Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი, მინისტრის გადადგომა და სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნა


ალექსანდრ ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი
ალექსანდრ ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი

გასული კვირის ორშაბათს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სულ მალე მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ომში დაღუპულ პოლიციელთა ოჯახების ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროექტს. პოლიციელთა ოჯახები ყოველთვიურად 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

„ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ ჯარისკაცებს ყოველთვიური 500-ლარიანი დახმარება დავუწესეთ. წელს ჯარისკაცების ოჯახებს 1 000-ლარიანი დახმარება ეძლევათ. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ პარლამენტს, განიხილოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან ომში დაღუპული პოლიციელების ოჯახების დახმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი“, - განაცხდა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, სულ რამდენი ოჯახი მიიღებს ათასლარიან დახმარებას და რა თანხა გამოიყოფა ამისათვის ყოველწლიურად ბიუჯეტიდან. შსს-ში ამ ეტაპზე არც იმას აკონკრეტებენ, რამდენი ხნის განმავლობაში მიიღებენ დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრები ყოველთვიურ დახმარებას.

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ არის კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა. საქმე ეხება იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე პროკურატურის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომლისთანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკების გასაღებასა და შეძენა-შენახვაზე ერთმანეთისგან გაიმიჯნება და, შესაბამისად, გადაიხედება სასჯელის ზომებიც. კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში. კანონის ამგვარ ფორმულირებაზე წლებია ლაპარაკობენ ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ხელმძღვანელი კახა კვაშილავა მიიჩნევს, რომ თუკი დღეს სახელმწიფო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რაიმე ფორმით შემსუბუქდეს კანონმდებლობა, ეს ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად:

„ჩვენი კანონმდებლობა იმგვარად იყო მოწყობილი, რომ ნებისმიერი პიროვნება, ვისაც შესაძლებელია რაღაც დოზით თუნდაც პირადი მოხმარებისთვის ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, შესაძლებელი იყო მის მიმართ პასუხისმგებლობა დამდგარიყო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რადგან არის ძალიან ბევრი ნარკოტიკული ნივთიერება, რომლისთვისაც, ჩვენი კანონმდებლობით, არ არის დადგენილი მცირე ოდენობები. ამიტომ, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში, პირი პასუხისგებაში მიეცემოდა 260-ე მუხლით“.

გასულ კვირაში კვლავ აქტუალური იყო პრეზიდენტის ადგილსამყოფლის თემა. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადგილს ავლაბრის სასახლეში ხედავს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომენტარის თანახმად კი, 10 ათასი კვადრატული მეტრი ჭარბი ფართი გაჭირვებულ ქვეყანაში პრეზიდენტს არ უნდა ეკავოს. მთავრობას პრეზიდენტისთვის შესაფერისად ათონელის ქუჩაზე მდებარე სპეციალურად პრეზიდენტისთვის რეკონსტრუირებული შენობა მიაჩნია. პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ფიქრობს, რომ მთავრობის ამგვარი დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდის აზრით კი, არჩევანი პრეზიდენტზეა:

პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე

„კონსტიტუციური თვალსაზრისით, რა უფლებამოსილებას ახორციელებ, არ ახდენს გავლენას იმაზე, თუ რამდენ კვადრატულ მეტრზე გაქვს გაშლილი საოფისე სამუშაო. ჩვენ ვერ გავზომავთ უფლებამოსილებებს კვადრატული მეტრებით... უბრალოდ, ეს არის გაგრძელება იმ დაპირისპირების, იმ დავის, იმ ურთიერთობის, რომელიც არსებობს პრეზიდენტსა და სამთავრობო გუნდს შორის“.

21 აპრილს თბილისში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ამერიკულ კომპანია "გილეად საიენსს" შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამამ სტარტი აიღო - დაავადების გამოვლენა და მკურნალობა, პაციენტებისათვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და უახლოეს სამ-ხუთ წელიწადში დაავადების სრულიად დამარცხება - ასეთია საქართველოს მთავრობის მიზანი C ჰეპატიტთან ბრძოლაში.

გასული კვირის სამშაბათს თანამდებობა დატოვა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა. მინისტრის გადადგომის ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა. მინისტრს მისი მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი ცვლის. ოპონენტები მინისტრის გადადგომის მიზეზების კომენტირებისას სამინისტროში არსებულ კორუფციაზეც საუბრობენ.

გასულ კვირაში თბილისს ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სტუმრობდა. ვიზიტის უმთავრესი მიზანი საქართველოსა და ბელორუსიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაა. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი, ერთი მხრივ, ევრაზიული კავშირის წევრისა და, მეორე მხრივ, ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაში ხელის შემშელ ფაქტორებს ვერ ხედავს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ მინსკის ურყევი პოზიციის გამო გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო მადლობა გადაუხადა კოლეგას.

ალექსანდრ ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი
ალექსანდრ ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი

„ძალიან რთულ ვითარებაში ჩვენი ბელორუსი მეგობრები ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდნენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ამისათვის ჩვენ დიდი მადლობა ვუთხარით როგორც ბატონ პრეზიდენტს, ასევე მთელ ბელორუს ხალხს“.

ალექსანდრ ლუკაშენკოს სიტყვებით, ის და პრეზიდენტი მარგველაშვილი დაფიქრდებიან იმაზე, თუ როგორ გაუმჯობესდეს რუსულ-ქართული ურთიერთობა და როგორ გადავიდეს ის იმგვარ კეთილგანწყობილი თანაცხოვრების მოდელზე, როგორიც იყო მაშინ, როცა ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით.

„არ არსებობს წინააღმდეგობები ქართველ ხალხს, ბელორუს ხალხსა და რუს ხალხებს შორის... არსებობს გაუგებრობები პოლიტიკურ დონეზე, მაგრამ ამის გადალახვა შესაძლებელია... საჭიროა დავისახოთ კონკრეტული მიზნები და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები – და ჩვენ დღეს ამის შესახებ ვილაპარაკეთ. ჯერჯერობით პრეზიდენტისგან არ მაქვს მონიჭებული უფლებამოსილება, რომ ჩვენი შეთანხმების შესახებ ვილაპარაკო, მაგრამ ახლო მომავალში თქვენ ამას შეიტყობთ... ჩვენი პოზიცია თქვენ მიერ წამოწეულ პრობლემებთან მიმართებით უცვლელია, – წინააღმდეგ შემთხვევაში მე არ ჩამოვიდოდი“.

ალექსანდრ ლუკაშენკომ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში მისი პირველი ვიზიტის ფარგლებში გაჩნდა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული საქონელბრუნვა, რომელიც 65 მილიონ დოლარს არ აღემატება, ფარმაცევტულ, სატრანსპორტო და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობით 200 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს გაესვა ხაზი ბელორუსიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრაზეც.

გასულ კვირაში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილთან ერთად, შვეიცარიის ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს შეხვდა, მის მიერ პრესაში გახმაურებული ინფორმაციის გამო, რომელიც უცხოელი ინვესტორების მიმართ სასამართლოში წარმართულ საგადასახადო დავებთან დაკავშირებით კორუფციულ გარიგებებს შეეხებოდა. თინა ხოდაშელის განცხადებით, „საკითხს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, უყურადღებოდ ვერ დატოვებდნენ“.

„საუბარია მხოლოდ ერთ შემთხვევაზე, ერთ კონკრეტულ ფაქტზე, სადაც არის ეჭვი, რომ შესაძლოა კორუფცია ყოფილიყო საქმის თანამონაწილე. როგორც დეპუტატისთვის, ეს კონკრეტული შემთხვევები მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კანონში აღარ არსებობდეს არც ერთი ხარვეზი, რომელიც შესაძლებელს გახდის, მაგალითად, ფინანსური პოლიციის ექვსთვიან შემოწმებას, როცა პოლიცია ზის კონკრეტულ დაწესებულებაში, კომერციულ ორგანიზაციაში, და იქიდან არასოდეს აღარ მიდის“.

ნინო გვენეტაძე
ნინო გვენეტაძე

შაბათს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ, შვეიცარიის ელჩის მიერ გამოთქმული პრეტენზიის საფუძველზე, საგადასახადო დავებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებთან დაკავშირებული სამართალწარმოების საქმეების შესწავლა დაიწყო. მანამდე ნინო გვენეტაძე შვეიცარიის ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს პირადადაც შეხვდა.

24 აპრილს თბილისში, თურქეთის საელჩოსთან, აქცია გაიმართა, სახელწოდებით „გვახსოვს და მოვითხოვთ“. აქცია ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობიდან მეასე წლისთავს მიეძღვნა. აქციის მონაწილეები თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებდნენ გენოციდად აღიაროს სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ოსმალეთის იმპერიაში. აქციის მონაწილეები გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებასაც.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ გამგეობის წევრის სანდრო ოჰანიანის სიტყვებით, 100 წლის წინ დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები ამჯერად მაინც პოლიტიკასთანაა გადაჯაჭვული:

„ჩვენ მოვითხოვთ აღიარებას, ჩვენ მოვითხოვთ რესტიტუციას და ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასაც მივმართავთ: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მიისწრაფოდეს ევროპისკენ და რადგან ევროპამ აღიარა და დაგმო, ჩვენ ველით, რომ საქართველოც მსგავს ნაბიჯს გადადგამს“.

100 წლის წინ სომეხთა მასობრივი ხოცვის გენოციდად აღიარების თემაზე საქართველოს ხელისუფლებაში არ ლაპარაკობენ. ცოტა ხნის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა დასვა გენოციდად აღიარების საკითხი, მაგრამ ამ თემას მსჯელობა არ მოჰყოლია. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე კომენტარს არ აკეთებენ, თემას არც მთავრობა გამოხმაურებია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG