Accessibility links

logo-print

ყირგიზეთი: საზღვარგარეთ უფასო განათლება, როგორც მისიონერობის საშუალება


ყირგიზეთის ცენტრალური მეჩეთი

ყირგიზეთის ცენტრალური მეჩეთი

„ჯამაათ თაბლიგი”, კონსერვატიულ სუნიტ მუსლიმთა მოძრაობა, წლებია მისიონერულ საქმიანობას ეწევა ყირგიზეთში. გავრცელებული აზრით, საზღვარგარეთ უფასო განათლების შეთავაზებით მუსლიმური მოძრაობის პოპულარობა სულ უფრო იზრდება, განსაკუთრებით დაბალ სოციალურ ფენებში. ყირგიზეთის მთავრობა შეშფოთებულია “ჯამაათ თაბლიგის“ მზარდი გავლენის გამო.

“ჯამაათ თაბლიგს” აკრძალული აქვს ყოველგვარი საქმიანობა ცენტრალური აზიის უმეტეს ქვეყანაში. მაგრამ მოძრაობამ ყირგიზეთში შეღწევის გზები გამონახა – მისი წევრები სოციალურად დაუცველ ყირგიზ ბავშვებს საზღვარგარეთ, ბანგლადეშში, სთავაზობენ უფასო ისლამური განათლების მიღებას. მოძრაობის სახელი, “ჯამაათ თაბლიგი” სიტყვასიტყვით “მაცნეების კრებას” ნიშნავს. იმის მიუხედავად, რომ, თავად “ჯამაათ თაბლიგის” წევრების თქმით, მოძრაობა პაციფისტური და აპოლიტიკური ხასიათისაა, რუსეთში ის აიკრძალა როგორც ექსტრემისტული ორგანიზაცია. “ჯამაათ თაბლიგს“ ასევე აეკრძალა არსებობა ირანში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში.

როგორც კანიბეკ ოსმონალიევი, ყირგიზეთის პარლამენტის განათლების, მეცნეიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავჯდომარე, აცხადებს მთავრობამ არ უნდა დაუშვას რომ ყირგიზეთი “ჯამაათ თაბლიგის“ ბასტიონად გადაიქცეს:

“სამწუხაროდ, ძლიერ არიან დაინტერესებული ისინი, ვისაც ფულის გაკეთება სურს ბანგლადეშში, ისლამურ სკოლებში ბავშვების გაგზავნით. ჩვენი შესაბამისი უწყებები, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი მმართველობები, არ აქცევენ სათანადო ყურადღებას იმას, რაც ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი საერთოდ თვალს ხუჭავენ. პარლამენტის რამდენიმე წევრი ცდილობს ეს საკითხი საჯარო ყურადღების საგანი გახადოს და სამართლებრივი ზომების შემუშავება დაიწყოს. მაგრამ მთავრობაში არავინ აქცევს ამას ყურადღებას.”

ზუსტად ვერავინ იტყვის, რამდენმა ოჯახმა გააგზავნა შვილი ყირგიზეთიდან ბანგლადეშში, ისლამურ სკოლაში სასწავლად. “ჯამაათ თაბლიგის” მოძარობა ყველაზე ძლიერი სწორედ ბანგლადეშშია. ეს იმიტომ, რომ ბანგლადეშში კერძო რელიგიური სკოლები არ არის მთავრობის მარეგულირებელი ორგანოს დაქვემდებარების ქვეშ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაახლოებით 55 ახალგაზრდა ყირგიზი სტუდენტი სწავლობს ახლა ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. ისინი ჩარიცხულნი არიან “ჯამაათ თაბლიგის” მედრესეში, ანუ რეგლიგიურ სკოლაში. ერთ-ერთი სტუდენტი 23 წლის აჰმადია. მან სახელი მედრესეში შესვლის შემდეგ შეიცვალა. აჰმადი 17 წლის იყო, როდესაც “ჯამაათ თაბლიგის” წევრებმა ის ყირგიზეთიდან ბანგლადეშში გაუშვეს სასწავლად. მის ოჯახს არ ჰქონდა სათანადო შემოსავალი, რომ აჰმადისთვის განათლება მიეცა. ასე რომ, ოჯახმა უარი ვერ თქვა ბანგლადეშში უფასო სწავლის შესაძლებლობაზე. აჰმადის გამგზავრების შემდეგ უკვე ექვსი წელი გავიდა. იგი მალე ამთავრებს სწავლას. რელიგიურ სკოლას აჰმადი რაიმე სამუშაოსთვის არ მოუმზადებია. მას მარტო ყურანი და მისიონერული საქმიანობა შეასწავლეს. აჰმადი ამბობს, რომ ყირგიზეთში დაბურნებასა და მისიონერული საქმიანობის დაწყებას გეგმავს:

“ყურანის ზეპირად ცოდნა არის შენი დიპლომი. ეს არის მტკიცებულება. თუ ადამიანს შეუძლია ყურანის თავიდან ბოლომდე ზეპირად წაკითხვა, ეს არის მისი დიპლომი. [ბანგლადეშის] მთავრობა [სწავლის დამთავრების შემდეგ] არავითარ საბუთს არ გვაძლევს. ალაჰი გვაძლევს ჩვენს დიპლომს.”

“ჯამაათ თაბლიგის” მოძრაობა 1962 წელს დაარსდა ჩრდილოეთ ინდოეთში. მისი მიზანი იყო ინდოეთის სუბკონტინენტზე მუსლიმური რელიგიისა და იდენტობის გამყარება. “ჯამაათ თაბლიგის” მოძღვრება ხაზს უსვამს ინდივიდუალურ რწმენასა და სულიერ განვითარებას. მოძრაობა დღევანდელ მუსლიმებს ახირებულებს უწოდებს და მათ ტრადიციული სუნიტური ისლამისკენ დაბრუნებას მოუწოდებს. დღესდღეობით “ჯამაათ თაბლიგი” 200 ქვეყანაში აწარმოებს მისიონერულ საქმიანობას და, სავარაუდოდ, 100 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

ავღანეთსა და პაკისტანში მოღვაწე თალიბანის მოძრაობის წევრების მსგავსად, “ჯამაათ თაბლიგის” მიმდევრებიც წინასწარმეტყველი მუჰამედის ცხოვრების წესით ცხოვორბენ. ეს იმაში გამოიხატება, რომ მამაკაცები წვერს იზრდიან და ტრადიციულ, არაბულ თეთრ სამოსს ატარებენ. “ჯამაათ თაბლიგის“ მოძრაობას კიდევ ერთი მსგავსება აქვს თალიბანთან – ისინი ერთნაირად ეწინააღმდეგებიან ქალთა უფლებების დაცვას. მაგრამ თალიბანთან განსხვავება იმაში გამოიხატება, რომ “ჯამაათ თაბლიგს ნეიტრალური პოლიტიკური პოზიცია აქვს და გმობს ისლამის სახელით ჩადენილ ძალადობას. შესაბამისად, “ალ-ყაიდა” და მსგავსი ორგანიზაციები აკრიტიკებენ “ჯამაათ თაბლიგს” და მათ ჯიჰადის უგულებელყოფაში სდებენ ბრალს.

რაფიქულ ისლამმა, დაკას უნივერსიტეტის მშვიდობისა და კონფლიქტის დეპარტამენტის თავჯდომარემ, ფართოდ გამოიკვლია ბანგლადეშში არსებული მედრსები და მათი ექსტრემისტული ორიენტაციები. ისლამის თქმით, კავშირი “ჯამაათ თაბლიგის” სკოლებსა და ისლამურ ექსტრემიზმს შორის არ მტკიცდება.

სამწუხაროდ, არსებობს მაგალითები “ჯამაათ თაბლიგის” წევრების, რომლებიც შემდეგ ექსტრემისტული ისლამური ორგანიზაციების წევრები გახდნენ უზბეკეთში, ავღანეთსა და პაკისტანში. მათ შორის არიან ორი ბრიტანელი კამიკაძე, რომლებმაც 7 ივლისს, 2005 წელს ტერორისტული აქტი განახორციელეს ლონდონში.

მოამზადა ანა ლომთაძემ
XS
SM
MD
LG