Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის, ნატოსა და სტრასბურგის სასამართლოს კვირა


გიორგი კვირიკაშვილი, ანგელა მერკელი
გიორგი კვირიკაშვილი, ანგელა მერკელი

გასული კვირის განმავლობაში კვლავაც ყურადღების ცენტრში იყო სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი და, შესაბამისად, საგანგებო ინტერესი უკავშირდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრას ბერლინში. გერმანიამ, რომელიც, უცხოეთის მედიის ინფორმაციით, ყველაზე სკეპტიკურ დამოკიდებულებას იჩენდა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან მიმართებით, 15 ივნისს ამ პროცესს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა ისიც ითქვა, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დაგვირგვინება პირდაპირ კავშირშია უვიზო მიმოსვლის „შეჩერების მექანიზმის“ გამარტივების მიზანთან. ეს საკითხი ამჟამად ევროპარლამენტში განიხილება და, როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა ოთხშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს მოქალაქეებს დიდხანს ლოდინი არ მოუწევთ:

„(„შეჩერების მექანიზმის“ საკითხის) განხილვა ევროპარლამენტში მიმდინარეობს. პარლამენტი დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენ ვიმოქმედებთ, რომ განხილვის პროცესი შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს. ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ევროკომისიის დასკვნა. ვიცით, თუ რა კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა საქართველოს და, ევროკომისიის მტკიცებით, საქართველომ ეს კრიტერიუმები დააკმაყოფილა. შესაბამისად, გერმანია არ შეეწინააღმდეგება ევროკომისიის ამ რეკომენდაციას – ახლა საქმე შეეხება მხოლოდ ამ საკითხის „შეჩერების მექანიზმთან“ შეთავსებას“.

სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც 16 ივნისს, როცა ის გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე "ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში გერმანიის მხარდამჭერ როლს“. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ „გერმანიის საგარეო უწყება მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღიარებს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს“.

მიმდინარეობს საუბარი პოლიტიკურ კონტექსტზეც, დეკლარაციის პოლიტიკურ ნაწილზეც და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ამ კუთხითაც ექნება წარმატება...
თინა ხიდაშელი

ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, ჯერ ისევ არის თეორიული შანსი, რომ, საკითხის დაჩქარების შემთხვევაში, პროცედურები ზაფხულშივე დასრულდეს, ვიდრე 8 ივლისიდან ევროპარლამენტის არდადეგები დაიწყება. ამ ეტაპზე ბევრი რამ დამოკიდებულია 20 ივნისის შეხვედრაზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა განიხილონ. ანალიტიკოსების ერთ ნაწილს შედეგის მიღების იმედი აქვს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სხდომას წარუძღვება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, რომელიც არის ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო ევროკომისია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დასრულებას. თუკი 20 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება დადებითი იქნება, პროცესი ევროპარლამენტში გადაინაცვლებს პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად. ამჟამად არსებული კალენდრის თანახმად, ევროპარლამენტის პლენარული სხდომები (საზაფხულო არდადეგების გამო) 8 ივლისიდან 12 სექტემბრამდე აღარ გაიმართება. თუკი წინასწარი შეფასებებით ვიმსჯელებთ, სავიზო ლიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბერში უყრის კენჭს.

გასულ კვირაში ყურადღების ცენტრში იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობები და მოლოდინი, რომელიც მოახლოებულ ვარშავის სამიტს უკავშირდება. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, განცხადებით, შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის „არსებითი პაკეტის“ მინიჭება და ვარშავის სამიტზე ალიანსის წევრი სახელმწიფოები იმსჯელებენ იმის თაობაზე, თუ „რა დამატებითი საშუალებები არსებობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით“.

დიდწილად სწორედ ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე იყო ლაპარაკი 16 ივნისს ბრიუსელში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, მსჯელობის მთავარი თემა იყო კომუნიკე, რომელიც 8-9 ივლისისთვის დაგეგმილ ნატოს სამიტზე უნდა დამტკიცდეს. დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა თინა ხიდაშელი მაინც აკეთებს გარკვეულ მინიშნებებს, თუ რას უნდა მოელოდეს საქართველო:

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

„ერთი რამ, რაც შეგვიძლია აბსოლუტურად ცალსახად ვთქვათ, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა სამიტიდან გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობებით დატვირთული, გაცილებით უფრო მეტი ორმხრივი პროექტებით აღჭურვილი და, თავდაცვისუნარიანობის კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, უფრო გაძლიერებული გამოვა, ვიდრე ის არის დღეს. მიმდინარეობს საუბარი პოლიტიკურ კონტექსტზეც, დეკლარაციის პოლიტიკურ ნაწილზეც და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ამ კუთხითაც ექნება წარმატება“.

გასულ კვირაში ჟენევა საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდს მასპინძლობდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს დელეგაციამ სხვა საკითხებთან ერთად საგანგებო სიმწვავით დააყენა სოფელ ხურჩაში 19 მაისს მომხდარი მკვლელობის საკითხი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით „ქართულმა მხარემ მონაწილეებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა“ და კატეგორიულად მოითხოვა დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავება, რასაც მხარი დაუჭირეს თანათავმჯდომარეებმა და დანარჩენმა მონაწილეებმა“. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ, „სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ გააჩნდათ ღირებული ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“. საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ 6 ივლისს გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მორიგი შეხვედრა მეტ სიცხადეს შეიტანს ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საქმეში.

ჟენევის მოლაპარაკებების 36-ე რაუნდს კონკრეტული შედეგი არ მოუტანია. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კვლავაც ჩაიშალა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვა, რადგანაც რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი. „ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თემების, ისევე როგორც, ზოგადად, მოლაპარაკების პრინციპების მიმართ“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სასამართლომ არ მიიჩნია ეს მიმართვები დასაბუთებულად, ამიტომ ამ საკითხზე მან არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღო. ასე რომ, სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლომ პოლიტპატიმრად ცნო ვანო მერაბიშვილი, არ არის სწორი...
ვახტანგ ხმალაძე

ბოლო დღეების მთავარ თემებს შორის იყო ასევე სტრასბურგის სასამართლოს 14 ივნისის დადგენილება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატიმრობის საქმესთან დაკავშირებით. დადგენილების შინაარსმა გააჩინა შეკითხვა, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი, და ამ შეკითხვის გარშემო აზრი ორად გაიყო არა მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, არამედ იურისტებს შორისაც. დავა და კამათი წარმოიშვა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის აღიარების გამო. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება გამომდინარეობს 2013 წლის 14 დეკემბერის ინციდენტიდან, როდესაც, ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, ის უკანონოდ გაიყვანეს ციხიდან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის დაკავება „გამოყენებულ იქნა დამატებით საშუალებად საგამოძიებო ორგანოების მიერ, რათა მიეღოთ დამატებითი ბერკეტები სხვა საქმეების გამოძიებაში - კერძოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით. დაკავება არ უნდა ემსახურებოდეს მიზანს გამოყენებულ იქნეს იგი, როგორც მორალური ზეწოლის საშუალება ბრალდებულზე. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მეხუთე მუხლის პირველ პარაგრაფთან ერთობლიობაში“.

სხვა თანამოაზრეების მსგავსად, ვანო მერაბიშვილის ადვოკატს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ოთარ კახიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ, მე-18 მუხლის დარღვევის აღიარებით, სტრასბურგის სასამართლომ აღიარა მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოლიტპატიმრობაც:

„საქართველოსთან მიმართებაში ევროსასამართლოს პირველი გადაწყვეტილებაა, როდესაც დადგინდა ცალსახად, რომ ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმარი. ეს არის ევროკონვენციის ყველაზე იშვიათად გამოყენებული მუხლი. სულ ამგვარი საქმე არის ექვსი და ვანო მერაბიშვილი არის მესამე პოლიტიკოსი, იური ლუცენკოსა და იულია ტიმოშენკოსთან ერთად, რომელთან მიმართებაშიც სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. პრაქტიკულად ვანო მერაბიშვილის თავისუფლების პირველი შეზღუდვა, სასამართლოს განმარტებით, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ემსახურებოდა არაევროკონვენციის მიზნებს, არამედ პოლიტიკურ მიზნებს და სასამართლო ამაში საბოლოოდ დაარწმუნა იმან, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან, მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, გამოუძიებელი დარჩა“.

თუმცა საკითხის ამგვარად განხილვა უსაფუძვლოდ მიაჩნია ხელისუფლებას, რომელმაც სასამართლოს დადგენილებაში ვერსად დაინახა მინიშნება ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობაზე. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელის ის ნაწილი, სადაც პოლიტპატიმრობაზე იყო საუბარი:

„სასამართლომ არ მიიჩნია ეს მიმართვები დასაბუთებულად, ამიტომ ამ საკითხზე მან არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღო. ასე რომ, სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლომ პოლიტპატიმრად ცნო ვანო მერაბიშვილი, არ არის სწორი“.

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი პატიმრობის თავდაპირველი (2013 წლის მაისში) შეფარდების კანონიერება ეჭვქვეშ არ დაუყენებია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ოთხი თვის შემდეგ (2013 წლის სექტემბერში) ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვება დაუსაბუთებელი იყო. ამის გამო ევროპის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ მორალური ზიანისთვის 4 000 ევროს გადახდა და ასევე 8 000 ევროს გადახდის ვალდებულება - ხარჯების ასანაზღაურებლად.

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

სტრასბურგის სასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფოსთვის „დამაზიანებლად“ მიიჩნევს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებას „ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში“ და „უნდა დადგეს ამ პირების სამსახურებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი”.

17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასრულა 6 ივნისს დაწყებული მოწმეთა დაკითხვის პროცესი სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც აგვისტოს ომსა და მის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქართულმა მხარემ საჩივარი 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის (სახელმწიფოთაშორისი საჩივრები) საფუძველზე. ის ეყრდნობა კონვენციის შემდეგ მუხლებს: მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება). აქვეა პირველი ოქმის 1 და მე-2 მუხლები (საკუთრების დაცვა და განათლების უფლება) და მეოთხე ოქმის მე-2 მუხლი (გადაადგილების თავისუფლება).

სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციით, (6-დან 17 ივნისამდე) სასამართლომ მოისმინა 33 მოწმის ჩვენება. მათგან 16 გამოძახებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ, 11 - რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ, ხოლო 6 მოწმე უშუალოდ სასამართლოს მიერ იყო მიწვეული.

სასამართლოს პალატამ საქართველოს საჩივარი დასაშვებად ცნო 2011 წლის 13 დეკემბერს, საქმის არსებითი მხარის წინასწარი შეფასების გარეშე. 2012 წლის 3 აპრილს პალატამ საჩივარი განსახილველად დიდ პალატას გადასცა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ინფორმაციით, საქმის განხილვა გრძელდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG