Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ციანიდით“ მოწამლული კვირა


გასული კვირის მნიშვნელოვანი ამბებიდან გამორჩეული იყო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტში, რომლის წევრებმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ - შექმნას.

„ციანიდის საქმით“ გაჯერებული კვირა
please wait

No media source currently available

0:00 0:07:59 0:00
გადმოწერა

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, კანონპროექტის მიღების მიზანია ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული თვალთვალის განხორციელების სისტემის რეფორმირება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, თუმცა უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს არ იწონებს არც სახალხო დამცველი, არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არც სამოქალაქო სექტორი და არც საპარლამენტო ოპოზიცია, რომლის ნაწილმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

„ეს არის კანონი, რომლის მიღებაც ამ ქვეყანაში აინტერესებს ერთ ადამიანს და დღეს კიდევ ერთელ ვიხილეთ, რომ ერთი ადამიანის ნება უფრო მაღლა დგას, ვიდრე მთელი საზოგადოების. ვერ მივიღებთ მონაწილეობას იმ უკანონობის დაკანონებაში, რომელიც ამ კანონის მიღებას მოჰყვება საქართველოში, ყველას ტოტალურ მოსმენებში, უკონტროლო თვალთვალის სისტემის ჩამოყალიბებაში“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

კანონპროექტს ასევე არ დაუჭირა მხარი ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსმა“. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი მიღებულ კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა მანამდე კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ მესამე მოსმენით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრა მომავალ კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გაიმართება. ირაკლი კობახიძემ ასევე ახსნა, თუ რატომ უთიშავდა მიკროფონებს ოპოზიციონერ დეპუტატებს და რატომ თქვა უმრავლესობამ უარი ცვლილებათა პაკეტის მუხლობრივ განხილვაზე:

მარტივად იყო საქმე: ოპოზიცია, რეგლამენტის შესაბამისად, ახორციელებდა მცირე საპარლამენტო საბოტაჟს, რომელიც აღვკვეთე ასევე რეგლამენტის შესაბამისად. ეს იყო და ეს. თქვენი არჩევანი იყო და გქონდათ ამის უფლება“.

ხმაურსა და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი თბილისის საკრებულოშიც, სადაც მოსამართლე ნაზღაიძის ძმისათვის გადაცემული მილიონიანი ქონების დედაქალაქისთვის დაბრუნების ინიციატივას განიხილავდნენ:

„ფაქტია, რომ ამ დანაშაულებების, მაფიოზური სქემების განხორციელებას რიგითი ნაზღაიძისთვის არავინ არ ჩაიდენდა, რომ არ ყოფილიყო ის მოსამართლე ნაზღაიძის ძმა და, რაც მთავარია, რომ არ ყოფილიყო „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ძმა“.

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, უმრავლესობამ ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემის შესახებ 23 დეკემბერს გამოცემული განკარგულება არ გააუქმა. საკრებულოს წევრმა რიმა ბერაძემ ასე უარყო ერთ-ერთი ოპონენტის ბრალდება:

„ქალბატონო სამნიძე, რის საფუძველზე მიგაჩნიათ, რომ ჩვენ, უმრავლესობა, ვართ კორუმპირებულები. თქვენ ხომ რეალურად კარგად იცნობთ საქმის ვითარებას, ისიც იცით, რომ არაფერი კორუფციული გარიგება არ ყოფილა. კორუფციასთან დაკავშირებით თქვენი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოღვაწეობა ხომ არ გახსენდებათ?“

გასული კვირის განმავლობაში საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო საქართველოს საპატრიარქოსკენ. გარდა იმისა, რომ საქართველოს პროკურატურა ბრალს სდებს დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მცდელობაში, ასევე თავი იჩინა დაპირისპირებამ პატრიარქის დაცვის უფროს სოსო ოხანაშვილსა და პატრიარქის მდივან მიქაელ ბოტკოველს შორის. კვირის ბოლოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განმარტება გააკეთა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა, რომელიც პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად საპყრობილეში ბრალდებულის დნმ-ის, კალიგრაფიისა და ხმის ნიმუშების ასაღებად იყო მისული.

პროკურატურა აპირებს ასევე შორენა თეთრუაშვილის დაკითხვას. საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას, თანახმად, ჩვენების მისაცემად მზადაა პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც. ბრალდებული დეკანოზის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ საფრთხე ემუქრება როგორც თავად ბრალდებულს, ასევე მისი ოჯახის წევრებს და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება:

„საფრთხე უნდა იქნეს აღმოფხვრილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კეთილი უნდა ინებოს და მისი ოჯახის თითოეული წევრის უსაფრთხოება უნდა დაიცვას. საეჭვოა ის, რომ გამოძიება არ არის დაინტერესებული იმით, თუ რა ჩვენება შეიძლება მისცეს მამა გიორგი მამალაძემ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მისი ჩვენება ამოაყირავებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების საფუძვლიანობას“.

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები, მათ შორის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროების ჭრილში:

„სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივები. ჩვენ გარკვეული იდეებით ჩამოვედით და სიამოვნებით განვიხილავთ მათ თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა შედეგიანი და ნაყოფიერი იქნება. დიდი მადლობა ჩვენი დელეგაციის თბილი მიღებისთვის“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სომეხ კოლეგას ჰქონდა ძალიან საინტერესო შემოთავაზებები ერთიანი ბაზრის პოტენციალის ათვისების მიმართულებით და კოოპერაციის თაობაზე და რომ საქართველოს მხრიდან სრული მზადყოფნაა ამ მიმართულებით. გასული კვირის მიწურულს საქართველოში აღნიშნეს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი - 25 თებერვალი - საქართველოს ოკუპაციის დღე. სახელმწიფო უწყებებმა დაუშვეს სახელმწიფო დროშები, ხოლო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გვირგვინით შეამკო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალი.

გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურე სოსო ოსურაული, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კერძო კონტრაქტით მუშაობდა, "23 მარტის მოძრაობის" (M23) მეამბოხეების ტყვეობაში იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სააქრთველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიჭრა, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ გომაში მკურნალობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სამხედრო მფრინავმა სოსო ოსურაულმა საქართველოს შეიარაღებული ძალები 2015 წლის მარტში დატოვა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG