Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამბასადორიალი, NDI, სასამართლო ერთ კვირაში


„ამბასადორიალი 2016“
„ამბასადორიალი 2016“

გასულ კვირაში თბილისმა უმასპინძლა საზღვარგარეთ მოქმედ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას „ამბასადორიალი 2016“. იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლებიც ამბასადორიალის მონაწილეებმა ოთხი დღის განმავლობაში განიხილეს, საკმაოდ მრავალფეროვანია - საქართველოს საგარეო კურსიდან დაწყებული, ბიზნესის ხელშეწყობაზე ზრუნვით დასრულებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ელჩებმა ერთმანეთს მოსაზრებები და გეგმები გაუზიარეს. დიპლომატებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მოისმინეს ის მკაფიო მესიჯები და მოწოდებები, რომლებიც მათი სამომავლო საქმიანობის შემადგენელ ნაწილად უნდა იქცეს. გიორგი კვირიკაშვილმა უმნიშვნელოვანეს მიზნებად დაასახელა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტზე გამოკვეთილი უსაფრთხოების ამოცანების შესრულება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაძლებლობათა მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება უახლოეს მომავალში. უნდა ითქვას, რომ სავიზო ლიბერალიზაციის მოლოდინი ამბასადორიალის ფარგლებში ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იყო. სწორედ ამ თემას გამოეხმაურა საქართველოს წარმომადგენელი ევროკავშირში, ელჩი ნატალია საბანაძე, რომელმაც განმარტა, რომ პროცესს არაფერი აფერხებს, პროცედურები სექტემბერში გაგრძელდება და იმედია, რომ „უახლოეს მომავალში ყველაფერი დადებითად გადაწყდება“.

ამბასადორიალზე განხილულ საკითხთა ჩამონათვალში, ცხადია, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა ელჩების კიდევ ერთ დამსახურებად და, ასევე, მომავლის უცვლელ ამოცანად დასახელდა. ამბასადორიალის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს კარგად უნდა დავანახვოთ საქართველოს პოზიცია:

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

„ნათელია, რომ უნდა გაღრმავდეს ის განცდაც და შეხედულებაც, რომ რუსეთის პოლიტიკა არასდროს იქნება მიღებული არც საქართველოში, არც საერთაშორისო თანამეგობრობაში. საერთაშორისო ურთიერთობების ის იმიტაცია კი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ე. წ. აფხაზეთისა და ე. წ. ოსეთის სახელმწიფოებთან რაღაც ტიპის დიპლომატიური შეთანხმებების გაფორმებით, რეალურად მხოლოდ დაცინვაა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართალზე“.

გასული კვირის ერთ-ერთ ყურადსაღებ ამბად შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ორი გამოკვლევა - საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკვლევა და გამოკვლევა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიების რეიტინგები გამოავლინა. თავდაპირველად ყურადღება შევაჩეროთ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევაზე, რომელიც, მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემებით დაწყებული, ქვეყნის საგარეო კურსით დასრულებული, არაერთ საკითხს მოიცავს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების“ ჩამონათვალის პირველ ხუთეულში კვლავაც პირველ ადგილს ინარჩუნებს „სამუშაო ადგილები“ და მას, როგორც პრობლემას, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (56 %) ასახელებს; მეორე ადგილზე სახელდება სიღარიბე (29 %) და მას მოსდევს შემდეგი სამეული: „ტერიტორიული მთლიანობა“ (28 %), „ფასების ზრდა“ (26 %) და პენსიები (25 %).

მკვლევარები ამბობენ, რომ შეიმჩნევა მცირედი გაუმჯობესება არაერთი მიმართულებით. ასე მაგალითად: 7 %-ით გაიზარდა და 17 %-ს მიაღწია იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. თუმცა, ზოგიერთი მაჩვენებლის გაუმჯობესების მიუხედავად, ზოგად სურათს ექსპერტები მაინც უარყოფითად აფასებენ, ხელისუფლება კი, ისევე როგორც NDI-ის გასული გამოკვლევის შედეგებს, ამ უკანასკნელ გამოკვლევასაც არასანდოდ მიიჩნევს.

სოციალური საკითხები, ცხადია, ბევრს აწუხებს. ძირითადად ესენი არიან 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები და მათი აქტივობა ისედაც მაღალია ხოლმე საარჩევნო პროცესში. ცხოვრება ყველაზე მეტად გაურთულდათ პენსიონერებს, რომელთა მცირედით გაზრდილი პენსია ინფლაციამ შეჭამა და ფასები გაუძვირდათ არა მხოლოდ პროდუქტებზე, არამედ მედიკამენტებზეც...
ზვიად ხორგუაშვილი

პრობლემები, რომლებსაც ეს გამოკვლევა ასახავს, ქვეყნის რეალობიდან გამომდინარეობს და, შესაბამისად, გამოკვლევის შედეგები ლოგიკურია, ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი ზვიად ხორგუაშვილი. მისი განმარტებით, ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, სამუშაო ადგილების სიმცირე თუ გაზრდილი ფასები მძიმე კვალს ტოვებს ხალხის ყოველდღიურობასა და მათ საარჩევნო განწყობაზე:

„სოციალური საკითხები, ცხადია, ბევრს აწუხებს. ძირითადად ესენი არიან 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები და მათი აქტივობა ისედაც მაღალია ხოლმე საარჩევნო პროცესში. ცხოვრება ყველაზე მეტად გაურთულდათ პენსიონერებს, რომელთა მცირედით გაზრდილი პენსია ინფლაციამ შეჭამა და ფასები გაუძვირდათ არა მხოლოდ პროდუქტებზე, არამედ მედიკამენტებზეც“.

გამოკითხულთა 53 % მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან, ხოლო 29 % თვლის, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუკი უარს იტყვის ნატოსა და ევროკავშირზე, რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეიტინგის შესახებ ჩატარებულ გამოკვლევას, რომელიც გასული სამუშაო კვირის ბოლოს გამოქვეყნდა, შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოსახლეობის 67 პროცენტი აპირებს, თუმცა მის უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცეს ხმა. პროცენტულად, მოქალაქეების 57 პროცენტია პოლიტიკურად გადაუწყვეტელი. რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, არჩევნებზე სავარაუდოდ წამსვლელი ამომრჩევლის 19 პროცენტი ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს, 14 –„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 4-4 პროცენტი კი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსსა“ და „მოძრაობას - სახელმწიფო ხალხისთვის“.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაუწყვეტელი მოქალაქეების ასეთი სიმრავლე პარტიებისთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს და მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს შორის არსებული გაუცხოების პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია კომუნიკაცია არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, არამედ არჩევნებს შორის პერიოდშიც.

მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ წარმატებაში დარწმუნებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის აზრით კი, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მორიგმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მმართველი პარტია ამომრჩევლის სიმპათიით აღარ სარგებლობს:

“კვლევა აჩვენებს ერთ რამეს ძალიან ნათლად, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაკარგა მხარდაჭერა ხალხში, რადგანაც, სამწუხაროდ, მან ვერ მოახერხა იმ მთავარი პრობლემების გადაჭრა, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად, რაც არის უმუშევრობა, რაც არის ეკონომიკა და რაც არის მათი ცხოვრების პირობები, რომელიც, სამწუხაროდ, დღითი დღე უარესდება“.

გიორგი პაპუაშვილი
გიორგი პაპუაშვილი

თემა, რომელზეც გასულ კვირაში განსაკუთრებით ბევრს საუბრობდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს ეხება, უფრო ზუსტად კი, მის გახმაურებულ ბრალდებებს მოსამართლეთა დაშანტაჟებისა და მათზე ზეწოლის შესახებ. გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს მოჰყვა გამოძიების დაწყება და მთავარი პროკურორის დაპირება, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება. გასულ კვირაშივე შეხვდა გიორგი პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც თავის მხრივ, ისაუბრა ბრალდებებზე, რომლებიც სამართალდამცველთა მხრიდან კანონდარღვევისა და ზეწოლის ფაქტებს შეეხებოდა. შეხვედრა შედგა გიორგი პაპუაშვილსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორისაც.

გიორგი პაპუაშვილის ბრალდებების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოსამართლეების გამოკითხვის პარალელურად, თავი იჩინა მოსამართლეთა ორ ბანაკად დაყოფის ფაქტმა. 29 ივლისს გამოქვეყნდა თავმჯდომარისადმი საკონსტიტუციო სასამართლოს 5 მოსამართლის წერილი, რომელშიც ისინი გიორგი პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგის ერთპიროვნულად განსაზღვრასა და პოლიტიკური კონტექსტის შემცველი საქმეების განხილვის ფორსირებაში ადანაშაულებენ. მომდევნო დღეს კი ამ განცხადებას პლენუმის სამი მოსამართლე დაუპირისპირდა ისევ და ისევ განცხადებით, სადაც ისინი წერენ, რომ გულდასაწყვეტი და გაუგებარი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადება კონკრეტული სარჩელების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ისინი წერენ, რომ სასამართლოსთვის უცხო არ არის მოსამართლეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა დღემდე არასდროს მომხდარა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის ოპონირება მედიის საშუალებით, საჯაროდ. ისინი ფიქრობენ, რომ ამგვარი ქმედება აკნინებს მოსამართლის ღირსებას და ზიანს აყენებს სასამართლოს რეპუტაციას. ეს აზრი გაიზიარა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემაც. რომელმაც თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ღია ომს ემსგავსება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG