Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტი გაყიდული 29 ჰექტარი მიწის გამო, „ოჯახის“ განმარტება და 1 მაისი, რომელიც არ აღინიშნა


საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

გასული კვირის ორშაბათს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიაგეს პატივი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და ჯარისკაცთა ოჯახის წევრებმა, რომლებიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეიკრიბნენ. იმავე დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა თავდაცვის სამინისტროს ეზოში. თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ბრიგადებში, იყოს იმ ადამიანების მემორიალი, რომელთა გმირობის ამბავი მუდამ უნდა ახსოვდეს ქვეყანას. თავდაცვის მინისტრი მემორიალის ორმაგ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ერთი, როგორც მუდმივი ხსოვნა და შეხსენება მათი საგმირო ცხოვრების. მეორე მხრივ, გვინდა, რომ ყველა ჩვენი უცხოელი სტუმარი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ხშირად გვყავს, მუდმივად მიაგებდეს პატივს ამ ბიჭების ხსოვნას და მათ გმირობას. ამიტომ, მათთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც სათქმელად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროს ჰქონდეს მემორიალი, რომელსაც ყოველდღიურად, მუდმივად გავუვლით და გაგვახსენდება, რომ აქ, ამ ტერიტორიაზე, ჩვენამდე დადიოდა ის ხალხი, რომლის დამსახურებაცაა ქვეყნის სიძლიერე და დამოუკიდებლობა“.

გასულ კვირაში, 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, საქართველოში არ გამართულა მშრომელთა ტრადიციული მსვლელობა-აქციები. დემონსტრაცია არც გაერთიანებულ პროფკავშირებს მოუწყვია - წელს ეს დღე აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების სახელზე პროფკავშირების მხრიდან მძიმე შრომითი პირობებისა და, ზოგადად, მშრომელთა უფლებების შესახებ მანიფესტი გაიგზავნა, „აუდიტორია 115“-ის წევრი სტუდენტების ერთი ნაწილი კი ტყიბულში ჩავიდა და მშრომელთა საერთაშორისო დღე მეშახტეებს ადგილზე მიულოცა.

ტყიბულში ყველაზე ნათლად ჩანს უთანასწორობა და ექსპლუატაცია. აქაური მშრომელები ამას კარგად აცნობიერებენ, იქ კი, სადაც ჩაგვრასა და უთანასწორობას ფერადი ფასადები და სიმულაციური პოზიტივით გაჯერებული რეკლამები ფარავს, გვიჭირს დავინახოთ ჩაგვრა...
ანი რობაქიძე

მათ მაღაროს წინ წაიკითხეს ერთგვარი მანიფესტი, რომლითაც სოლიდარობა გამოუცხადეს ტყიბულელ მაღაროელებს და სხვა ათასობით მშრომელს. მათ შორის იყო ანი რობაქიძეც, რომელმაც თქვა, რომ პირველ მაისს ტყიბულში ჩასვლის მიზეზი შრომის და ბრძოლის გამოცდილებისა და სტრატეგიის ერთმანეთისათვის გაზიარება იყო და რომ სწორედ ტყიბულელი მეშახტეების მაგალითმა უბიძგა სტუდენტებს ბრძოლა ახალ ეტაპზე გადაეყვანათ:

„ტყიბულში ყველაზე ნათლად ჩანს უთანასწორობა და ექსპლუატაცია. აქაური მშრომელები ამას კარგად აცნობიერებენ, იქ კი, სადაც ჩაგვრასა და უთანასწორობას ფერადი ფასადები და სიმულაციური პოზიტივით გაჯერებული რეკლამები ფარავს, გვიჭირს დავინახოთ ჩაგვრა. დღეს ქვეყანაში შრომითი ურთიერთობები ექსპლუატაციაზე დგას, არავინ იცავს უსაფრთხოების წესებს. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ მეცნიერება სტაგნაციაშია. ახალი ცოდნა არ იქმნება. ჩვენ კი ვიბრძვით ქვეყნისთვის, სადაც პრიორიტეტია შრომა და მეცნიერება, და საზოგადოებისთვის, რომლის მთავარი ღირებულებებია თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“.

სამშაბათს პროტესტი მოჰყვა აუქციონის შედეგებს, რომელზეც გაიყიდა საზოგადოებისათვის კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის სახელით ცნობილი 29 ჰექტარი მიწა. ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 2013 წელს დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა, შეძენილი ქონების ღირებულებამ კი საწყის ღირებულებას 100 ათასით გადააჭარბა და, საბოლოოდ, 6 მილიონ 326 ათას 495 ლარად გაიყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ გაავრცელა თავად თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, რომელმაც აუქციონის დასრულებიდან ორ საათში სპეციალური ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა თავისი შუამავალი კომპანიის მეშვეობით მიიღო მონაწილეობა აუქციონში. ირაკლი ქარსელაძისავე სიტყვებით, თანაინვესტირების ფონდის მიერ შეძენილ ტერიტორიაზე იგეგმება „ბრწყინვალე რეკრეაციული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულების სივრცის მოწყობა“:

„ანუ ნებისმიერი მშენებლობა, რომელიც კი ამ ტერიტორიაზე განხორციელდება რეკრეაციული საზოგადო დანიშნულებით, განხორციელდება მხოლოდ სიღრმეში, ანუ მეორე პლანზე. ანუ ეს არ იქნება აღქმული დედაქალაქის არც ერთი ხედიდან. ნამდვილად არის იმის საჭიროება ქალაქში, რომ ქალაქის მკვიდრთა და სტუმრებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთ ოჯახებთან, შვილებთან ერთად აღმოჩნდნენ ბუნებაში, დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული აქტივობებით. ამ ტერიტორიაზე გაკეთდება სარბენი ბილიკები, ველობილიკები. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ამ მომენტისთვის გარკვეული იდეის დონეზე გვაქვს მოსაზრება იმასთან დაკავშირებული, რომ სწორედ ბუნებასთან ყველაზე მეტად შერწყმული სპორტის სახეობა არის გოლფი და შესაძლოა მოეწყოს გოლფის სათამაშო მინდორიც“.

აუქციონზე გაყიდული ქონება წარმოადგენს ბოტანიკური ბაღისა და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი მშენებარე გზის მიმდებარე ტერიტორიას. უკანასკნელი დღეების განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ტერიტორიის შეძენას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აპირებდა. აუქციონის შეწყვეტის მოთხოვნით გაიმართა საპროტესტო აქციებიც, თუმცა აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო.

ოპოზიციურმა პარტიებმა პასუხის გაცემა გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილისგან მოითხოვეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა, 4 მაისს გარემოს დაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომის ჩატარება და აგულაშვილის პარლამენტში მისვლაც მოითხოვა:

„სწორედ იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და საპროტესტო მუხტის გამო, რომელიც არსებობს, მოვითხოვთ, რეგლამენტის თანახმად, დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ვიწვევთ თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლებს, მერიის იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები, გარემოს დაცვის მინისტრს, ერთხელ მაინც რომ დაინტერესდეს, თუ რა ხდება გარემოს დაცვის თვალსაზრისით“.

ოპოზიციას აგულაშვილმა უარით უპასუხა და თქვა, რომ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზისა და იქ გაჩეხილი ხეების საკითხი მისი სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის და ვერც ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს.

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „ერთად“, რომელშიც 25 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული, ბოტანიკური ბაღის დასაცავად შაბათს, 7 მაისს, საპროტესტო აქცია გამართა როგორც „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი ცირა ელისაშვილიც ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციები პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

გასულ კვირას თბილისში შეხვედრებს მართავდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ბორის ცილევიჩსი და კერსტინ ლუნდგრენი. მათი ვიზიტის (3-5 მაისი) მთავარი მიზანი საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი იყო.

ხუთშაბათს დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ტოვებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. მისი თქმით, პარტიის დატოვების საფუძველი გახდა პარტიული პოლიტიკა, რომელიც დახურულ კაბინეტურ სისტემას დაემსგავსა და თავისი ბუნებით „ივანიშვილის მავნებლური მმართველობის მოკავშირეა“. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას „უპასუხისმგებლოდ“ მიიჩნევენ, სახელისუფლებო კოალიციაში კი ვაშაძის გადაწყვეტილებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ განხეთქილებას უკავშირებენ.

გასული კვირის ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერის შესწორებას, ანუ მისი შინაარსის დაზუსტებას, ითვალისწინებს. კერძოდ, შესწორების მიხედვით, ქორწინება და ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირად განისაზღვრება. კანონპროექტის საპარლამენტო მოსმენის დაწყებას კი წინ უძღოდა საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი, რომელმაც თბილისი და ქვეყნის 12 ქალაქი - ძირითადად რეგიონალური ცენტრები - მოიცვა.

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას, კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტში კი წერია, რომ ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.

როგორც კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების დროში გაწერილი პროცედურების გათვალისწინებით, შესაძლოა ამ მოწვევის პარლამენტმა, ცვლილებისთვის აუცილებელი 113 დეპუტატის მობილიზების შემთხვევაშიც კი, ვერ მოასწროს შესწორების დამტკიცება. მაშინ რა გადაუდებელი აუცილებლობით იყო ნაკარნახევი დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება? - ეს კითხვა საკომიტეტო მოსმენის სხდომათა დარბაზში ოპონენტების მიერ არაერთხელ დაისვა. ზვიად ძიძიგურის პასუხი კი ასეთი იყო:

“მე მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის ძალზე მნიშვნელოვანი, ეს არის მესიჯი ჩვენი ევროპელი კოლეგების მიმართაც, რომლებსაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენს ერთგულებასა და პატივისცემას, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და შენარჩუნების ფონზე“.

საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი კი თვლის, რომ კონსტიტუციაში ქორწინების ჩანაწერის დამაზუსტებელი ცვლილება, თავისი არსით, ჰომოფობიურია, უკავშირდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მიზნებს, გათვლილია ელექტორატის მხარდაჭერის მოპოვებაზე და სრულიადაც არ გამოირჩევა აქტუალურობით.

მინდა იმედი დავიტოვო, რომ გენგეგმის სამუშაო პროცესის დასრულებამდე აღარ გაიცემა სამშენებლო ნებართვები ამ კოეფიციენტებით, რაც, რა თქმა უნდა, დადებით გავლენას იქონიებს ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად...
ცირა ელისაშვილი

სამუშაო კვირის ბოლოს თბილისის მერიამ გამოაცხადა, რომ იწყებს კონკრეტული ზომების მიღებას დედაქალაქის ქაოსური განაშენიანების წინააღმდეგ. ბრიფინგზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თქვა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დროებით შეიზღუდება საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გაზრდა. ეს კოეფიციენტი კონკრეტულ კვადრატულ მეტრზე ან მიწის ფართობზე ობიექტის სიდიდეს და სხვა პარამეტრებს განსაზღვრავს:

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წესდება დროებითი შეზღუდვა საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს შევცვალოთ წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა - თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოტური განაშენიანება ისედაც მჭიდრო დასახლებებში“.

სპეციალისტთა ნაწილი გადაწყვეტილებას მნიშვნელოვნად, თუმცა დაგვიანებულად მიიჩნევს. „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენლის, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილის აზრით, 4 წლის წინ ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება იყო ის, რომ ამ კოეფიციენტების გაყიდვას ხელს შეუშლიდნენ:

„მას შემდეგ, რაც ძალიან ოდიოზურ პროექტებზე გაზრდილი კოეფიციენტებისთვის გაიცა ნებართვა, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად დაგვიანებულია, თუმცა მინდა იმედი დავიტოვო, რომ გენგეგმის სამუშაო პროცესის დასრულებამდე აღარ გაიცემა სამშენებლო ნებართვები ამ კოეფიციენტებით, რაც, რა თქმა უნდა, დადებით გავლენას იქონიებს ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG