Accessibility links

logo-print

14 მარტს სოციალურ ქსელებში კვლავ გავრცელდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, რომლებსაც თან ახლდა მუქარის შემცველი ტექსტი. ვიდეოს გამავრცელებელი იმუქრება, რომ საზოგადოება იხილავს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ცნობილი ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს.

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით მასაც ემუქრებიან, თუმცა იქვე შენიშნა, რომ არ ეშინია შანტაჟის და არ აპირებს არც გაჩუმებას და არც ქვეყნიდან წასვლას. მთავარმა პროკურატურამ კი გამოძიება დაიწყო სისხლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ანდა გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებში, მასობრივი მაუწყებლობით ან სხვა საჯარო გამოსვლისას, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო და მისი სამართალდამცავი სტრუქტურები შეძლებენ დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას:

თითოეულს გიპოვით და არ გაგივათ საქართველოში ადამიანების შეშინება და ტერორი

„თითოეულს გიპოვით და არ გაგივათ საქართველოში ადამიანების შეშინება და ტერორი. დილიდან აქტიურად ჩართული ვარ ამ თემის განხილვაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, ძალოვან უწყებებთან და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა, მთელი თავისი რესურსით, მობილიზებულია და კოორდინირებულად მუშაობს. შესაბამისად, იქნება ეფექტიც“.

პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეომასალის გამოქვეყნება დაგმეს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ თამარ ხიდაშელის თქმით, თუკი პროცესი არ შეჩერდა, შეიძლება შედეგები კატასტროფული იყოს. მისი თქმით, ხელისუფლებამ საქმეზე უსწრაფესი რეაგირება უნდა უზრუნველყოს. ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ელოდებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც კამპანია „ეს შენ გეხებაში“ არიან გაერთიანებული. 15 მარტს კი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე ორი პირი, ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე, დააკავა, თუმცა, როგორც ბრალდებულთა ადვოკატები აცხადებენ, ბრალი ისეა ფორმულირებული, რომ მათ არ ედავებიან 11 და 14 მარტს Youtube-ის მეშვეობით პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების

ღურწკაიას ჩვენთან არც ერთი სხვა პირი არ უხსენებია. უბრალოდ, ცხადია, ის არ მოქმედებდა მარტო

გავრცელებას. ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემაც განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს, როგორც მისი ადვოკატი ნანა ფილაური ამბობს, ბრალდება უკავშირდება ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებაზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი დეპუტატის პირადი მონაცემების გადაცემის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია მოქალაქე გელა ღურწკაია. აი, რა განუცხადა ელისო კილაძემ ტელეკომპანია „რუსთავი ორს“:

„ღურწკაიას ჩვენთან არც ერთი სხვა პირი არ უხსენებია. უბრალოდ, ცხადია, ის არ მოქმედებდა მარტო, რადგანაც ის იყო კურიერი, რაც ყველაფერზე ეტყობოდა. არიან თუ არა ეს პირები ის ადამიანები, რომლებიც გელა ღურწკაიასთან რამე კავშირში იყვნენ, ჩემთვის უცნობია. გავარკვიე, რომ ჯამალაშვილი კუდის თანამშრომელი და მაღალჩინოსანი არასოდეს ყოფილა. ასე რომ, ველოდებით პროკურატურის ოფიციალურ განცხადებას“.

პროკურატურის განცხადებისა და გამოძიების მსვლელობის შესახებ განმარტებებს ელოდებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კამპანია „ეს შენ გეხებაში“ არიან ჩართული და რომლებიც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი ნაწილი 15 იანვარს პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანს შალვა თათუმაძეს

მოთხოვნები იგივეა: პრემიერთან შეხვედრა და საქმის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიება

შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საკითხს არ აქვს მხოლოდ სამართლებრივი ასპექტი. მათი აზრით, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და პოლიტიკური ნების დაფიქსირება ასევე მნიშვნელოვანია. 20 მარტს, „ეს შენ გეხებას“ ორგანიზებით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციაც გაიმართა. თბილისში გამართული აქციის მონაწილის, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოთხოვნები იგივეა: პრემიერთან შეხვედრა და საქმის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიება. ამასთან, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მომხდარმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აუცილებელია, ბოლომდე იქნეს მიყვანილი სამართლდამცავი უწყებების რეფორმა და შეიქმნას გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმი.

18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული მასალების საქმეზე ბრალდებულების ინგა ჩატოიანისა და ნიკოლოზ ხაჭაპურიძის მიმართ გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ინგა ჩატოიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მის მეგობარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელს ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს კი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს. შესაბამისად, განისაზღვრა, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 21 აპრილს გაიმართება. მათ ბრალად ედებათ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება

გვინდა, რომ რექტორმა პასუხი აგოს იმის გამო, რომ სამი წელი „ოდეერს“ მალავდა თსუ-ში

და გავრცელება, ჩადენილი ანგარებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქმეზე სულ 5 პირია ბრალდებული. მათგან ორს, ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ზომად პატიმრობა 16 მარტს შეუფარდა. თავად საქმე 2014-2015 წლების პერიოდს მოიცავს. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს ფარული აუდიო და ვიდეომასალა, რომელიც 2012 წლის ივნისამდეა ჩაწერილი, და გასავრცელებლად მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-ის დირექტორს ელისო კილაძეს შესთავაზეს.

გასულ კვირაში კვლავ დაძაბული ვითარება იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 14 მარტს, ერთსა და იმავე დროს, დღის 12 საათზე, ორი პარალელური აქცია გაიმართა. ამ დღეს თსუ-ს კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო სამ სხვა მოთხოვნას შორის, რომლებიც სტუდენტთა ერთ ჯგუფს აქვს. ამის თაობაზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნათია ქარჩილაძე, ამბობს:

„ჩვენ გვქონდა სამი მოთხოვნა - ის, რომ კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა მოხსნას კანდიდატურა,“ოდეერის“ ინსტიტუტი გავიდეს უნივერსიტეტიდან და თვითმმართველობამ, რომელიც სარგებლობს პრივილეგიებით, თქვას უარი ამ პრივილეგიებზე, დადგეს ჩვენ გვერდით და ერთხელ მაინც იყოს ჩვენი ლეგიტიმური წარმომადგენელი უნივერსიტეტში“.

ამ აქციის პარალელურად, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გიორგი გაფრინდაშვილის მომხრეთა აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვდნენ. მათ რექტორის კაბინეტის ძალით გადაკეტვაც სცადეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

გიორგი გაფრინდაშვილისა და უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მომხრეთა აქციის მონაწილე თსუ-ს სტუდენტი თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბახტურიძის თქმით, უნდა გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც ხელს აფარებს "ოდეერს" უნივერსიტეტში:

მართლაც კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ გვქონდეს ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმების საფუძველი

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს მიეცეს თავისი სხდომის ჩატარების უფლება და უნივერსიტეტში იმან გადაწყვიტოს კანცლერის არჩევა, ვისი მოვალეობაც არის, და არა რამდენიმე სტუდენტმა, არასამთავრობოდან მოსულმა სტუდენტმა, რომელიც ფეხების ბრახუნით ზეწოლას ახდენს კანდიდატზე. გარდა ამისა, გვინდა, რომ რექტორმა პასუხი აგოს იმის გამო, რომ სამი წელი „ოდეერს“ მალავდა თსუ-ში და ამის შესახებ სტუდენტებმა არ ვიცოდით. ეს არის დანაშაული“.

პროტესტის ხმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მთელი გასული კვირის განმავლობაში ისმოდა. შენობის ერთ ნაწილში ის სტუდენტები გამაგრდნენ, რომლებიც უნივერსიტეტის ავტონომიას მოითხოვდნენ და რომელთაც „აუდიტორია #115“-ის სახელით მოიხსენიებენ, ხოლო მეორე ნაწილში - უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები, რომლებიც რექტორის, ლადო პაპავას, გადადგომას მოითხოვდნენ. ეს იგივე ჯგუფია, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილს უჭერდა მხარს. სტუდენტების ამ ორ ჯგუფს საერთო აქვს ერთი მოთხოვნა - უნივერსიტეტში ე. წ. „ოდეერების“ საკითხის გამოძიება.

17 მარტიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმედღიანი აქციებისა და ღამის თენების შემდეგ, ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

115-ე აუდიტორია, რომლის სახელიც ეწოდა 16 მარტს დაფუძნებულ სტუდენტურ მოძრაობას, დალუქულია. აქციები, რექტორის, ვლადიმერ პაპავას, გადადგომის მოთხოვნით, შეწყვიტეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმაც. უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა ძალაში რჩება მოთხოვნები, რომელთა მოსაგვარებლადაც მუშაობას სტუდენტები აქციის გარეშე განაგრძობენ. უნივერსიტეტში რექტორად რჩება ვლადიმერ პაპავა, რომლის თქმითაც უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერების“ საქმის მოკვლევა ორშაბათიდან დაიწყება. „ოდეერების“ საქმის გამოკვლევის შესახებ 12 მარტს პარლამენტს მიმართა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც.

გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის საგულისხმოა 16 მარტს პრაღაში გამართული მორიგი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შორის.

გრიგორი კარასინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ შენიშნა, კარგი იქნება, თუ საქართველო „ოკუპაციის შესახებ კანონს“ საერთოდ გააუქმებს, რუსი პარლამენტარები საქართველოში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასწრებას აპირებენ და ეს კანონი მათთვის, შესაძლოა, ხელის შემშლელი აღმოჩნდესო. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის თქმით:

"მართლაც კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ გვქონდეს ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმების საფუძველი. ჩვენ რომ არ გვქონდეს ის სამწუხარო და საუბედურო მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს - ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული რომ არ იყოს რუსეთის მიერ“.

15 მარტს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ქართულმა მხარემ ბოლო დღეებში სოფელ ჯარიაშენში მიმდინარე პროცესები გააპროტესტა. როგორც ცნობილია, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს სოფლის ხეხილის ბაღებში გზა გაჰყავთ, რის გამოც, ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, კიდევ რამდენიმე ჰექტარი მიწა საოკუპაციო ხაზს მიღმა ექცევა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით კობახიძე აცხადებს, რომ ჯარიაშენთან მიმდინარე სამუშაოები პროვოკაციული ხასიათისაა და ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობის დამკვიდრებას. კობახიძის თქმით, საკითხის განხილვა ჟენევის დისკუსიის ფორმატშიც გაგრძელდება.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG