Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოდან საკონსტიტუციო უმრავლესობამდე


გასული სამუშაო კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევნები – 20 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თავმჯდომარის პოსტზე მხარი დაუჭირა მოსამართლე ზაზა თავაძეს. კანონის თანახმად, მოსამართლეები თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით ირჩევენ, თუმცა ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობა მხოლოდ ოთხი წლით მოუწევს, რადგან ამის შემდეგ მას მოსამართლეობის ათწლიანი ვადა ეწურება – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად იგი, უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, 2010 წლის 30 მარტს დაინიშნა.

გადმოწერა

დაექვემდებარება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ხელისუფლების ზეწოლას, შეძლებს თუ არა სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებას და შელახული რეპუტაციის აღდგენას – საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით საზოგადოებაში არსებულ ამ ტიპის კითხვებს, თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, მედიასთან გაკეთებულ პირველივე კომენტარში ზაზა თავაძემ უპასუხა, რომ ლაკმუსის ქაღალდი იმისა, არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება. ზაზა თავაძემ განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირებაა:

„ვგულისხმობ არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად მიხედვა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გარანტირებული დაცვა“.

ხელისუფლების, კერძოდ, საკანონმდებლო ხელისუფლების შიგნით, ერთგვარი პოლიტიკური ბალანსის მიღწევის, ანუ მმართველი ძალის მიერ შეუზღუდავი ძალაუფლების მოპოვების საწინააღმდეგოდ, გასულ კვირაში აქტიური სამოქალაქო კამპანია დაიწყო – საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილმა არჩევნებში დამარცხებულ პროდასავლურ პარტიებს ოპოზიციის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. მიმართვას ხელს აწერს 45 ადამიანი, მათ შორის ნოდარ ტანგიაშვილი:

„ჩვენ ვდგავართ გარკვეული რისკის წინაშე, რომ ხელისუფლება მოახდენს მონოპოლიზებას ყველა ძალაუფლების სტრუქტურისა, პროპორციული სიით მან გაიმარჯვა და აქვს სერიოზული შანსი რომ 113 მანდატი ჰქონდეს პარლამენტში, რაც საკმარისია კონსტიტუციური უმრავლესობისათვის. როგორც წესი, ასეთი მაღალი პოლიტიკური კონცენტრაციის მქონე ხელისუფლებას აქვს ხოლმე ცდუნება, რომ განახორციელოს ცვლილებები კონსტიტუციაში და თავი გაიმართლოს სხვადასხვა მოტივით, რომ აუცილებელია რეფორმები სწრაფად გატარდეს, რომ აუცილებელია კონსტიტუცია დაიხვეწოს და ასე შემდგომ, მაგრამ, სინამდვილეში, შეიძლება წავაწყდეთ ვითარებას, როდესაც ამ ყველაფრის უკან დგას გარკვეული პოლიტიკური მოტივები“.

თავის მხრივ, სავარაუდო საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსალოდნელ რისკებზე წუხილს, მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, არაჯანსაღი სპეკულაცია უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის წარმომადგენლობითი ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

„ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობად ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვეღარასოდეს მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება-უზურპირება. და ეს იყოს, ერთხელ და სამუდამოდ, ნამდვილი ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია. მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ ახლა პარლამენტში, პირველ რიგში, დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებული ყველანი. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში, აქ სიჩქარე არ ივარგებს“.

სიჩქარის გარეშე, გეგმის ფარგლებში, 19 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის არაფორმალური დიალოგის მორიგი რაუნდი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანახმად, შეხვედრაზე განიხილებოდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

„ჩვენს ევროპულ პროექტს ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ, ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, მალე ვიზა-ლიბერალიზაციას მივიღებთ, ნატოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვთანამშრომლობთ ძალიან მჭიდროდ. ყველაფერს ამას ხელს უწყობს ის, რომ ჩვენ რუსეთთან გვაქვს დაძაბულობის ნაკლები გრადუსი და ხარისხი. ეს არის ხელშემწყობი ფაქტორი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური პროექტის განხორციელებისა – აი, ასე ვუყურებთ ჩვენ“– გვითხრა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძე-კარასინის მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, 2017 წლის დასაწყისში გაიმართება. პრაღის ამ ორიოდე დღის წინ გამართული შეხვედრის პარალელურად კი, გალის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში კვლავ შეიკრიბნენ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილი ჯგუფები. შერეულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის, რუსეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს წარმომადგენლებმა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ უთხრა ჟურნალისტებს, განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი მთავარი იყო გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი რაშიდ კანჯიოღლის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხი:

„დღეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრას დაასწრეს ეგრეთ წოდებული სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ ის მასალები, რომელიც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადასცა წინა შეხვედრებზე, დე ფაქტო კანონმდებლობის დონეზე ვერ ხორციელდება ამ მასალების საქმეში ჩართვა და, შესაბამისად, აუცილებელია ამ მასალების ხელახლა გადაცემა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი შფასებით, ზოგადად, ამ საკითხს აქვს ორი განზომილება. ერთი არის პოლიტიკური და მეორე – პრაქტიკული. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, ისევე, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამ საკითხს განიხილავს პრაქტიკულ ჭრილში. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება“– აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ გასული კვირის დასაწყისში.

17 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთი პირია დაკავებული ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვის ბრალდებით. კიდევ ერთ პირს კი დეპუტატის მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.

გასული კვირის ბოლოს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კამაზის მარკის სამხედრო ავტომობილი, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეს ტერიტორიაზე სავალი ნაწილიდან გადავარდა.

გასულ სამუშაო კვირაში ცნობილი გახდა ასევე, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ხელახლა განიხილავს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეს. კერძოდ, სასამართლოს კოლეგიამ დასაშვებად ცნო საქართველოს მთავრობის საჩივარი, რომელიც სასამართლოს ერთ-ერთი პალატის იმ გადაწყვეტილებას შეეხება, რომელიც ვანო მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდს უკავშირდება. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა, საქმე განსახილველად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა:

„მოთხოვნა იყო, რომ საქმე გადასცემოდა შვიდი მოსამართლიდან 17 მოსამართლეს, ანუ დიდ პალატას, სადაც ჩვენ განვიხილავდით მე-18 მუხლის საკითხს თავიდან. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება არ შესულიყო ძალაში, რადგან მივიჩნევდით მას უპრეცედენტოდ, რადგან ეწინააღმდეგებოდა ამავე სასამართლოს მრავალი წლის მანძილზე დამდგარ პრეცედენტულ სამართალს. ამიტომაც გავასაჩივრეთ დიდ პალატაში და ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა, ანუ საქმე მთლიანად გადაეცა თავიდან განხილვაში დიდ პალატას“.

მიმდინარე წლის ივნისში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება გამოყენებულ იქნა როგორც დამატებითი ბერკეტი სხვა საქმეების გამოძიებაში.

იურისტები ვარაუდობენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG