Accessibility links

ევროკავშირის გადაწყვეტილებებით დაფიქრებული „ქამრებშემოჭერილი“ საქართველო


გასულ კვირას ევროკავშირსა და ნატოში საუბარი დაიწყო პოლიტიკის გადასინჯვაზე. ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა გადაწყვიტა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თქვა, ნატომ ახალი წევრები დროებით აღარ უნდა მიიღოსო. საქართველოში ამან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გაჩნდა კითხვები იმის თაობაზე, თუ რამდენად შეიძლება ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაში ხელი შეეშალოს. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნები დაიწყო, საქართველოს მთავრობა კი ლარის გადარჩენას ცდილობს.

ევროკავშირმა გადაწყვიტა სამეზობლო პოლიტიკას გადახედოს. 4 მარტს ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა „ერთობლივი საკონსულტაციო ფურცელი“ გამოაქვეყნეს. პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ევროკავშირს პარტნიორებთან უფრო ღრმა და ინტენსიური პარტნიორობა სურს, ამისათვის კი სამომავლო გეგმები უნდა გადაისინჯოს.

2003 წელს შემუშავებული სამეზობლო პოლიტიკა, სხვა 15 ქვეყანასთან ერთად, საქართველოსაც ეხება, ამიტომაც 4 მარტს გამოქვეყნებულ „ერთობლივ საკონსულტაციო ფურცელში“ დასმულმა საკითხებმა არაერთი შეკითხვა გააჩინა: ხომ არ აპირებს ევროკავშირი ამ პოლიტიკის შეწყვეტას ან ხომ არ ცდილობს ურთიერთობების გაღრმავებას რუსეთთან?

როგორც ფრედერიკა მოგერინიმ თქვა, ევროპული თანამშრომლობის კარი მუდამ ღიაა ყველასათვის და არც რუსეთია გამონაკლისი, თუკი ის გამოსწორდება:

ფედერიკა მოგერინი

ფედერიკა მოგერინი

„პატივი უნდა სცე საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო პრინციპებს, რომ მიიჩნეოდე წამყვან საერთაშორისო და რეგიონალურ მოთამაშედ, რომელიც აღიარებს საერთაშორისო თანაცხოვრების ძირითად პრინციპებსა და ჩვენს საერთო უსაფრთხოების არქიტექტურას. ცხადია, ამაზე აღარ არის ლაპარაკი ყირიმის ანექსიის შემდეგ, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი დაუბრუნდება პასუხისმგებლობით აღსავსე ქმედებებს და ეს პროცესი მინსკის შეთანხმების შესრულებით დაიწყება“.

ექსპერტი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში ლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპისაგან ძალიან დიდ სარგებელს არ უნდა ელოდეს, მეორე მხრივ კი, ცხადია, ევროპა რუსეთს ომს არასდროს დაუწყებს.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი კი ფიქრობს, რომ საქართველოსათვის ცუდი არაფერი ხდება და, პირიქით, ევროკავშირის მიდგომები ქვეყნისათვის სასარგებლოც კი იქნება. მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა უფრო მოქნილი უნდა გახდეს:

„აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკა უნდა გახდეს უფრო მოქნილი და უფრო ხელშემწყობი იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ცდილობენ უფრო სწრაფად დაახლოებას ევროკავშირთან და, მეორე მხრივ, უნდა შეიმუშაონ განსაკუთრებული მიდგომები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ნაკლებ მონდომებას ამჟღავნებენ, მაგრამ რომლებსაც უნდათ თანამშრომლობა ევროკავშირთან. აშკარაა ფორმატში ცვლილებების აუცილებლობა და, მეორე მხრივ, აშკარაა ინსტრუმენტების განვითარების საჭიროება ისეთნაირად, რომ უფრო ელასტიკური იყოს ამ მიდგომებში“.

ამასვე ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც. მისი თქმით, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველო ფეხზე ძალიან მყარად დგას.

სამეზობლო პოლიტიკის გადასინჯვის პროცესში - ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან, სამოქალაქო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად - საქართველოც აქტიურად იქნება ჩართული.

ჯერჯერობით ნატოს წევრი არც ერთი სხვა სახელმწიფოს ლიდერს არათუ მსგავსი, არამედ იმასთან მიახლოებული განცხადებაც კი არ გაუკეთებია, რომ ნატოს გაფართოება არ არის მიზანშეწონილი...

აზრთა მორიგი სხვადასხვაობა წარმოშვა 4 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ, რომ ამ ეტაპზე ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს უარი უნდა ეთქვათ. კითხვები ისეთივეა, როგორიც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით: ხომ არ ცდილობს დასავლეთი ანგარიში გაუწიოს რუსეთს და ხომ არ დაიხურა ნატოს კარი საქართველოსთვის?

დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შიში ნაადრევია და საქართველო ნატოს წევრი ერთხელაც აუცილებლად გახდება:

„ჯერჯერობით ნატოს წევრი არც ერთი სხვა სახელმწიფოს ლიდერს არათუ მსგავსი, არამედ იმასთან მიახლოებული განცხადებაც კი არ გაუკეთებია, რომ ნატოს გაფართოება არ არის მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე, ჩემი პირველადი შეფასებით, ეს რჩება საფრანგეთის პრეზიდენტის პირად დამოკიდებულებად ამ საკითხის მიმართ... თუმცა ამ ფაქტის სათანადოდ არშეფასება არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რადგანაც საფრანგეთი არის ალიანსის სერიოზული, წონიანი წევრი და, რა თქმა უნდა, მის აზრს ალიანსში ანგარიშს უწევენ“.

მეორე მხრივ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფრანსუა ოლანდის ეს განცხადება რუსეთს ნამდვილად ესიამოვნებოდა. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შორენა ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ ეს შესაძლოა ერთგვარი ტაქტიკური სვლა იყოს „დროის გაყვანის მიზნით“ - საქართველოს ინტერესებს კი ეს არ დააზარალებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ საქართველო იმუშავებს იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ნატოში გასაწევრიანებლად აუცილებელი სტანდარტები, ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას ხელი არ შეეშლება.

იმავდროულად, რუსეთმა 5 მარტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, 12 პოლიგონზე სამხედრო წვრთნები დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ ქმედებად აფასებს.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს იმედი აქვს, რომ ამ, მისი შეფასებით, პროვოკაციულ ნაბიჯს სათანადო რეაგირება მოჰყვება:

“ჩვენი მიზანი უკავშირდება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამას ეძღვნება ყველა შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ვმართავთ ევროკავშირისა და ნატოს დედაქალაქებში“.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის მიერ დაწყებულ წვრთნებს დასავლეთის წინაშე ძალის დემონსტრირებად მიიჩნევს.

სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პრივატიზაცია, რომელიც დავივიწყეთ საერთოდ და ორი წელიწადია არ გვსმენია... და როგორც ამბობენ, დაახლოებით 300-350 მილიონის მოზიდვა შეიძლება ძალიან სწრაფად იმ ობიექტებით, რომლებიც მოაზრებულია საპრივატიზაციოდ...

ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა მთავრობის წინადადებას, გაფორმდეს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ დოკუმენტი რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის, სოხუმთან კი მოსკოვმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება 5 მარტს აამოქმედა.

პოლიტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფონზე რუსეთის მიერ დაწყებული წვრთნები არა მარტო უშუალოდ საქართველოს, არამედ ნატოს სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში შესვლის წინააღმდეგაა მიმართული.

გასული კვირის დასაწყისში ლარი ოდნავ გამყარდა. ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობისათვის პრივატიზაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, გასაყიდად გამოტანილია 16 მსხვილი ობიექტი - მათ შორის, ეკონომიკის სამინისტრო, „ბათუმის თაუერი“, წყნეთის სამთავრობო აგარაკები, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრი და ა.შ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან სწორი და აუცილებელი ნაბიჯია:

„სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პრივატიზაცია, რომელიც დავივიწყეთ საერთოდ და ორი წელიწადია არ გვსმენია... და როგორც ამბობენ, დაახლოებით 300-350 მილიონის მოზიდვა შეიძლება ძალიან სწრაფად იმ ობიექტებით, რომლებიც მოაზრებულია საპრივატიზაციოდ“.

ბესო ნამჩევაძე, რომელიც ასევე ექსპერტია ეკონომიკის საკითხებში, მიიჩნევს, რომ პრივატიზაცია, მართლაც, სწრაფად უნდა დასრულდეს, რომ ლარის გამყარებას ხელი შეეწყოს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს დაგვიანებული ნაბიჯია.

კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც მთავრობა ლარის გასამყარებლად გეგმავს, ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკაა, რაც ხარჯების შემცირებას ნიშნავს.

5 მარტს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სახელმწიფო სამსახურების ხელმძღვანელებს მოუწოდა, საწვავის, რბილი ავეჯის, მობილური ტელეფონებისა თუ სხვა სამეურნეო ხარჯისათვის გამოყოფილი თანხები შეამცირონ.

მინისტრების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია კონკრეტულ პროექტებზე თანხების შემცირებამ საქმე გააფუჭოს, თუმცა ისინი ეცდებიან სხვა ხარჯების შემცირებაზე იფიქრონ. ეს აზრი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გამოთქვა.

თამარ სანიკიძე

თამარ სანიკიძე

„არ შეიძლება ვილაპარაკოთ რესურსების შემცირებაზე, თუ ამის საფასური შეუსრულებელი ვალდებულებები და არასრულფასოვანი პროგრამები იქნება. ამიტომ არის აქცენტი გადატანილი ადმინისტრაციულ ხარჯებზე, რომელთა შემცირება შედეგზე არ იმოქმედებს“.

6 მარტს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ თქვა, რომ ხარჯებს ვერ შეამცირებს, რადგანაც მისი სამინისტროს ბიუჯეტი ისედაც მცირეა.

საპარლამენტო უმცირესობა „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკას სკეპტიკურად უყურებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი ბობოხიძე ამბობს, მთავრობის მხრიდან ვერანაირ მსგავს პოლიტიკას ვერ ხედავს. უმცირესობის კიდევ ერთი წევრი, ხათუნა გოგორიშვილი კი, ხელისუფლებას პრემიებს, სახელფასო დანამატებსა და ავტომობილების შესაძენად დახარჯულ თანხას შეახსენებს:

„ამ ხელისუფლებამ საკუთარ პრემიებსა და დანამატებზე 356 მილიონი ლარი დახარჯა, 147 მილიონი დახარჯა ავტომობილების შეცვლაში, ასევე მიღებებსა და რესტორნებში - ას მილიონზე მეტი. ასე რომ, სასაცილოა მათი განცხადებები „ქამრების შემოჭერის“ თაობაზე“.

სახელმწიფო უწყებებმა საბიუჯეტო ხარჯების შემცირების გეგმა 16 მარტამდე უნდა წარმოადგინონ, შემდეგ კი ფინანსთა სამინისტრო 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მოამზადებს და პარლამენტს წარუდგენს.

XS
SM
MD
LG