Accessibility links

logo-print

მიმდინარე კვირის ყველაზე საყურადღებო მოვლენები საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. 25 აპრილს ბრიუსელში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, სამართლისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა დაიწყო და იმავე დღეს გახდა ცნობილი, რომ საბოლოო დასკვნის გამოტანამდე ამ კომიტეტს კიდევ რამდენიმე სხდომის გამართვა მოუწევს. თუკი კომიტეტის შეფასება დადებითი იქნება, რისი წინაპირობები 25 აპრილის სხდომაზეც გამოიკვეთა, პროცესის დასაგვირგვინებლად მას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დასტური.

შეკითხვებს, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი და როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას,ზუსტი პასუხი ვერც მიმდინარე კვირაში გაეცა, მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრმა გაიხსენა, რომ, ბრიუსელიდან სხვადასხვა დროს წამოსული სიგნალების თანახმად, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი ევროპარლამენტის ზაფხულის არდადეგებამდე უნდა დასრულდეს. ამ შინაარსის განცხადებები ეკუთვნით, მაგალითად, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსსა და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელს ელმარ ბროკს, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვირაში თვითონ ევროპის სახალხო პარტიამ მხარი არ დაუჭირა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს მიმართვას ევროპარლამენტისადმი, რომ სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი ზაფხულის არდადეგებამდე იქნეს განხილული.

თარიღები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ევროკომისიის დადებით დასკვნას ასევე დადებითი მოლოდინი რომ უკავშირდება, ამაზე 27 აპრილს ევროპარლამენტის პრეზიდენტმაც ილაპარაკა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მარტინ შულცმა საკითხის პოლიტიკურ შემადგენელსაც გაუსვა ხაზი:

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტი

„საქართველო (რიგითი) ქვეყანა არ არის... ის არის ევროკავშირის პარტნიორი და მნიშვნელოვანი მეზობელი აღმოსავლეთით... ჩვენ გარკვეული შეშფოთებით ვუყურებთ მოვლენათა განვითარებას მეზობელ ქვეყნებში, რომლებსაც პრობლემები აქვთ თავიანთ ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით... ყველა ეს ელემენტი თამაშობს თავის როლს, რათა ასოცირებისა და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესები უფრო ფართო პოლიტიკურ ჩარჩოში წარიმართოს... და ამიტომ მე შედარებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ დადებითი მიმართულებით მივდივართ“.

ამასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არა აქვს დამატებითი მოთხოვნები სავიზო ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, თუმცა ასეთ მიდგომებს მიმდინარე კვირაში თავიანთი განცხადებებით მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ და აღნიშნავდნენ, რომ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების უხეში შეცდომების გამო, საქართველოსთვის ჯერ ნაადრევია უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება. ამ პროცესის უკან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელს ხედავს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც შესაბამისი განცხადება 26 აპრილს ბრიუსელში ყოფნის დროს გააკეთა:

„ეს არის ყოფილი ხელისუფლების გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა, რომ ევროპარლამენტში, კერძოდ, „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეთ იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს. ეს არის ერთი ნაწილი, ეს არ არის დიდი ნაწილი, მაგრამ ესეც აშკარაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოში გვესმის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან, რომ ისინი უპირობოდ სთხოვენ ევროპას, მხარი დაუჭირონ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე სხვაგვარადაა და ხშირად კონკრეტული, პარტიული თუ პერსონალური, ინტერესი უფრო წინა პლანზეა, ვიდრე ქვეყნის ინტერესი. მაგრამ ამ პრობლემასაც მოევლება და გეტყვით, როგორ“.

აღნიშნული საკითხი ერთ-ერთ პრობლემად არის დასახელებული პრობლემათა 3-პუნქტიან ჩამონათვალში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესს დაუკავშირა. აქ ის, პოლიტიკური ოპონენტების გარდა, ყოფილ თანამებრძოლებსაც ახსენებს. მისი თქმით, პრობლემაა, როცა „ქართული ოცნების“ არცთუ ნორჩი ლენინელებისა და სტალინელების ანტიდასავლური გამონათქვამები ბრიუსელში ხელისუფლების პოზიციად აღიქმება. პრობლემათა სამპუნქტიან ჩამონათვალში კიდევ ერთ პრობლემად გეოპოლიტიკური გამოწვევები სახელდება, ანუ ის, რაც რეგიონში საქართველოს მიზეზით არ ხდება, მაგრამ რამაც, შესაძლოა, პროცესი „ოდნავ“ გაწელოს დროში.

ჩვენ მივიღეთ ძალიან ძლიერი გზავნილები ამერიკის ხელისუფლების უმაღლესი დონის წარმომადგენლებისგან, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გაფართოვდეს და კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს...

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მოლოდინს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დაგვირგვინების ვადებთან დაკავშირებით, როგორც მან რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, შედეგით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები „ამ წლის ბოლომდე“ შეძლებენ. ხოლო რაც შეეხება გადაწყვეტილებების მიღებას, დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესის დასრულებას ევროპულ სტრუქტურებში რამდენიმე თვე დასჭირდება.

მიმდინარე კვირაში ასევე ყურადღების ცენტრში იყო საქართველოს ურთიერთობაამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი 25–29 აპრილს შედგა და გაიმართა შეხვედრები ვიცე–პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, სენატორებთან – ჯონ მაკკეინსა და ჯეფ სეშენთან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე მინ ჟუსთან, ანალიტიკოსებთან, აკადემიური წრეებისა თუ ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ძირითად მიზნებად დასახელდა: ინვესტორების დაინტერესება, მეტი მხარდაჭერის მოპოვება ნატოს სამიტის წინ და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „საქართველოს საკითხი აშშ-ის პოლიტიკოსების დღის წესრიგში არის ერთ-ერთი უმთავრესი და ძალიან მაღალი პრიორიტეტის მქონე“. გიორგი კვირიკაშვილი ვიზიტის შედეგებით კმაყოფილია:

„ჩვენ მივიღეთ ძალიან ძლიერი გზავნილები ამერიკის ხელისუფლების უმაღლესი დონის წარმომადგენლებისგან, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გაფართოვდეს და კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. ეს ეხება ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროს, მათ შორის, უსაფრთხოებას, სამხედრო მიმართულებას, ეკონომიკურ პარტნიორობას და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უმთავრესი გზავნილი, ეს არის მხარდაჭერის გზავნილი აშშ–ის მხრიდან“.

აშშ-ის სამხედრო გემი ბათუმის პორტში

აშშ-ის სამხედრო გემი ბათუმის პორტში

ვიდრე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს სტუმრობდა, ბათუმის პორტის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით, საქართველოში იმყოფებოდნენ აშშ–ის ევროპული სარდლობისა და ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნები. ამ ვიზიტის ერთ–ერთ ძირითად მიზნად მაისში დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო წვრთნა(ღირსეული პარტნიორი – Noble Partner) დაასახელა 28 აპრილს აშშ-ის არმიის სარდალმა ევროპაში გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა:

„ჩვენ აქ ჩამოვედით ბათუმის პორტის შესაძლებლობების შესასწავლად - თუ რა არის საჭირო და რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი სამხედრო ტექნიკის გადმოტანა. ჩვენ შორის არიან ლოგისტიკის სფეროს პროფესიონალი სამხედროები.საქართველოში ჩამოვედით ასევე საქართველოსა და ჩემი კარგი მეგობრის, კარგი სამხედროს, გენერალ (ვახტანგ) კაპანაძისთვის იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ვაგრძელებთ მუშაობას ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესების კუთხით. მალე საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნა – „ღირსეული პარტნიორი“- ჩატარდება... და სწორედ ამ წვრთნისთვის შემოვა აქ ბულგარეთიდან ბორნით წამოსული აშშ-ის არმიის სატანკო ასეული... შესაბამისად, მსურდა წინასწარ მენახა,რა შესაძლებლობები არსებობს“.

ფრედერიკ ბენ ჰოჯესს ამჯერად არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის ტექნიკის შემოტანა იგეგმება „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში, თუმცა თებერვალში, როცა ამერიკელი გენერალი საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, შეხვდა, მან აღნიშნა, რომ წვრთნაში მონაწილეობისთვის საქართველოში ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკა – „ბრედლი“ და „აბრამსი“ - შემოვა და ისიც შემოწმდება, თუ რა ვადაშია შესაძლებელი მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადმოსხმა საქართველოს ტერიტორიაზე. ნატო–საქართველოს ერთობლივი ცენტრის ფარგლებში ასეთი მასშტაბური სამხედრო წვრთნის ჩატარებას ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტის წინ. ეს ღონისძიება აღიქმება ასევე ძლიერ სიგნალად მოსკოვის მისამართით, რომ საქართველო და ნატო პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას ცდილობენ. გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის ევროპული სარდლობისა და ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნები, შავი ზღვის ტურნეს ფარგლებში, საქართველოს შემდეგ, საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურის უკეთ შესწავლის მიზნით, შავი ზღვის აუზში ნატოს წევრი ქვეყნების მონახულებასაც გეგმავდნენ.

აშშ-ისა და ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნების შავი ზღვის აკვატორიით ასეთ საფუძვლიან დაინტერესებას რუსეთის არმიისა და საზღვაო ფლოტის განახლებას უკავშირებს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ნატო საგონებელში ჩააგდო რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპირებამ და ამ ფონზე ხელახლა გაცოცხლდა შავი ზღვის აუზის სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა ცივი ომის დროს. ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ამერიკა და ნატო სტრატეგიული თადარიგის დაჭერას ცდილობენ. ირაკლი ალადაშვილის თქმით, თუკი ნატო გააზრებულად გამოიყენებს შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნიდან ხუთის შესაძლებლობებს, რუსეთი ერთგვარ იზოლაციაში მოექცევა და ხელი შეეშლება მოსკოვის მიერ გარკვეული ტიპის გეგმების შესრულებას, რაც ამ რეგიონში ზეგავლენის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

დაბოლოს, კვირის ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ: ავღანეთიდან შინ მშვიდობით დაბრუნდა ქართველი სამხედროების მორიგი ნაკადი. საუბარია II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 133 სამხედრო მოსამსახურეზე, რომლებიც, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „7 თვის განმავლობაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში წარმატებით ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას“. ქართველმა სამხედროებმა სამშვიდობო მისია, ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ფარვანის პროვინციაში შეასრულეს. ოფიციალური ინფორმაციით, ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო. ისინი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. 22-ე ბატალიონი, სრული შემადგენლობით, საქართველოში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG