Accessibility links

logo-print

გასული კვირის მიწურულს, როგორც იქნა, მოხერხდა უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, რისთვისაც 12 ივლისს 9 საათზე მიხეილ მესხის სტადიონის 12 სალარო გაიხსნა. თუმცა ფეხბურთის ათასობით გულშემატკივარმა სალაროების გახსნამდე ორი დღით ადრე დაიწყო ვაკის პარკში შეკრება და რიგების დაკავება. 12 ივლისს ბილეთების რიგში იდგა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძეც, რომელ "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოსათვის დანიშნულ მატჩს დინამო-არენის ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს:

„როგორც ყველა, ისევე მეც, ჩავეწერე რიგში ორი დღით ადრე. დაველოდე ჩემ ჯერს და მომეცა საშუალება, ამეღო ბილეთი.“

თუმცა იყვნენ უკმაყოფილოებიც, მათ შორის დავით რუსიაც, რომელმაც დაუჯერა ფეხბურთის ფედერაციას, წინასწარ არ ჩაეწერა რიგში და ბილეთების შესაძენად, როგორც გამოცხადებული იყო 12 ივლისს, დილის 9 საათზე მივიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ერთ ადამიანს შეეძლო მხოლოდ 4 ბილეთის ყიდვა. სულ გასაყიდი იყო 22 ათასი ბილეთი, მათ შორის 18, 35 და 75 ლარიანი.

„ფეხბურთის ფედერაციის არასწორი ინფორმაციის გამო, ბევრმა არ იჩქარა და გადაწყვიტა, კვირას გამთენიისას ან შაბათს გვიან ღამით ჩამოსვლა. შედეგად, უკვე გადატვირთულია სიები და ახლა მიდის კამათი, არა სიებით, არა ცოცხალი რიგით... თუმცა, გასაგებია, რომ ასეთ არაორგანიზებულ ვითარებაში ცოცხალი რიგით ბილეთების გაყიდვა, მაგრამ შეიძლებოდა წინასწარ ან რიგის ნომრების დარიგება ან რაღაც სხვა ფორმის მოფიქრება და უკეთ ორგანიზება. სამწუხარო ისაა, რომ ასეთ პირობებში ნამდვილი გულშემატკივარი ვერ აიღებს ბილეთს, ვერ მოხვდება სატიონზე და წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკით, გადამყიდველები იხეირებენ“, უთხრა რადიო თავისუფლებას დავით რუსიამ.

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამორჩეული იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის ვიზიტი საფრანგეთში, სადაც მან რიგით მეორე ხელშეკრულება გააფორმა საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის თაობაზე. მინისტრის თქმით, ხელშეკრულება ძალაში შევიდა 10 ივლისიდან, ანუ ხელმოწერის დღიდან, მისი განხორციელება კი 1 იანვრიდან დაიწყება:

„ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსთან მიმართებაში არანაირ ემბარგოზე აღარ შეიძლება იყოს საუბარი. ჩვენ მივაღწიეთ რამდენიმე მიზანს, მათ შორის თემის დივერსიფიკაციას. შესაბამისად, მივიღეთ ფუნდამენტური საძირკველი იმისთვის, რომ ვესაუბროთ ნებისმიერ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ნებისმიერი სხვა ტიპის ამოცანების გადაწყვეტისთვის. ამიტომ, დიახ, ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ვარ ამ ორი ხელშეკრულების როგორც შინაარსით, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობით, ფასით.“

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე შესაძლოა რაღაც ტიპის ინფორმაცია საჯარო გახდეს, თუმცა, მანამდე მინისტრი უნდა შეხვდეს ქვეყნის მთავარსარდალსა და პარლამენტის ნდობის ჯგუფს:

„რამდენიმე შეხვედრა მქონდა პრემიერთან, მანამდე კი იყო უსაფრთხოების საბჭო, საკითხი ასევე გავიდა მთავრობის სხდომაზე ანუ ამ სამ ინსტიტუციასთან - პრემიერთან, უსაფრთხოების საბჭოსთან და მთავრობის სხდომაზე გავლილია ეს საკითხი. არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის, ვინ რას დაგვაბრალებს, ან პირიქით - ვინ შეგვაქებს. მთავარია, არ დავაზიანოთ ქვეყნის ინტერესები. ვფიქრობ, შევთანხმდებით და ჩამოვყალიბდებით ყველანი ერთად, სად გადის ის ხაზი, რომელზეც შეიძლება გავიაროთ. ინტერესი ძალიან მაღალია, ეს ინტერესი ლეგიტიმურია და რაღაცა დოზით უნდა დავაკმაყოფილოთ“.

გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება ასევე მიპყრობილი იყო კიდევ ერთი ძალოვანი უწყებისკენ. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, უსაფრთხოების დამოუკიდებელი სამსახური ფუნქციონირებას დაიწყებს 2015 წლის 1 აგვისტოდან, მის უფროსს კი საქართველოს მთავრობა წარადგენს და პარლამენტი დაამტკიცებს 6 წლის ვადით. კანონის ავტორები ვარაუდობენ, რომ შსს-დან გამოყოფა უსაფრთხოების სამსახურს მეტად დამოუკიდებელსა და ეფექტიანს გახდის. თუმცა სხვაგვარი მოლოდინი აქვს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანს ლიკა საჯაიას:

„მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ ძალუფლება კვლავ ერთი სტრუქტურის ხელშია. კერძოდ, უსაფრთხოების სამსახურს აქვს გამოძიების, სამართალდაცვითი, ოპერატიულ-სამძებრო და ანალიზის ფუნქცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სახით ფორმულირებული უსაფრთხოების სამსახური კვლავ იქნება საფრთხის შემცველი ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. გარდა ამისა, სახეზეა შსს-ს ბევრი ფუნქციის დუბლირებაც“.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, ანტიკორუფციული სააგენტო, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი (ფარული საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებელი დანაყოფი) და ე. წ. „შავნაბადას“ სპეცდანიშნულების დანაყოფი.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტი ასევე განიხილავდა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, ცვლილებას საფუძვლად დაედო ეკონომიკის ზრდის პროგნოზის 5-დან 2 პროცენტამდე შემცირება:

„ჯამში, სამინისტროების შემცირება მოხდა დაახლოებით 160 მილიონი ლარის ოდენობით – მათ შორის, მიმდინარე ხარჯებია, დაახლოებით, 90 მილიონ ლარამდე -და აღნიშნული თანხების გადანაწილება მოხდა: ძირითადი ნაწილი - დაახლოებით, 105 მილიონი ლარი - გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფონდებში, საიდანაც დაფინანსდება როგორც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი და დაახლოებით 53 მილიონი ლარი მიიმართა საგარეო ვალების მომსახურებისა და დაფარვის მიზნით – როგორც ცნობილია, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო, ვალდებულებაში დამატებითი თანხებია საჭირო და სწორედ ამ მიმართულებით არის ეს თანხა გათვალისწინებული“.

გასულ კვირაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატიმროებში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის მიხედვით გადანაწილების წესი დაამტკიცა. ახალი წესის მიხედვით, პატიმრები სასჯელაღსრულების სისტემაში ოთხი სხვადასხვა რისკის ჯგუფად დაიყოფიან:

„დაბალი რისკის კატეგორია, საშუალო რისკის კატეგორია, მომეტებული რისკის კატეგორია და მაღალი რისკის კატეგორია. ფსიქოლოგი, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი და მულტიდისციპლინური ჯგუფის სხვა წარმომადგენლები თითოეულ მსჯავრდებულს განუსაზღვრავენ რისკის კატეგორიას“.

მინისტრი იმედოვნებს, რომ მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კვალიფიკაციის სისტემა უსაფრთხოების სტანდარტს აამაღლებს და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს. ამასთან, მულტიდისციპლინურ ჯგუფში 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრი იქნება. სწორედ ეს ადამიანები გადაწყვეტენ, რომელი პატიმარი რისკის რომელ კატეგორიას განეკუთვნება. ადვოკატი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა მსგავსი გადანაწილება ორი მიზეზის გამოა აუცილებელი:

„ერთი ისაა, რომ ციხეები გადატვირთულია. მეორე ისაა, რომ, წლების მანძილზე ერთად იძულებით თანაცხოვრების შემდეგ, არაა გამორიცხული ადამიანებს კონფლიქტი მოუვიდეთ. ამიტომაც პატიმრების გადანაწილება და გადაყვანა გამართლებულია“.

გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო თბილისში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ: ოთხი ადმიანი დაიღუპა აფაქიძის ქუჩაზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას:

„ძალიან დიდი ხმა ჰქონდა, იმისთანა, რომ, ვიფიქრე, ბომბი ხომ არ ჩამოვარდა-მეთქი! ძალიან შემეშინდა, ვეღარ მომქონდა ფეხები. მერე მითხრეს, კედელი ჩამოინგრაო. ჩემი სოფლელები მუშაობდნენ, ანგრევდნენ მძიმე-მძიმედ და ბოლოს რომ მიადგნენ ჭერს, მთლიანად წამოვიდა და ხალხი მოიყოლა“.

2015 წელს სამუშაო ადგილზე უკვე 12 ადამიანია დაღუპული, 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 41-ს მიაღწია. შემთხვევის ადგილზე მისულმა თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც განაცხადა, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება:

„პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. ეს ნამდვილად ძალიან ტრაგიკული შეთხვევა არის. აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული აღნიშნული საქმე და ყველა, ვინც არის დამნაშავე, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG