენის გასაღების სასამართლოსთვის გადაცემას ითვალისწინებს.

30 ნოემბერს, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, პარლამენტმა ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევის პროცესში საპარლამენტო უმცირესობა არ მონაწილეობდა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტოდაძლეულ კანონს ხელი მოაწერა.

XS
SM
MD
LG