Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი პარლამენტში, არეულობა „მაესტროში“ და გასული კვირის სხვა ამბები


გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

გასულ კვირას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა - მას მინისტრებთან ერთად პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც მოუსმინა. გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ აქციების 55% გადაიფორმა და ახლა ყველა ელის, რა ბედი ეწევა ამ ტელეკომპანიას. პარლამენტარი გოგი თოფაძე, პრეზიდენტის მისამართით თავისი არაკორექტული გამონათქვამის გამო, საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა და მას პარლამენტის წინ აქციაც გაუმართეს. ამასობაში კი, ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” ახალი ანგარიშის („ეკონომიკური თავისუფლება – 2016“) თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი 0,4 ქულით გაუარესდა და ქვეყანამ ერთი ადგილით უკან დაიხია.

3 თებერვალს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარდგა. მარგველაშვილის გამოსვლას მინისტრთა კაბინეტი და მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდნენ. ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების გზები, ოკუპაციის პრობლემა, ურთიერთობა რუსეთთან და ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან, უცვლელი დემოკრატიული ღირებულებები, მედიის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პროკურატურის სისტემის რეფორმა თუ ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები - სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში. რამდენჯერმე ხაზგასმით ახსენა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და გაუსვა ხაზი იმ სარგებელს, რასაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება მოუტანს:

„დასახული გეგმის მიხედვით, მიმდინარეობს ნატოს „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია. შარშან აგვისტოში გაიხსნა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. 2015 წლის ივლისში, ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში, საქართველოში ჩატარდა მასშტაბური მრავალეროვნული სამხედრო სწავლება, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. შარშანვე, საფრანგეთთან ხელმოწერილი კონტრაქტების საფუძველზე, დაიწყო თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შექმნის პროცესი. გაიმართა მასშტაბური სამეთაურო-საშტაბო სწავლება ‘დიდგორი 2015’“.

ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, ამას „მურუსიძის სასამართლოს“ ვეძახით. გახსოვთ, ალბათ, რომ წინა ხელისუფლების დამარცხების უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ ქვეყანაში სუფევდა უსამართლობა...

პრეზიდენტის გამოსვლამ უდებატოდ ჩაიარა, თუმცა მას კრიტიკა არ დაჰკლებია. მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ ფრაქციის სახელით გამოსვლისას სასამართლოს სისტემა გააკრიტიკა:

​“ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, ამას „მურუსიძის სასამართლოს“ ვეძახით. გახსოვთ, ალბათ, რომ წინა ხელისუფლების დამარცხების უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ ქვეყანაში სუფევდა უსამართლობა. ვინც იმ უსამართლობას ემსახურებოდა და ვისი ხელებითაც ხდებოდა იმ უსამართლობის წარმოება ქვეყანაში, სწორედ მათი დაწინაურება მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში... მართალი გითხრათ, ჩემთვის წარმოუდგენელი და აუხსნელია, თუ რატომ აკეთებთ ამას ყველაფერს”.

არეულობა ტელეკომპანია „მაესტროში“ მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველ თებერვალს გაირკვა, რომ „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის (აქციების 55 პროცენტი) მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა. ამავე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გაჩეჩილაძემ გააკეთა განცხადება, რომ თანამშრომლებს არავინ შეეხებოდა:

„სიტყვას გაძლევთ, რომ კონფლიქტში არავისთან და არასდროს შევალ, ყოველთვის დაველაპარაკები იმ ადამიანებს ისე, ვისაც „მაესტროს“განვითარება უნდა და უნდა ის ნამდვილად წამყვანი და კარგი ტელევიზია იყოს. პირველ რიგში, იქ მომუშავე ადამიანებს, ჟურნალისტებს ვპირდები, რომ საერთო გადაწყვეტილებით მივაღწევთ იმ შეთანხმებას, რა შეთანხმებამდეც უნდა მივიდეთ“.

მე არ მჯერა ფულის წარმომავლობის კეთილშობილების... ახლა ეს პოლიტიკისთვის უნდათ, ბიზნესის ლობირებისთვის თუ საკუთარი შვილის გასაპიარებლად, ეს მე არ ვიცი. არ მჯერა კეთილშობილური მიზნების...

4 თებერვალს კი „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე პარტნიორთა კრებამ თანამდებობიდან გადააყენა. რამდენიმე დღით ადრე გიორგი გაჩეჩილაძემ, იმავე „უცნობმა“, რომელიც მანამდე აქციათა 25 პროცენტის მფლობელი იყო, ორი თანამფლობელისგან 15-15-პროცენტიანი წილი შეიძინა, ამისთვის საჭირო თანხა კი, როგორც განმარტა, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ბიზნესისა და ტელეკომპანია „იმედის“ მმართველისგან, ირაკლი რუხაძისგან, ისესხა. ბაია გადაბაძემ მედიასთან განაცხადა, რომ მას არ სჯერა ამ ფულის კეთილშობილური წარმომავლობისა:

„მე არ მჯერა ფულის წარმომავლობის კეთილშობილების... ახლა ეს პოლიტიკისთვის უნდათ, ბიზნესის ლობირებისთვის თუ საკუთარი შვილის გასაპიარებლად, ეს მე არ ვიცი. არ მჯერა კეთილშობილური მიზნების...“

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ, წილობრივი და საკადრო ცვლილებების შემდეგ, „მაესტროს“ გენერალური დირექტორის პოსტს გიორგი გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე, დაიკავებს. ამჟამად ლევან გაჩეჩილაძე, ადვოკატ ირაკლი კორძახიას თანახმად, „მაესტროს“ თანამშრომლებისთვის უკვე დირექტორია, თუმცა მესამე პირებისთვის - მათ შორის, ბანკებისთვის - ის ხელმძღვანელად საჯარო რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ ჩაითვლება. მისი განმარტებით, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებას უნდა მოჰყვეს დამოწმება აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რაც 17 თებერვლამდე, კრედიტორთა კრებამდე, უნდა მოესწროს.

გასულ კვირაში კვლავაც მედიის ინტერესის საგანი იყო მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარშემო განვითარებული მოვლენები. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო დოკუმენტი, საიდანაც ჩანს, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები დარღვევით ჩატარდა, კერძოდ, ერთ-ერთმა კონკურსანტმა, რომლის სახელიც ამჯერად არ დასახელებულა, წინასწარ იცოდა საგამოცდო ტესტების პასუხები. არასამთავრობო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან მოითხოვს გამოიკვლიოს, როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ და, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებაც დაიწყოს.

ეკა გიგაური

ეკა გიგაური

„მამუკა ახვლედიანის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადიოდა ტესტების პასუხები, რომელსაც იყენებდნენ მოსამართლეთა გამოცდებზე, და თუ ეს სიმართლეა, ეს არის კანონის დარღვევა და შესაბამისმა უწყებებმა ეს საკითხი უნდა შეისწავლონ. აშკარაა, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში“, - უთხრა ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებას მოსამართლეების საგამოცდო ტესტების წინასწარ გამჟღავნების თაობაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ ამგვარი საგანგაშო რამ მართლაც მოხდა, ამ ამბავს რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

გასულ კვირაში განსჯის საგანი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებული ცვლილებები, რომლებიც „პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასა და რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვაზე“ საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს. ცვლილებებს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

ის ზღუდავს ნებისმიერ გამოხატვას, თუნდაც მას პოლიტიკური ღირებულება ჰქონდეს, რაც უპირისპირდება ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს აზრი და გამოთქვას ის...

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი, რომელიც რელიგიის და მათი მიმდევრების გრძნობების შეურაცხყოფისთვის დაჯარიმებას ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორმა ზვიად ტომარაძემ, 3 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე საყვედურით განაცხადა, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აპოკალიფსური სცენარი, თითქოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ექმნება საფრთხე. მისი თქმით, კანონპროექტის ავტორებს ეს მოტივაცია არ აქვთ, მათი სურვილია დაცული იყოს მოქალაქეთა რელიგიური გრძნობები:

„ჯიპიანი მამაო“ ან „ღიპიანი მამაო“ - ეს არ ჩაითვლება სამართალდარღვევად, მაგრამ თუ ჩვენ მივაყენებთ ასეთ შეურაცხყოფას „მართლმადიდებლებს“, ამის მოტივი არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ნებისმიერი პირი, რომელიც თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, ის სასამართლოს მიმართავს და სასამართლო განსაზღვრავს ამას“.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდის თქმით, კანონპროექტი, ერთი შეხედვით, თითქოს სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვას შეეხება, თუმცა ის იმდენად არის საფრთხის შემცველი, რამდენადაც გამოხატვის თავისუფლებას აყენებს დარტყმის ქვეშ. ვახუშტი მენაბდის თქმით, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ორი, ერთდროულად არსებული, მიზეზით:

„როცა ის საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და, მეორე, მას არ უნდა გააჩნდეს ღირებულება პოლიტიკურ-სოციალური თვალსაზრისით და ამ საკითხებს შემოთავაზებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს. ის ზღუდავს ნებისმიერ გამოხატვას, თუნდაც მას პოლიტიკური ღირებულება ჰქონდეს, რაც უპირისპირდება ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს აზრი და გამოთქვას ის“.

დავით აღმაშენებლის გამზირი

დავით აღმაშენებლის გამზირი

თბილისის მერია, თბილისის განვითარების ფონდთან ერთად, იწყებს განხორციელებას პროექტისა „ახალი ტფილისი“. პროექტი 5 თებერვალს საზოგადოებას წარუდგინეს პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა. პროექტის მიხედვით, იგეგმება დავით აღმაშენებლის გამზირის, - კერძოდ, აღმაშენებლის მოედნიდან საარბრიუკენის მოედნამდე, - მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია.

პროექტ „ახალი ტფილისის“ 200-გვერდიან კონცეფციაზე თავის სამ კოლეგასთან ერთად იმუშავა კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტმა დავით ხოშტარიამ. სწორედ ეს კონცეფცია დაედო საფუძვლად პროექტს, რომლის განხორციელებასაც აპირებს თბილისის მერია და რაც ითვალისწინებს:

„საფეხმავლო ტერიტორიების გაჩენას, უკვე არსებული მწვანე მასივების გაზრდას, ტრანსპორტის და პარკინგის უკეთეს მენეჯმენტს, კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად დაცვას. საერთო ტენდენცია არის ის, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობა. შენობები, რომელთაც აქვთ მაღალი კულტურულ-ისტორიული ღირებულება, ჩატარდეს მათი კონსერვაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მათთვის, მაგალითად, სართულების დაშენებას, რაც, სამწუხაროდ, ხდებოდა, და ან კიდევ უარესი, დანგრევას და მათი მიბაძვით ისტორიული შენობის იმიტაციას. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ავთენტურობა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული“.

პროექტის განხორციელება მომდევნო 10 თვის მანძილზე, 2016 წლის ბოლომდე, იგეგმება.

ჩვენ ერთმანეთისგან დიაგნოზებით არ განვირჩევით. შშმ ბავშვები და პირები ვართ ამ საზოგადოების, ამ ქვეყნის სრულუფლებიანი წევრები და მიგვიღონ, როგორებიც ვართ...

გასულ კვირაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საგანგებო აქციაზე გააპროტესტეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ გოგი თოფაძის, სიტყვები. 3 თებერვალს, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა. თბილისში გამართული აქციის მონაწილეებმა თოფაძე დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს.

„პროტესტი გოგი თოფაძეს“ - ამ სახელწოდებით თბილისში გამართული აქციის მონაწილეები მანამდე შეიკრიბნენ, სანამ დეპუტატი გოგი თოფაძე თავისი სიტყვების გამო ბოდიშს მოიხდიდა. სწორედ ბოდიშის მოხდას მოითხოვდა მისგან აქციაზე მისული ნათია შარვაძე:

„ჩვენ ერთმანეთისგან დიაგნოზებით არ განვირჩევით. შშმ ბავშვები და პირები ვართ ამ საზოგადოების, ამ ქვეყნის სრულუფლებიანი წევრები და მიგვიღონ, როგორებიც ვართ“.

მოგვიანებით გოგი თოფაძემ წერილობით მოიხადა ბოდიში და ამისკენვე მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG