Accessibility links

logo-print

სავალუტო კრიზისი და ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების გზები - ეს საკითხი გასული კვირის განმავლობაში განვითარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო. თავად პროცესები კი იმით დაიწყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე სამსჯელად პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა. სხდომის დანიშვნას კი წინ უძღოდა ოპოზიციური პარტიების - “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი დემოკრატების” - მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიმართ წაყენებული მოთხოვნა, კრიზისის დაძლევის შესახებ გეგმები დეპუტატებისთვის გაეცნოთ. საბოლოო ჯამში, ამ მოთხოვნის პასუხად, მმართველმა კოალიციამ ჩაშალა პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაგეგმილი შეხვედრა, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე უნდა ემსჯელათ და უარი განცხადა ასევე დასწრებოდა რიგგარეშე სხდომას. „ეროვნული ვალუტის - ლარის - კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართულ ღონისძიებებზე“ კი, საბოლოო ჯამში, იმსჯელეს საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც 12 მარტს გაიმართა. დეპუტატებმა დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს მოუსმინეს. პრივატიზაციის გააქტიურება, ტურიზმის წახალისება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, საგადასახადო ლიბერალიზაცია, ბიუჯეტის კორექტირება - ესაა მოკლევადიანი გეგმის ძირითადი მიმართულებები, რომლითაც ეკონომიკური გუნდი ვითარების გამოსწორებას გეგმავს ისე, რომ ეკონომიკური კრიზისის არსებობას არ აღიარებს. რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტს, ნოდარ ხადურს არ დაუკონკრეტებია, როდის და რამდენით მოხდება წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირება, თუმცა დააზუსტა, რა ხარჯებს არ შეეხება შემცირება:

“კორექტირება არ შეეხება სოციალური ხარჯების შემცირებას, ასევე არ შემცირდება ინფრასტრუქტურული ნაწილი და უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო, საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი შეასრულებს მის მიერ აღებულ ყველა სოციალურ და კაპიტალურ ვალდებულებას“.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა იმ წარმატებებზე, რომელიც ბიზნესის სექტორში არსებობს, მათ შორის, ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით.

“თუ გავითავალისწინებთ რეგიონში არსებულ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, რაც პრაქტიკულად ყველას შეეხო და, ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანასაც, სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია ინვესტიციების შემოსვლის ზრდის ტენდენცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი მთავრობის მიმართ ნდობა იზრდება, რაც არის ძალიან კარგი ნიშანი“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ ყურადღების გამოხატვა გახდა, თავის მხრივ, ეუთოს გენერალური მდივნის ლამბერტო ძანიერის საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი. ეუთოს გენერალურმა მდივანმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ხელშეკრულების გაფორმების, როგორც რეგიონის არასტაბილურობის რისკფაქტორის ხაზგასმისას აღნიშნა, რომ მხოლოდ ფაქტით შეშფოთება საკმარისი არ არის და სათანადო ნაბიჯების გადადგმაა საჭირო:

“მე ისევ დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი საკითხი პრაქტიკულ მიდგომას საჭიროებს. კონტაქტი საზოგადოებასთან, პირდაპირი კონტაქტი სოხუმთან, ცხინვალთან და იქ მცხოვრებ ხალხთან კვლავაც რჩება წინსვლის მნიშვნელოვან წინაპირობად. ჩვენ გავაგრძელებთ ამგვარ ურთიერთობას იმ გზების შესათავაზებლად, რომლებიც ადგილობრივ საზოგადოებას დააკავშირებს უფრო ფართო საერთაშორისო საზოგადოებასთან, მათ შორის, ეუთოს საშუალებითაც“, განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ 9 მარტს თბილისში.

რამდენიმე დღეში კი, 13 მარტს, რუსეთი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკის ობიექტი. ამჯერად საქართველოს საგარეო უწყებამ მოსკოვი 2011 წელს შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მონიტორინგის მიზნით დადებული შეთანხმების ცალმხრივ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა. საქმე ისაა, რომ 11 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „შეთანხმება არ შელახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების, სტატუსს“, ვინაიდან ეს ხელშეკრულება ამ ტერიტორიებს არ ფარავს. არადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ლავროვის განცხადების საპირისპიროდ, შეთანხმება სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას ემსახურება და მისი ძირითადი არსია ტვირთების უკანონო მოძრაობის აღკვეთა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეთანხმებით განსაზღვრულ სატრანსპორტო კორიდორებში“.

კიდევ ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომლის მიმართაც გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება არ შენელებულა, თბილისის მერია იყო. გასულ კვირაში თბილისის მერმა წარადგინა როგორც მერის ორი ახალი მოადგილე, ისე თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი და თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი. ამ პოსტებს, შესაბამისად, დაიკავებენ დიმიტრი ქუმსიშვილი, ირაკლი ლექვინაძე, პაატა ჯაჭვლიანი, გიორგი გურგენიძე და ლაშა აბაშიძე. თბილისის მერიის ახალი თანამშრომლები მოვალეობის შესრულების დასაწყებად თანხმობას დედაქალაქის საკრებულოსგან ელოდებიან.

“დარწმუნებული ვარ ჩვენი განახლებული გუნდი ახალი შემართებითა და ენერგიით ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შევძლებთ დედაქლაქში“, განაცხადა თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა კი იმ მაღალჩინოსნებს შორის აღმოჩნდა, ვისაც პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენა. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილსა და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას კი დაუმძიმდათ. გიორგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ ბრალდების წარდგენის მიზანი გიორგი უგულავას პატიმრობაში დატოვებაა.

“ბრალდების შინაარსი არ შეცვლილა. უბრალოდ, დაამძიმეს მუხლები, რასაც აქვს ერთადერთი მოტივაცია, რომ დღეს შევიდნენ სასამართლოში გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. მოგეხსენებათ, პატიმრობის ცხრათვიანი ვადა გასდის 2 აპრილს. კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით, პროკურატურა აპირებს გიორგი უგულავა კვლავ იმყოფებოდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, ამბობს ბექა ბასილაია.

XS
SM
MD
LG