Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი „ნაციონალების“ და „ოცნების“ შეფასების კვირა


"ნაციონალური მოძრაობის" ოფისი
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისი

რას აპირებენ ყოფილი ნაციონალები, ხალხმრავალი 26 მაისი და კანონი, რომლის მიღებაც არასამთავრობო სექტორს არ უნდა და ამავე არასამთავრობო სექტორის კვლევა, რომელმაც „ქართული ოცნების“ ორწლიანი მოღვაწეობა შეაფასა - ამ კვირის განმავლობაში სწორედ ეს საკითხები იყო წინა პლანზე წამოწეული.

„ჩემთვის 26 მაისი ნიშნავს როგორც თავისუფლებას, ისე კარგ მომავალს. დღეს აქ ბავშვებთან ერთად მოვედი, რადგან მათ აუცილებლად უნდა გაუჩნდეთ ის პატრიოტიზმის გრძნობა, რაც ჩემს თაობას აქვს. მომავალმა თაობებმა ამ გრძნობით უნდა იცხოვრონ“, - ამბობს შალვა ოკმელაშვილი.

წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არაერთ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. მათ შორის ყურადღების ცენტრში მოექცა რუსთაველის გამზირი, სადაც სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარი სტენდები და პროდუქცია გამოფინეს. გაიმართა როგორც თეატრალიზებული წარმოდგენები, ისე სპორტული ღონისძიებები. თავისუფლების მოედანზე ფიცი დადო 200-მა სამხედრო მოსამსახურემ.

ამ კვირაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობიდან“ მისი წევრების გამოყოფამ. ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვეს და 27 მაისს სოციალურ ქსელში განცხადებაც განათავსეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს არ იყრიან, თუმცა გააგრძელებენ ბრძოლას ოლიგარქის მმართველობის შესაცვლელად. ამავე განცხადების მიხედვით, მათ მიერ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური ცენტრი 2016 წლის არჩევნებისთვის საზოგადოებას ეკონომიკური განვითარების გეგმას შესთავაზებს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ოპოზიციური პარტიის დაშლის მოსალოდნელობაზე ლაპარაკობს:

„გასაკვირიც იყო, რომ აქამდე არ დაიშალნენ, შეძლეს რაღაც ერთ გუნდად წარმოჩენა, მაგრამ მე ვიცი, რომ შიგნით კიდევ სამ ჯგუფად იშლება ‘ნაციონალური მოძრაობა’”.

უმცირესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა კი 27 მაისის პარლამენტის სხდომაზე შემდეგი რამ განაცხადა:

მიხეილ მაჭავარიანი
მიხეილ მაჭავარიანი

„მინდა იმედები გაგიცრუოთ – ეს არ იქნება ის, რასაც თქვენ ელოდებით, როცა ‘ნაციონალური მოძრაობის’ დაშლაზე საუბრობთ. მე მინდა ვურჩიო პრემიერ-მინისტრს და ფინანსთა მინისტრს, ნაცვლად იმისა, რომ ითვალოს რამდენი ადამიანი დარჩა ოპოზიციურ პარტიაში, დაითვალოს სადამდე წავა ლარის კურსი, დაითვალოს როგორ მინუსებში წავა საქართველოს ექსპორტი, ეკონომიკა და საბიუჯეტო პრობლემები“.

28 მაისს 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წელი შეაფასა. სამოქალაქო სექტორის ამ შეფასების თანახმად, კოალიციის მმართველობის პირველი ორი წელი უფრო პლურალისტული და თავისუფალია, ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლები, თუმცა მთავარი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ არაფორმალური მმართველობა დემოკრატიას აფერხებს:

„არაფორმალური მმართველობა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, ზოგ შემთხვევაში ეს იწვევს იმას, რომ ხელისფლების წარმომადგენლები იგნორირებას უკეთებენ კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ხელისუფლება ასევე სამართალდამცავი უწყებების გაძლიერებაზე აკეთებს აქცენტს და ქვეყნის სიძლიერეს ძალოვნების სიძლიერესთან აიგივებს“.

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

28 მაისსვე საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებისთვის. სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილების მიღებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება გამოხატვის თავისუფლება და, ამასთან, ამ კანონს შერჩევით გამოიყენებენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ანა ნაცვლიშვილის თქმით, კანონპროექტი დამაჯერებელი არ არის:

„თუ აქ საუბარია მარგინალიზებული და უმცირესობების ჯგუფების დაცვაზე, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდებიან ვერბალური თავდასხმისა და სიძულვილის მსხვერპლი, მაშინ ვიტყვი, რომ ამ ადამიანების მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც კი არ არის ეფექტიანად გამოძიებული და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პოზიცია, რომ ეს კანონპროექტი ამ მოქალაქეების დასაცავადაა შექმნილი, ნამდვილად დამაჯერებლობასაა მოკლებული“.

29 მაისს სახალხო დამცველის მიერ ადამიანის უფლებების შესახებ გამართულ საჯარო დებატებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ჰუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგნელი კავკასიაში გიორგი გოგია მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ითქვა, რომ ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულთა გამოძიებისა და ოჯახში ძალადობის საკითხები რჩება. თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია სახალხო დამცველის მანდატის გაფართოება, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის თვალსაზრისით.

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

„გასაზრდელია სახალხო დამცველის უფლებები და მისი ის მექანიზმები, რომლებითაც სახალხო დამცველი ახორციელებს თავის საქმიანობას. მე ვსაუბრობ სპეციფიკურად იმ უფლებებზე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს უნდა ჰქონდეს, თუნდაც, პენიტენციურ სისტემაში მონიტორინგის ეფექტური და ოპერატიული განხორციელებისთვის“.

28 მაისს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც შეეხება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დადგენის წესს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ნორმებით არჩევნებზე ირღვევა ხმათა თანაბრობის პრინციპი, რადგანაც სხვადასხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია ამომრჩეველთა მკვეთრად განსხვავებული რაოდენობა. 30 მაისს კი ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტის ინიციატივით გამართული კონფერენციის მონაწილეებმა გააფორმეს შეთანხმება, რომელსაც ხელს 8 არასამთავრობო ორგანიზაციის და 14 პოლიტიკური პარტიის, მათ შორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები აწერენ. ისინი პარლამენტს მიმართავენ წინადადებით, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.

29 მაისს კი გაირკვა, რომ საქართველოში 2016 წელს პირველი ჰოსპისი აშენდება. ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო” და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა ჰოსპისი“, რამდენიმე ბიზნესკომპანიისა და კერძო ბიზნესმენის, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დახმარებით, ამ თემაზე 2013 წლიდან მუშაობენ. ბავშვთა პალიატიური ცენტრი არის დაწესებულება/სახლი უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისათვის. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელი ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ პალიატიური მზრუნველობა საქართველოში ყოველწლიურად 800-ზე მეტ ბავშვს სჭირდება:

ქეთი ხუციშვილი
ქეთი ხუციშვილი

„შეიძლება ითქვას, რომ ამ თემისადმი დამოკიდებულება უკვე შეიცვალა საქართველოში. ზოგი მშობელი იმასაც კი ამბობს, რომ ადრე საერთოდ რცხვენოდა საზოგადოებაში იმის აღიარების, რომ მძიმედ დაავადებული ბავშვი ჰყავდა. დღეს თითოეული მათგანი მზად არის, რომ მიგიღოს ოჯახში, ასეთ ცენტრში მოიყვანოს ბავშვი და ისწავლოს, როგორ მოუაროს თავის ბავშვს უკეთ“.

გეგმის მიხედვით, ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24-საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისათვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვებსა და მშობლებს დილიდან საღამომდე მოემსახურებიან და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბენეფიციარებს სახლში მოემსახურება.

28-31 მაისს კი თბილისში, „ექსპო-ჯორჯიის“ საგამოფენო კომპლექსში, თბილისის წიგნის მე-17 საერთაშორისო ფესტივალი იმართება. მისი ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი, რომლებიც დამთვალიერებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს სთავაზობენ. იგეგმება ახალი გამოცემების პრეზენტაციები, შეხვედრები ქართველ ავტორებთან, საჯარო კითხვა და სხვა აქციები.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG