Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიის გაყოფა, „გაზპრომი“ და დაუცველი ძეგლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე


"ნაციონალური მოძრაობის" აქცია 2013 წლის 19 აპრილი.
"ნაციონალური მოძრაობის" აქცია 2013 წლის 19 აპრილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა - სწორედ 12 იანვრით დათარიღებული ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ გასული კვირის ყველაზე ხმაურიან საშინაო პოლიტიკურ მოვლენად. რამდენიმეთვიანი შიდადაპირისპირების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანი აღარ არის. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და იმ პოლიტიკოსთა ჯგუფმა, რომელიც პარტიის 20 იანვრის ყრილობას არალეგიტიმურად მიიჩნევს, განცხადება პარტიის დატოვების შესახებ სწორედ 12 იანვარს გააკეთა.

„დღეიდან ეს პოლიტიკური ძალა და ეს პოლიტიკური გუნდი იწყებს ბრძოლის ახალ ეტაპს, რომლის ამოცანაც იქნება საქართველოში ვითარების შეცვლა უკეთესობისკენ, „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი გზით დასრულება და ქვეყნის განვითარების და პროგრესის დაბრუნება. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ცოდნა და კომპეტენტურობა“.

დავით ბაქრაძის გვერდით დადგა თბილისის ყოფილი მერი, საპატიმროდან ახლად გათავისუფლებული გიგი უგულავა. მისი თქმით, პასუხისმგებლობა პარტიის დანგრევაზე ეკისრება ერთ ადამიანს და ეს ის ადამიანია, რომელმაც ეს პარტია დააფუძნა, თუმცა, მისივე სიტყვებით, ეს ადამიანი - მიხელ სააკაშვილი - უკვე „აღარ ასხივებს ლიდერობას“. ნაციონალური მოძრაობიდან წასული დეპუტატების სია კი ასე გამოიყურება: გიგა ბოკერია, პარტიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, უმცირესობაში შემავალი 6-წევრიანი ფრაქციის ლიდერი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ტუღუში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, გიორგი ღვინიაშვილი, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირაკლი აბესაძე, ლელა ქებურია, მამუკა ჩიქოვანი და გიორგი კანდელაკი. ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული წევრები საქმიანობას გააგრძელებენ ”ევროპულ საქართველოში”, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობასთან” საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა.

ნიკა მელია
ნიკა მელია

ახალ გუნდს არ შეუერთდა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩა 21 დეპუტატისგან შემდგარი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელია. მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს რომან გოცირიძემ, თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა. ნიკა მელიამ პარტიიდან წასულ გუნდს მოგვიანებით განცხადებითვე უპასუხა:

„ვცემთ პატივს მათ აზრს. წამსვლელი წავიდა. უბრალოდ, ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან გაკვირვებულები ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო დაუთმეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და პრეზიდენტ სააკაშვილის ლანძღვა-გინებას“.

საბოლოო ანგარიშით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის 59-მა წევრმა - მათ შორის, პარლამენტის 21-მა დეპუტატმა - დატოვა. მათ საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობასაც” გადაარქვეს სახელი და ”ევროპული საქართველო” უწოდეს. 13 იანვარს ნიკა მელიას ნაცვლად ფრაქციის ახალი თავმჯდომარეც აირჩიეს - სერგო რატიანი. 13 იანვარს გახდა ცნობილი ისიც, რომ დეპუტატების ნაწილმა საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ მეორე ფრაქციაში გადაინაცვლა და ამ გზით ფრაქციის დაშლაც გამოირიცხა.

არ დაიშლება არც ფრაქცია, უკვე ყოფილი სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის”, რომელსაც ამ დრომდე ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს და რომელშიც შედიან, ასევე, ოთარ კახიძე და გიორგი ტუღუში. მას მხოლოდ სახელი შეეცვლება და, როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, მის დასახელებაში აღარ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“.

"გაზპრომი"
"გაზპრომი"

კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც გასულ კვირაში საზოგადოების ნაწილის ვნებათაღელვა გამოიწვია, ეს არის საქართველოს თანხმობა რუსეთის „გაზპრომის“ წინადადებაზე, სომხეთისკენ გატარებული ბუნებრივი აირის საფასური ანაზღაურდეს არა ნედლეულით, არამედ ფულით. რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან წარმოებული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 11 იანვარს განაცხადა, რომ, 2-წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში, პირველ წელიწადს გადახდის შერეული მექანიზმი იმუშავებს, მეორე წელიწადი კი მთლიანად ფულად ანაზღაურებაზე იქნება ორიენტირებული. საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს წინადადება არ არის წამგებიანი და საქართველოსთვის თითქმის არაფერი იცვლება, თუმცა პოლიტიკური ოპონენტები და ექსპერტთა ერთი ნაწილი ახალ შეთანხმებას უკანგადადგმულ ნაბიჯად და მიუღებელ კომპრომისად მიიჩნევს.

„გაზპრომ-ექსპორტი“ კონკრეტულ დეტალებზე არ ლაპარაკობს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კი საკითხის მხოლოდ მცირე ნაწილს ეხება და ტრანზიტის საფასურის ოდენობას არ ასახელებს:

​„რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად. ხელშეკრულება არის მოკლევადიანი (2 წლის ვადით), თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდეგ გაგრძელდება ფულადი ანაზღაურების ანგარიშსწორება, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით“.

„გაზპრომთან“ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების პირობებს წამგებიანად და მიუღებლად მიიჩნევს ეკონომისტების ნაწილი. მათ შორის არის ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი გოჩა თუთბერიძეც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, „გაზპრომისთვის“ უკეთესი პირობები ავტომატურად ნიშნავს უარეს პირობებს საქართველოსთვის:

„ტრანზიტის საფასურად ჩვენ ვიღებდით ბუნებრივი აირის 10 %-ს... ფასები ბუნებრივ აირზე მერყეობს იმის მიხედვით, როგორი იქნება ნავთობის ფასები და ასე შემდეგ. მრავალი ფაქტორი მოქმედებს ბუნებრივი აირის ფასზე... მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი სომხეთს არ აძლევს საბაზრო ფასში ბუნებრივ აირს. ამიტომ გატარებული ბუნებრივი აირის ფასიდან გამომდინარე თუ ავიღებთ ჩვენ ტრანზიტის გადასახადს, ეს, თავისთავად ცხადია, გაცილებით ნაკლები იქნება ღირებულებით გამოხატულებაში, ვიდრე ახლა ვიღებთ ნატურის სახით“.

გასულ კვირაში საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების თარიღს. 12 იანვარს სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიემხრო ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი (LIBE). კენჭისყრაში მონაწილე 45 დეპუტატიდან საკითხს 42-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა მისცა 2-მა დეპუტატმა, ხოლო 1-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ საკითხს კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, თებერვალში დააყენებენ. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე ევროკავშირთან საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის განხილვის თარიღად 2 თებერვალია მითითებული. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პროცესს ხელს ვეღარაფერი შეუშლის.

ახლა წინ ევროპარლამენტში კენჭისყრაა. საგარეო უწყების თანახმად, ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. შემდეგ კი, როგორც სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძეც განმარტავს, უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩება:

„ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან მალე ამ ტექნიკური პროცედურების გავლის შემდეგ ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას“.

12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანიც გამოეხმაურა: „მივესალმები ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისათვის მტკიცე მხარდაჭერას“, - წერს ჰანი.

გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში მომხდარი ვანდალური აქტის შესახებ ჯერ კიდევ 6 იანვარს იუწყებოდა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზა“. სოხუმიდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისტორიული ძეგლები უკვე მთლიანად განადგურებულია. ამ ინფორმაციას 10 იანვარს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აღშფოთება გამოხატა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა ისტორიული სასაფლაოს განადგურების გამო და საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა.

ამ ფაქტის შესახებ იტყობინებოდა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტი ელენა ზავოდსკაია.

კორესპონდენტი ამბობს, რომ რაიონული სათათბიროს დეპუტატის, გენადი შინკუბას მონათხრობის თანახმად, ოდესღაც სოფელ წებელდაში კომპაქტურად სახლობდნენ პოლონელები. ისინი თავიანთ მიცვალებულებს სოფლის განაპირას კრძალავდნენ და მე-19 საუკუნეში მათ სახელზე იქვე ეკლესია ააშენეს. ამავე წყაროს ცნობით, შემორჩენილი იყო ეკლესიის ნანგრევები, შენარჩუნებული ფუნდამენტით, კედლების ფრაგმენტებითა და ნაწილობრივ გადარჩენილი გალავნით. ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს განადგურების ისტორიაში აშკარად ჩანს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელი:

„2011 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდის მიმდებარე ტერიტორია აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს გადაეცა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამმართველოსთან ერთად წვრთნების ჩასატარებლად. მოგვიანებით ეს ტერიტორია ხელშეკრულებით გადასცეს მესაზღვრეებს, რომლებმაც აქ სამხედრო პოლიგონის მშენებლობა დაიწყეს. სამშენებლო და მიწის სამუშაოებს უძღვებოდა პოლიგონის უფროსი ვიქტორ გრიშჩენკო. 3 იანვარს, მისი მითითებით, პოლიგონის ტერიტორიაზე ამოქმედდა მძიმე ტექნიკა და ყველაფერი გადაასწორა. ეკლესია მდებარეობდა ბორცვზე, რომელიც ხელს უშლიდა სამხედროებს. ეკლესიის კედლების ნაწილები და გალავანი ბულდოზერებით თითქმის 100 მეტრზე გაათრიეს და ტერიტორიაზე გაფანტეს. ასეთივე ბედი ეწიათ იქ დამარხულ ადამიანთა ნეშტებს“.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, სოხუმელი კორესპონდენტი ელენა ზავოდსკაია, ადგილობრივ ექსპერტებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ ეკლესია და პოლონელთა სასაფლაო უკვე განადგურებულია და მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება.

ამ ვანდალურ ფაქტს გამოეხმაურა 14 იანვარს საქართველოს საპატრიარქოც, რომელიც ისტორიული ძეგლის დანგრევას საგანგაშოდ მიიჩნევს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რადგან ქართველ სპეციალისტებს არ ეძლევათ ძეგლების დაცვა-რესტავრაციის საშუალება, იუნესკოს სპეციალისტების მეშვეობით განხორციელდეს როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG