Accessibility links

logo-print

გასულ კვირას საქართველოში ყველას ყურადღება ისევ ლარის კურსისადმი იყო მიპყრობილი. კვირის განმავლობაში დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის კურსი რამდენჯერმე შეიცვალა. მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებების, ეროვნული ბანკის მიმართ ბიძინა ივანიშვილის შენიშვნებისა და სესხის მქონე ადამიანთა აღშფოთების ფონზე, კვირის ბოლოს კურსმა შედარებით დაიწია, ბანკებმა კი მომხმარებლებს, დოლარში აღებული სესხის ტვირთის შემსუბუქების მიზნით, კონკრეტული გეგმა შესთავაზეს.

ლარის კურსის ცვლილება ისევ მთავარი თემაა. კვირის ბოლოს ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გამართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკიარ აპირებს პოლიტიკურ დებატებში ჩართვას, - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, 26 თებერვლის განცხადებას. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის, "უმოქმედობამ" მიიყვანა. ქადაგიძის თქმით, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ეროვნული ბანკი არ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რომლებიც ქვეყანამ არაერთხელ დაუშვა. პრესკონფერენციაზე გიორგი ქადაგიძემ ლარის დევალვაციაის გამომწვევი მიზეზები ჩამოთვალა:

„რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება - კონკრეტულად კი, ექსპორტის, გზავნილების, ტურიზმის კლების ჩანაცვლება - არის არა მარტო არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, არამედ კონტრპროდუქტიული და უშედეგო“.

გიორგი ქადაგიძის სიტყვებით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას გაეთვალისწინებინა ეროვნული ბანკის რეკომენდაციები და გადაეხედა 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზისათვის, მიიღეს „პოლიტიკურ საბოტაჟში დადანაშაულების პირველი ტალღა“. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სიტყვებით, იმისათვის, რომ ლარის დევალვაცია არ მომხდარიყო, ეროვნულმა ბანკმა განახორციელა რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ინტერვენცია. მაშინ ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ ვარდნა გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორებით და არა ფუნდამენტური მიზეზებით, მაგრამ თითქოს შექმნილი ვითარებიდან სავალუტო რეზერვების ხარჯვა იყო გამოსავალი.

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“თავმჯდომის გიორგი კეპულაძის სიტყვებით, თავისი წილი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკსაც ეკისრება, მაგრამ გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას - შექმნილი ვითარების მთავარი მიზეზი ეკონომიკაში არსებული ფუნდამენტური პრობლემებია, რის დაძლევასაც ეროვნული ბანკის ჩარევა არ ეყოფოდა:

„რადგანაც ეს არის მხოლოდ დროებითი ეფექტის მქონე, რაც, საბოლოო ჯამში, ვერ უზრუნველყოფს ლარის გრძელვადიან სიმყარეს“.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი

საქართველოში მოქმედმა მსხვილმა კომერციულმა ბანკებმა მიიღეს ეროვნული ბანკის შეთავაზება და წარმოადგინეს გეგმა, თუ როგორ შეუმსუბუქონ ფიზიკურ პირებს დოლარში აღებული სესხის ტვირთი. „თი-ბი-სი ბანკის“ მსგავსად, „საქართველოს ბანკმაც“ გადაწყვიტა სესხების გადახდის ვადა გაეგრძელებინა.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის თქმით, არ შეიცვალება ყოველთვიური გადასახადი ლარში:

„შესაბამისად, არც პროცენტი შეეცვლებათ, ანუ იმავე პროცენტით მოხდება სესხის პროლონგაცია. შესაბამისად, იმ წნეხს, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენს მომხმარებელს დევალვაციის შედეგად, თავიდან ბოლომდე მოვუხსნით“.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეფასებები უკვე მეორე კვირაა საქართველოში აღშფოთებას იწვევს. ამჯერად ვნებათაღელვა „რია ნოვისტისთვის“ მიცემულმა ინტერვიუმ გამოიწვია, რომელშიც ზურაბ აბაშიძე ოპონენტებისთვის მიუღებელ სხვა აქცენტებსაც სვამს. მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის წინ სულ უფრო თვალსაჩინო ხდება ხელისუფლების „კაპიტულანტური პოლიტიკა“.

„ნატოში გაწევრიანება არ წარმოადგენს უახლოესი პერიოდის პერსპექტივას, – ეს ყველამ იცის – ჩვენც, თქვენც და ბრიუსელმაც. ასე რომ, ვფიქრობ, უნდა მოვხსნათ ეს ემოციური ფონი. არ ღირს დამატებითი საბაბის ძებნა, რამაც შეიძლება გაართულოს ისედაც რთული ურთიერთობები“, – უთხრა „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტს ზურაბ აბაშიძემ, რომლის აზრითაც, საქართველო არანაირ პრობლემას არ უქმნის რუსეთს და სულ ტყუილად გახდა სადავო ნატოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული საწვრთნელი ცენტრის თემაც. „ეს არის სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი. ასეთი უკვე მოქმედებს საჩხერეში... არც ამ სასწავლო-საწვრთნელ ცენტრს აქვს რაიმე სახის სამხედრო მომენტი... “ – განმარტა აბაშიძემ და იქვე დააზუსტა, რომ ჟურნალისტები ხშირად რაღაცებს აზვიადებენ და საწვრთნელ ცენტრს ბაზასაც უწოდებენ, მაგრამ ეს სინამდვილეში ასე არ არის:

ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე

„არავითარ ბაზაზე არ არის ლაპარაკი...ეს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრია, მოკრძალებული. მე ისიც კი არ ვიცი, რამდენი ოფიცერი იქნება იქ, რომლებიც სწავლებას გაივლიან“.

„თუკი მოსკოვი მართლაც დაინტერესებულია და მართლა გადაწყვეტს, რომ ხელი უნდა შეუწყოს ასეთ დიალოგს, ჩვენ ამას სწრაფად დავინახავთ და შევამჩნევთ“, – განაცხადა აბაშიძემ და ამავე ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ, თუკი მოსკოვი რეალურად შეუწყობს ამ პროცესს ხელს, თბილისი მზად არის სტატუსის თემა გვერდზე გადადოს და აფხაზებსა და ოსებთან დაიწყოს პირდაპირი დიალოგი „ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე, ბიზნესზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, წყალსა და ბუნებრივ აირზე“.

ეს არის უკვე მიზანმიმართული „მავნებლური“ და „კაპიტულანტური“ პოლიტიკა, – აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ალექსი პეტრიაშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ის თვლის, რომ საგარეო კურსის ცვლილების საფრთხე, რაზეც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პირველად განცხადება რამდენიმე თვის წინ გააკეთეს, „ძალიან თვალნათელი და ხელშესახები“ ხდება. პეტრიაშვილის თქმით, ზურაბ აბაშიძე, რომელიც დღეს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრია, დე ფაქტო პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მითითებებით მოქმედებს და ის საქართველოს ინტერესების საზიანო ნაბიჯებს დგამს:

„ეს ეხება როგორც ნატოს ინფრასტრუქტურის შექმნის შეჩერებისკენ მიმართულ განცხადებებს, ისე პირდაპირი დიალოგის წარმართვის მცდელობას. მან განაცხადა, რომ მიესალმება რუსეთის ხელშეწყობას აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწყების ახალი ფორმატის შემუშავებაზე, რაც არის რეალურად ჟენევის ფორმატის გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯი, საერთაშორისო პარტნიორების ამ ფორმატიდან და, საერთოდ, ამ მოლაპარაკების პროცესში ჩამოშორების მცდელობა, რაც არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი“.

ირაკლი ღარიბაშვილი და დონალდ ტუსკი

ირაკლი ღარიბაშვილი და დონალდ ტუსკი

26 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების უმაღლეს პირებთან შეხვედრებს მართავდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს მთავრობა, ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის ფარგლებში, ბრიუსელისგან მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს იმისათვის, რომ ქვეყანამ შედეგიც მაქსიმალური მიიღოს მაისში დაგეგმილ რიგის სამიტზე

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს შორის საქართველოს ლიდერი უწოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს და იქვე დასძინა, რომ რიგის სამიტი „ძალიან კონკრეტულ შედეგებს“ მოუტანს საქართველოს. ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმაც გამოხატა საქართველოს სურვილი, რომ იყოს „წარმატების მაგალითი“ რიგის სამიტზე, სადაც ქვეყანა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების მიმართულებით ელოდება მნიშვნელოვან შედეგს. ოფიციალური წყაროს ცნობით, შეხვედრაზე „ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებად“ შეფასდა რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განხილულ იქნა ასევე რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები და ამ ჭრილში ხაზი გაესვა სამხრეთის დერეფნის ფუნქციონირების მნიშვნელობას.

გასულ კვირაში დავით ონოფრიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა -„თავისუფალი დემოკრატების“ სამმა ლიდერმა - საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეთა პოსტები დატოვეს. საფინანსო-საბიუჯეტო, ევროპასთან ინტეგრაციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ხელმძღვანელებმა ეს გადაწყვეტილება გასულ კვირაში თავიანთივე თანაგუნდელი ზურაბ აბაშიძის პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან გადაყენების შემდეგ მიიღეს. ამ ნაბიჯს „თავისუფალი დემოკრატები“ „პოლიტიკურ აქტს“ უწოდებენ და „ქართული ოცნების“ მიერ საგარეო პოლიტიკისა თუ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ბოლო დროს დაშვებულ შეცდომებზე ლაპარაკობენ.

„თავისუფალი დემოკრატები“ ეჭვობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მისამართით კაპიტულანტური შინაარსის განცხადებებს მიზანმიმართულად აკეთებს და რომ ამ განცხადებებს შესაძლოა ძალიან მალე ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯები მოჰყვეს:

„სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ განცხადებები და საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ერთგულებაზე გაკეთებული განცხადებების ხელახალ დადასტურებასთან და, მეორე მხრივ, როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან მიღწეული შეთანხმებებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გაჭიანურებასა და რუსეთთან პირისპირ დარჩენის ძალიან სახიფათო, ძალიან დინამიკურად მიმდინარე პროცესთან“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ოპოზიციაში გადასულ პარტიას არ უნდა ეჭიროს საპარლამენტო თანამდებობები. იმავე აზრისაა საპარლამენტო უმცირესობაც, თუმცა პოლიტოლოგ ლევან ცუცქირიძეს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ოპოზიცია საპარლამენტო პოსტებზე იყოს წარმოდგენილი. ეს დემოკრატიის აუცილებელი პირობაც კიაო, ამბობს ცუცქირიძე.

თუკი წინა წლებში ხელისუფლების რეაქცია არ იყო ადეკვატური რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულზე, იმავე მოხესა და ქობულეთის შემთხვევებმა ცხადყო, რომ ხელისუფლება არათუ ვერ ახერხებს რელიგიური უმცირესობების დაცვას, არამედ მისი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ არის რეპრესიული...

25 თებერვალს გამოქვეყნდა „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ახალი ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ასახავს ადამიანის უფლებათა შარშანდელ მდგომარეობას 160 ქვეყნისა და ტერიტორიის მაგალითებზე. საქართველოსთან მიმართებით ნათქვამია, რომ: რელიგიური და სექსუალური უმცირესობები კვლავაც გახდნენ დისკრიმინაციისა და ძალადობის სამიზნე და, რიგ შემთხვევებში, მათ შესაძლებლობა არ მიეცათ გამოეყენებინათ შეკრების თავისუფლების უფლება; ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელდა თავდასხმა; იყო ცნობები სასტიკი მოპყრობის თაობაზე პოლიციისა და პენიტენციარული სისტემის თანამშრომელთა მხრიდან, რაც ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურად იქნა გამოძიებული. ანგარიშში მოხვდა ასევე ქალებზე ძალადობა, როგორც „ფართოდ გავრცელებული მოვლენა“ საქართველოში.

როგორც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორმა ეკა ჭითანავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, რელიგიური შეუწყნარებლობის ჭრილში თერჯოლასა და ქობულეთში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ამ დრომდე არ ჩატარებულა ადეკვატური გამოძიება, თუმცა შედეგები ჯერჯერობით არც პროკურატურის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ მოიტანა მოხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. თუკი ეკა ჭითანავას სიტყვებით ვიმსჯელებთ, შარშან ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა:

„თუკი წინა წლებში ხელისუფლების რეაქცია არ იყო ადეკვატური რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულზე, იმავე მოხესა და ქობულეთის შემთხვევებმა ცხადყო, რომ ხელისუფლება არათუ ვერ ახერხებს რელიგიური უმცირესობების დაცვას, არამედ მისი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ არის რეპრესიული – შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები თვითონ არიან ჩართული რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახვაში“.

თბილისის მერია

თბილისის მერია

დედაქალაქის მერიის ახალი კადრებით დაკომპლექტების პროცესი ისევ კრიტიკის საგანია. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, თბილისის მერიაში ტესტირების პირველ ეტაპზე ჩაჭრილ პირებს თანამდებობებზე ხელმეორედ ნიშნავენ. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც აცხადებს, რომ თბილისის მერმა დაახლოებით 550 ვაკანსიაზე კონკურსი მიზანმიმართულად მხოლოდ იმიტომ ჩაშალა, რომ თანამდებობებზე დატოვოს ის ადამიანები, ვინც ტესტირება ვერ გაიარა. მერიის მიმართ „ნაციონალურ მოძრაობას“ ის პრეტენზიაც აქვს, რომ ამ უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას, მეგობრები და ნათესავები ინიშნებიან:

„სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორი უვიცი და არაპროფესიონალი კადრებით არის მერია დაკომპლექტებული და როგორ ვერ ახერხებს დავით ნარმანია შეელიოს საკუთარ ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებმაც კომპეტენციის მინიმალური ზღვარიც კი ვერ გადალახეს ტესტირების ეტაპზე. იმის ნაცვლად, რომ ამ ადამიანებს სახლში უშვებდნენ, მათ, პირიქით, აწინაურებენ“.

ამ საკითხს 27 თებერვალს ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოების სანახავად მისული დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე გამოეხმაურნენ. ისინი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თანამდებობებზე რჩებიან ის მოხელეები, ვინც ვერ გაიარა ამ ეტაპზე ატესტაცია, თუმცა ამ ფაქტს ხსნიან იმით, რომ ეს პირები თანამდებობებს მხოლოდ დროებით - სამი თვით - იკავებენ და მათთვის მალე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება:

„კონკურსის შედეგად, მერიაში კვლავაც დარჩა ვაკანტური თანამდებობები, სადაც, იმისათვის, რომ სამუშაო პროცესი არ შეფერხდეს, სამი თვით დაინიშნენ მოხელეები, თუმცა სამ თვეში არსებულ ვაკანსიებზე გამოცხადდება ხელახალი კონკურსი და მერიაც ახალი თანამშრომლებით შეივსება. დროებით მოვალეობის შემსრულებლებად კი შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, ვინც ვერ გადალახა ტესტირება ან გადალახა, მაგრამ გასაუბრებაზე ვერ მოიპოვა შესაბამისი შეფასება. ამის საშუალებას ჩვენ კანონი გვაძლევს“, - აცხადებს დავით ნარმანია. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე კი ამბობს, რომ მერიაში რჩებიან ის კადრები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ იქ, აქვთ გამოცდილება და დედაქალაქს მომავალშიც გამოადგებიან. თანამდებობის დატოვება მხოლოდ მათ მოუხდათ, ვისაც ამ ხნის განმავლობაში თავი არაფრით გამოუჩენია.

კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 1-დან 7 მარტის ჩათვლით ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ამერიკის წამყვან კვლევით ცენტრებსა და მედიის წარმომადგენლებთან.

27 თებერვალს მოსკოვში, კრემლის სიახლოვეს, მოკლეს ოპოზიციონერი ლიდერი ბორის ნემცოვი. ამ ფაქტს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლებაც. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „მომხდარი არის დარტყმა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისთვის“.

XS
SM
MD
LG