Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავას პროცესი და საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე


გიგი უგულავას სასამართლო პროცესი
გიგი უგულავას სასამართლო პროცესი

გასული კვირა პოლიტიკურად დატვირთული გამოდგა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ღიაობის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს მართავდა, თუმცა ყველაზე ხმაურიანი გიგი უგულავას სასამართლო პროცესი აღმოჩნდა.

გასული კვირის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ღიაობის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. 14-15 სექტემბერს გამართულ კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის 70-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ქართველი პოლიტიკოსების შეფასებით, პარლამენტის მუშაობა დღეს იმაზე მეტად ღიაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თქვა, საკანონმდებლო ღიაობას მუდმივი ყურადღება სჭირდება.

„საქართველოს პარლამენტი მოწინავეთა რიგებშია. ჩვენ დავამტკიცეთ სამუშაო გეგმა. პარლამენტში შექმნილია ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელშიც ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია, იმიტომ რომ პარლამენტის ღიაობა, მეტი კავშირი მოსახლეობასთან – ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის ამოცანა. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური 18-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე უნდა შევასრულოთ“.

ამ გეგმის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. როგორც ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრუელებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, ამ გეგმის გარდა, აუცილებელია საპარლამენტო ეთიკის განვითარებაზე მუშაობა:

„ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენ და ვხედავთ, რომ ძალიან ხშირად პარლამენტარები ერთმანეთს ძალიან ცუდად ეპყრობიან და არაეთიკურად იქცევიან. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს“.

საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას საქართველოს პარლამენტმა ხელი 2015 წლის აპრილში მოაწერა. მსგავსი სამოქმედო გეგმა დღეს, საქართველოს გარდა, საფრანგეთს, ჩილესა და მექსიკას აქვთ მიღებული.

საქართველოში საკანონმდებლო ღიაობის კონფერენციის პარალელურად, 15 სექტემბერს თავდაცვის მინისტრი, 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტისთვის ევროპული მხარდაჭერის მოპოვება-გაძლიერების ტურნეს ფარგლებში, დიდ ბრიტანეთს ესტუმრა. გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლამდე ის შეხვდა ოფიციალურ პირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთსა და პოლონეთშიც. თითოეული ეს ქვეყანა გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსთან მიმართებით.

ნატოს დროშა
ნატოს დროშა

როგორც პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე განმარტავს, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს გადაჭარებებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს:

„რამდენად არის საქართველო მზად იმისათვის, რომ იყოს პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის? გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორიც და ასევე გასათვალისწინებელია, რომ დღეს ნატოს წევრ ქვეყნებს სხვა უამრავი გამოწვევა აქვთ, რუსეთის გარდა. თუნდაც ევროპის ნატოს წევრი ქვეყნები რომ ავიღოთ, მიგრაციის პრობლემაა მნიშვნელოვანი... ნატოს გამოწვევებში ტერორიზმია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახლო აღმოსავლეთში რადიკალური ისლამიზაციის საფრთხე... ანუ ყველაფერი ეს ნაკლებად სავარაუდოს ხდის MAP-ის მიღებას“.

სანამ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან პოზიციებს ამყარებდა, კახეთში მევენახეების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. 15 სექტემბერს გამართულ აქციაზე მათ მთავრობისგან ყურძნის ჩასაბარებელი ფასის გაზრდა მოითხოვეს. ისინი მიიჩნევენ, რომ 1 კილოგრამი ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 1 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ რთველი კახეთში შეუფერხებლად გრძელდება. მინისტრ ოთარ დანელიას თქმით, ყურძნის დამუშავების პროცესი ქვეყანაში წარმატებით გრძელდება:

„დაახლოებით 200 ათას ტონამდე მოსავალს ველოდებით, რაც ნიშნავს, შარშანდელთან შედარებით, 30-პროცენტიან მატებას. მოვემზადეთ ამ სიჭარბისთვის, ხელშეკრულება გავაფორმეთ 20-ზე მეტ ქარხანასთან, სადაც სახელმწიფო ჭარბ ყურძენში გადაიხდის ალტერნატიულ ფასს: 60 თეთრს თეთრ ყურძენში, 85 თეთრს - შავ ყურძენში. ამ დროისათვის 8 ათას ტონაზე მეტი ყურძენია სამრეწველო გადამუშავებისთვის ჩაბარებული“.

მევენახეთა საპროტესტო აქცია
მევენახეთა საპროტესტო აქცია

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მევენახეები. მათ წუხილს ისიც იწევს, რომ 2012 წლის შემდეგ 1 კილოგრამი ყურძნის ფასი პირველად ჩამოვიდა 1 ლარს ქვემოთ. ეკონომისტიი გია ჯანდიერი მიიჩნევს, რომ ფასის ვარდნის მიზეზი მევენახეობის გაუმართლებელი სუბსიდირებაა, რომელიც წინა მთავრობამ დაიწყო და დღევანდელმა გააგრძელა. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპონენტების კრიტიკას იმით პასუხობენ, რომ მევენახეობის სტიმულირება ბიუჯეტიდან უახლოეს წლებში შეჩერდება.

16 სექტემბერს, 18-თვიანი განხილვის შემდეგ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონკურსში გამარჯვებული პროექტი დამტკიცდა, სახელწოდებით „მომავლის ქალაქი“.

გამარჯვებულ პროექტთან თბილისის მერია ხელშეკრულებას გააფორმებს, რის შემდეგაც კომპანიამ სრულყოფილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა წარმოადგინოს, რაშიც ის 400 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს.

სამშენებლო სამუშაოები და ძველი შენობა თბილისში
სამშენებლო სამუშაოები და ძველი შენობა თბილისში

არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ გამარჯვებული პროექტი მაღალი აკადემიური დონით გამოირჩევა, რასაც არ ეთანხმება ურბანისტების ნაწილი. ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ამბობს, რომ „გაიმარჯვა ისეთმა კომპანიამ, რომელიც გაამართლებს იმ უწესრიგობას, რაც დღეს ქალაქშია, ხოლო „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ სწორედ გამარჯვებულ კომპანიას ეკუთვნის „პანორამა თბილისის“ იდეა და ეს პროექტი თანამედროვე მიდგომებს ჩამორჩება.

16 სექტემბერსვე საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა და დაადგინა, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში 14 თვეზე მეტხანს იმყოფებოდა.

საბოლოოდ, გიგი უგულავა პატიმრობიდან 17 სექტემბერს გათავისუფლდა, თუმცა 18 სექტემბერს, განახლებული სასამართლო პროცესის შემდეგ, ის ისევ დააპატიმრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ რიყის ტერიტორიისა და თბილსერვისჯგუფის საქმეებზე თბილისის ყოფილი მერის მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG