Accessibility links

გასული კვირა დაიწყო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შეჯამებით. 30 ოქტომბერს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართა 50 საარჩევნო ოლქში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 50 ოლქიდან 48-ში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა. ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ ოლქში ყველაზე მეტი ხმა მიიღო „მრეწველების“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ, ხოლო მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში – დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა. არჩევნების დამკვირვებელმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ძალადობის რამდენიმე შემთხვევამ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა, თუმცა რისკის ქვეშ ვერ დააყენა არჩევნების შედეგები. კენჭისყრის დასრულების შემდეგ არჩევნები შეაფასეს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, გიორგი კვირიკაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

„ჩვენმა ხალხმა გამოავლინა მაღალი სამოქალაქო კულტურა, პირნათლად მოიხადა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. მე პატივს ვცემ თითოეული ადამიანის თავისუფალ არჩევანს იმის მიუხედავად, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა. მთავარია, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, შევძელით საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ეს არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს; აირჩიოს ახალი პოლიტიკური საბჭო, რათა მოხდეს იმ ახალი და წარმატებული ადამიანების პარტიის მართვაში ინტეგრირება, რომლებმაც ამ არჩევნებზე თავი გამოიჩინეს, იქნება ეს ცენტრალურ საბჭოში თუ რეგიონებში...

„ეს არის დარღვევების ყველაზე რთული ნაწილი, რომლის დასაბუთება არის რთული იმიტომ, რომ, როდესაც შენ აშინებ ადამიანს, ის შემდეგ ვეღარ გამოდის და საჯაროდ ვერ ასახელებს მოძალადეს. მთავარი პრობლემა ამ არჩევნებზე არ იყო „კარუსელები“ და, თუნდაც, საარჩევნო დღის მანიპულაციები, მთავარი პრობლემა იყო იმ კლიმატის შექმნა, რომელშიც ადამიანებს ეშინოდათ“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო არჩევნების ორი ტურის წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ მე-9 მოწვევის პარლამენტში ექნება 115 მანდატი, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა. 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული სისტემით 27 მანდატი მოიპოვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, 6 მანდატი – „პატრიოტთა ალიანსმა“ და თითო-თითო – ორმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა. შესაბამისად, გასულ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გამართა კონსულტაციები პარლამენტში თანამდებობების გასანაწილებლად. წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომლის თქმითაც, მმართველ პარტიას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სხვა თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

გასული კვირა მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობისათვის“, რომლის ლიდერები პარტიის გეგმების შეჯერებას ცდილობენ. საქმე ისაა, რომ გასულ კვირაში ღია წერილებით მიმართეს პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა და გიგი უგულავამ. პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ ტოვებს პარტიის თბილისის ორგანიზაციის თანამდებობას და მიაჩნია, რომ „აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს; აირჩიოს ახალი პოლიტიკური საბჭო, რათა მოხდეს იმ ახალი და წარმატებული ადამიანების პარტიის მართვაში ინტეგრირება, რომლებმაც ამ არჩევნებზე თავი გამოიჩინეს, იქნება ეს ცენტრალურ საბჭოში თუ რეგიონებში“.

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

პარტიაში ცვლილებების დაწყების მომხრეა უკრაინაში მყოფი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ყრილობის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა შენიშნა, რომ დებატები არ უნდა შემოიფარგლოს პოლიტსაბჭოს შემადგენლობით და, რომ ნაციონალური მოძრაობის ყრილობას უნდა დაესწროს რამდენიმე ათასი არჩეული დელეგატი. განცხადებაში ვკითხულობთ:

„გთავაზობთ ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას იმ ხალხისგან, ვინც არ იყო, თუნდაც, ბოლო საარჩევნო კამპანიების მცდარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი და რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს“.

წერილების პასუხად, გასული კვირის მიწურულს შეიკრიბა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო, რომლის გადაწვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა:

„პირველი საკითხი იყო ის, რომ პოლიტსაბჭომ დაავალა სამდივნოს, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც შეაფასებს პარტიის საარჩევნო კამპანიას. უახლოეს დროში ჩამოყალიბდება ეს ჯგუფი და მომზადდება ანალიზი. მეორე საკითხი კი უკავშირდება პარტიის ყრილობის საორგანიზაციო საკითხებს, შეიქნება ჯგუფი, რომელიც მოამზადებს წესებს და განსაზღვრავს დროს ყრილობის ჩასატარებლად“.

გასულ კვირაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია სოფელ ზვარეში მომხდარმა ფიზიკურმა დაპირისპირებამ. საქართველოს რკინიგზის ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, 2 ნოემბრის ღამით, ტყიდან გამოსულ ორ ადგილობრივ მცხოვრებს, არმატურებისა და რკინის კონსტრუქციების გამოყენებით, თავს დაესხნენ კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ზვარეს ობიექტის თანამშრომლები. ინციდენტს შეესწრო სამი ადგილობრივი მუშა, რომელთაც ვითარების განეიტრალება სცადეს, მაგრამ, საბოლოოდ, ბლაგვი საგნით დაზიანებები თავადაც მიიღეს. როგორც რკინიგზის ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავამ გვითხრა, ინციდენტი გამოიწვია ენის ბარიერმა და არასათანადო კომუნიკაციის პრობლემამ, რის გამოც, კომპანიის წარმომადგენლებმა შეცდომით ჩათვალეს, რომ გლეხებს კომპანიის კუთვნილი შეშა მიჰქონდათ სახლში:

მოვითხოვთ იმ მენეჯმენტის გადადგომას, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ადამიანების ცემას, რომლის წარმომადგენლები თავად მონაწილეობდნენ ცემაში. დაკავებულია რამდენიმე მათგანი, მაგრამ არა ყველა. ამიტომ მოვითხოვთ ყველას პასუხისგებაში მიცემას...

„დღეს გამეორდა, დილით, ეს მდგომარეობა. დილით უკვე მუშებს ჯგუფურად დაესხნენ თავს დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლები და იქ იყო ცივი იარაღის გამოყენების ფაქტიც. ჩვენ უკვე საავადმყოფოში ვნახეთ, მოვინახულეთ დაჭრილი მუშა, რომელსაც ცივი იარაღის კვალი აქვს სხეულზე, ჭრილობა მიყენებული დანით. აქედან გამომდინარე, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა გაავრცელა განცხადება და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ გადახედოს იმ კვალიფიკაციას, რა კვალიფიკაციითაც აღძრა საქმე ამასთან დაკავშირებით“.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე, თუმცა, ამის მიუხედავად, სოფელ ზვარეში კვლავ გრძელდება საპროტესტო გამოსვლები.

„მოვითხოვთ იმ მენეჯმენტის გადადგომას, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ადამიანების ცემას, რომლის წარმომადგენლები თავად მონაწილეობდნენ ცემაში. დაკავებულია რამდენიმე მათგანი, მაგრამ არა ყველა. ამიტომ მოვითხოვთ ყველას პასუხისგებაში მიცემას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა.

გასული კვირა არასახარბიელო აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული ვალუტისთვის, რადგანაც ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდა დოლართან მიმართებით, თუმცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ნერვიულობის საფუძველი, რადგანაც ლარი უახლოეს მომავალში კვლავ გამყარდება. ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის შემდგომი გაუფასურების რეალური საფუძვლები არ არსებობს:

„მაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი. პირიქით, გაუმჯობესებულია, მათ შორის, გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომლებიც შემცირებული იყო. იმპორტს აქვს შემცირების ტენდენცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები დოლარის თვალსაზრისით. ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში ჩამოირიცხება აზიის განვითარების ბანკიდან თანხები. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დროებითი და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას“.

რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

თუმცა, ამ არგუმენტებს არ იზიარებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ, სხვა არაერთი ფაქტორის გარდა, ლარის გაუფასურებაზე გავლენას ახდენს მთავრობის მიერ გაწეული ხარჯების მოცულობის ზრდა და ვალუტის მზარდი გადინება.

„მაშინ დავსვათ შეკითხვა: რატომ უფასურდება ლარი? იმიტომ, რომ მიწოდება არის უფრო მეტი და მიწოდების ძირითადი წყარო არის ბიუჯეტის დეფიციტი. აგერ, დღეს ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 1 მილიარდ 290 მილიონი ლარის კრედიტი, რეფინანსირების სესხების სახით. გუშინ, მთავრობამ კანონის დარღვევით, დამატებით აიღო, შიდა სესხის სახით, 45 მილიონი ლარი. დაახლოებით, ათი დღის წინ აიღო 90 მილიონი ლარი, ანუ 135 მილიონი ლარით მეტი სესხი აიღო, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ბიუჯეტის შესახებ კანონით. შესაბამისად, მთავრობა ზრდის ბიუჯეტის დეფიციტს. ფულის შემოსვლის გარეშე ეწევა ნაშთებიდან ხარჯვას, რასაც ჩვენ დეფიციტურ ხარჯვას ვუწოდებთ, ირღვევა დისბალანსი ვალუტის მოთხოვნა-მიწოდებას შორის და, რეალურად, დღეს ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზია არასწორი საბიუჯეტო ხარჯვა“ .

სხვა ეკონომისტებიც იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ ლარის კურსის ვარდნაზე გავლენას ახდენს საქართველოდან კაპიტალის გადინება, რადგანაც საქართველოში დაბანდების საშუალება არის მწირი: ეკონომიკა ვარდნის მდგომარეობაშია, მოსახლეობის შემოსავლები შემცირებულია და კაპიტალის აქ დაბანდებას დაკარგული აქვს ეკონომიკური აზრი. თუმცა, ლარის კურსის რყევის მკვეთრი ალაგმვა შესაძლებელია იმით, რომ ეროვნულმა ბანკმა გამოსცეს ნორმატიული აქტი, რომლითაც კომერციულ ბანკებს აეკრძალებათ ერთჯერადი მსხვილი გადარიცხვის განხორციელება, წვრილ-წვრილი გადარიცხვებით კი, კაპიტალის გადინება არ იმოქმედებს ასე ტრაგიკულად ლარის კურსზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG