Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს, უკრაინისა და მართლმსაჯულების კვირა


მიმდინარე კვირაში ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივა რუსეთის მუქარის სამიზნედ იქცა, რამაც, თავის მხრივ, საქართველოში მწვავე კამათისა და აღშფოთების ტალღა გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა 18 თებერვალს მოსკოვში, როცა ის პრესკონფერენციას მართავდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ დავით სანაკოევთან ერთად. ლავროვმა თქვა, რომ ნატოში საქართველოს „ჩათრევის“ პროცესი უწყვეტად გრძელდება, ეს ხელს არ უწყობს სტაბილურობის უზრუნველყოფას სამხრეთ კავკასიაში და რომ მოსკოვი მზად არის შესაბამისად რეაგირებისთვის:

„ბუნებრივია, თუკი ეს ნაბიჯები „პრაქტიკულ ხასიათს შეიძენს, რაც, როგორც ჩანს, უკვე ხდება, მივმართავთ ზომებს, რომ არ დავუშვათ სუტუაციაზე ამ პროცესების უარყოფითი ზეგავლენა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას უპასუხეს საქართველოს საგარეო უწყებაში. როგორც ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნატოში ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების მტკიცე და უცვლელი პრიორიტეტია, ეს ალიანსისა და საქართველოს საქმეა და „მესამე ქვეყნები ამ პროცესზე გავლენას ვერ იქონიებენ“. რაც შეეხება სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში, ამას, საგარეო უწყების განცხადებით, „თავად რუსეთის ფედერაცია უქმნის საფრთხეს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სისტემატური მილიტარიზაციითა და მისი ანექსიის მცდელობით“.

სერგეი ლავროვის სიტყვების კვალდაკვალ, საქართველოში აღშფოთების ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ჟურნალისტების შეკითხვებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ უპასუხა. მართალია, 19 თებერვალს მან თქვა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, მას სრული უფლება აქვს ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და, მათ შორის, ნატოსთანაც, რომელიც „მეტად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა“, მაგრამ ამის შემდეგ წარმოითქვა სიტყვები, რამაც გამოიწვია კიდეც კამათი და ვნებათაღელვა:

„ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ბრიუსელშიც, მოსკოვშიც და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას“.

ზურაბ აბაშიძის განცხადებას „უაღრესად საგანგაშო“ უწოდეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“. როგორც საგანგებო ბრიფინგზე 19 თებერვალს განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, „მაშინ როდესაც მიმდინარე წლის ბოლოს იმართება ნატოს მინისტერიალი და მომდევნო წელს ნატოს სამიტი, ეს განცხადება არის ღია დადასტურება იმ ფაქტის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე“.

19 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საგანგებო ბრიფინგი გამართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემაც. ზურაბ აბაშიძის განცხადებაში ის და მისი თანაგუნდელები რუსეთის მიმართ მაამებლობას ხედავენ. „საქართველოს ჰყავს სიტყვით პროევროპული მთავრობა, ვინაიდან იძულებულია ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს, მაგრამ ამ მთავრობის შინაარსი და მათი რეალური ხედვა ძალიან შორს დგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისგან“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ზურაბ აბაშიძის განცხადებების კვალდაკვალ გამწვავებულ კამათს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გამოეხმაურა. მას მოუწია იმის განმარტება, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მტკიცე და უცვლელია:

„საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი და ის ეფუძნება ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს და ურყევ ნებას... საქმეები, რეფორმები, კონკრეტული ნაბიჯები იქნება პასუხი სკეპტიკოსების იმ კითხვაზე, რომელიც ამ მიმართულებით კიდევ გაისმის“.

19 თებერვალს განმარტება გააკეთა თავდაცვის მინისტრმაც. მინდია ჯანელიძემ თქვა, რომ არ შეფერხდება ნატოს უელსის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებული გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ნატოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი უნდა ამოქმედდეს, თუმცა ეს არ იქნება სამხედრო ბაზა და, ჯანელიძის აზრით, სავარაუდოდ, სწორედ ეს იგულისხმა ზურაბ აბაშიძემ თავის განცხადებაში.

ოპონენტების აღშფოთება გაუგებარი აღმოჩნდა თავად ზურაბ აბაშიძისთვისაც, რომელმაც არაერთი განმარტება გააკეთა იმის თაობაზე, რომ თავისი განცხადებით არანაირად არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ და ალიანსში ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივები, თუმცა ამ განმარტებების შემდეგაც თავის აზრზე დარჩა ოპოზიციური ფლანგი. „თავისუფალ დემოკრატებს“ კვლავაც საყურადღებოდ და საგანგაშოდ მიაჩნიათ ის გარემოება, რომ ზურაბ აბაშიძემ ეს განცხადება თებერვლის ბოლოსთვის პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის წინ გააკეთა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერშიც ილაპარაკა:

„ევროპა და ნატო არის ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნების ინსტრუმენტი და როდესაც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი გამოდის და რუსეთთან შეხვედრის წინ აძლევს მათ გზავნილს: არა, ბატონო, თქვენ არ ინერვიულოთ და აქ არანაირი ნატოს ინფრასტრუქტურა არ იქნება... დამერწმუნეთ, ეს არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ ჩვენ ნატოსკენ არ მივდივართ“.

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრის გეგმები მიმდინარე კვირას ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი მიზეზით მოექცა. საქმე ის არის, რომ ამ შეხვედრის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ აბაშიძემ დაასახელა 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულება „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“. მან თქვა, რომ მხარეები ემზადებიან კონტრაქტების გასაფორმებლად შვეიცარიულ კომპანია ეს-ჯი-ესთან (SGS), რომელმაც უნდა დააწესოს მონიტორინგი ტვირთების გადაზიდვაზე საქართველოსა და რუსეთს შორის.

რუსეთ-საქართველოს შორის შვეიცარიის შუამავლობით გაფორმებული ხელშეკრულება პრაღის ფორმატში არ უნდა იქნეს განხილული, – განაცხადეს ოპონენტებმა ზურაბ აბაშიძის ბრიფინგის კვალდაკვალ. თუმცა, როგორც აბაშიძემ კრიტიკოსების საპასუხოდ დააზუსტა ჩვენთან საუბრისას, პრაღაში მხოლოდ საორგანიზაციო საკითხები შეთანხმდება, ხოლო „ხელშეკრულებისა და კონტრაქტების იმპლემენტაციაზე მუშაობა გაგრძელდება ჟენევაში, ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში“, და ეს უკვე პრაღის არაფორმალური დიალოგის განსახილველი საკითხი აღარ იქნება.

თუმცა, მაგალითად, საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ხელშეკრულების თაობაზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებში, დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო ზედამხედველობის გარეშე მოლაპარაკებები კარგს არაფერს მოუტანს საქართველოს, თუნდაც პრაღის შეხვედრა მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი იყოს ჟენევაში გასამართი ძირითადი პროცესისთვის. ზურაბ ჭიაბერაშვილი ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდა ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობის პროცესსაც, თუმცა მაშინ საქართველო და რუსეთი მხოლოდ შვეიცარიის შუამავლობითა და ზედამხედველობით ურთიერთობდნენ. ყოფილი ელჩი შიშობს, რომ შესაძლოა რუსეთი შეეცადოს სიტუაციის სათავისოდ შეცვლას და ამ დროს საშველად მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება რჩება:

„რუსეთი და საქართველო შვეიცარიელების ზურგს უკან თუ რამეზე მოილაპარაკებენ, ეს მხოლოდ რუსეთისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო – იმ უზარმაზარი შანტაჟის, შეტევისა და ზეწოლის პირობებში, რასაც რუსეთი ზოგადად ასეთი მოლაპარაკებების დროს აწარმოებს. და აქ ქართული მხარისათვის დაცვის გარანტია არის საერთაშორისო მეთვალყურეობის არსებობა მოლაპარაკებების ნებისმიერ ეტაპზე, – გინდა მოსამზადებელი შეხვედრა ვუწოდოთ ამას, გინდა არსებითი და ა.შ.“.

მიმდინარე კვირაში მოსკოვი კვლავაც დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩეოდა საქართველოს მიმართ. 18 თებერვალს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „სახელმწიფო საზღვრის“ შესახებ. ასევე მზადდება ე.წ. ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ, რომელსაც თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. პარალელურად, მიმდინარე კვირაში რუსეთი აქტიურობდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან უკვე ხელმოწერილი მსგავსი ე.წ. ხელშეკრულების განხორციელების კუთხით. აქვე ვთქვათ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის შემთხვევაში დოკუმენტს სხვა სახელი აქვს და ეს არის ე.წ. ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“.

16 თებერვალს სოხუმში მოსკოვის დაპირებები გაახმაურა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა. მილიარდობით რუბლსა და კეთილდღეობაზე ლაპარაკის დროს მან, ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას, ანექსიის განზრახვის შემცველი, თბილისისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის შემაშფოთებელი ერთი აქცენტიც დასვა:

„საბოლოო ჯამში, საზღვარი უნდა გაუქმდეს. ჩვენ შორის არ უნდა იყოს საზღვარი და ეს გათვალისწინებულია ჩვენი ახალი ხელშეკრულებით“.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულების კიდევ ერთხელ დადასტურება და ქვეყნის რეფორმირების პროცესის მხარდაჭერის დემონსტრირება წარმოადგენდა მიმდინარე კვირაში ვიქტორია ნულანდის საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში 17-18 თებერვალს ეწვია და შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ნულანდის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა საქართველოს მხარი დაუჭიროს რეფორმების პროცესში და მათ შორის არსებითი იქნება დახმარება ნატოს არსებითი პაკეტის გეგმების განხორციელებისას 2015 წელს. სტუმარმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების მნიშვნელობაზე, რაც საქართველოს მთავრობას აქვს განზრახული. ხაზი გაესვა აუცილებლობას, რომ მართლმსაჯულება სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს.

ვიქტორია ნულანდი ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის საკითხსაც, კერძოდ, ქართული მხარის უკმაყოფილებას იმით, რომ არაერთ საქმეში ბრალდებული ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. პასუხად, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ორ ქვეყანას ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს:

„უკრაინა ეძებს გამოცდილ ექსპერტებს საერთაშორისო არენაზე... ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსა და უკრაინის ისტორიაში, რადგან ორივე ქვეყანა ცდილობს გაიკვალოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. მე მოვუწოდებდი საქართველოსა და უკრაინის ყველა მოქალაქეს, რომ ამ პროცესში ერთმანეთს მხარი დაუჭირონ“.

ქართულ მხარეს ჯერჯერობით არ მიუღია ოფიციალური პასუხი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნაზე, თუმცა მიმდინარე კვირაში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინიდან უკვე მიიღო ოფიციალური უარი ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის საპასუხოდ. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ უკრაინა ძებნილი პირების გადაცემის საკითხზე არ თანამშრომლობს საქართველოსთან.

უკმაყოფილების ტალღის გაძლიერების ფონზე, ანალიტიკოსები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლას უკრაინაში და 22 თებერვალს „ღირსების მარშში“ მონაწილეობას, სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიპატიჟა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ, „საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა - ზოგადად, ჩვენი ორი ხალხის ურთიერთობა - საუკუნეებს ითვლის... ეს ძალიან ძვირფასი ურთიერთობაა, რომელსაც აბსოლუტურად ყველა უნდა გაუფრთხილდეს“.

დაბოლოს, მიმდინარე კვირის კიდევ ერთი საყურადღებო მოვლენის შესახებ: 17 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე დაასახელა. პრეზიდენტის განმარტებით, სწორედ გვენეტაძე აკმაყოფილებს ოთხივე კრიტერიუმს, რაც სასამართლო ხელისუფლების პირველ პირს უნდა ჰქონდეს. ესენია: პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პროფესიონალიზმი და თავისუფლება პარტიული ზეგავლენისგან:

„ჩვენ შევარჩიეთ პროფესიონალი, რომელიც არის სამართლის დოქტორი და პროფესორი, არაერთი ნაშრომის ავტორი, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, მოსამართლე, ექვსწლიანი გამოცდილებით უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის პროექტის ექსპერტი და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაში მონაწილე - ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაციას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, იყო მოსამართლეთა კონფერენციის თავმჯდომარე და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი“.

პრეზიდენტის რჩეული – ნინო გვენეტაძე – პირობას დებს, რომ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, ის დაიცავს მოსამართლის მანტიის ღირსებას და იზრუნებს მართლმსაჯულების მიუკერძოებლობისა და ხალხის ნდობის მოპოვებისთვის.

იმისათვის, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა დამტკიცდეს, პარლამენტში მას სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი და თუკი გვენეტაძე, სულ ცოტა, 76 ხმას ვერ მიიღებს, საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტი მარგველაშვილი მას ხელმეორედ ვეღარ წარუდგენს პარლამენტს. პრეზიდენტს ასეთ შემთხვევაში ახალი კანდიდატურის შერჩევა მოუხდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG