Accessibility links

logo-print

14 მაისს დაპირებული ღია წერილი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 30 მაისს გამოაქვეყნა. ასე დაიწყო გასული კვირის ორშაბათი დილა. მის მიერ გამოქვეყნებული სამიდან ერთ-ერთ ყველაზე გრძელ წერილში, რომელიც 5 500-მდე სიტყვისგან შედგება, ყოფილმა პრემიერმა თავი ერთად მოუყარა საქართველოს უახლეს ისტორიას, 2003 წლიდან მოყოლებული, ვიდრე 2016-მდე: სად ვიყავით, სად ვართ, საით მივდივართ, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ და რა მიზანი აქვს პირადად მას. წერილში ნათქვამია, რომ, მართალია, არც ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვის და არც რაიმე თანამდებობა იზიდავს, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა რეგიონში ჩავა, ტელევიზიითაც გამოვა, ანუ საარჩევნო კამპანიაში აუცილებლად ჩაერთვება.

„შევხვდები საზოგადოებას, ვისაუბრებ ქვეყნის წინაშე არსებულ კონკრეტულ ამოცანებზე, ვუპასუხებ ჟურნალისტების და ფეისბუქმომხმარებლთა დასმულ კითხვებს მთავრობის საქმიანობის, ეკონომიკის მდგომარეობის, პოლიტიკური პარტიების, მედიის და ყველა იმ მთავარი საკითხის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც უნდა გავაკეთოთ პოლიტიკური არჩევანი“, - წერს 30 მაისს გამოქვეყნებულ წერილში ბიძინა ივანიშვილი.

20-გვერდიან წერილში ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად მიმოიხილა ხელისუფლების შეცვლამდე არსებული სიტუაცია, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მართვის სტილს ანტიევროპული უწოდა და მის ცხრაწლიან მმართველობის პერიოდს - დიდი ციხე და სიცრუის მანქანა.რაც შეეხება იმას, თუ სად ვართ, წერილის შინაარსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ღრმად არის დარწმუნებული,რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო გათავისუფლდა სახელისუფლებო წნეხისგან, მოხდა პოლიციის დეპოლიტიზება, მედია და ბიზნესი სრულიად გათავისუფლდა ხელისუფლების კონტროლისგან, ქვეყანა ვალების ეკონომიკიდან გადავიდა ინვესტიციების ეკონომიკაზე, კერძო სექტორში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და მთავრობამ რეალურად გადადგა ნაბიჯები ევროპასთან ინტეგრაციისკენ.

ყოფილი პრემიერის წერილის შინაარსს, მასში მოყვანილ რიცხვებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და, ზოგადად, ქვეყნის წინსვლის თვალსაზრისით, სავსებით იზიარებენ მმართველი გუნდისა და მთავრობის წევრები, თუმცა ეს მონაცემები არ აღმოჩნდა დამაჯერებელი პოლიტოლოგთა ნაწილისა თუ „ქართული ოცნების“ ოპონენტებისათვის.

ბიძინა ივანიშვილი, წერილის მიხედვით, იმ პირობასაც დებს, რომ გამოიყენებს მთელ თავის რესურსს, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლოს. ყოფილი პრემიერის წერილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამოეხმაურნენ. ირმა ნადირაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარი დაბრკოლებაა და საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დაბრკოლებას გადალახავს:

„ივანიშვილი ამბობს, რომ მედია თავისუფალია და მე პირდაპირ ეთერში ვუყურებ „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესს. ამბობს, რომ არ აქვს ბიზნესინტერესები და ვხედავ „პანორამა თბილისს“ და გლდანში წამოჭიმულ ბიტკოენების ქარხანას. ამბობს, რომ ადამიანებს არჩევანის გაკეთება შეუძლიათ თავისუფლად და აღარ არის ძალადობა, არადა, კორცხელში მოჭიდავეები უსწორდებიან დაუცველ მოქალაქეებს“...

მომდევნო და უფრო დეტალური წერილის გამოქვეყნებას ყოფილი პრემიერი სექტემბერში აპირებს.

კიდევ ერთი ტექსტი, რომელიც მაისის მიწურულს მოექცა საქართველოს ყურადღების ცენტრში, ეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დამტკიცებული დეკლარაციაა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოების ინტერესებსა და გამოწვევებს ასახავს და, მოკავშირეების გარდა, პარტნიორ ქვეყნებსაც შეეხება. დეკლარაცია 30 მაისს ქალაქ ტირანაში დაამტკიცეს.

ერთი მხრივ, ალიანსი ამბობს, რომ იგი ერთგულია თავისი ვალდებულების გახადოს საქართველო ნატოს წევრი და, მეორე მხრივ, ალიანსი ასევე აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – და აქ, ვფიქრობ, გაცემულია პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც ისმის ნატოს სკეპტიკოსების მხრიდან, რომ რა ეშველება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, თუკი ნატო დათანხმდება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას...

მართალია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში არაფერი კონკრეტდება საქართველოს მოლოდინთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას სათანადოდ დაუფასდება ერთგული პარტნიორობა და ალიანსისკენ მონდომებით გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ დეპუტატები ალიანსის ლიდერებს ასპირანტი ქვეყნების წინაშე გასულ წლებში აღებულ ვალდებულებებს შეახსენებენ და მათ შორის არის საქართველოც: საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ლიდერებს მიიღონ ჩერნოგორიის გაწევრიანების პროტოკოლი; კვლავაც დაადასტურონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), როგორც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილით.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამოთქვამს ვარაუდს, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას შესთავაზებენ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების კონკრეტულ მექანიზმებს და ეს ყველაფერი რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკიდან გამომდინარეობს. მისივე აზრით, ალიანსთან საქართველოს შემდგომი დაახლოების პროცესი შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ხარისხზე იქნება დამოკიდებული:

„ერთი მხრივ, ალიანსი ამბობს, რომ იგი ერთგულია თავისი ვალდებულების გახადოს საქართველო ნატოს წევრი და, მეორე მხრივ, ალიანსი ასევე აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – და აქ, ვფიქრობ, გაცემულია პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც ისმის ნატოს სკეპტიკოსების მხრიდან, რომ რა ეშველება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, თუკი ნატო დათანხმდება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ბოლო პერიოდში ცალკეული პოლიტიკოსებიც ამბობდნენ, რომ ნატოში წევრობის სანაცვლოდ საქართველოს შესაძლოა მოუწიოს უარის თქმა თავის ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს, ცხადია, ასე არ არის“.

პირველ ივნისს მსოფლიო ბავშთა დაცვის დღეს აღნიშნავს. ცხადია, ეს დღე საქართველოში არაერთი სადღესასწაულო ღონისძიებით აღინიშნა. ეს დღე აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმაც, თუმცა სულ სხვა მიმართულებით: ბავშვთა მიმართ ძალადობა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, განათლების უფლება, დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა თუ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობები - ეს და სხვა არაერთი მწვავე საკითხი შევიდა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც უჩა ნანუაშვილმა სწორედ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გააცნო საზოგადოებას.

მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას შემუშავდეს სპეციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც კონკრეტულად ბავშვთა უფლებების დაცვას დაისახავს მიზნად.

იმ რეფორმის მიზანი, რომელიც ჩატარდა და რომელიც მოიაზრებდა დიდი სახელმწიფო ინსტიტუციებიდან ბავშვების გამოყვანას, იყო ის, რომ ბავშვის უფლება ყოფილიყო დაცული. რა აზრი აქვს მაშინ ამას, თუ ჩვენ გადავიყვანთ ბავშვს მცირე საოჯახო ტიპის სახლში და იქ მისი უფლებები კვლავ უგულებელყოფილი იქნება და იქნება ამ დაფინანსების პირობებში...

სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ, მართალია, 2015 წელს საქართველოში 1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 ცოცხლადშობილზე კვლავაც მკვეთრად აღემატება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს. თუ იქ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 ცოცხლადშობილზე ექვსი ბავშვია, საქართველოში ეს რიცხვი არის 12. რაც შეეხება სიკვდილიანობის მიზეზებს, სახალხო დამცველი ასახელებს ორსულთა პატრონაჟის სისტემას, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციასა და პერინატალური მომსახურების ხარისხს, უკიდურეს სიღარიბეს თუ მშობელთა ცნობიერების დაბალ დონეს.

მაია გედევანიშვილმა, რომელიც სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრს ხელმძღვანელობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სიძნელეები კანონის აღსრულებასა და იმ სოციალური პროგრამების გამართულად მუშაობას უკავშირდება, რომლებიც საქართველოში უკვე არსებობს. მისი განცხადებით, ყველაზე ნაკლებად დაცულ ჯგუფად ისევ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე და, საზოგადოდ, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები რჩებიან. მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მეხუთე თავში ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ ვკითხულობთ, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და სავარაუდო მოძალადე არასრულწლოვანთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია არასათანადოდ ხორციელდება.

„ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის“ დამფუძნებელმა ეკატერინე სანებლიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში დღეს არსებული პრობლემებიდან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლების დაფინანსება, დღეში 17-18 ლარი, საკმარისი არ არის. შესაბამისად, ნაკლებია რეფორმის შედეგიც:

„იმ რეფორმის მიზანი, რომელიც ჩატარდა და რომელიც მოიაზრებდა დიდი სახელმწიფო ინსტიტუციებიდან ბავშვების გამოყვანას, იყო ის, რომ ბავშვის უფლება ყოფილიყო დაცული. რა აზრი აქვს მაშინ ამას, თუ ჩვენ გადავიყვანთ ბავშვს მცირე საოჯახო ტიპის სახლში და იქ მისი უფლებები კვლავ უგულებელყოფილი იქნება და იქნება ამ დაფინანსების პირობებში, რადგან ამ თანხით უნდა დაიფაროს აღმზრდელის ხელფასი, საკვები, კომუნალური ხარჯი და ყველაფერი, რაც წარმოუდგენელია. ამ თანხით მხოლოდ საჭიროების 50-60 % თუ კმაყოფილდება. ანუ ეს, დაახლოებით, უტოლდება იმ მდგომარეობას, როგორიც იყო რეფორმის გატარებამდე და სწორედ ეს არის სავალალო“.

1 ივნისს ბავშვთა ზრუნვის შესახებ ანგარიში ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებმაც წარმოადგინეს. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ახალი პროგრამა დააანონსა, რომლის მიხედვითაც 6 თვიდან 23 თვემდე სოციალურად დაუცველი 13 ათასამდე ბავშვი 15-კომპონენტიან ვიტამინებისა და მინერალების კვებით დანამატს უფასოდ მიიღებს.

2 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი წარუდგინა 22 მაისს, შუალედური არჩევნების დროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის ექვს მონაწილეს. მათ ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე - ხულიგნობის - მუხლით.

ეს მუხლი შეეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.ინფორმაცია კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისათვის ბრალის წაყენების შესახებ დაადასტურა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, რომელმაც ილაპარაკა ასევე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე:

„პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით. პროკურატურა ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას“.

აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გამოყენების გამო მთავარ პროკურატურასა და გამოძიებას ტენდენციურობაში სდებენ ბრალს ადამიანის უფლებათა დამცველები. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებიდან კარგად ჩანს, რომ ხელისუფლებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალდამრღვევთა დამოკიდებულებას ხელისუფლებისადმი.

გასული სამუშაო კვირა იმით დასრულდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას განათლების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ამცნო. თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის. პრემიერის სიტყვებით, ალექსანდრე ჯეჯელავა არის მართვის სფეროში 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე ადამიანი და გამორჩეული თავისი რეფორმატორული ხედვებით:

“იგი გახლავთ კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებული. მას შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ უკვე - იესემის ბიზნესსკოლა, რომელიც დღეს თავისუფალი უნივერსიტეტის სახელითაა ცნობილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ისე ინოვაციის სფეროში და, რაც ყველაზე მთავარია, განათლების სფეროში. იგი დღეს გახლავთ მართვის აკადემიის საბჭოს თავმჯდომარე“.

როგორც 3 ივნისს განმარტა პრემიერ-მინისტრმა, თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, გუნდის წევრად რჩება განათლების აწ უკვე ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე, რომლის სახელს, მისი თქმით, უკავშირდება წარმატებული პროექტები განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. გიორგი კვირიკაშვილმა არ დააკონკრეტა, თუ რა გახდა თამარ სანიკიძის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი, თუმცა თქვა, რომ განათლების ექს-მინისტრის ახალი მანდატის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, თამარ სანიკიძისათვის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. რაც შეეხება მის მონაცვლეს,ალექსანდრე ჯეჯელავას, მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და მოკლედ თავის გეგმებზეც ილაპარაკა:

“ჩვენ შევეცდებით, რომ ტექნოლოგიების გამოყენებაზე გავაკეთოთ აქცენტი - ეს იქნება ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება აუცილებლად იქნება საერთაშორისო. ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ, როგორც აქამდე ეწყობოდა ხელი, ქართველი სტუდენტების უცხოეთში სწავლას და აწიც შეეწყობა ამას ხელი, ასევე უცხოელი სტუდენტების სწავლას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში და, მესამე, რაზეც ჩვენ ვაპირებთ აქცენტი გავაკეთოთ, ეს არის გაგრძელება იმ სამუშაოსი, რაც უკვე შესრულებულია - ეს არის პროფესიული განათლება“.

ალექსანდრე ჯეჯელავა უკვე შეუდგა მინისტრის საქმიანობას. ჯერჯერობით უწყებაში საკადრო ცვლილებების გატარებას იგი არ აპირებს.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG