Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შარლი ებდო“, უცხოური ვიზიტები, ნარჩენები, C ჰეპატიტი და „მანდარინები“


იოჰანეს ჰანი და ირაკლი ღარიბაშვილი
იოჰანეს ჰანი და ირაკლი ღარიბაშვილი

მსოფლიოს ყურადღების ცენტრი გასული კვირის დასაწყისში ისევ პარიზი და სატირული ჟურნალი „შარლი ებდო“ იყო - ჟურნალი, რომლის რედაქციაზე თავდასხმასაც ათი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარიზისკენ იყო მიპყრობილი საქართველოს ყურადღებაც. რა შეიცვლება მსოფლიოში პარიზში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ ან რა გავლენას მოახდენს მსოფლიო პოლიტიკური პროცესები საქართველოზე? პარიზში მილიონობით ადამიანი გამოვიდა „ერთიანობის მარშზე“, მილიონობით ადამიანმა დაუჭირა მხარი გამოხატვის თავისუფლებას. მათ შორის იყვნენ მსოფლიო ლიდერები. პარიზში „ერთიანობის მარშში“ მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. პარიზში ჩასულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 7 იანვრის ტრაგიკულმა მოვლენებმა მთელი მსოფლიო გააერთიანა, საქართველო კი, როგორც საფრანგეთის მეგობარი ქვეყანა, უერთდება სხვა ქვეყნების სოლიდარობას.

7-9 იანვარს პარიზში რადიკალი ისლამისტების თავდასხმებმა სულ 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის, გამოცემა „შარლი ებდოს“ ათი თანამშრომლისაც. მსოფლიო მედიასაშუალებებში გამართული დისკუსიების დროს პარიზის ტერაქტის პარალელებზე საუბრისას არაერთხელ გაიხსენეს 11 სექტემბრის ტრაგედიაც, ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა კი, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას გაუჩნდა, არის: რას შეცვლის პარიზის ტერაქტი საფრანგეთისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის? 11 სექტემბრის შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გამკაცრებულ პოლიტიკას იხსენებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი და აცხადებს, რომ პარიზის ტერაქტი, ფაქტობრივად, გაუთანაბრდა 11 სექტემბრის ტერაქტს, რომლის შემდეგაც აშშ-ში გამკაცრდა მიმოსვლა, გარკვეული თავისუფლებები შეიზღუდა, მიიღეს არაერთი კანონი, რომელმაც სახელმწიფოს მისცა ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება. მსგავს ცვლილებებს, გოგოლაშვილის აზრით, უნდა ველოდეთ ევროპის ქვეყნებშიც. ცვლილებები შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის მოლოდინში მყოფ საქართველოზეც გავრცელდეს. ამ ფონზე საქართველოც განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას:

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომაც გააძლიეროს მუშაობა ტერორისტების გადაადგილების, ტერორიზმის მცდელობის აღკვეთის კუთხით. ყველაფრის კონტროლი უნდა გამკაცრდეს, რომ ევროპელებს დავუმტკიცოთ, რომ უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში ეს ევროპას საფრთხეს არ შეუქმნის“.

მსოფლიოში მოსალოდნელი ცვლილებების ფონზე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარიზის ტერაქტის შედეგებს საქართველოს კონტექსტში აფასებს ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძეც. მისი თქმით, საინტერესოა, რომ საქართველოში რამდენიმე გამოცემა იძულებული გახდა თავად დაეგმო ძალადობა და გაეპროტესტებინა სხვა რელიგიის შეურაცხყოფა. სავარაუდოდ, მათ გააცნობიერეს, რომ ტერორისტული აქტის გამართლებით, ხვალ შესაძლოა მათაც შეჰქმნოდათ მსგავსი პრობლემა.

საერთაშორისო დელეგაციების ოფიციალური ვიზიტებით დატვირთული გამოდგა გასული კვირა. თუკი ქრონოლოგიურად მივყვებით, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კვირის დასაწყისში ესტონეთის პრემიერ-მინისტრისა და, პარალელურად, თბილისში ლიტვის „თავისუფლების დამცველთა დღის“ აღნიშვნა. საქართველოსა და ესტონეთს შორის სამომავლო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობათა გაღრმავების გეგმებზე 13 იანვარს ესტონელი და ქართველი ბიზნესმენები თბილისში, სასტუმრო „რედისონში“, მსჯელობდნენ. ითქვა, რომ არსებობს უდიდესი გამოუყენებელი პოტენციალი და რომ ახალი რესურსების ათვისებას ასოცირების შესახებ შეთანხმებამ და მისმა მნიშვნელოვანმა სეგმენტმა – ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალმა ვაჭრობამ - უნდა შეუწყოს ხელი.

ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. საქართველო არის პირველი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ჩემი ახალი სტატუსით - ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობით - ვსტუმრობ. მე ვარ აქ, რათა ხაზი გავუსვა იმას, თუ რამდენად აფასებს ევროკავშირი საქართველოს ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯს ევროკავშირისკენ...
იოჰანეს ჰანი

თუკი უცხოური დელეგაციების ვიზიტების ქრონოლოგიას გავყვებით, მაშინ აუცილებლად უნდა ითქვას კიდევ ერთი სტუმრობის შესახებ. გასული კვირის მიწურულს ეწვია საქართველოს იოჰანეს ჰანი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი. ის ამ რანგით პირველად ესტუმრა საქართველოს და, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავრობის სხვა წევრებს შეხვდა. მან და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" (DCFTA) განხორციელებასა და კერძო სექტორის განვითარებაში. საფინანსო შეთანხმების ხელმოწერით იწყება 44.5 მილიონი ევროს მოცულობის ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობათა გაძლიერებას ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საუბარი შეეხებოდა ასევე რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს და ევროკავშირის როლის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, ხელისუფლება სერიოზულად ემზადება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამიტისთვის, რათა საქართველო წარმატების მაგალითი გახდეს. იოჰანეს ჰანის განცხადებით, რიგის სამიტის წინ მას სურს გაეცნოს საქართველოს ხელისუფლების აზრს ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებთან დაკავშირებით:

„ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. საქართველო არის პირველი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ჩემი ახალი სტატუსით - ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობით - ვსტუმრობ. მე ვარ აქ, რათა ხაზი გავუსვა იმას, თუ რამდენად აფასებს ევროკავშირი საქართველოს ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ჩვენ განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, როგორიცაა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. იმპლემენტაციის პირველმა ფაზამ წარმატებით ჩაიარა და დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ეტაპიც სრული წარმატებით დასრულდება. ჩვენ ასევე განვიხილეთ სხვა საკითხებიც. ჩვენ განვიხილეთ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი და ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხზე არის ნათელი და მტკიცე. ჩვენ ვერ დავუშვებთ ვერანაირ ინტერვენციასა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საშიშროებას“.

კიდევ ერთი უცხოელი მაღალჩინოსანი, რომელიც გასულ კვირაში თბილისს სტუმრობდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი სპენსერ ოლივერია. შეგახსენებთ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველწლიური სესიის საქართველოში ჩასატარებლად ემზადება. მართალია, წინ კიდევ თითქმის წელიწად-ნახევარია, მაგრამ საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სწორედ ყოველწლიური სესიისთვის მომზადება დასახელდა სპენსერ ოლივერის სტუმრობის ერთ-ერთ მიზეზად.

ერთ-ერთი გამორჩეული თემა, რომელიც გასულ კვირაში ფართო მსჯელობის საგნად იქცა, სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული ცვლილებებია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლველად უკანონო ფორმირებებში გაერთიანდებიან, კანონით დაისჯებიან. სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, დაისჯება ასევე წვრთნა ან ამავე ფორმირებებში მონაწილეობისაკენ მოწოდება. ამის შესახებ 13 იანვარს განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა:

„სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი, 312 პრიმა, მუხლი, სადაც წერია, რომ უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა ან ამგვარი მონაწილეობისათვის წვრთნა ან მოწოდება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით. თუ ეს ფორმირება იქნება უკანონო, ხოლო ჩვენი მოქალაქე ან აქ გაიწვრთნება, ან გადაიბირებს ვინმეს, ეს ყველაფერი კანონით იქნება დასჯადი და ორი წლის თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არ შეიძლება ამ ტიპის ქმედებისადმი სახელმწიფო იყოს ტოლერანტული“.

პარლამენტში ჯერჯერობით კანონპროექტის განხილვა არ დაწყებულა, თუმცა უმრავლესობაში მას ჰყავს მხარდამჭერები. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივით აქამდე დაურეგულირებელი სფერო კანონის ფარგლებში მოექცევა.

ჯერჯერობით რაც მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრისგან, ეს ტექსტი იძლევა იმგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება შესაძლოა ასევე შეეხოს საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვის საქართველოს ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ...
ზურაბ ჯაფარიძე

„ნაციონალური მოძრაობისათვის“ მნიშვნელოვანია რამდენად მკაფიო განმარტება ჩაიწერება კანონში - როგორ განმარტავს კანონი უკანონო ფორმირებებს. უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ თუ იგულისხმება ის დაჯგუფებები, რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად არის აღიარებული და რომელთა ჩამონათვალიც ცნობილია, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კანონს მხარს დაუჭერს, რადგან, მათი აზრითაც, საქართველოს მოქალაქეები ტერორისტები არ უნდა ხდებოდნენ, თუმცა არის ერთი მაგრამ:

„ჯერჯერობით რაც მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრისგან, ეს ტექსტი იძლევა იმგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება შესაძლოა ასევე შეეხოს საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვის საქართველოს ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ. თუ კანონი ამასაც მოიცავს, მაშინ ეს სერიოზულად დააზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ ყველანაირად შევეწინააღმდეგებით ამ ინიციატივას“.

როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატი? შეიძლება ითქვას, რომ ეს კითხვა გასული კვირის ერთ-ერთ მთავარ კითხვად იქცა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა და პარლამენტისთვის წარდგენა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. პრეზიდენტი არ არის ვალდებული წინასწარ ვინმეს შეუთანხმოს, თუ რას და როგორ აპირებს, თუმცა, საზოგადოების მაღალი ინტერესისა და დემოკრატიის პრინციპების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი მარგველაშვილი საკითხის გამჭვირვალედ და ფართოდ განხილვის ინიციატივით გამოვიდა:

„მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს – როგორც სამოქალაქო სექტორში, ასევე პარლამენტში – ჩაერთონ ამ კონსულტაციებში და თავისი პოზიცია გაგვიზიარონ. ბუნებრივია, ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ დავასახელოთ საუკეთესო კანდიდატი“.

პრეზიდენტთან კონსულტაციების პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, ფიქრობენ, რომ უზენაესი სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე სრულიად აპოლიტიკური და მიუკერძოებელი პროფესიონალი უნდა იყოს. სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური:

„ადამიანი, რომელიც წარმოდგენილი იქნება კანდიდატად, არ უნდა ატარებდეს რომელიმე პოლიტიკური გუნდის ინტერესებს, ის უნდა ატარებდეს საზოგადოების ინტერესებს და ასე ჩვენ მივიღებთ მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას“.

იმისათვის, რომ პროცესი გამჭვირვალედ, ობიექტურად და პოლიტიკური ზეგავლენების გარეშე წარიმართოს, მე-3 სექტორი საგანგებო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ეს ინფორმაცია მედიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა მიაწოდა:

„შესაძლოა შეიქმნას საკონსულტაციო ორგანო, ვთქვათ, მრჩეველთა საბჭო, რომელიც შეისწავლის კანდიდატების წარსულ საქმიანობას, შეაფასებს ამ კანდიდატების კრიტერიუმებთან შესაბამისობას და პრეზიდენტს მიმართავს რეკომენდაციებით კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუკი კენჭისყრის შედეგად მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუკი პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, პრეზიდენტს მისი განმეორებით წარდგენის უფლება აღარ ექნება – მეორე ცდაზე მან პარლამენტს ახალი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. კანონმდებლობა არ ადგენს ახალი თავმჯდომარის წარდგენა-არჩევა-დამტკიცების კონკრეტულ ვადებს და არასამთავრობო სექტორის კიდევ ერთი საფიქრალი ისიც არის, რომ პროცესი არ გაჭიანურდეს. მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში იწურება.

პრევენცია ამ შემთხვევაში გამოიხატება არა მკაცრ და ხისტ, არამედ ადეკვატურ კონტროლში ყველა იმ წერტილისა, სადაც C ჰეპატიტის აღმოცენების თეორიული რისკი არსებობს...
დავით სერგეენკო

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. უპრეცედენტო პროექტი, რომლის განხორციელებაც თებერვლიდან უნდა დაიწყოს, დაავადების პრევენციას, დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და ყველა აუცილებელი მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს. ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდება, რომ პროგრამაში C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე, ასევე ყველა პატიმარი ჩაერთვება, სამ წელიწადში კი საქართველო C ჰეპატიტს დაამარცხებს. ხელისგული, წარწერით „STOP C (შეაჩერე C)“, C ჰეპატიტთან ბრძოლის კამპანიის სიმბოლო გახდა. სოციალური ქსელი მოიცვა სხვადასხვა შინაარსის მესიჯებმა, თუ როგორ შეიძლება ამ დაავადების დამარცხება. 14 იანვარს, კამპანიის წამოწყებისა და პროგრამის ოფიციალური წარდგენისას ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოწოდების შემდეგ, კამპანიას არაერთი სახელმწიფო უწყება, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი შეუერთდა. C ჰეპატიტის დაძლევის პროგრამა არ გულისხმობს მხოლოდ იაფი წამლის მიწოდებას საქართველოს მოქალაქეებისათვის, განმარტავს დავით სერგეენკო. საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ეს პროექტი კომპლექსური ხასიათისაა, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველამ, ვისაც მკურნალობა ესაჭიროება, მიიღოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისი და, რაც მთავარია, მინიმუმამდე შემცირდეს C ჰეპატიტის ახალი შემთხვევების აღმოცენება. პრევენციის გარეშე პროექტი ეფექტურად ვერ განხორციელდება:

„პრევენცია ამ შემთხვევაში გამოიხატება არა მკაცრ და ხისტ, არამედ ადეკვატურ კონტროლში ყველა იმ წერტილისა, სადაც C ჰეპატიტის აღმოცენების თეორიული რისკი არსებობს. ეს არის უკლებლივ ყველა სამედიცინო დაწესებულება, სტომატოლოგიური კაბინეტები, ტატუ და კოსმეტიკური სალონები, რომელთა გაკონტროლებაც მთავრობის ვალდებულება გახდება“.

2015 წელს, C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადების გარდა, გასულ კვირაში კიდევ ერთი სტატუსი შეემატა. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2015 წელი ქალების წლად გამოცხადდა, რამდენიმე მიზეზით: საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ქვეყნის მართვაში ქალთა მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია; საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობაზეც გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ დაგმო მომხდარი ფაქტები.

15 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოში ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“. კანონი გარემოს დაბინძურებისთვის გაზრდილ საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე კანონი დიდ ქალაქებში ამოქმედდება, რეგიონებში კი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მოქალაქეების დაჯარიმებამდე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 6-თვიანი ვადა მიეცათ. კანონის აღსრულება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს დაევალა.

გასულ კვირაში განსაკუთრებით გაახარა ქართველი კინომოყვარულები და, რაღა თქმა უნდა, არამხოლოდ ისინი, ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ნამუშევრის, „მანდარინების“, ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე“ ნომინირებულ უცხოენოვან ფილმებს შორის დასახელებამ. ფილმი, რომელიც ქართულ-ესტონური ერთობლივი პროდუქციაა, ესტონეთმა წარადგინა „ოსკარზე“. ურუშაძის ფილმს ძლიერი კონკურენტები ჰყავს, მათ შორის რუსი რეჟისორის ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი „ლევიათანი“, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ, 11 იანვარს, ერგო „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის. „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონია 22 თებერვალს გაიმართება ლოს-ანჯელესში.

XS
SM
MD
LG