Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველი კოალიციის „განხეთქილების“ კვირა


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელთა ბრიფინგი
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელთა ბრიფინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან გამორჩეული იყო თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელთა სამდღიანი ვიზიტი, რომლის ძირითადი მიზანი 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებათა საგამოძიებო ეტაპებისა და სასამართლოსთან თანამშრომლობის პროცედურების განმარტება იყო. ვიზიტის განმავლობაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის იურისდიქციისა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორმა ფაკისო მოჩოჩოკომ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე საქართველო არის ერთადერთი მხარე, რომელთანაც სასამართლო თანამშრომლობს:

“ვაგრძელებთ ძალისხმევას, რათა პროცესში რუსეთიც ჩავრთოთ და ამის კეთებას მომავალშიც განვაგრძობთ. ამიტომ ადრეა ჯერ გადაჭრით ითქვას, რომ რუსეთი არ ითანამშრომლებს. გამოძიება გაგრძელდება რუსული მხარის უარის შემთხვევაშიც. ჩვენი საკუთარი არხებით, ჩვენი საკუთარი საშუალებებით გავაგრძელებთ მცდელობას მოვიპოვოთ ის სამხილები, ის მტკიცებულებები, რომლებიც თუნდაც რუსეთის მხარის მოქმედებების დასადასტურებლად და სინათლის მოსაფენად გამოგვადგება. რა თქმა უნდა, რუსეთის მხარის უარი პროცესში მონაწილეობაზე გაართულებს საქმეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, გამოძიების პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ შეგროვდება საკმარისი მასალა იმის გასარკვევად, თუ რომელ მონაწილე მხარეს რა წილი მიუძღვის სავარაუდო დანაშაულებებში. ამიტომ გადაჭრით იმის თქმა, ითანამშრომლებს თუ არა რუსეთი ჩვენს სასამართლოსთან, ჯერ ძალიან ადრეა“.

განცხადებაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას სახელით მედიას ფაკისო მოჩოჩოკომ გააცნო, აღნიშნულია, რომ იმის მიხედვით, თუ რა მტკიცებულებებს მოიპოვებს ოფისი, პროკურორი უფლებამოსილია ბრალი წაუყენოს სავარაუდო დამნაშავეებს სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარ ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით, განურჩევლად იმისა, რა ეროვნების იქნებიან და რომელ მხარეს მიეკუთვნებიან ისინი. საქართველოს მთავრობასთან ერთად პროკურორის ოფისთან თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორიც, რომელთანაც ჰააგის სამუშაო ჯგუფმა 17 თებერვალს თითქმის სამსაათიანი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე ნინო ელბაქიძეც:

“ჩვენ კონკრეტული ქეისების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიგვიწოდებია, საუბარი იყო წარმომადგენლობებზე. რაც გაიგზავნა, ეს იყო ერთგვარი მხარდამჭერი დოკუმენტი პროკურორის მოთხოვნის და შუამდგომლობის. იქ ვსაუბრობდით იმ საქმეებზე და იმ კატეგორიის საქმეებზე, რაც ჩვენს ხელთ იყო იმ მომენტში. ეს არიან სამოქალაქო პირები, რომლებიც ტყვეობაში იმყოფებოდნენ, ქონების დაზიანება, ჯანმრთელობის დაზიანება და სხვა“.

ვენეციის კომისიის ვიზიტი
ვენეციის კომისიის ვიზიტი

გასულ კვირაში საქართველოში ასევე იმყოფებოდნენ ვენეციის კომისიისა და ეუთოს ექსპერტები, რომლებმაც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე საექსპერტო დასკვნა უნდა მოამზადონ. ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ კომისიის წევრმა მანუელ გონსალეს ოროპეზამ განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანია მოსაზრებების გაზიარება ორ ორგანულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით. იგულისხმება რაიონული და ელექტრონული საარჩევნო სისტემები. რაც შეეხება დავას არჩევნების მაჟორიტარული წესის გაუქმების თაობაზე, ამასთან დაკავშირებით კომისიის წევრმა განაცხადა:

„ჩვენ შეშფოთებული არ ვართ პროპორციული ან მაჟორიტარული წესის ცვლილებით. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ორივე სისტემა დადებითია, მე ვფიქრობ, და დარწმუნებული ვარ, ხალხმა იცის, რომელი სისტემაა უკეთესი“.

საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს არ ეთანხმებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გია ცაგარეიშვილი, რომლის თქმით, ვენეციის კომისიის ვიზიტი და მათი შეფასებები აზრს კარგავს, ვინაიდან მიღებულ კოდექსში შენიშვნების ასახვა ვეღარ მოესწრება:

„ხელისუფლებამ დაჩეხა-დაანაწევრა საარჩევნო ოლქები, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გაართულებს საარჩევნო პროცესს საქართველოში. ჯერ მიიღეს კოდექსი სამი მოსმენით და შემდეგ აფრინეს შეფასებისთვის და მე ძალიან მაინტერესებს, ვთქვათ, ვენეციის კომისიისგან ნეგატიური შეფასება მოვიდა, მერე რა უნდა ვქნათ ჩვენ. ეს არის აბსურდის თეატრი“.

გოგი თოფაძე
გოგი თოფაძე

გასულ კვირაში თავი იჩინა ღია კონფლიქტმა მმართველ კოალიციაში. ერთმანეთს მრეწველები და რესპუბლიკელები დაუპირისპირდნენ, რისი მიზეზიც გახდა გოგი თოფაძის განცხადება თავდაცვის მინისტრის, რესპუბლიკელ თინა ხიდაშელის მიერ არჩევნების გაყალბების თაობაზე. დაპირისპირებას გამოეხმაურა პრემიერ-მონისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომლის თქმითაც, თოფაძის განცხადებები „ჩირქს სცხებს არა მხოლოდ ერთ პარტიას, არამედ მთელ მთავრობას, ყველანაირი საფუძვლის გარეშე“:

„ჩვენი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი არამხოლოდ ჩვენი კოალიციისთვის, ეს არაერთხელ მითქვამს ჩემს განცხადებებში. ყველა ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ ჩვენთან ერთად აიღოს ეს ტვირთი, - და ეს ტვირთი არ არის მსუბუქი, - და ის, ვინც მზად არის, რომ იმ პრინციპებით და იმ ხედვით, რომლითაც ჩვენ მივდივართ წინ, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ მზად ვართ კარი გავუღოთ, არათუ იმაზე ვიფიქროთ, რომ დავიშალოთ თუ... მივცეთ სალაპარაკო იმ ადამიანებს, რომელთაც ეს უხარიათ“.

დაპირისპირებულმა მხარეებმა კამათისას ერთმანეთის დაბალ პარტიულ რეიტინგებზე ისაუბრეს, თუმცა, როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, ადგილი აქვს არა პარტიულ, არამედ პოლიტიკური იდეოლოგიების დაპირისპირებას. კოალიციის შიგნით მიმდინარე კონფლიქტის შესახებ კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა:

„და მე დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციურ რეჟიმში ყველაფერი მოგვარდება და გადაწყდება, ისე როგორც დღემდე არაერთხელ მომხდარა, ქვეყნის სასარგებლოდ და არა რომელიმე პარტიის და პირის სასარგებლოდ“.

გასულ კვირაში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა 2004 წელს სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირთა მიერ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი და აღნიშნულ საქმეზე ბრალდება წარუდგინა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილსა და მის მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს, რომლებმაც, პროკურატურის მტკიცებით, გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო გაკონტროლებული. რადიო თავისუფლებასთან საუბარში თორმეტი წლის წინანდელი ამბები გაიხსენა „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა ლუბა ელიაშვილმა:

„ტელეკომპანია „იბერია“ იყო ის ტელეკომპანია, რომელიც არ მოექცა ვარდების რევოლუციის ეიფორიის ქვეშ - ეს იყო ჩვენი მთავარი დანაშაული ხელისუფლების თვალში. თანაც, ამ ეიფორიის გამო საზოგადოება ვერ აქცევდა „იბერიას“ ჯეროვან ყურადღებას და მაშინ სწორად ვერ შეაფასეს ის დარტყმა, რაც მიაყენეს მედიას. ტელევიზიის მითვისება, პირველ რიგში, მოხდა ტელეკომპანიაში შემოვარდნით და ჟურნალისტების დაშინების მცდელობით, მაგრამ როდესაც ეს ვერ მოხდა და ვერ მიაღწიეს მიზანს, თანდათან დაიწყეს ბიზნესზე სასტიკი ზეწოლა. იმ დონორ ბიზნესზე, რომელსაც მოჰქონდა რეკლამა და რომელიც ინახავდა ტელეკომპანიას, წავიდა უსასტიკესი ზეწოლა და დაიკავეს ყველა მისი ობიექტი“.

მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის კოკა კაციტაძის თქმით, 2004 წლის თებერვალში გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ პროკურატურაში დაიბარა ,,ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ლევან აღდგომელაშვილი, რომელსაც, „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი პრობლემების მოგვარებისა და კომპანიის ტერიტორიიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის გაყვანის სანაცვლოდ, „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა მოსთხოვა:

„ამის პარალელურად, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა თავისთან დაიბარა იმჟამინდელი ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი და აცნობა, რომ ტელეკომპანია „იბერია ტვ“ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდა, რის გამოც ტელეკომპანიას მაუწყებლობა უნდა შესწყვეტოდა, ხოლო მაუწყებლობის ლიცენზია ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქცეულიყო, რა მიზნითაც დიმიტრი ქიტოშვილს უნდა უზრუნველეყო წილების დათმობისა და გადაფორმების იურიდიული პროცედურები და მოეძებნა სანდო პირი, რომელსაც ლიცენზიას გადასცემდნენ“.

გასულ კვირაში კვლავ გრძელდებოდა ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა. კვირაზე მეტია 300-მდე მუშა ხელმძღვანელობისგან ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს, თუმცა მმართველი კომპანიის, "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის”,ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომპანია მაღაროელების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG