Accessibility links

logo-print

გასული კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან გამორჩეული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომა. განცხადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ვკითხულობთ: „გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“. ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე დააკამაყოფილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა:

„იმისათვის, რომ ჩვენს საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი კითხვა, თუნდაც აბსურდული იყოს ეს კითხვა, მას ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ სხვა სტანდარტები დავამკვიდრეთ ქართულ პოლიტიკაში. ლექსომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის თანამდებობა არ ყოფილა მთავარი. მისთვის მთავარია, ემსახუროს ხალხსა და ქვეყანას“.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის წარმომადგენლები. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა ნინო გოგუაძემ, განაცხადა, რომ კრიმინოგენული ვითარების გაუარესების გამო, პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრმაც უნდა გაინაწილოს:

„ჭიკაიძე მოხსნეს. ეს არ იყო გადადგომა და ახლა მცდელობაა, რომ ყველაფერი ამ გადაყენებას მიაწერონ და ამით გაითეთრონ თავი, მაგრამ ეს ასე ვერ გამოვა“.

ჭიკაიძის გადადგომასთან დაკავშირებით მსგავსი პოზიციები აღმოაჩნდათ პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებს - „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ნაციონალების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გაბაშვილმა, განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა სახელმწიფოს მართვის მანკიერი პრაკქტიკაა და რომევროპისკენ მიმავალი ქვეყანა ერთი, არაუფლებამოსილი პირის მიერ არ უნდა იმართებოდეს:

„ერთი არაკომპეტენტური მინისტრის შეცვლა, რომელიც ბევს არაფერს წყვეტდა, დიდად არაფერს არ ცვლის. მთავარია, საქართველოში დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, რომელსაც მხოლოდ პრობლემები მოაქვს ამ ქვეყნისთვის“.

შინაგან საქმეთა მინისტრი გასულ კვირაში მომხდარი მკვლელობის გამო გადადგა. 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე დამონტაჟებული ნაღმით მოკლეს იური ვაზაგაშვილი, 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, რომელიც წლების განმავლობაში დამნაშავე პოლიციელების გამოვლენასა და დასჯას მოითხოვდა. იური ვაზაგაშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე დამნაშავე პოლიციელების მფარველის ვინაობა დაასახელა:

„ნებისმიერ დროს ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს დავუმტკიცებ, რომ ჭიკაიძე მკვლელებს მფარველობს“.

მოგვიანებით გაირკვა, რომ იური ვაზაგაშვილი ასევე შეხვდა და ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სწორედ იური ვაზაგაშვილისგან შეიტყო კორტების სპეცოპერაციის გამოძიებაში გაჩენილი ახალი დეტალების შესახებ, კერძოდ, ის, რომ გამოჩნდა უკრაინაში მცხოვრები მოწმე, რომელიც ადასტურებს დამნაშავე პოლიციელების თანამდებობაზე ყოფნას:

„ბატონ იურისთან მქონდა ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა. გვქონდა ასეთი გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება, მე მაქსიმალურად მის გვერდით დავდგებოდი, რათა ყოველგვარი ეჭვი გაქარწყლებულიყო იმისა, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩებოდა. გამოძიება დასკვნით ფაზაში შედიოდა და თვითონაც ძალიან გახარებული იყო იმით, რომ ახალი მოწმე გამოჩნდა უკრაინიდან, რომელიც ამყარებდა გამოძიების ეჭვს და ვისზეც ეჭვი ჰქონდა, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ. გვარებიც ბევრი დაასახელა“.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების შემდეგ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატებმა ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა მოითხოვეს. ადვოკატი ირმა ჭკადუა ფიქრობს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება მალე დასრულდება, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გახსნა კი ბევრად უფრო რთული იქნება.

გასულ კვირაში უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 37 წლის ლეიტენანტი თამაზ სუხიაშვილი, რომელიც უკრაინაში წასვლამდე გორის განსაკუთრებულ დავალებათა დანაყოფში მსახურობდა, მანამდე კი იმყოფებოდა ერაყში კოალიციური ძალების შემადგენლობაში და ავღანეთში ISAF-ის მისიაში, ასევე მონაწილეობას იღებდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვიტოს ომში. საქართველოში გადმოსვენებამდე ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე, გაიმართა. კიეველების, უკრაინელი მებრძოლებისა და პოლიტიკოსების გარდა, ქართველი მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში დეპუტატები თედო ჯაფარიძე და ვიქტორ დოლიძეც იმყოფებოდნენ.

„ის მსხვერპლი, რომელიც უკრაინელმა ხალხმა გაიღო და ის ძალისხმევა, რომელსაც მათ გვერდში მდგომი ქართველები გასწევენ, ჩვენი თავისუფლებისთვისაც კეთდება“, განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების რეტიფიცირება. ხელშეკრულება ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის სისტემისა და საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნას და ასევე კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას. დოკუმენტის თანახმად, თუ ერთი ქვეყანა სხვა ქვეყნის აგრესიის ობიექტი აღმოჩნდება, ეს აღქმული იქნება როგორც მეორე ქვეყნის მიმართ აგრესია. ხელშეკრულება ითვალისწინებს ასევე საქართველო-აფხაზეთის სახმელეთო და საზღვაო საზღვრის ერთობლივ დაცვას. რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს შორის ხელშეკრულების რატიფიკაციას გამოეხმურა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე:

„ფაქტობრივად, ეს მოსალოდნელი იყო და ამაში, სამწუხაროდ, ახალი არაფერი არ არის, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაცია თავის ზრახვებზე დაუფარავად საუბრობს და არა მხოლოდ საუბრობს, არამედ მოქმედებს კიდეც. არ შეიძლება სამართლებრივ აქტად იყოს განხილული ის, რაც ხდება ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის“.

გასული კვირა მძიმე აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისთვისაც. კვირის მიწურულს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ დაეცა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა: 24 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,99 ლარადაა შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG