Accessibility links

logo-print

ნატო, ენერგეტიკა და საპარლამენტო განხილვები


ნატოს მინისტერიალი ბრიუსელში. 2015 წ. 2 დეკემბერი.

ნატოს მინისტერიალი ბრიუსელში. 2015 წ. 2 დეკემბერი.

გასული კვირა პოლიტიკურად დატვირთული აღმოჩნდა. ნატოს მინისტერიალზე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს, თუმცა კონკრეტული ჯერ არაფერი თქმულა. თბილისში გაიმართა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრა, ხოლო პარლამენტი რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს, მათ შორის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს და მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ ინიციატივებს განიხილავს.

ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, კვლავაც უპასუხოდ დარჩა შეკითხვა, თუ როდის შესრულდება 2009 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და როდის გახდება საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. თუმცა 2 დეკემბერს გამართულ ამ შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს ქვეყნის სამომავლო გაწევრიანებისთვის და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყანას მოუწოდეს, სრულად გამოიყენოს ალიანსთან დაახლოების შესაძლებლობები. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ამ საკითხზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც ისაუბრა:

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო პროგრესის მიღწევას განაგრძობს... კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც ასევე გულისხმობს MAP-ის საჭიროებას. მუდმივად ასეთია ჩვენი მიდგომის ნაწილი. MAP-ი იგულისხმება იმ პროგრესის მოთხოვნებში, რომლის მიღწევასაც ჩვენ საქართველოსთან ერთად ვაპირებთ“.

საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბოლოო დეკლარაციაშიც არის აღნიშნული, თუმცა აქვე ისიცაა ნათქვამი, რომ ქვეყანამ მეტი უნდა გააკეთოს:

„მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს შეინარჩუნოს იმპულსი თავისი მრავალმხრივი რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში, რასაც ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს“.

გასულ კვირაშივე დაიწყო მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის შესახებ, რომელიც საარჩევნო ოლქების ფორმირების წესს ეხება.

ამ კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის არჩევნებისთვის 73-დან 13 მაჟორიტარული ოლქის საზღვრები არ შეიცვლება, 42 ოლქი მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან დაყოფის შედეგად შეიქმნება, ხოლო თბილისში 10-ის ნაცვლად 18 მაჟორიტარული ოლქი იქნება.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ პროექტს უმრავლესობის მიერ კანონის საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობად მიიჩნევს.

კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელს, ლელა ტალიურს:

​“მესტია, 8 315 ამომრჩევლით, რატომ რჩება ერთი მაჟორიტარის იმედად, როდესაც, დაახლოებით, რაოდენობრივად ძალიან ახლოს მდგომი იგივე ამბროლაური და სხვა ოლქი, რომელშიც შეიძლება იყოს 11 000-მდე მცხოვრები ან 5 000-ზე ოდნავ მეტი, -მაგალითად, ყაზბეგი, - სხვა ოლქს უერთდება, თუმცა იგივე მესტიას ეყოლება თავისი მაჟორიტარი. როდესაც საუბარია კრიტერიუმებზე, რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდა ოლქების დაყოფა ან გამსხვილება, აქაც მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ წარმოადგინოს ძალიან ნათელი კრიტერიუმები, თუ რას ეფუძნებოდა ეს დაყოფა“.

თუ როგორ შეაფასებენ კანონპროექტს პარლამენტარები, საკომიტეტო მოსმენების დროს გაირკვევა.

კვირის დასაწყისში, 1 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო მხარდამჭერ ოთხ ადამიანს. საგანგებო ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ ილაპარაკა ჩხრეკაზე, რომელიც ეჭვმიტანილების სახლებში ჩატარდა:

„ჩხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტმოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ მიკუთვნებული დროშები“.

დაკავებულთა ოჯახის წევრები წაყენებულ ბრალს უარყოფენ.

დაიწყო მოსამართლეთა შერჩევის კონკურსიც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე 3 დეკემბერს 12 კანდიდატი წარდგა, სულ კი მოსამართლეთა 61 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად პრეტენზიას 102 კანდიდატი აცხადებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა დანიშვნის გადაწყვეტილებამ ეჭვი არ უნდა გამოიწვიოს და ამისთვის საბჭომ თავის ოქმებში უნდა აღნიშნოს, რა გახდა ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერის ან უარყოფის საფუძველი. სახალხო დამცველი უჩა ნანუშვილი კი ამბობს, რომ მოსამართლეთა დაკომპლექტების პროცესში საბჭომსაერთო სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვის შესახებ ომბუდსმენის მონიტორინგის შედეგები უნდა გაითვალისწინოს.

პარალელურად კი, სამ დეკემბერსვე, იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, იუსტიციის სამინისტრომ ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს პოზიციის გამოსათქმელად პროცედურით დადგენილი ერთთვიანი ვადა მისცა, თუმცა მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც წერილი სამ ნოემბერს ჩაბარდა, პასუხი არ გაუცია:

"ჩვენ დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გადავაგზავნეთ იუსტიციის სამინისტროდან დასკვნა, რომელშიც შეთავაზებულია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, აწ უკვე უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს, შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა. საბოლოო გადაწყვეტილება ხელმოწერით უნდა დაადასტუროს საქართველოს პრეზიდენტმა, თუკი ის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს დასკვნას დაეთანხმება. ჩვენ გვქონდა ოდესის გუბერნატორისთვის მიცემული დაახლოებით ერთი თვე, როგორც ამას ითვალისწინებს პროცედურა ნებისმიერი სხვა მოქალაქის შემთხვევაში, რომ გამოეხატა თავისი პოზიცია. მას წერილი ჩაბარდა 3 ნოემბერს, თუმცა პასუხი არ გაუცია. ამიტომაც პროცედურა დაიძრა და დასკვნა ხელმოსაწერად უკვე გახლავთ საქართველოს პრეზიდენტთან".

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ კი იმავე დღეს, სამ დეკემბერს, განაცხადა, მართალია, მოქალაქეობის საკითხების განხილვის ვადა სამთვიანია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ამ ვადაში შედის იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწყებული საქმის წარმოების პროცესიც და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე უახლოეს დღეებში მიიღებსო:

„დღეს შემოვიდა დასკვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ყოველთვიურად არაერთი ასეთი დასკვნა შემოდის. საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადებში, უახლოეს დღეებში, მიიღებს გადაწყვეტილებას მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე".

საბოლოოდ, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა 4 დეკემბერს შეუწყვიტა.

გასულ კვირას თბილისში გაიმართა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრა. ორდღიან კონფერენციაზე რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საკითხები განიხილეს. განიხილებოდა განახლებადი ენერგიის მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვის თემაც.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ისაუბრა თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმეთ დავუთოღლუს და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებაზეც, რომ მშენებლობა ტრანსანატოლიური გაზსადენისა, რომელიც აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით, თურქეთისკენ მიემართება, დაჩქარდება და 2018 წლამდე დასრულდება:

„თავიდან, როცა ამ პროექტის განხორციელება დაიწყო, საუბარი იყო, რომ 2019-2020 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. მე გამიჭირდება იმაზე საუბარი, რამდენად შესაძლებელი იქნება 2018 წლისთვის ამ პროექტის დასრულება, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ 2018 წელს შეგვეძლება დამატებით მივიღოთ ბუნებრივი აირი, მაშინ ჩვენ „გაზპრომისგან“ დამატებითი ბუნებრივი აირის შესყიდვა აღარ დაგვჭირდება. 10 %, რომელსაც ჩვენ აირის გატარებაში ვიღებთ, იმას აუცილებლად მივიღებთ, ხოლო 2018 წლამდე თუ ჩვენ გვექნება იმის აუცილებლობა, რომ შემოვიტანოთ ბუნებრივი აირი, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“.

საპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ თურქეთისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროს მიღება. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა კი ამბობს, რომ საქართველოს როლი გაზსადენის მშენებლობის პროცესში მინიმალურია, თუმცა სარგებელი - მნიშვნელოვანი.

კვირის მიწურულს განახლდა მსჯელობა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესახებ. მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში 5 დეკემბერს იმსჯელეს და პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს. ახალ წესებს ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო უმცირესობა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა მოწინააღმდეგეთა შენიშვნები კანონპროექტს დაურთეს, რის შემდეგაც ინიციატივას უკვე სხვა კომიტეტები განიხილავენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG