Accessibility links

logo-print

დელეგაციები გაეროში, ჰაკერები და საჰაერო სივრცე


გაეროს გენერალური ასამბლეა

გაეროს გენერალური ასამბლეა

გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე კვლავ აქტუალურია შეკითხვა, რამდენი დელეგაცია ეწვევა ნიუ-იორკს საქართველოდან და ვინ წარადგენს ქვეყანას გენერალურ დებატებზე. გასული სამუშაო კვირის განმავლობაში ამ მიმართულებით თავისი პრეტენზიები გამოხატა როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ისე ქვეყნის პრეზიდენტმა. პრემიერ-მინისტრმა17 აგვისტოს განაცხადა, რომ საკითხი გადაწყვეტილია და სპეკულაციებს არ ექვემდებარება:

“ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და ცოტა არასერიოზული და მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეურაცხმყოფელიც კი ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ყველას მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებაზე. მე გაეროში, ნიუ-იორკშიც და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც მივდივარ, იქ მივდივარ საქმის გასაკეთებლად. მე საქმეს ვაკეთებ. მე იქ არც სანახავად მივდივარ. პრემიერობამდე, ასე ვთქვათ, ხშირად მიმოგზაურია ნიუ-იორკში და ეს არ არის ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული ვიზიტი. მაგრამ როცა სჭირდება სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას, მე, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ და საქმეს გავაკეთებ. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ წავიდეს ნიუ-იორკში ან სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში, ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება, მისი გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. ასე რომ, მე სხვა სპეკულაციებზე აღარ მსურს რაიმე კომენტარი გავაკეთო“.

ირაკლი ღარიბაშვილის ამ განმარტებას 19 აგვისტოს მოჰყვა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადება. ეს განცხადება სრულიად არ ითვალისწინებდა პრემიერ-მინისტრის პოზიციას და ქვეყნის მთავრობას სთავაზობდა გაეროში ორი დელეგაციით წარდგომის უხერხულობა შემდეგნაირად მოგვარებას: გაეროს გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდეს პრეზიდენტი, რომელიც, ლიტველი კოლეგის მიწვევაზე უკვე გაცხადებული თანხმობის გამო, ნიუ-იორკში ასამბლეის დღეებში მაინც უნდა გაემგზავროს, რათა მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში „აღმოსავლეთ ევროპის ქალთა მომავალი - ქალთა როლის გაძლიერება“:

“გაეროში არის თავისი ტრადიციები, თავისი წესები. როდესაც იხსნება გენერალური დებატები, როგორ წესი, ჯერ, პირველ რიგში, სიტყვით გამოდიან სახელმწიფოების მეთაურები. მხოლოდ ამის შემდეგ გამოდიან მთავრობის მეთაურები და სხვა წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, პატარა ქვეყნები და, ზოგადად, სახელმწიფოები ცდილობენ, რომ ეს საშუალება მაქსიმალურად გამოიყენონ, რათა უფრო აქტუალურად, აქტუალურ ფორმატში იქნეს წარმოჩენილი ის პრობლემატიკა, რომელზედაც სურს დელეგაციის ხელმძღვანელს საუბარი. ეს პოზიცია ცნობილია და გაცხადებულია, ეს გაცხადებული იყო კონსულტაციების რეჟიმში, საჯაროდაც“.

ამწუთას ბუნებრივია, რომ კონცენტრაცია ძირითადად არის უელსის სამიტის პაკეტზე, იმ მოქმედებებზე და ღონისძიებებზე, რომელიც სასწრაფოდ გასატარებელია და დასაწყებია. მათ შორის არის, მაგალითად, პროფესიული განათლების სკოლა, რომელიც უნდა გაკეთდეს ჩვენი უწყებისთვის პირველ რიგში...

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, როგორც „პირდაპირი წესით არჩეულ უმაღლესი თანამდებობის პირს“, აქვს კონსტიტუციური უფლება გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე წარმოადგენდეს საქართველოს. სხვაგვარად ფიქრობენ პრემიერ-მინისტრის აპარატში, სადაც პრემიერ-მინისტრისთვის ანალოგიური უფლების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველს ვერ ხედავენ. დისკუსია თემაზე „ვინ უნდა წარადგინოს გაეროში საქართველო“ გასული კვირის განმავლობაში კონსტიტუციონალისტების წრეებშიც აქტუალური იყო, პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის ყურადღება კი მიმართული იყო ამერიკის შეერთებული შტატებისაკენ, სადაც ვიზიტად იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

თავდაცვის მინისტრის რანგში ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული თავისი პირველი ვიზიტის განმავლობაში თინა ხიდაშელმა შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრთან ეშტონ კარტერთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში პუნიტ ტალვართან და სხვა. ვიზიტის განმავლობაში ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის მრავალი თემა და ასპექტი განიხილებოდა:

“ამწუთას ბუნებრივია, რომ კონცენტრაცია ძირითადად არის უელსის სამიტის პაკეტზე, იმ მოქმედებებზე და ღონისძიებებზე, რომელიც სასწრაფოდ გასატარებელია და დასაწყებია. მათ შორის არის, მაგალითად, პროფესიული განათლების სკოლა, რომელიც უნდა გაკეთდეს ჩვენი უწყებისთვის პირველ რიგში, მაგრამ ასევე მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არამედ, მისი წარმატების შემთხვევაში, მას რეგიონალური ფუნქცია და მნიშვნელობა ექნება. ბუნებრივია, ერთობლივი სასწავლო ცენტრი არის ბევრისთვის ფოკუსი იმ მოქმედებების, რომელსაც დღეს თავდაცვის სამინისტრო ეწევა, აგრეთვე იმავე ფუქნციით, რომ მოემსახუროს არა მხოლოდ საქართველოს საჭიროებებს, არამედ იყოს რეგიონალური მასშტაბის“.

ეს ნამდვილად არ მგონია, რომ იყოს შემთხვევითი აქტი. არ მგონია, რომ თვითონ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კავკასიის მიმართულებით იყოს იმგვარი სიტუაცია, რომ ვერ აკონტროლებდნენ, თუ სად დაფრინავენ და როგორ დაფრინავენ მათი სამხედრო საჰაერო საშუალებები...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დღეებში, - კერძოდ,19 აგვისტოს, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მიერ კონტროლირებული საჰაერო სივრცე დაარღვია: რუსეთის საოკუპაციო ძალების კუთვნილმა „მი-8“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა სოფელ ხელჩუას მხრიდან გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარს გადაუფრინა და ფრენა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით განაგრძო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულება, შესაბამისად, კიდევ ერთი განცხადებით მოითხოვა და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების სათანადო შეფასება სთხოვა. საქართველოსათვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე გააკეთეს აქცენტი, თავის მხრივ, პოლიტიკოსებმაც. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი გობრონიძემ კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში არ გამორიცხა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა ერთგვარი მუქარა იყოს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო:

“ეს ნამდვილად არ მგონია, რომ იყოს შემთხვევითი აქტი. არ მგონია, რომ თვითონ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კავკასიის მიმართულებით იყოს იმგვარი სიტუაცია, რომ ვერ აკონტროლებდნენ, თუ სად დაფრინავენ და როგორ დაფრინავენ მათი სამხედრო საჰაერო საშუალებები. მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს პირველი, რომ მოსახლეობა უფრო დააშინოს კონფლიქტისპირა რეგიონებში და, მეორე, ზოგადად საქართველოში შექმნას კიდევ უფრო დაძაბული ფონი, რაც ხორციელდება იგივე, თუნდაც, მავთულხლართების გავლების პოლიტიკითა თუ სხვა ნაბიჯებით“.

კიდევ ერთი თემა, რომელმაც გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, საქართველოს სამთავრობო საიტებზე მორიგი ჰაკერული თავდასხმა იყო. ამჯერად ჰაკერების სამიზნე გახდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვებგვერდი, რომელზეც ჰაკერული თავდასხმა 18 აგვისტოს განხორციელდა. მთავარი გვერდი ჩაანაცვლა ანიმეს პერსონაჟის ანიმაციურმა გამოსახულებამ, ინგლისურენოვანი წარწერით იმის შესახებ, რომ სისტემაში შეღწევა მარტივი იყო. როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მანანა მჭედლიშვილმა გვითხრა, ჰაკერებმა არქივში შეღწევა ვერ შეძლეს:

"მალევე გავთიშეთ ვებსაიტი და რეაგირებისთვის მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს პრობლემის აღმოფხვრისა და შესაძლო თავდასხმის პრევენციისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოები. საბედნიეროდ, ბაზები ხელუხლებელია - არქივში ვერ შეაღწიეს“.

19 აგვისტოსვე ცნობილი გახდა, რომ, წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობისა და საარჩევნო კანონმდებლობაში ძირეული ცვლილებების განუხორციელებლობის გამო, 11-მა არასაპარლამენტო პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო შუალედურ არჩევნებს საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში. 21 აგვისტოს ამ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდა. შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არც „თავისუფალი დემოკრატები“ მიიღებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG