Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაწყვეტილებები ევროკავშირში და საქართველო


გასული კვირის ორშაბათს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვერ გადაწყდა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების საკითხი. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ, რომელიც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიცაა, განაცხადა, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მალე უნდა იქნეს მიღებული.

„ნათელი იყო ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, რომ, ეჭვგარეშეა, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა პირობა... და ახლა ეს საკითხი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ – ჰოლანდიამ – უნდა ჩართოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER II) უახლოეს სხდომაზე... თუმცა ყველა წევრმა სახელმწიფომ ნათლად აღიარა ფაქტი, რომ საქართველომ წარმოუდგენლად კარგად იშრომა და ეს უნდა იქნეს აღიარებული რაც შეიძლება მალე“.

მიუხედავად მოლოდინისა, რომ საქართველოს მოქალაქეები უკვე ზაფხულში შეძლებდნენ ესარგებლათ გამარტივებული სავიზო რეჟიმით, საქართველოს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ პროცესი ლოგიკურად მიდის და ხელოვნური წინააღმდეგობები სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე უკვე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამშაბათს, 21 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე გაიმეორა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის სიტყვები და ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის მარია გაბრიელის მოხსენებაც ახსენა:

„აღნიშნულ მოხსენებაში არის დადებითი რეკომენდაცია, რომ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პირველი მოსმენით. ამ მოხსენებაში ასევე აღწერილია ის მიღწევები, რომლებიც საქართველოს ჰქონდა სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების პროცესში. ევროკავშირი ასევე აფასებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით გატარებულ ყველა იმ რეფორმას, რომელმაც ჩვენ ამ შედეგამდე მიგვიყვანა და ცალსახად და ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო ძალიან მალე იმსახურებს სავიზო ლიბერალიზაციას“.

რადიო თავისუფლებას კი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ განუმარტა, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება პირდაპირ უკავშირდება ე. წ. „სწრაფი შეჩერების მექანიზმის” გადაწყვეტილების მიღებას, ეს პროცესი ევროკავშირის შიგნით უკვე დაწყებულია, თუმცა, ვანო ჩხიკვაძის ოპტიმისტური მოლოდინით, გადაწყვეტილება შესაძლოა სექტემბერში მიიღონ:

„როდის იქნება ეს გადაწყვეტილება („სწრაფი შეჩერების მექანიზმის”) მიღებული, ჯერ უცნობია, თუმცა რაც არის კარგი, ევროპის პარლამენტში მსჯელობა ამ თემაზე დაწყებულია და თუ ყველაფერი ნორმალურად წარიმართა, შესაძლოა, ევროკავშირმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება სექტემბერში, დაამტკიცოს ეს „სწრაფი შეჩერების მექანიზმი“ და აამოქმედოს კიდეც“.

ვანო ჩხიკვაძე კიდევ ერთხელ შენიშნავს, რომ უვიზო რეჟიმზე საუბარი სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ შეგვეძლება, თუმცა იმის ალბათობა, რომ ეს მოხდეს არჩევნებამდე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

გასული კვირის სამშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა უმოკლეს დროში მიიღონ პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი, რათა საარჩევნო პერიოდში არ იქნეს გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები და სიძულვილის ენა. გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებოდ მიმართა მმართველი პარტიის მომხრეებს:

„არავის მივცეთ საფუძველი კითხვის ნიშანი გაუჩნდეს ჩვენი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან ისედაც გვაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა! განსაკუთრებით მივმართავ პოლიციას! ყველაფერი უნდა გაკეთდეს არა მარტო წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ დაძაბულობისა და ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონებს და ყველგან, სადაც დაპირისპირების რისკი მაღალია, უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება. სახელმწიფო სტრუქტურების და ინსტიტუტების ვალდებულებაა უზრუნველყონ ყველა პოლიტიკური ძალის, განსაკუთრებით კი, ოპოზიციის კამპანიის შეუფერხებლად წარმართვა“.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის მიღება უთუოდ წაადგება არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ხელისუფლებისა და პოლიციის ადეკვატურ რეაქციას.

კვირის სხვა ამბებს რაც შეეხება, ოთხშაბათს პროკურატურაში განაცხადეს, რომ დასრულდა 23-თვიანი გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე. პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიხედვით, ეროსი კიწმარიშვილმა 2014 წლის 14 ივლისს თავი მოიკლა საკუთარი იარაღით საკუთარ ავტომობილში, თავისივე საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში. თვითმკვლელობის მოტივად პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა მკვეთრად გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა დაასახელა:

ეროსი კიწმარიშვილი
ეროსი კიწმარიშვილი

„ჩვენ შევისწავლეთ ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა მისი გარდაცვალების დროისთვის. დოკუმენტალურად დადგენილი ფაქტია, რომ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს ჰქონდა ბანკების, ორგანიზაციების და კერძო პირების დავალიანება, 312 ათასი ამერიკული დოლარის და 120 ათასი ლარის ოდენობით. კიწმარიშვილს არ ჰქონდა ამ დავალიანების დასაფარად საკმარისი შემოსავალი. გარდა ამისა, დავალიანების უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო დატვირთული მისი საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეროსი კიწმარიშვილის კომპიუტერში აღმოჩნდა საუბრის ჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ არსებული მატერიალური პრობლემების გამო მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება“.

გამოძიების დასკვნას არ ეთანხმებიან ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები. მათთვის იმთავითვე მიუღებელი იყო გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, ანუ პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. გარდაცვლილის ძმაზურაბ კიწმარიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ისინი პირადად ელაპარაკნენ მთავარ პროკურორს და სწორედ მისგან შეიტყვეს გამოძიების დასრულების შესახებ. მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები პრინციპულად არ ეთანხმებიან გამოძიების დასკვნას, რომლის მიხედვითაც, მან თავი მოიკლა. რაც შეეხება თვითმკვლელობის მოტივად მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასახელებას, ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, მისთვის ეს მოტივიც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს:

„წამიკითხეს ჩანაწერი, რომ თურმე გარდაცვლილი ამბობს, რომ ვალი ჰქონდა. მე პირველად გავიგე ასეთი რამ. ორი წელია იქ ვზივარ, ჩანაწერებიც ვნახეთ და ვეძებდით ასეთ რაღაცებს და არ გვინახავს მსგავსი რამ და უცებ, დღეს, ცნობილი ხდება ამის შესახებ და რატომ გვიმალავდნენ ამას, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს ჩემთვის. ვალი რომ ჰქონდა, გასაგებია. ვალი გვაქვს ყველას“.

ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტის 85-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის 22 ივნისის ბრძანებას ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიაში მეტი ქართველი სამხედროს ჩართვის თაობაზე. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებით კიდევ ერთი ოცეული გაიგზავნება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

გასული კვირის ბოლო სამუშაო დღეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შედეგები, ანუ რომ ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს, საქართველოშიც გაჩნდა კითხვა, ახალ პოლიტიკურ რეალობაში რა შეიძლება მოხდეს საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგარციისკენ მიმავლა გზაზე. პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება დატოვოს ევროკავშირი საქართველოს პრიორიტეტებს ვერ შეცვლის.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ პირველ ეტაპზე შესაძლოა ნაკლები ყურადღება დაეთმოს საქართველოსა და უკრაინის პრობლემებს, რასაც, მისი აზრით, მხოლოდ დროებითი ხასიათი ექნება და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება პროცესები საქართველოსთვის ხელსაყრელი ტრანსფორმაციითაც კი წარიმართოს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG