Accessibility links

ომის მეშვიდე წლისთავი და მოსკოვის ახალი მუქარები


გორი, 2008 წლის აგვისტო.

გორი, 2008 წლის აგვისტო.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-7 წლისთავი საქართველოში 7-8 აგვისტოს აღნიშნეს. პარასკევს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის ფედერაციის „ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია“, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მცოცავი ანექსიის პოლიტიკა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთი დღემდე არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამ ყველაფრის ნათელ მაგალითად საგარეო უწყება მიიჩნევს მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ინტეგრაციის შესახებ ე.წ. "ხელშეკრულების" გაფორმებას, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელებასა და "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებას. ამავე განცხადების თანახმად, შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპულ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას. „საქართველო გამოხატავს მადლიერებას და კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა", – ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში. საგარეო უწყება კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

“დღეს ჩვენ ვიხსენებთ გმირებს, ვინც ქართული სახელმწიფო თავისი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა. ამავდროულად, კიდევ უფრო ღრმად ვფიქრობთ იმ შეცდომებზე, რაც იყო დაშვებული, და ვფიქრობთ იმაზე, რაც არის გასაკეთებელი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა შაბათს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მან გვირგვინით შეამკო დაღუპული გმირების მემორიალი. პრეზიდენტი თვლის, რომ, პარტიული თუ კოალიციური კუთვნილების მიუხედავად, ყველამ ერთად უნდა იფიქროს საქართველოს მშვიდობიან მომავალზე:

„საქართველო უნდა გაერთიანდეს – გაერთიანდეს არა სისხლის, არა დაპირისპირების, არამედ სიყვარულისა და მეგობრობის ხარჯზე. ეს პროცესი გრძელდება და, ბუნებრივია, ამ პროცესს ექნება თავისი წარმატება“.

ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ასევე იმყოფებოდნენ: თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის მრჩეველი ალექსი ბარბაქაძე.

„ჩვენთვის ძალიან მძიმე და მოუშუშებელია იარა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა“, - ეს უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებია, რომლებიც მან 8 აგვისტოს წარმოთქვა ასევე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც გვირგვინით შეამკო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს:

„ჩვენ თუ გვინდა, რომ ტერიტორიები შემოვიერთოთ და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ვიცხოვროთ მშვიდობიანად, ამას აქვს ერთადერთი გამოსავალი – ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით. უნდა მოხდეს ნდობის აღდგენა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად და, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან უნდა გავაგრძელოთ გონივრული პოლიტიკა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან მტკიცე და პრინციპულები, რადგან ეს არის ჩვენი ტერიტორია, ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული ტერიტორია და, რა თქმა უნდა, (მის დაკარგვას) ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება“.

ბევრმა სიმბოლურად აღიქვა ის ფაქტი, რომ სწორედ რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავის აღნიშვნის დღეს მიაბარეს მიწას ბაბუშერის სამარხიდან გადმოსვენებული ადამიანების ნეშტები. 22 წლის წინ სოხუმის ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქების შედეგად დაღუპული 12 ადამიანის ნეშტი, იდენტიფიცირების შემდეგ, 7 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს რიგითმა მოქალაქეებმა.

მიმდინარე კვირაში კვლავაც ისმოდა მუქარის სიგნალები მოსკოვიდან. კერძოდ, რუსულენოვანი მედია ავრცელებდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთი ემზადება ახალი სასურსათო ემბარგოს დასაწესებლად 7 ქვეყნისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვისაც. როგორც, მაგალითად, სააგენტო „ტასი“ იტყობინება, რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ალექსანდრ ტკაჩოვის სიტყვებზე დაყრდნობით, საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. სამიზნე ქვეყნებია: ჩერნოგორია, ალბანეთი, ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტაინი, უკრაინა და საქართველო. „ესენი უმნიშვნელო ქვეყნებია, რომლებიც პრაქტიკულად ვერ ქმნიან ამინდს ბაზარზე და მათი წილი სხვადასხვა სფეროში 3-5 პროცენტს შეადგენს. ვსწავლობთ სიტუაციას, თუ როგორი რეაგირება უნდა იყოს ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ტკაჩოვმა. მანამდე, სამშაბათს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მთავრობამ შესაძლოა მიმართოს პრეზიდენტ პუტინს თხოვნით, გაფართოვდეს იმ ქვეყნების სია, რომლებზეც გავრცელდება რუსეთის ემბარგო.

ოპონენტებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება არ მოელის, რომ რუსეთი საქართველოს ემბარგოს ხელახლა დაუწესებს. თუმცა მიმდინარე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურმა „როსპოტრებნადზორმა“ რუსულ ბაზაზრე არ დაუშვა ორი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული კონიაკისა და ღვინის 10 პარტია იმ მიზეზით, რომ, თითქოსდა, პროდუქცია ვერ აკმაყოფილებდა „უსაფრთხოებისა და ხარისხის მოთხოვნებს“. „როსპოტრებნადზორის“ მონაცემებზე დაყრდნობით, სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ საწარმოო ტექნოლოგიებს, ხოლო ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები არასაკმარისად აკონტროლებენ ამ პროცესს.

მიმდინარე კვირაში დაიწყო დავა „რუსთავი 2“-ისთვის. ყოფილი მოწილის, ქიბარ ხალვაშის, სარჩელის საფუძველზე, სასამართლომ ყადაღა დაადო ტელეკომპანიის ქონებას. როგორც ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურისგან 2008 წლის შემდეგ ითხოვდა განცხადების განხილვას იძულებით წართმეული წილების თაობაზე, მაგრამ ეს არ მოხდა არც წინა და არც ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში. პაატა სალიას თქმით, 2006 წლის ნოემბრამდე ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი იყო.

მიმდინარე მოვლენების უკან ხელისუფლების ჩანაფიქრს ხედავს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ის მიზანმიმართულ შეტევაზე ლაპარაკობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია უკან არ დაიხევს:

„ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი, – სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა, ბუნებრივია, მოდავე მხარის ინიციატივით. და მოდავე მხარე, ცხადია, რომ არ არის მარტო ხიბარ ხალვაში და არის ხელისუფლებაც“.

„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის მსგავსად, დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის მცდელობაზე ლაპარაკობს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც. „’რუსთავი 2’-ის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ხელისუფლებას ბუმერანგად დაუბრუნდება და იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ამ მთავრობისთვის“, – განაცხადა, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

7 აგვისტოს, დღის ბოლოს, განცხადება გაავრცელა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ (მედიის განვითარების ფონდმა, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, საქართველოს რეფორმების ასოციაციამ და ტოლერანტობისა და მარავალფეროვნების ინსტიტუტმა): „მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავას აქვს კერძო სამართლებრივი ხასიათი, ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი ამ პროცესის მიღმა შეიძლება პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. ეს ეჭვები ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადებით კიდევ უფრო მყარდება. საქართველოში მედიის თავისუფლების და პლურალიზმის განვითარებისათვის აუცილებელია ამ ეჭვის გაქარწყლება, რისთვისაც პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად უნდა წარიმართოს და ტელეკომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს“. ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ „მოვლენების ასეთი განვითარება განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, რა დროსაც სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად პლურალიზმს და მოსაზრებათა მრავალფეროვნებას დემოკრატიული პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს".

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისინი პოლიტიკურ სარჩულზე ლაპარაკს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მტყუან-მართალს აუცილებლად გაარჩევს ქვეყანაში უკვე არსებული თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო. ამ საქმესთან ყველანაირ კავშირს გამორიცხავს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი მედიის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ყველამ ნახა ამ სამი წლის განმავლობაში, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მედიას და ის დღეს აბსოლუტურად თავისუფალია – სხვა განზრახვა რომ ჰქონოდა ჩვენს მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს პროცესები ასე არ გაგრძელდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

8 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის თემას პრეზიდენტი მარგველაშვილიც გამოეხმაურა:

„მე, ისევე როგორც ნებისმიერი არატოტალიტარულად მოაზროვნე პოლიტიკოსი, ვდგავარ თავისუფალი მედიის სადარაჯოზე. საქართველომ და ქართულმა საზოგადოებამ განვლო გრძელი გზა თავისუფალი მედიის განმტკიცების, დაცვის, დასტაბილურების. ეს გზა შეუქცევადია“.

„რუსთავი 2“-ის გარშემო დავა შემდეგ კვირაშიც გაგრძელდება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას ჯერ არ გადასცემია საქმის მასალები და განჩინება ყადაღის დადების შესახებ და, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ზომის გასაჩივრებას ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით ტელეკომპანია სასამართლოს ორშაბათს მიმართავს. ასევე ორშაბათს გაირკვევა, მიიღებს თუ არა სასამართლო წარმოებაში ქიბარ ხალვაშის სარჩელს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG