Accessibility links

EBRD-ისა და „ღირსეული პარტნიორის“ კვირა


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური, რიგით 24-ე, ბიზნესფორუმი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური, რიგით 24-ე, ბიზნესფორუმი

გასული კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან გამორჩეული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური, რიგით 24-ე, ბიზნესფორუმი, რომელსაც 14-15 მაისს თბილისმა უმასპინძლა. ფორუმში მონაწილეობის მიზნით საქართველოში 60-ზე მეტი ქვეყნის მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასეთი მასშტაბის პირველ ფორუმს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს უკავშირებენ:

“ჩვენი ქვეყნის განვითარების ასეთ საპასუხისმგებლო ეტაპზე ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ისეთ სანდო და ძლიერ პარტნიორთან თანამშრომლობა, როგორიც გახლავთ EBRD. ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის თითქმის 25-წლიანი პერიოდის განმავლობაში ბანკი განუხრელად ედგა გვერდში ჩვენს ქვეყანას და ეხმარებოდა კონკრეტული მიზნების განხორციელებასა და ამა თუ იმ რთული ვითარებიდან გამოსვლაში. ამისთვის მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოსთვის ბანკის დაფინანსება 2 ილიარდ 600 მილიონი ევროა, 70-ზე მეტი პროექტის ფარგლებში, საიდანაც დაფინანსების 83 პროცენტი სწორედ კერძო სექტორზე მოდის“.

საქართველოს მთავრობამ EBRD-ის შეხვედრაზე საინვესტიციო პოტენციალის 5 მიმართულებით გაძლიერების პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება: საბანკო სექტორი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, წარმოება და სოფლის მეურნეობა. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ უცხოური ინვესტიციების შემოდინება გაამყარებს ეროვნულ ვალუტას, რომელიც გასული კვირის განმავლობაშიც განაგრძობდა ვარდნას: 16 მაისს ერთი დოლარის ფასმა 2,36 ლარი შეადგინა. ლარის გაუფასურების გამო გაიზარდა უკმაყოფილო მოქალაქეთა რაოდენობა.

მამაკაცი, 61 წლის: „აფთიაქში შევედი და მხოლოდ ციტრამონი ვიყიდე. წნევის წამალი ვერ ვიყიდე, გაძვირებულა და არ მეყო ფული. გაუარესდა ცხოვრება, აბა, არ გაუარესდა?“

თბილისის ერთ-ერთი ბაზრობა

თბილისის ერთ-ერთი ბაზრობა

ქალი, 51 წლის: „დოლართან მიმართებით გაძვირდა ყველაფერი. ქირით ვცხოვრობ და ადრე თვეში ვიხდიდი 450 ლარს, ახლა კი ვიხდი 600 ლარს. არ არის ეს კრიზისი? ჩემთვის ძაან მძიმეა ამ სხვაობის დაფარვა“.

საზოგადოების უკმაყოფილება ასევე გამოიწვია ინფლაციის გაზრდამ. გასულ კვირაში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც აპრილში ფასები გაიზარდა გადამამუშავებელ მრეწველობაზე, ქიმიურ წარმოებაზე, საკვებ პროდუქტებსა და თამბაქოს წარმოებაზე:

„ბოსტნეულია ძალიან გაძვირებული. ბულგარული წიწაკა, მაგალითად, სამი ლარი რომ ღირდა, ახლა ღირს 8 ლარი“.

ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, ანუ ინფლაცია, და სიღარიბე...

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და ინფლაციის გაზრდამ ნეგატიური ასახვა პოვა საზოგადოების განწყობაზე, რაც კარგად გამოჩნდა გასულ კვირაში NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოკვლევაში, რომლის მიხედვითაც, როგორც „ენ დი აის“ საქართველოს დირექტორმა ლორა თორნტონმა განაცხადა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა პირველად არ მოხვდა საერთო ეროვნული სკითხების სამეულში. ეს საკითხი 27 პროცენტს მიაჩნია ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად და ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა ეკონომიკური პრობლემების შემდეგ:

„ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, ანუ ინფლაცია, და სიღარიბე. თქვენ შეამჩნევთ, რომ პირველად, მას შემდეგ, რაც ჩვენ კვლევების ჩატარება დავიწყეთ, ტერიტორიული მთლიანობა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების სამეულში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი აღარ არის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ აღარ არის ყველაზე მეტად პრიორიტეტული საქართველოს მოსახლეობისთვის“.

საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც კი მოვიდა, ნება დართო რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხებს, რომ თავისუფლად მოახდინონ ტრანსლირება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ძალიან კარგად არის ასახული, თუნდაც, ეროვნული უმცირესობების მაჩვენებელში...

გამოკვლევის მიხედვით, ყველა პრიორიტეტულ საკითხთან მიმართებით მდგომარეობა უფრო გაუარესდა, ვიდრე გაუმჯობესდა. გამოკითხულთა 43 % თავს უმუშევრად მიიჩნევს, 58 %-ისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო პენსიები და სახელმწიფო დახმარებაა. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას მისაღებად მიიჩნევს 68 %. გაცხადებულ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, იზიარებს 65 პროცენტი, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას კი 31 პროცენტი მიიჩნევს მისაღებად. გამოკვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის პირველ არხს თვალს ადევნებს 38 %. სწორედ რუსეთის საინფორმაციო წყაროების დაშვება მიაჩნია პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას იმის მიზეზად, რომ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა:

„საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც კი მოვიდა, ნება დართო რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხებს, რომ თავისუფლად მოახდინონ ტრანსლირება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ძალიან კარგად არის ასახული, თუნდაც, ეროვნული უმცირესობების მაჩვენებელში, რომლებიც, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქiდან, რომ მათ არ იციან სახელმწიფო ენა, მიჯაჭვული არიან ამ პროპაგანდისტულ გადაცემებს და, ბუნებრივია, რაც უფრო გაგრძელდება ასეთი პოლიტიკა, რაც უფრო ხელს შეუწყობს მთავრობა რუსული „რბილი ძალის“ გაძლიერებას საქართველოში, მით უფრო გაიზრდება ეს პროცენტი“.

გამოკვლევის კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 35 % ამბობს, რომ არც ერთი. კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ყველაზე ახლოს მდგომად მიიჩნევს 21%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 13 %, „თავისუფალ დამოკრატებს“ 5% მიიჩნევს ასეთად. გამოკითხულთა უმრავლესობა დადებითად აფასებს ჯანდაცვის, იუსტიციისა და განათლების სამინისტროების საქმიანობას. 14- პროცენტიანი მოწონებით მეხუთე ადგილზეა თავდაცვის სამინისტრო, სადაც გასულ კვირაში თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სამი ახალი მოადგილე - დავით ებრალიძე, ბესო ლოლაძე და ანა დოლიძე - წარადგინა.

ერთობლივი სამხედრო წვრთნა

ერთობლივი სამხედრო წვრთნა

გასულ კვირაში საქართველომ უმასპინძლა მასშტაბურ ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნებს, სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც 600 ქართველი და ამდენივე ამერიკელი სამხედრო მონაწილეობს. ამერიკელები საქართველოს თავიანთი სამხედრო ტექნიკით - მათ შორის, „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებით - ეწვივნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის კომენტარი:

„ჩვენ არა მხოლოდ პარტნიორი გვყავს, არამედ უზარმაზარი გულშემატკივარი და მეგობარი გვყავს, რომელიც მზად არის ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს ქართულ სახელმწიფოს გაძლიერებაში, ქართულ ჯარს – თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში... მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად შეუცვლელი საშუალება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომ ამერიკელებთან ერთად, ამერიკული ტექნიკის გამოყენებით, მიიღონ მონაწილეობა ამ წვრთნებში და ივარჯიშონ“.

გასული კვირის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბნის მკვიდრი 32 წლის გურამ ცათიაშვილია, რომელიც სირიაში საბრძოლველად ორი თვის წინ გაემგზავრა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG