Accessibility links

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება დასთანხმდა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას წინასაარჩევნოდ საკაბელო ტელევიზიებს დაეკისროთ სატრანზიტო ვალდებულება, რათა მაყურებლისათვის ყველა სატელევიზიო არხი იყოს ხელმისაწვდომი. ამის პარალელურად კი პროკურატურამ "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენები დააყადაღა. ამავე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია არ შეჩერდება - ამ პროცესის დასაწყისიდან სამი წლის შემდეგ კულტურის სამინისტროში სწორედ ამ რესტავრაციის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო.

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ მომზადებული და 20 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშით შეგვიძლია დავიწყოთ.

არათანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფო რესურსებზე, პოლიტიკური ნიშნით დევნის შესაძლებლობები და მოქალაქეთა შეზღუდული უფლება აირჩიონ ანგარიშვალდებული ლიდერები - ასეთია მცირე ჩამონათვალი საქართველოში არსებული პრობლემებისა, რომლებიც ამ ანგარიშშია ასახული. მაინა კიაის მწვავე შეფასებებმა ყურადღება ჯერ კიდევ თებერვალში მიიპყრო, როცა, საქართველოში მისი ერთკვირიანი ვიზიტის კვალდაკვალ, წინასწარი მოკლე ანგარიში გამოქვეყნდა. გაეროს სპეციალური მომხსენებლის თებერვლის პირველად დასკვნაში ასახულ აქცენტებს სიმწვავე არც ივნისის საბოლოო დასკვნაში დაუკარგავს. მაინა კიაის ანგარიშში, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის არის გამიზნული, სხვა საკითხებთან ერთად, კვლავაც შენარჩუნებულია შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის სერიოზული კრიტიკა, კვლავაც ხაზგასმულია პრეტენზიები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონთან მიმართებით და კვლავაც ვხვდებით აქცენტს ხელისუფლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აქტივობის გაკონტროლებასთან დაკავშირებით.
ნათელია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან შიდა პოლიტიკაში ჩაბმული და არ არიან კონკრეტული საქმიანობით დაკავებული ქვეყნის შიგნით, ზუსტად იმგვარად ხედავენ პრობლემებს, როგორც ჩვენ...

მაინა კიაის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ”სპეციალური მომხსენებელი შეშფოთებულია” საქართველოში იმ გარემოს არარსებობის გამო, რომელიც ”მოქმედების თანაბარ საშუალებას მისცემდა პოლიტიკურ პარტიებს”.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშში ასახული ამ და სხვა არაერთი პრობლემის გამომზეურებას მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობის ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების ხელმძღვანელი ნინა ხატისკაცი.

„ჩვენთვის ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა. გამოდის, რომ მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ თემებზე და მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ ასე... ნათელია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან შიდა პოლიტიკაში ჩაბმული და არ არიან კონკრეტული საქმიანობით დაკავებული ქვეყნის შიგნით, ზუსტად იმგვარად ხედავენ პრობლემებს, როგორც ჩვენ. ალბათ, ერთობლივად, - ვთქვათ, მედიის, მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით, - ამ პრობლემების წინა პლანზე წამოწევა უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ ეს პრობლემები იქნეს მინიმუმამდე დაყვანილი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინა ხატისკაცმა.

საკაბელო ტელევიზიებისთვის დაკისრებული სატრანზიტო ვალდებულება, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში ”მასთ ქერისა” და ”მასთ ოფერის” (must carry, must offer) პრინციპების სახელით არის ცნობილი, საქართველოშიც რომ დამკვიდრდება, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, 22 ივნისს საზოგადოებას ნაციონალური ტელეარხების საშუალებით აცნობა:
დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე


”ინიციატივის კონკრეტული შინაარსია, რომ ყველა სატელევიზიო არხს საქართველოში ჰქონდეს წვდომა მაყურებელთან ყველა მოქმედი საკაბელო ქსლის მეშვეობით. ეს არის გზა, რომლითაც ყველა სატელევიზიო არხს, ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება საშუალება თავისი სიტყვა მიიტანოს ამომრჩევლამდე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის გზა, რომ საარჩევნო პერიოდში ჩვენს ამომრჩეველს ჰქონდეს შეუზღუდავი ინფორმაციის მიღების საშუალება. ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მათ არჩევანი გააკეთონ თავისუფალ და ინფორმირებულ გარემოში, რომ ხალხს ჰქონდეს საშუალება მოუსმინოს ყველა სატელევიზიო არხს, ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს და სწორედ ამის შემდეგ აირჩიოს ღირსეული და მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალა.”

ხელისუფლების პოზიცია ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელად შეიცვალა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ეს საკითხი ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხად მიიჩნეოდა. გავიხსენოთ, რომ სამოქალაქო კამპანიის ”ეს შენ გეხებას” მიერ წამოყენებულ წინადადებაზე მმართველმა პარტიამ უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ მან ეს პროცესი კერძო ბიზნესში ჩარევად მიიჩნია.

საინტერესოა, რომ ამ ფაქტს წინ უსწრებდა კომპანია ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” (“გლობალ TV-ის” სახელით ცნობილი კომპანიის) სატელიტური ანტენების დაყადაღება. საქართველოს პროკურატურის 21 ივნისის განცხადების მიხედვით, კომპანია ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგი", კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, განაგრძობდა ამომრჩევლებისთვის სატელევიზიო ანტენების გადაცემას, პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით. შესაბამისად, პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია გამოეყენებინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და სასამართლოს გამოძიების დასრულებამდე დაეყადაღებინა შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენები.
ეს არის მედიაორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვა. ჩვენ გვეზღუდება ამით საშუალება გავავრცელოთ ჩვენი ქსელი, ჩვენი მაუწყებლობა, მომხმარებლისთვის კი, რომელიც ამ ანტენებს ელის, ამ პერიოდში ის მიუწვდომელი ხდება...

წინასაარჩევნო პერიოდში პლურალისტური მედიაგარემოს ხელყოფად აფასებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოშიც“ გლობალის ანტენების დაყადაღების პროცესს. ორგანიზაციის მედიის ანალიტიკოსი ლიკა ბასილია- შავგულიძე ამბობს:

”მთლიანად ეს პროცესი, ჩვენი ორგანიზაციის აზრით, არ წაადგება ჩვენს ქვეყანას წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც არის ძალიან სენსიტიური პერიოდი; არ წაადგება ინფორმირებული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას და ადამიანებამდე ალტერნატიული აზრის მიტანის შესაძლებლობებს.”

თავად კომპანია "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი ზურაბ ბაზლიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დაახლოებით 50 ათასი ანტენაა დაყადაღებული. ანტენების დაყადაღების პროცესის გამო მათი მონტაჟის შეჩერებით 500-მდე თანამშრომელი ადგილს დაკარგავს, ანტენების დამონტაჟების პროცესი კი კონტროლის პალატასთან შეთანხმებული სქემის მეშვეობით მიმდინარეობდა და ის კანონდარღვევას არ შეიცავდა. ზურაბ ბაზლიძე დაყადაღების პროცესს მედიაორგანიზაციაზე ზეწოლად აფასებს:

”ეს არის მედიაორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვა. ჩვენ გვეზღუდება ამით საშუალება გავავრცელოთ ჩვენი ქსელი, ჩვენი მაუწყებლობა, მომხმარებლისთვის კი, რომელიც ამ ანტენებს ელის, ამ პერიოდში ის მიუწვდომელი ხდება.”

საქართველო წარმოადგენს ტრეფიკინგის წყაროს, გამტარ (სატრანზიტო) ქვეყანას და დანიშნულების ადგილს ტრეფიკინგისა და იძულებითი შრომისათვის. ქალები და გოგონები საქართველოდან გვევლინებიან სექსტრეფიკინგის მსხვერპლად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ...

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონგრესს წარუდგინა ტრეფიკინგთან ბრძოლის ყოველწლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველო შეფასების უმაღლეს კატეგორიაში - პირველ კალათაში - იმყოფება, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებით დაასრულა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო წარმოადგენს ტრეფიკინგის როგორც ადგილს, ასევე გამტარსა და წყაროს. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თინათინ ბურჯალიანის თქმით, საქართველო მეხუთე წელია პირველ კალათაშია წარმოდგენილი. რა არის ამის მიზეზი?

„პირველ რიგში, ბუნებრივია, არის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გვაქვს. ასე ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის პოლიტიკა. გასულ წელს 5 ადამიანი იქნა დასჯილი ტრეფიკინგის დანაშაულისთვის. სანქციები მათ მიმართ გამოყენებული იყო კანონის შესაბამისად მკაცრი. ასევე სახელმწიფომ გაზარდა თავისი ძალისხმევა - მათ შორის, ფინანსური რესურსების თვალსაზრისით - ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციაზე და ასევე ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაციასა და მათ დაცვაზე.“

თუმცა, საქართველოს ამგვარი მიღწევების პარალელურად, ანგარიშში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ტრეფიკინგი რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად საქართველოსათვის:

„საქართველო წარმოადგენს ტრეფიკინგის წყაროს, გამტარ (სატრანზიტო) ქვეყანას და დანიშნულების ადგილს ტრეფიკინგისა და იძულებითი შრომისათვის. ქალები და გოგონები საქართველოდან გვევლინებიან სექსტრეფიკინგის მსხვერპლად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ: თურქეთში, ეგვიპტესა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ქალები უზბეკეთიდან - და, შესაძლოა, სხვა ქვეყნებიდან - ჩართული არიან იძულებით პროსტიტუციაში საქართველოს ტერიტორიაზე. იძულებით შრომას ექვემდებარებიან როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში, ხოლო საქართველოს მოქალაქეები -რუსეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.“
ბაგრატის ტაძრის პროექტის პრეზენტაცია

ბაგრატის ტაძრის პროექტის პრეზენტაცია


კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, რესტავრაციის პროექტის პრეზენტაცია ბაგრატის ტაძრის ინტენსიური რესტავრაციის დაწყებიდან სამი წლის თავზე გამართა. მინისტრმა ნიკა რურუამ პროექტი საზოგადოებას არაკომპეტენტური მოსაზრებებისა და დეზინფორმაციის გაბათილების მიზნით გააცნო:

„ბუნებრივია, ასეთ პროექტებს ყოველთვის თან სდევს ათასნაირი მითქმა-მოთქმა, ათასნაირი ჭორი. ხშირ შემთხვევაში, დესტრუქციული ქმედებებიც, იმიტომ რომ არსებობს ძალები, რომლებსაც ძალიან უნდათ, რომ ნებისმიერი მიზეზით საქართველოში განხეთქილება ჩამოაგდონ, მოახდინონ ნებისმიერი თემის პოლიტიზება და ნებისმიერი საგანი იქცეს დავის და შუღლის წინაპირობად.“

არადა, რესტავრაციის პროექტი, როგორც ნიკა რურუა ამტკიცებს, უთანხმოებისა და შუღლის არანაირ საფუძველს არ იძლევა. მისი თქმით, პროექტი დასაბუთებულ პასუხს სცემს ყველა შეკითხვას, რომელიც შეეხება რესტავრაციის მეთოდოლოგიას, საერთაშორისო სტანდარტს, დიზაინსა და საეკლესიო ფუნქციის აღდგენას. ნიკა ვაჩეიშვილიც - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი - ამბობს, რომ ბაგრატის რესტავრაციის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს:
ბაგრატის ტაძრის პროექტი

ბაგრატის ტაძრის პროექტი


„იუნესკოს ცნობილი ექსპერტი ესწრება ამ ჩვენს ჯანსაღ დებატებს. იუნესკოს კრიტერიუმების სრული თანმხვედრია ის, რაც ახლა ბაგრატის ტაძარში ხდება. მეტიც, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითია. იუნესკოს ექსპერტები თვითონ დაგვეხმარებიან იმაში, რომ ეს რეალური ვითარება შეფასდეს სათანადოდ, ანუ ობიექტურად, იუნესკოს ცენტრალურ ოფისში და ყველა მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციაში. ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ქართული საზოგადოება დამშვიდდეს, იმიტომ რომ ბაგრატის ტაძარში ყველაფერი კეთდება ძალიან კარგად.“

ანდრეა ბრუნოს თქმით, ბაგრატის რესტავრაცია კეთდება საერთაშორისოდ აღიარებული პროექტით, რომელიც გამორიცხავს ორიგინალისა და რესტავრირებული ნაწილების ერთმანეთში არევას:

„ბაგრატის კათედრალურ ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები, იმედი მაქვს, მალე დასრულდება და საშუალება გვექნება დავრწმუნდეთ იმაში, რომ ნებისმიერი ახალი ელემენტი, ანუ რეკონსტრუქციის ნებისმერი ახალი ფაზა და ეტაპი, თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი, ანუ გამოყოფილია ერთმანეთისგან ძველი, პირვანდელი და ახალი, დამატებული ნაწილები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიტერიუმები სკრუპულოზურად დავიცავით, იუნესკომ წინასწარ დასკვნაში არ გაითვალისწინა ის. ამიტომ იუნესკოს ამ განაცხადს მე არ ვაღიარებ.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG