Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური პარტიები და გარემოს დამცველები


საქართველოში უფრო და უფრო აქტიური ხდება წინასაარჩევნო პროცესი. ცესკოში უკვე რამდენიმე ათეული სადამკვირვებლო მისია დარეგისტრირდა, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე კი ჯერ კიდევ ერთი თვეა დარჩენილი. სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაციები დარღვევებზეც ლაპარაკობენ. გარემოს დამცველები, ქალაქში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, საპროტესტო აქციებს განაგრძობენ.

განვლილი კვირის მიმოხილვა
please wait

No media source currently available

0:00 0:06:06 0:00
გადმოწერა

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად იძაბება ურთიერთობა საარჩევნო სუბიექტებს შორის. რესპუბლიკურმა პარტიამ 29 აგვისტოს საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ძალაში დარჩა ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება ორი პარტიისათვის საარჩევნო ნომრის წილისყრის გარეშე მინიჭების თაობაზე.

რესპუბლიკელები განმარტავენ, რომ, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წილისყრის გარეშე ნომრების მინიჭება შეიძლება მხოლოდ იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებმაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს წინა არჩევნებზე, ასეთები კი „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატები“ არიან.

„სამწუხაროდ, სასამართლომაც განუსაზღვრელად გაუზარდა უფლებამოსილება ცესკოს და თქვა, რომ ცესკომ მოაწესრიგა ისეთი სამართლებრივი საკითხი, რომელიც არ იყო კანონით დარეგულირებული. შესაბამისად, ცესკო გასცდა თავის უფლებამოსილებას და შეიჭრა პარლამენტის უფლებამოსილებებში და ეს დაუდასტურა სასამართლომ. რა თქმა უნდა, რესპუბლიკური პარტია არ შეეგუება კომპეტენციათა ასეთ აღრევას და სამართლებრივ უწესრიგობას და მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს“, ამბობს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წევრი, თამარ კორძაია.

ცენრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელ ანა მიქელაძის თქმით კი, პარტიებს შეუძლიათ საარჩევნო ნომრები გამოიყენონ ადგილობრივი თვითმმართელობის შუალედური არჩევნებისთვის და ეს კანონდარღვევა არაა, რადგან მათ ეს ნომრები კენჭისყრის გარეშე აქვთ შენარჩუნებული, შეზღუდვა კი საპარლამენტო არჩევნებზე ვრცელდება.

30 აგვისტოს საქართველოში მუშაობას შეუდგა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიან მეთვალყურეთა მისია. ისინი 2016 წლის არჩევნებსა და წინასაარჩევნო პროცესს უნდა დააკვირდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ეს სამსახური მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე 15 ქვეყნის 26 მეთვალყურით იქნება წარმოდგენილი. მისიის დასაწყისში ისინი საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდნენ, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ ეუთოს სტრუქტურებთან 1999 წელს დაწყებული თანამშრომლობა წელსაც შედეგიანად გაგრძელდება:

„წელს ამ არჩევნებს დააკვირდება რეკორდული რაოდენობის მონიტორი, ეუთოს მისიის ფარგლებში. ეს არის მისია, რომელიც მოწვეულია საქართველოს მთავრობის მიერ და ჩვენი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი და, ასევე, არჩევნები წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, რათა, პირველ რიგში, იყოს ჩვენი საზოგადოების ნდობა და, ასევე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების ნდობა“.

სამეთვალყურეო ორგანიზაციებს ცესკოში დარეგისტრირება 28 სექტემბრამდე შეუძლიათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა პოლიციელ გოდერძი თევზაძეს, რომელც 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ბრალდებული.

22 წლის ახალგაზრდამ 7 აგვისტოს თავი ჩამოიხრჩო და დატოვა წერილი, სადაც წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიციელ გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლის გამო მიიღო. ამ საქმეს თვალს ადევნებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი.

როგორც სტურუას ოჯახის ადვოკატი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, ბრალდებული სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას თავს არიდებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში კი უკვე მეორედ გადაიდო გიგი უგულავასა და ე.წ. „კაბელების საქმისთვის“ მსჯავრდებული ხუთი ადამიანის გაერთიანებული სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც 1 სექტემბერს იყო დაგეგმილი.

ე.წ. „კაბელების საქმის“ ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი, ამ ამბავს სამარცხვინოს უწოდებს და პოლიტიკურ ინტერესებზე ლაპარაკობს:

„უკვე მეორეჯერ ხდება, როდესაც გვიბარებენ სასამართლოში. ჩვენ ჩამოვდივართ ბათუმში თბილისიდან და არც კი გვიმარტავენ გადადების მიზეზს. დღეს ხუთი მოსამართლე არ გამოცხადდა, როგორც გავარკვიეთ სასამართლოში. ეს ვნებს არა მხოლოდ ამ საქმეს და ამ ადამიანებს, ვისი სარჩელიც არის შესული, არამედ, საერთოდ, მართლმსაჯულებას და ძალიან მძიმედ მოქმედებს ქვეყნის რეპუტაციაზეც. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე გადაქცეულია პოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრად, რაც დაუშვებელია“.

პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს გიგი უგულავას ადვოკატიც. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის ჩაშლის მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ.

გრძელდება გარემოს დამცველი აქტივისტების, პარტიზანი მებაღეების, საპროტესტო აქციებიც. 31 აგვისტოს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ მიიღეს უფლება გაშალონ კარვები მერიის წინ. ეს სარჩელი მათ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად 29 საექტემბერს მას შემდეგ შეიტანეს, რაც ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებმა მერიის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცეს.

პარტიზანი მებაღეები მოითხოვდნენ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მაღალჩინოსნების გადადგომასაც, ამის ნაცვლად კი მერია ამ სამსახურის „მწვანე ინფრასტრუქტურის სამსახურად“ გარდაქმნაზე საუბრობს. თვდაპირველად მერიის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ სამოქალაქო აქტივისტებთან თანამშრომლობაზე, თუმცა შეხვედრა, რომელიც გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ მერიაში გაიმართა, დახურული იყო.

„დავინტერესდი, რატომ არ იყო ფართოდ წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციები. შემდეგ შევხვდი არასამთავრობო ორგანიზაციას. იცით, რომ ისინი საპროტესტო აქციას აგრძელებენ მუნიციპალიტეტის მერიის წინ და მე ვიმედოვნებ, რომ შეჯერდებიან და აღნიშნული ჯგუფებიც ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში“, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საკრებულოს ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, შორენა ბუხრაშვილმა.

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, 2 სექტემბერს მოაწერა ხელი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას. პარტიზანი მებაღეები კი თბილისის მერიის შენობის წინ აქციებს განაგრძობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG