Accessibility links

logo-print

არჩევნების დანიშვნისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირა


ხელისუფლების წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან

ხელისუფლების წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან

გასული კვირა დაიწყო სახალხო დიპლომატიის ფორუმით, რომელიც 4 აპრილს ნატოს კვირეულის ფარგლებში გაიხსნა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ისე მიწვეულმა სტუმრებმა. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრმა დავით ბაქრაძემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას იმ სიძნელეებსა და გამოწვევებზე ილაპარაკა, რომელთა დაძლევაც უწევს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე:

„სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავებაც გვიწევს, რაც უკავშირდება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა სურვილს, რომ ჩაუნერგონ ჩვენს მოქალაქეებს ნიჰილიზმის შეგრძნებები, უარი ათქმევინონ ევროატლანტიკურ არჩევანზე. ეს ყოველივე წარმოადგენს მითებზე აგებული პროპაგანდის ნაწილს. ამიტომ ნატოს კვირეული სწორედ ის პროექტია, რომელიც საზოგადოებას მიაწვდის ზუსტ ინფორმაციას ნატოს შესახებ“.

საქმე ისაა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69 %-ისთვის მისაღებია საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, 21 % კი თვლის, რომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგას. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო არ იშურებს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკის შესანარჩუნებლად:

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის ფორუმი ხელს შეუწყობს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიებისა და მიდგომების შემუშავებას“.

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი

ნატოს კვირეულის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც, რომელმაც 5 აპრილს, მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა:

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დანიშნულია 8 ოქტომბერს. ამის თაობაზე კონტრასიგნაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს ხვალვე“.

თუმცა, ამ ცნობის პასუხად, არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებები სამართლებრივად გაუმართავია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ანა ნაცვლიშვილისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, რომ მის მიერ გამოცემული განკარგულება არა პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის შემდეგ დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე, არამედ 8 აგვისტოს, არჩევნებამდე 2 თვით ადრე, უნდა ამოქმედდეს:

“სამართლებრივი თვალსაზრისით, სიტუაცია არის მარტივი და ცალსახა. იმ წუთიდან, რა წუთიდანაც პრეზიდენტის განკარგულება არის გამოქვეყნებული, მოქმედებს რეგულაციები, რომლებიც აწესებს თამაშის წესებს პოლიტიკური აქტორებისთვის, როგორ უნდა იქცეოდნენ ისინი წინასაარჩევნო გარემოში. შესაბამისად, თუ ჩვენ გვაქვს პერიოდი, როდესაც ეს რეგულაციები არ მოქმედებს, თამაშის წესები არ არის დაწესებული, ეს წინასაარჩევნო გარემოზე დადებითად ვერ იქონიებს გავლენას“.

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

თუმცა თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ​განაცხადა, რომ 8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს არჩევნებთან დაკავშირებით:

„იმ ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე, ანუ დაფინანსებიდან, რომელიც მიდის თვითონ კომისიებზე, და ამისი შესაძლებლობა რთულია ამ ეტაპზე ჩვენი ბიუჯეტისთვის, აქედან გამომდინარეობს, ამ ხარჯებიდან გამომდინარეობს 8 აგვისტო. რატომ დავასახელე ასე ადრე? იმიტომ რომ მინდოდა და მინდა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ და დაგეგმონ საარჩევნო კამპანია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა“.

მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც თქვა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაუძლებს ექვსთვიანი საარჩევნო პეროდის დაფინანსებას, რაც, დაახლოებით, 8 მილიონი ლარის ხარჯთანაა დაკავშირებული, თუმცა მთავრობის მეთაურის ეს არგუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერის დავით ბაქრაძისათვის:

„მთავრობა, რომელიც ასეულობით მილიონს ხარჯავს თავის პრემიებსა და დანამატებზე, მთავრობა, რომელმაც გუშინ გამოყო 30 მილიონი კონცერტების ჩასატარებლად, დღეს გვიმტკიცებს, რომ მას არ შეუძლია რამდენიმე მილიონი გამოყოს საქართველოში ნორმალური და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად“.

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი აპირებს "საარჩევნო კოდექსში“ შეიტანოს ცვლილება, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს აღარ მოეთხოვება თანამდებობის დატოვება. კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პრემიერ-მინისტრი, როგორც წესი, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან მმართველი კოალიციის პოლიტიკური ლიდერია და ახალ საპარლამენტო არჩევნებში შესაბამის საარჩევნო სუბიექტს წარუძღვება:

„ბუნებრივია, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ასეთი პირის არყოფნა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის (პარტია თუ საარჩევნო ბლოკი) იქნება სერიოზული დანაკლისი. თუ გადადგა თანამდებობიდან, მაშინ ეს იწვევს სხვა პრობლემას და ეს პრობლემა არის ის, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა ავტომატურად იწვევს მთელი მთავრობის გადადგომას და უნდა დაიწყოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი“.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, ასეთი ვითარება და საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც, შესაძლოა, ორ თვეში, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, მთლიანად შეიცვალოს, არანაირად არ შეესაბამება კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესს.

მთავარი პროკურატურა

მთავარი პროკურატურა

გასულ კვირაში მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე დააკავა ხუთი პირი, რომლებსაც 11 და 14 მარტს ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას ედავებიან. პროკურორის წარმომადგენლის კოკა კაციტაძის ინფორმაციით, დაკავებულნი არიან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი, შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე და შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი:

„დადგენილია, რომ 2012 წლის მაისში საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსს ირაკლი ყიფშიძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2012 წლის 5 მაისს ერთ-ერთი პოლიტიკოსი აპირებდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე სასტუმროში გაჩერებას. ამ ფაქტის შესახებ მან შეატყობინა ვასილ ლელუაშვილს, რომლის დავალებითაც, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ჩაწერის მიზნით, დაიგეგმა სასტუმროს ნომერში ფარული გადამღები მოწყობილობის დამონტაჟება. დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2012 წლის 5 მაისს, ვასილ ლელუაშვილის და ირაკლი ყიფშიძის დავალებით, შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა თანამშრომლებმა ზურაბ პავლიაშვილმა და გიგლა შიოშვილმა ორგანიზება გაუწიეს სასტუმროს ნომერში ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებას, რითაც უკანონოდ მოიპოვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ამ ფაქტიდან ერთ თვეში, 2012 წლის 5 ივნისს, ვასილ ლელუაშვილის დავალებით, ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა რევაზ შიუკაშვილმა და მისმა მოადგილემ რომან ზაალიშვილმა ორგანიზება გაუწიეს ხსენებულ ბინაში ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებას, რა გზითაც უკანონოდ მოიპოვეს ოპოზიციურად განწყობილი კიდევ ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი“.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 9 აპრილის მემორიალთან

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 9 აპრილის მემორიალთან

გასულ კვირაში 25 წელი შესრულდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან, რომელიც 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა. ამ დღეს ასევე გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირები, რომელთა ხსოვნას რუსთაველის გამზირზე პატივი მიაგო ათასობით მოქალაქემ. გასულ კვირაში, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წლის თავზე, „საქართველოს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის დირექტორატის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ 1989 წლის აპრილში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს მოიცავს. როგორც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი ამბობს, 9 აპრილთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები პირველად ქვეყნდება და წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორ იყო აღქმული საქართველო მიმოწერაში და რა ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდებოდა ანალიზი:

“ძირითადად ის განწყობა, რომელიც შეიქმნა საქართველოსთან მიმართებაში, წარმოდგენა, მაგალითად, რომ მკვეთრად ნაციონალისტური მოძრაობა იყო ჩვენი ეროვნული მოძრაობა და მიმართული იყო, მაგალითად, ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია, რომელზეც შემდგომ აეგო უკვე შეერთებული შტატების და, მათ შორის, ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის კუთხით, დაყრდნობილი იყო სწორედ ინფორმაციის არქონაზე, საკმარისი ინფორმაციის არქონაზე“.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ საგანგებოდ 9 აპრილის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მთლიანი მასალა 9 დოკუმენტისგან შედგება და 1989 წლის 6 აპრილიდან 27 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG