Accessibility links

logo-print

მართლმსაჯულებისა და „ნაციონალური მიტინგის“ კვირა


ვაზიანის სამხედრო ბაზა

ვაზიანის სამხედრო ბაზა

გასული კვირა დაიწყო საქართველოში ნატოს შემფასებლთა ჯგუფის სამდღიანი ვიზიტით, რომლის ფარგლებში ჯგუფის წევრები და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ულიამ ლაჰიუ ეცნობოდნენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და ინფრასტრუქტურას. ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა ვაზიანში სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორია, სასროლეთი და პოლიგონის სხვადასხვა ლოკაცია მოინახულეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ გიორგი კბილცეცხლაშვილის თქმით, დელეგაცია ეროვნული სასწავლო ცენტრის, „კრწანისის“, შესაძლებლობებსაც გაეცნო:

„ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის მიზანს წარმოადგენს საქართველოს, ასევე ნატოს და ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება, რაც საქართველოს მხარისთვის იქნება სასარგებლო, ვინაიდან გააძლიერებს ჩვენს ნატოსთან თავსებადობას და აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ექსპერტთა ჯგუფის შეფასების შემდეგ ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას აღნიშნული ცენტრის ადგილმდებარეობის, მისი სტრუქტურისა და შემდგომი ფუნქციონირების თაობაზე“.

საქართველოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება, თუმცა მანამდე, როგორც ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმღვანელმა უილიამ ლაჰიუმ განაცხადა, საქართველოში ნატოს სხვა ჯგუფებიც ჩამოვლენ:

„მომავალ კვირებსა და თვეებში თბილისში ნატოს სხვა ჯგუფებიც ჩამოვლენ არსებითი პაკეტის სხვა პირობების იმპლემენტაციისთვის. ჩვენი გუნდი პირველია, რომელიც ამ კვირიდან შეუდგება ამ პროცესს. ნატოს ექსპერტები მხარს დაუჭერენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაში და რეკომენდაციებს მისცემენ მისი ადგილმდებარეობის შესახებ. ეს არის პროცესის დასაწყისი, რომელიც საქართველოს ნატოსკენ ინტეგრაციას წარუძღვება წინ, დაეხმარება პროგრესის მიღწევაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ნატოში“.

გასულ კვირაში ჟენევამ უმასპინძლა საერთაშორისო დისკუსიის 31-ე რაუნდს, რომლის მუშაობას ღრმა კვალი დაამჩნია რუსეთის ფედერაციის მიერ თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ. ეს არ არის შემთხვევითობა და უბრალო დამთხვევა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ, რომლის თქმითაც, პროვოკაცია მიზნად ისახავდა ჟენევის მოლაპარაკებების ამ კონკრეტული რაუნდისთვის ხელის შეშლას, პროცესის გართულებას და, ზოგადად, მოლაპარაკებების ფორმატისთვის წყლის შეყენებას:

„მოსკოვის მიერ ცხინვალთან და სოხუმთან ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებებს საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია. მეტიც, საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად იცნობს საქართველოს პოზიციას, რომ ამ ხელშეკრულებით ხდება ორივე რეგიონის თანდათანობითი ანექსია რუსეთის სოციალურ, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ და, განსაკუთრებით, სამხედრო და უსაფრთხოების ინსტიტუტებში“.

შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ნატო ასევე არ მიიჩნევენ ლეგიტიმურად 18 მარტს რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა:

„ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა რეგიონში სტაბილურობისკენ ჩვენ მიერ გადადგმულ არაერთ ნაბიჯს და ჩვენს ძალისხმევას და, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად ვაფასებთ რუსეთის ქმედებას, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან ამგვარი არალეგიტიმური ხელშეკრულების გაფორმებას“.

გასულ კვირაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურიდან დაითხოვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი, რომელიც, სამინისტროს მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობდა. ბაზიაშვილმა სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში არასამსახურებრივი მიზნებისათვის მოიძია ინფორმაცია რამაზ დევაძის შესახებ და გივი თარგამაძეს გაუგზავნა. მომხდარს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისაკენ მოუწოდა:

„მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას - დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული საკითხის შესწავლა და თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, დროულად მოახდინოს რეაგირება კანონის შესაბამისად. ეს არის ყოვლად დაუშვებელი ფაქტი. არავინ დგას კანონზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს – პარლამენტის, მთავრობის წევრი თუ სხვა თანამდებობის პირი. ასე რომ, იქნება ეს პარლამენტის წევრი თარგამაძე? რა თქმა უნდა, მან კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი, ვინაიდან მისი ქმედება შეურაცხმყოფელია პოლიციელებისთვის, მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის".

პასუხად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გივი თარგამაძე სწორედ ის ადამიანია, ვისაც პარლამენტარის მანდატი და ნდობის ჯგუფის წევრობა აძლევს უფლებას მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორ ირღვევა კანონი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა კი, საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციის 52-ე მუხლი შეახსენა და პასუხი შს სამინისტროსგანაც მოითხოვა:

„ამ მუხლში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი მასალის დაყადაღება. შსს-მ ჯობს უპასუხოს შეკითხვას, დანაშაული მოხდა და მართლაც გავიდა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი საზღვარზე თუ დანაშაული არ მომხდარა“.

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

გასულ კვირაში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამო სამსახურებრივ გულგრილობაში იყო ბრალდებული. მოსამართლე დავით მგელიაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარემ - მათ შორის, „ჰაკიმ ფაშას“ სახელით ინტერნეტით გავრცელებულმა ვიდეომასალამ - ლევან ჩაჩუას ბრალეულობა ვერ დაადასტურა. საქმის მასალების გათვალისწინებით, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის იმედი ჰქონდა განსასჯელის ადვოკატს, ზურაბ ტაბიძეს:

„სხვა გზა და გამოსავალი არ ჰქონდა მოსამართლეს, უნდა გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი, იმიტომ რომ თითქმის არც ერთი მტკიცებულება და ის, რაც მე ერთი წლის წინ ლევანს ვუთხარი, რომ აქედან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შანსი არ არსებობს-მეთქი, ყველაფერი ეს გაიმეორა მოსამართლემ თავის განმარტებაში. მე მიმაჩნია, რომ სამართლიანობამ, მართლაც, იზეიმა“.

ნინო გვენეტაძე

ნინო გვენეტაძე

გასულ კვირაში საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისთვის მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა საქართველოს პარლამენტში, რომლის წევრებმა,88 ხმით ნულის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე დაამტკიცეს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პირველმა ქალმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მზადაა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასამართლო რეფორმის განხორციელებაში და იბრძოლოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის:

“ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას, ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით, ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, პირნათლად აღვასრულო მოსამართლის მაღალი დანიშნულება“.

კვირა „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გამართული მიტინგით დასრულდა. 21 მარტს ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან თბილისში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.

დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე

„2,5 წელიწადში ნათელი გახდა, რომ ამ მთავრობისათვის დაცდა ნიშნავს საქართველოს უარესობისათვის დაცდას. ამიტომ ვეღარ დავიცდით, ვეღარ დაველოდებით! ვეღარ დავანგრევინებთ ამ ქვეყანას! ამიტომ დღეს ვიწყებთ იმ ეტაპს, როცა ყველა ერთად ვამბობთ: ეს მთავრობა უნდა წავიდეს“, განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

მომიტინგეებს ბრიუსელიდან მიმართა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა:

„ახლა საკითხი ისე კი არ დგას, თუ ვინ რომელ პარტიაშია, ვის როგორი წარსული აქვს და ვის როგორი შეხედულებები აქვს. ახლა საკითხი დგას ასე: მოვაშორებთ თუ არა ხელისუფლებას თავისი საცეცებით ქვეყნის ტყუილებით გამბერავ ოლიგარქს და დავიხსნით თუ არა საქართველოს მისი მარწუხებიდან!“

მოგვიანებით მომიტინგეებმა თავისუფლების მოედნიდან სახელმწიფო კანცელარიისკენ გადაინაცვლეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა კი მხარდამჭერებს მოქმედების გეგმა გააცნეს. „მომავალ დღეებში მთელ საქართველოში საპროტესტო აქციები გაიმართება. ჩვენ შევქმნით სპეციალურ ანტიკორუფციულ კომიტეტებს, ჯგუფებს, რომლებიც ადგილებზე ამხელენ კორუფციაში ჩართულ გუბერნატორებსა და გამგებლებს", - განაცხადა მიტინგზე დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა, რომლის თქმითაც, საჭიროების შემთხვევაში ასევე გამოყენებული იქნება კონსტიტუციით მონიჭებული უფლება და დაიწყება მმართველობის ორგანოების პიკეტირება, ხოლო საპარლამენტო უმცირესობა შეეცდება მოაგროვოს დეპუტატების ხმების საჭირორაოდენობა, რათა პარლამენტის მეშვეობით დაიწყოს მთავრობის გადაყენების პროცედურა.

XS
SM
MD
LG