Accessibility links

logo-print

კვირის მიმოხილვას დავიწყებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სტრასბურგში, 21 იანვარს დამტკიცებული რეზოლუციით, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს უკავშირდება და ამ ქვეყნების მიერ ასოცირების შეთანხმებათა შესრულების შეფასებას ისახავს მიზნად. რეზოლუციის დამტკიცებას წინ უსწრებდა დებატები, რომელზეც ევროპელმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირესაღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ამ სამი წევრი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის – ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივებს.

20 იანვარს გამართული დებატების ფარგლებში ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით საქართველოს მიერ გამოვლენილ ძალისხმევას „შთამბეჭდავი“ უწოდა ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა. ევროკომისრის თქმით, ამ ძალისხმევამთვალსაჩინო შედეგი გამოიღო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდის ჭრილში და არის სხვა დამაიმედებელი ნიშნებიც. პროცესის სარგებელი სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან მიმართებითაც განიხილება:

„სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა დადასტურებულად არის მთელი რიგი რეფორმების სტიმულირების ეფექტიანი მექანიზმი. მაგრამ საქართველო გასცდა სამოქმედო გეგმის მოთხოვნებს და შემდგომი ნაბიჯები გადადგა როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურის რეფორმირების მიმართულებით“.

დადებითი შეფასებების მიუხედავად, აშკარაა, რომ ევროპარლამენტი ისურვებდა მეტი პროგრესის ხილვას და ეს 21 იანვარს დამტკიცებულ რეზოლუციაშიც ჩანს – მაგალითად, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით. ტექსტში ნახსენებია ტელეკომპანია „რუსთავი 2“:

„(ევროპარლამენტი) ხაზს უსვამს, რომ მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის მრავალფეროვნება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს. (ევროპარლამენტი) შეშფოთებულია მედიაპლურალიზმის ხელყოფის ფაქტების გამო, როგორიც არის, მაგალითად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე; (ევროპარლამენტი) ამ ჭრილში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს მედიაპლურალიზმი, სარედაქციო დამოუკიდებლობა და მედიამფლობელობის გამჭვირვალობა – განსაკუთრებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“.

ვენეციის კომისიის (2015 წლის 22 სექტემბრის) განცხადების შესაბამისად, ევროპარლამენტის რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს ზეწოლაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ, მოუწოდებს მთავრობას უზრუნველყოს მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების ადეკვატური დაცვა და დასაჯოს ყველა დამნაშავე.

ევროპარლამენტი მიუთითებს საქართველოს, რომ მართლმსაჯულება უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური მიზნებისგან თავისუფალი. აქვე გამოხატულია შეშფოთება წინასწარი პატიმრობის მექანიზმის „ფართო გამოყენების“ გამო – განსაკუთრებით, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების შემთხვევაში. ევროპარლამენტის პოზიციით, უნდა გაგრძელდეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, რაც გულისხმობს მისი დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და პროკურატურის დეპოლიტიზებას. თუმცა აქვე ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას „პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობისა“ და პროკურორებისა და გამომძიებლების დანიშვნის „ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტის მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, რაც, სხვა რეზოლუციების მსგავსად, ასახულია ასევე 21 იანვარს დამტკიცებულ რეზოლუციაშიც. პრემიერ–მინისტრი მადლობას უხდის ევროპარლამენტს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების პროცესის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისა და რეზოლუციაში ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის მოხსენიებისთვის, რომლის მიხედვითაც, ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. „იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა განაგრძოს საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის მონიტორინგი და კვლავაც დარჩეს ჩვენს მტკიცე მხარდამჭერად", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

მიმდინარე კვირაში - კერძოდ, 20-22 იანვარს - საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა. ყოველწლიური მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში მსხვილ ბიზნესმენებთან ერთად, ტრადიციულად, მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებსაც მასპინძლობს და ასე იყო წლევანდელ ფორუმზეც. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი კვირიკაშვილი შეხვდა რამდენიმე ქვეყნის უმეღლეს პირებს და მათ შორის: ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს კარიმ მასიმოვს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და შვეიცარიის პრეზიდენტს იოჰან შნაიდერ-ამანს. შედგა შეხვედრა ასევე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს. მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში და სიტყვით გამოვიდა სესიაზე, სახელწოდებით „ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა“. ინვესტიციების მოზიდვის მიზნით დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ პარტნიორებს ეკონომიკური რეფორმების გეგმა გააცნო.

„ძალიან დადებითად იქნა აღქმული ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან, მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტებმა აღგვითქვეს დახმარება ამ რეფორმების განხორციელებაში. ეს გეგმა, როგორც უკვე გამოვაცხადეთ, არის საგადასახადო ლიბერალიზაცია, არის მმართველობის სისტემის რეფორმა, ეს არის ინფრასტრუქტურული და რეგიონალური განვითარების დაჩქარება და ასევე განათლების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები", – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოში შემდგომი ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოთქვა მსხვილმა კომპნიამ „Majid Al Futtaim“-მა, რომელსაც ეკუთვნის „კარფურის“ ქსელი და საქართველოში ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნითა და სასტუმროების ქსელის განვითარებით არის დაინტერესებული. საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა და, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 23 იანვარს გამართულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა მოამზადონ საგანგებო პაკეტი, სადაც აღრიცხული იქნება საქართველოს მასშტაბით სასტუმრო ქსელის განვითარებისთვის გამოსადეგი მიწის ნაკვეთები.

მომდინარე კვირაში კვლავაც გრძელდებოდა მწვავე კამათი „გაზპრომთან“ საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების გარშემო. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსეთის სახელმწიფო კომპანიის, „გაზპრომის“, წარმომადგენლებს ბოლოს 20 იანვარს ვენაში შეხვდა. შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა:

„მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. ჯერ საერთო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ჩვენ, ქართულ მხარეს, გვინდა მივიღოთ ისევ ის შედეგი, რასაც ვიღებდით (გაზის) მოცულობების მიღების შემთხვევაში, და, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დავასრულებთ მოლაპარაკებას და მივიღებთ შესაბამის შედეგს“.

შედეგები ვერც „გაზპრომის“ უმაღლეს პირებთან მანამდე გამართულმა შეხვედრებმა მოიტანა, – იქნებოდა ეს შეხვედრები ლუქსემბურგში, მილანში, ბრიუსელსა თუ ციურიხში, თუმცა ყოველი ახალიშეხვედრის შემდეგ საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდებოდა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველო შესაძლოა უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს რუსეთის სახელმწიფო კომპანიაზე, „გაზპრომზე“, რაც მოსკოვს ზეგავლენის ახალი ბერკეტებით უზრუნველყოფს.

შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავს თავად ენერგეტიკის მინისტრი, რომელმაც პირველად 11 იანვარს განმარტა, რომ „გაზპრომი“ მოითხოვს შეიცვალოს ყოველწლიურად გასაახლებელი ხელშეკრულების პირობები: სომხეთისკენ გატარებული გაზის მოცულობის 10 % გაზის სახით აღარ დაუტოვოს და ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოს ფული გადაუხადოს. ექსპერტებისთვის ცხადია, რომ ასეთი გარიგება წამგებიანი იქნება საქართველოსთვის, მაგრამ, როგორც კახა კალაძემ განმარტა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, რუსეთმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის მიხედვითაც, თუკი საქართველო გაზის ტრანზიტის საფასურის ფულად ანგარიშსწორებაზე არ დათანხმდება, რუსეთი საერთოდ აღარ გაატარებს გაზს საქართველოს ტერიტორიის გავლით და სომხეთს ირანიდან მოამარაგებს.

რუსეთის ასეთი ულტიმატუმის მიუხედავად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა პოზიციები არ უნდა დათმოს, რადგანაც ულტიმატუმის პირობები ამ ეტაპზე არც თავად რუსეთს აძლევს ხელს და სომხეთის ირანიდან სრულად მომარაგება უახლოეს წლებში აბსოლუტურად არარეალისტურად გამოიყურება. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, მაგალითად, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რეზო არველაძე:

„ირანსა და სომხეთს შორის არის აშენებული და 2007 წელს გაიშვა გაზსადენი, 700 მმ-იანი, რომლის გამტარუნარიანობა (იმ ტექნიკური შესაძლებლობით, რაც ახლა არსებობს) არის მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში, სომხეთი კი მოიხმარს 2 მილიარდ კუბურ მეტრს. ასე რომ, ირანიდან შეიძლება სომხეთში არსებული მოთხოვნის მხოლოდ ნახევრის დაკმაყოფილება... მომავალ წელსაც, ალბათ. მომავლისთვის გათვალისწინებულია ამ გაზსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა 2,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ეს იგეგმება 2019 წლისთვის... და მაშინ შეიძლება დაკმაყოფილდეს სომხეთის მოხმარება სრულად“.

ამ და სხვა მნიშვნელოვანი მოცემულობის გათვალისწინებით, რეზო არველაძისთვის წარმოუდგენელია, რამ უნდა აიძულოს ქართული მხარე, რომ წავიდეს წამგებიან კომერციულ დათმობაზე რუსეთთან, თუმცა, თუკი ეს მაინც მოხდება, ექსპერტი ურჩევს ენერგეტიკის მინისტრს, რომ მაქსიმალურად მეტი ფული მოსთხოვოს „გაზპრომს“ სომხეთისკენ გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ.

დაბოლოს, მიმდინარე კვირის კიდევ ერთი მოვლენის შესახებ: 22 იანვარს დოლართან მიმართებით​ ლარი რეკურდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა და 1 დოლარი 2.4694 ლარი გახდა. პოლიტიკური ოპონენტები და ანალიტიკოსების ერთი ნაწილი კვლავაცხელისუფლების საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის მარცხზე ლაპარაკობს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი 22 იანვარს განაცხადა, რომ ლარის ვარდნა გამოწვეულია დევალვაციით საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. „აქ არაფერი საგანგაშო ნამდვილად არ არის და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ყველა მიზეზი იმისათვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი. საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა პრემიერმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG