Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიზიტებით „დატვირთული“ კვირა


უნგრეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები, ვიქტორ ორბანი (მარცხნივ) და გიორგი კვირიკაშვილი
უნგრეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები, ვიქტორ ორბანი (მარცხნივ) და გიორგი კვირიკაშვილი

გასული კვირა დატვირთული აღმოჩნდა თბილისში მაღალი რანგის სტუმრების ოფიციალური ვიზიტებით. კვირის დასაწყისში თბილსს ორი დღით ეწვია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი, რომელმაც მოლაპარაკებები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა თუ განათლების საკითხებზე.

ვიზიტებით „დატვირთული“ კვირა
please wait

No media source currently available

0:00 0:08:54 0:00
გადმოწერა

18 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ირანელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ირანისა და საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას დიდი პერსპექტივა აქვს: „განვიხილეთ სხვადასხვა შესაძლებლობა ირანისა და საქართველოს თანამშრომლობის კუთხით - დაწყებული ტრანზიტით და გაგრძელებული წარმოებით, სოფლის მეურნეობით, მეცნიერებით, ტექნოლოგიებით... მათ შორის, ასევე, თანამშრომლობით საერთაშორისო ორგანიზაციებში და თანამშრომლობით რეგიონალური საკითხების გარშემო. მჯერა, რომ

დაბალი ტრანსპორტირების საფასური ჩვენ გვაძლევს კარგ საშუალებას, რომ ირანის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ჩართულობით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ჯავად ზარიფი

ჩვენ ფართო შესაძლებლობები გვაქვს. დერეფანი სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის არა მხოლოდ აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს, არამედ მსოფლიოს აახლოებს. აზიიდან ევროპისკენ გაცილებით დაბალი ტრანსპორტირების საფასური ჩვენ გვაძლევს კარგ საშუალებას, რომ ირანის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ჩართულობით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა“.

გასულ კვირას საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრებზე განიხილა ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობების, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის საკითხები. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმზე გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს და ქვეყნებს შორის მსგავსებას გაუსვა ხაზი:

„საქართველოს მთავრობა ცდილობს გაატაროს მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმებისა, რასაც ჩვენ ბოლო წლები ვაკეთებდით. მე შევიტყვე ბევრი პროგრამის შესახებ, რომელიც მიმართულია საგადასახადო სისტემის მოდერნიზებისკენ, განათლების სისტემის ცვლილებისკენ, განათლების საშუალებით ეკონომიკის რეალურ მოთხოვნათა დაახლოებისკენ. ყველა ასეთი საკითხი, მათ შორის, თუ როგორ მოგვარდეს ბიუროკრატიის პრობლემები, რაც შეიძლება აქ ვნახოთ, მიანიშნებს ასევე თქვენს ძირეულ აღქმაზე უნგრეთის ეკონომიკისა და უნგრული საზოგადოების, რაც ძალიან კარგი ნიშანი და შესაძლებლობაა თანამშრომლობისთვის“.

ვიქტორ ორბანის თქმით, პოლიტიკური ურთიერთობები საქართველო-უნგრეთს შორის სრულყოფილია და ახლა ჯერი ბიზნესზეა. პასუხად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, განაცხადა, რომ უნგრული კომპანიების მხრიდან ინტერესის ზრდა თვალსაჩინოა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სასტუმრო ინდუსტრიისა და სხვა მიმართულებებით. მისი აზრით, ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნესკონტაქტების გააქტიურებას ხელს შეუწყობს ის ბიზნესფორუმიც, რომელიც 21 აპრილს გაიმართა თბილისში:

განსაკუთრებული მადლიერებით მსურს გამოვყო თანამშრომლობა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
გიორგი კვირიკაშვილი

„დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებს, რაც ასევე სასარგებლო წინაპირობაა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. აღსანიშნავია საქართველოში უნგრელი ტურისტების მზარდი მაჩვენებელი, რასაც ქუთაისსა და ბუდაპეშტს შორის არსებული პირდაპირი რეისებიც უწყობს ხელს. მისასალმებელია, რომ 2016 წლის სექტემბრიდან უნგრული ავიაკომპანია “Wizz Air” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული. განსაკუთრებული მადლიერებით მსურს გამოვყო თანამშრომლობა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომლითაც ქართველ სტუდენტებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს თბილისში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციაც მოჰყვა. ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა ბუდაპეშტში განლაგებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შემზღუდავი კანონის მიღება გააპროტესტა, მეორე ნაწილმა კი უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ჯორჯ სოროსის, საქმიანობა დაგმო.

გასულ კვირაში საქართველოს ეწვია ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, რომელიც, ვიზიტის ფარგლებში, სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა. უკრაინელი დიპლომატის თქმით, მას ისეთივე გრძნობა დაეუფლა, როგორიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში გამყოფ ხაზთან ყოფნისას. უკრაინელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, უმასპინძლა.

გასულ კვირაში აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას ორი დღით ესტუმრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელმაც სოხუმში რუსეთის საელჩო გახსნა და მოლაპარაკება გამართა თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი მინისტრის ჩასვლა გააპროტესტეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი წარმომადგენლობის ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანხმობით. სხვა შემთხვევაში ასეთი ქმედება წარმოადგენს როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. რუსეთის ფედერაციის მცდელობები, საერთაშორისო ურთიერთობების იმიტაციით მოახდინოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი ყოფნის ლეგალიზაცია, ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და, ასევე, საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს“.

შესაძლოა, [აფხაზეთში] შიდაპოლიტიკურ ვითარებას ასე მარტივად ვერ აკონტროლებენ...
ლევან გერაძე

სერგეი ლავროვის ამ ვიზიტით რუსეთი ამცნობს საქართველოს და დასავლეთსაც, რომ აფხაზეთი მისი გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიაა - ასეთი ვარაუდი გამოთქვა „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლევან გერაძემ, რომლის თქმითაც, ოკუპირებულ აფხაზეთში ლავროვის მთელი ორი დღით დარჩენა სხვა მიზანსაც უნდა ისახავდეს:

„მე რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მიუხედავად რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიის სერიოზული სამხედრო კონტროლისა, შესაძლოა, შიდაპოლიტიკურ ვითარებას ასე მარტივად ვერ აკონტროლებენ და ეს ვიზიტიც დაკავშირებული იყოს იმ ბოლო პოლიტიკურ მოვლენებთან, რომელიც აფხაზეთში მარტის თვის შემდეგ განვითარდა. ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციისთვის არცთუ ისე ადვილ და მისაღებ შედეგებს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის არჩევნებზე. შესაძლოა, ამითაც იყოს განპირობებული, რომ იქ მხოლოდ ვლადისლავ სურკოვის ვიზიტები და მხოლოდ მეორე კლასის სახელმწიფო მოხელეთა საინსპექციო-რევიზორული ჩასვლები ამ ტერიტორიაზე არ აღმოჩნდა საკმარისი იმ სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც რუსეთს აქვს ამ რეგიონში“.

გასული კვირიდან ამოქმედდა ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაცია, რომელიც ისრაელში თავშესაფრის მოპოვებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შეეხებათ. ისრაელის შს მინისტრის გადაწყვეტილებით, თავშესაფრის იმ მაძიებლებს, რომელთა საკითხიც თავშესაფრის მიღების თაობაზე უარყოფითად გადაწყდება, აღარ მიეცემათ საშუალება ქვეყანა შვიდი დღის განმავლობაში ნებაყოფლობით დატოვონ. ახალი რეგულაციის მიხედვით, ასეთი მოქალაქეების მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება დეპორტაციის პროცედურა. საქართველოს

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 2016 წელს ისრაელში საქართველოს 2042 მოქალაქე არ შეუშვეს.

გასული კვირის მიწურულს მუშაობა დაასრულა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელმაც 22 აპრილს კენჭი უყარა კონსტიტუციის იმ პროექტს, რომელიც საერთო-სახალხო განხილვის საგანი უნდა გახდეს. დასკვნით ეტაპზე კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, თუმცა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება მის სუბიექტურ ინტერესებს:

„ჩვენ გადავდივართ შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტია თავისი ნებით ამბობს უარს მაღალი ალბათობით ხელახლა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე. შენიშვნათა უდიდესი ნაწილი, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა 2010 წლის ცვლილებების განხორციელებისას, ეხებოდა სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტს. დასკვნაში აღინიშნა, რომ გადაიდგა ნაბიჯები სწორი მიმართულებით საპარლამენტო სისტემაზე გადასვლისას, მაგრამ ეს ნაბიჯები იყო ბოლომდე მისაყვანი“.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც შექმნის მომენტში 73 წევრისგან შედგებოდა, მთლიანობაში ოთხი თვე იმუშავა. 22 აპრილს მიღებულ დოკუმენტს ჯერ ექსპერტიზა ჩაუტარდება ვენეციის კომისიაში, ბოლოს კი, საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ, კენჭს უყრიან საქართველოს პარლამენტში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG