Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტორიის სახელმძღვანელო


ქვის ხანა

იბერიაში ოდითგანვე ისროდნენ ქვებს წინასაარჩევნოდ. მფრინავ ქვას ერთგვარი გაცხრილვითი მნიშვნელობა ენიჭებოდა: ვისაც ქვა ხვდებოდა, ის ბუნებრივად ეთიშებოდა საარჩევნო პროცესს. ადგილობრივი ტომის გამგებელიც ის იყო, ვინც ყველაზე მეტ ქვისმსროლელს მოაგროვებდა მომხვდურთან შესარკინებლად. თუკი კონკურენტს ვერ ჩაქოლავდი, კუდით მაინც ასროლინებდი ქვას (კუდები კი, მოგეხსენებათ, ბევრს ება მაშინ). ამ მხრივ, უნიკალურია კარალეთის გვირაბების პირველყოფილი ფერწერა. მაგ: ხარი-კარუსელი (ზედ მარადგანუვითარებელი ამომრჩევლებით), ვერაღრიცხული კორპუსების მკვდარი სულები, კანიბალ-აქტივისტთა რიტუალური ფერხული, პირველყოფილი ფეხბურთელისა და ოთხფეხა ჰომო ზონდერუსთა ბრძოლა...


ზეზვა და მზია

უნდა მოგახსენოთ, რომ სწორედ ამ წყვილმა შეძლო იბერიაში პირველი და უკანასკნელი ევროპული არჩევნების ჩატარება. ნაპოვნია ზეზვას ბარათი (წინარე იბერიულ დიალექტზე დაწერილი), რომელიც მან პრემტრედულ სახეობას გაატანა ატლანტიდური შეერთებული ტომების წარმომადგენელთან. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ უნიკალური ტექსტიდან: "ჩავატარა გამჭვირვალა არჩევანა. გავაყალბა არ ვიკადრა. არ დავუშვა ესკალია. ბევრი ცენტრა გავაჩინა მმართველობა. რეალურა დაანახა დემოკრია. ექსტრემიზმა მოვაშორა პოლიტიკა. სტაბილურა შანსი მიცა იბერია. თქვენა ზეზვა, თქვენა მზია."


დინოზავრები

მართალია, პოლიტიკურ პროცესებში ძირითადად პირველყოფილი ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ დინოზავრები მაინც გამოერეოდნენ ხოლმე აქა-იქ. ამ დროს მოთხოვნილება, ბუნებრივია, ახალ და უფრო დახვეწილ ჯიშებზე იყო. მაგალითად, ერთმა საკმაოდ ღონიერმა ოპოზიციურმა ტომმა ვერაფრით მოიშორა (რატომ - დღემდე გაუგებარია ისტორიკოსებისათვის) პრენეოლითის ხანის სოციალურად, პოლიტიკურად თუ ანთროპოლოგიურად საკმაოდ დესტრუქციული და ანაქრონისტული დინოზავრები (ე.წ. რეპტილიუს-სოვიეტუს-ისტერიკუს-ინტელიღენტუსები). ეს დინოზავრები ყველგან თვალში ეჩხირებოდა მომავალზე ორიენტირებულ ჰომო ელექტორს (ანკი, როგორ ვერ შეამჩნევდა, როცა ყველგან ეგენი ბღაოდნენ); შესაბამისად, ბუნებრივად გაჩნდა შეგრძნება, რომ პრეისტორიულ დინოზავრებს, შესაძლოა, მომავალშიც შეეჭამათ ტყიდან შიშით გამოსული ადამიანები. და ეს დღესაც ასეა (ისტორია სწორედ ამას გვასწავლის): უკან, დინოზავრებისკენ არავის უნდა. ამისთვის "კუკარაჩას" ნახვაც არ არის საჭირო, "Jurassic Park"-იც საკმარისია.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG