Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პარლამენტის პირველი სხდომის კვირა


მეცხრე მოწვევის პირველი საპარლამენტო სესია და ლარის კურსი, ტოლერანტობის კვირეული და რუსეთის უარი რომის სტატუტსა და ჰააგის სასამართლოს სამართალს, თბილისის წიგნის დღეები და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო, შემაჯამებელი, ანგარიში - ამ და სხვა თემებზე წერდა, მსჯელობდა საქართველოს მედია გასული კვირის განმავლობაში.

ახალი პარლამენტის პირველის სხდომის კვირა
please wait

No media source currently available

0:00 0:09:10 0:00
გადმოწერა

გასულ კვირაში ბევრი ითქვა და დაიწერა ლარის კურსის თაობაზე, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კი ლარის კურსის ვარდნა ასე ახსნა:

იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ძალიან, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად. ექსპორტი რაოდენობრივად გაზრდილია, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამო არის ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს ყველა ლოგიკით“.

გასულ კვირაშივე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ჩამოთვლილია ლარის დევალვაციის გამომწვევი მიზეზები - რომ მცურავი კურსის ცვლილებებს განაპირობებს მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაცია; ბოლო თვეების განმავლობაში, იმპორტიდან გამომდინარე, გაზრდილი სავალუტო გადინებები, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით, და ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნა, რასაც, სამწუხაროდ, ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თემით სპეკულაციის მცდელობა.

ეკონომიკის ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ხშირ შემთხვევაში ნეგატიურ მოლოდინს აჩენენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ასე ფიქრობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი, მერაბ ჯანიაშვილი. ​

არასწორი მოლოდინების შექმნაში, რა თქმა უნდა, გარკვეული წილი აქვთ ექსპერტებსა და ოპოზიციას, მაგრამ უფრო მეტად ამ მოლოდინს ქმნიან მთავრობის წარმომადგენლები. მაგალითად, გავიხსენოთ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელმაც თქვა, რომ წლის ბოლოს ლარის კურსი იქნება 2,25-ის ფარგლებშიო. საიდან დაასკვნა და საიდან გააკეთა ასეთი ზუსტი პროგნოზი? ანუ მთავრობა იმას კი არ ამბობს, რომ ლარის კურსი იქნება სტაბილურიო (რაც მნიშვნელოვანია), არამედ იძახიან, რომ ის გამყარდება. და იმდენჯერ თქვეს, რომ გამყარდება და იმდენჯერ არ გამართლდა მათი პროგნოზი, რომ მათი ნათქვამი დევალვირდა და ხალხს აღარ სჯერა მათი, უთხრა რადიო თავისუფლებას მერაბ ჯანიაშვილმა.

მთავრობის განცხადებაში ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ მთავრობა უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს სამოქმედო გეგმას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ლარის გამყარება.

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გამყარება შესაძლებელია მხოლოდ გამოყოფილი კრედიტებისა და გრანტების ათვისებით, ბიუჯეტის დეფიციტისა და ხარჯვების შემცირებით და რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის მოზიდვით. ვახტანგ ლეჟავას თქმით, დოლართან ბრძოლის ყველა სხვა მცდელობა დამთავრდება ლარისა და, შესაბამისად, ქართველი მომხმარებლის დაზარალებით.

გასულ კვირაში საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა ქუთაისის პარლამენტის შენობაში. სხდომამ პარლამენტის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აირჩია. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის იყო, ასევე, პარლამენტის ვიცე-სპიკერების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების დამტკიცება. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და პარლამენტს ინსტიტუტების გაძლიერებისა და თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ვერ შეეგუება სახელმწიფო ინსტიტუტების შელახვისა და შესუსტების ჩანაფიქრსაც კი და „ქართულ ოცნებას“ შეახსენა ეგრეთ წოდებული მარტივი ჭეშმარიტება, რომ „ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი“. შესაბამისად, ის, რის გაკეთებასაც საქართველოს პრეზიდენტი მომდევნო წლების განმავლობაში პარლამენტთან ერთად ისურვებდა, შემდეგია:

სრულად უნდა ავამუშაოთ ხელისუფლების შტოთა გამიჯვნის, ბალანსის და გაწონასწორების მექანიზმები, შევქმნათ დამატებითი ინსტრუმენტები სამოქალაქო ჩართულობისთვის. ამის გათვალისწინებით, მზად ვარ დავამკვიდრო პრობლემურ, სტრატეგიულ მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა, მზად ვარ წარმოგიდგინოთ ჩემეული ხედვა და შემოგთავაზოთ ის საკითხები, რომლებიც, ჩემი აზრით, უპირველესად საჭიროებს დახვეწასა და სრულყოფას. დავიწყებ დღევანდელობის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემით. დღეს ჩვენს მოსახლეობას - მოსახლეობის უდიდეს ნაწილს - ყველაზე მეტად არსებული ეკონომიკური ვითარება, უმუშევრობა და მძიმე სოციალური პრობლემები აწუხებს“.

ქვეყნის დემოკრატიზაციის კურსის ერთგულებაზე გაამახვილა, თავის მხრივ, ყურადღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ:

ჩემს უმთავრეს ამოცანად მესახება პარლამენტში ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევად განვითარებას. ჩემი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ თანამდებობის ზოგადი როლიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, ჩემს საპარლამენტო საქმიანობას და მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას, თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს შესაძლებლობა მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში“.

საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმირება კი, დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის, თანახმად, შემდეგნაირად მოხდა:

დარეგისტრირდა ფრაქციაქართული ოცნება“, რომელშიც გაერთიანებული არის 110 წევრი, თავმჯდომარე არის მამუკა მდინარაძე. იმავდროულად შეიქმნა ფრაქციაქართული ოცნება-მრეწველები“. ფრაქციაში გაერთიანებული არის პარლამენტის 6 წევრი, თავმჯდომარე - სიმონ ნოზაძე. 116 წევრისგან შეიქმნა უმრავლესობა და უმრავლესობის ლიდერი არის ბატონი არჩილ თალაკვაძე. დარეგისტრირდა, ასევე, ფრაქციაერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მისი თავმჯდომარე არის ნიკანორ მელია. დარეგისტრირდა ფრაქციანაციონალური მოძრაობა-საქართველოს წინსვლისათვის“.

2016 წლის 16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, განკარგულების საფუძველზე რუსეთი საბოლოოდ გაემიჯნა რომის სტატუტს და ამ გზით ჰააგის ტრიბუნალის სამართალიც საბოლოოდ უარყო. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე 16 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, "ჰააგის სასამართლომ მოლოდინი ვერ გაამართლა და ვერ იქცაჭეშმარიტად დამოუკიდებელ და ავტორიტეტიან ორგანოდ“.

საქართველოში კი ფიქრობენ, რომ მიუხედავად ამისა, რუსეთი მაინც ვერ აარიდებს თავს სასჯელს, თუკი, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ჰააგის ტრიბუნალი დამნაშავეებად ცნობს რუსეთის ხელისუფლების ყოფილ თუ ამჟამინდელ კონკრეტულ წარმომადგენლებს. საქართველოს ხელისუფლებაში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის ბოლო ნაბიჯი ვერაფერს შეცვლის და სწორედ ამაზე ლაპარაკობს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთი ციხელაშვილი:

რუსეთს არ ჰქონდა რატიფიცირებული რომის სტატუტი, მიერთებული არ გახლდათ და როგორც ადრე, ასევე მომავალში ეს ხელს ვერ შეუშლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროცესს... წინასასამართლო პროცესზე უკვე იქნა აღნიშნული, რომ ეს გამოძიება მათ შორის მოიცავს, დადგენის შემთხვევაში, რუსეთის პასუხისმგებლობას“.

ამაში დარწმუნებულები არიან „ადამიანის უფლებათა ცენტრშიც“, რომლის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი, აცხადებს:

ისინი (ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები) თამამად ამბობენ, რომ არც ერთი დამნაშავე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და იშველიებენ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას, როდესაც სტატუტის ხელმომწერი არ იყო ქვეყანა და ამ ქვეყნის ხელისუფლება ომის დამნაშავეებს ხელს აფარებდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ომის დამნაშავე მაინც დააკავეს, მაგალითად - სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადასვლისას... მათ აქვთ სხვადასხვა მექანიზმი, რის მიხედვითაც ისინი შეეცდებიან შემდგომში გამოვლენილი დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას.

გასულ კვირაში გამოქვეყნდა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საბოლოო ანგარიში, რომელშიც შეფასებულია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დამახასიათებელი იყო „ღია პოლიტიკური გარემო“, „კონკურენტული საარჩევნო კამპანია“ თუ „რეგიონში ყველაზე თავისუფალი, მრავალფეროვანი მედიაგარემო“. ტექსტში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ დაეფუძნებინათ პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებულიყვნენ პოლიტიკურ პარტიებში. პარტიებსა და კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში დაუსაბუთებელი შეზღუდვებისა და დისკრიმინაციის გარეშე“. თუმცა ანგარიშში საუბარია ნაკლოვანებებზეც - აღნიშნულია საარჩევნო პროცესის განმავლობაში არსებული „ძალადობისა და დაშინების შემთხვევები; საუბნო საარჩევნო კომისიის ზოგიერთი წევრის კვალიფიკაციის, ნეიტრალურობისა და კომპეტენციის საკითხი და საჩივრების განხილვის მექანიზმების მიუკერძოებლობისა და თანმიმდევრობის მიმართ არსებული კითხვები“...

16 ნოემბერს მსოფლიომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნა. საქართველოში კი ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმის შეჯამება იყო, თუ რა კეთდება ქვეყანაში განსხვავებულთა მიმღებლობისა და შემწყნარებლობის მიმართულებით და კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ უმცირესობათა ინტეგრაციას მხოლოდ კამპანიური და ფრაგმენტული ხასიათი არ ჰქონდეს.

„მედიის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის თანახმად, რომლის მიზანი მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და წყაროების გამოვლენა იყო, 868 დისკრიმინაციული კომენტარიდან გამოიკვეთა ჰომოფობიის 454, სხვადასხვა ტიპის ქსენოფობიის 324 და პოლიტიკური და სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის 90 შემთხვევა. სწორედ ამ კვლევის შედეგების გათვალისწინებით ამბობს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, რომ საქართველოში სიძულვილი და აგრესია ყველაზე მეტად მიმართულია ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ, მომდევნო ადგილზე კი არის თურქოფობია, რომელიც წინ უძღვის სხვადასხვა ტიპის ქსენოფობიას, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით. საზოგადოებაში ცალკეული ჯგუფების მიმართ არსებული სიძულვილის იერარქია, მისი შეფასებით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. რას მიიჩნევს შექმნილ ვითარებაში გამოსავლად რუსუდან გოცირიძე?

ჩემი რეცეპტი არის განათლება, განათლება, განათლება და კიდევ განათლება. ოღონდ, იცით, როგორი განათლება? არა ინფორმაციის მიცემა, ძველი, საბჭოური სისტემის განათლება, რომელიც დღემდე არსებობს ჩვენს სკოლებსა და უნივერსიტეტებში, არამედ აღზრდა ადამიანებისა და ანალიტიკური აზროვნების სწავლება ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის. და განათლება ამას უნდა ემსახურებოდეს. ამაზე უნდა ხარჯავდეს სახელმწიფო ყველაზე მეტ რესურსებს - ფინანსური იქნება, შემოქმედებითი იქნება თუ ყველანაირი რესურსები - და ეს უშველის“.

17-დან 20 ნოემბრის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიხსნა საბავშვო წიგნის ილუსტრაციისა და წიგნის ხელოვნების მესამე საერთაშორისო ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები“. წელს წიგნის გამოფენას 50-მდე მონაწილე ჰყავს, „თბილისის წიგნის დღეების“ ფარგლებში ბოლონიის ილუსტრატორთა და ხალხური ზღაპრების ილუსტრაციის გამოფენაც გაიმართება. მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებისათვის საუკეთესო ადგილი „ექსპო ჯორჯია“ იქნება, სადაც სასურველ წიგნებს ფასდაკლებით შეიძენენ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG