Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ლაფანყურის შესახებ ომბუდსმენის ანგარიში მოისმინეს


30 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის წლიური ანგარიშის ის ნაწილი მოისმინეს, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციას და რამდენიმე გახმაურებულ საქმეს, მათ შორის, თენგიზ გუნავასა და ბაჩანა ახალაიას საქმეებს შეეხებოდა. თუმცა ლაფანყურის ეპიზოდმა ყველა სხვა საკითხი გადაფარა. სახალხო დამცველის განცხადებით, 2012 წლის აგვისტოში ლოპოტის ხეობაში მომხდარის ოფიციალური ვერსია არაერთ კითხვას ბადებს. სწორედ ამიტომ, უჩა ნანუაშვილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, პროკურატურას კი მიმართავს რეკომენდაციით დაიწყოს გამოძიება საქართველოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩეჩენ მებრძოლთა გამოყენებით 2012 წელს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

ლაფანყურის სპეცოპერაციას სახალხო დამცველის ანგარიშში ცალკე თავი მიეძღვნა. მასში მოყვანილი ფაქტები და ვარაუდები 2012 წლის აგვისტოში ლოპოტის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ მკვეთრად განსხვავდება იმ პერიოდში საქართველოს ძალოვანი უწყებებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციისგან. სახალხო დამცველს ამ საქმის გარშემო კითხვები დაუგროვდა:

”სისხლის სამართლის საქმე დაიწყო და მიმდინარეობდა მხოლოდ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტზე ცალკე სისხლის სამართლის საქმე არ მიმდინარეობდა 2012 წლის ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტიდან ნახევარ წელზე მეტია გასული, საგამოძიებო ორგანოებს კვლავაც არ გამოუძიებიათ ეს საქმე ბოლომდე”.

ოპოზოციის კრიტიკა გამოიწვია ანგარიშის იმ ნაწილმა, სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით ( და ის ამ შემთხვევაში გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა), ქართველი ძალოვანები ჩეჩენ მებრძოლებთან თანამშრომლობდნენ.

”საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ჰპირდებოდნენ ე.წ. „კორიდორს“ ჩეჩნეთში გადასასვლელად, საქართველოში წვრთნას, აღჭურვას და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას. მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩეჩნების
ჩამოსვლა. მათთვის თბილისის ზოგიერთ უბანში (ძირითადად საბურთალოს რაიონში) დაიქირავეს ბინები. საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნების დაპირების მიხედვით, ჩეჩნეთში ყოველთვიურად დაახლოებით 50-მდე მებრძოლი უნდა გადასულიყო”...

დაიწყოს გამოძიება ლოპოტის ხეობაში სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტებზე; საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე...
დაგროვილ კითხვებზე პასუხის მისაღებად ომბუდსმენი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ასევე მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება საქართველოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩეჩენი მებრძოლების გამოყენებით 2012 წელს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

”დაიწყოს გამოძიება ლოპოტის ხეობაში სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტებზე; საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან, 2012 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

საპარლამენტო უმცირესობაში ომბუდსმენის ანგარიშის ამ ნაწილს აბსურდს უწოდებენ. სწორედ ასე შეაფასა სახალხო დამცველის გამოსვლის ეს ნაწილი აკაკი მინაშვილმა:

გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნები არ უნდა გაკეთდეს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ასეთი მტკიცების საფუძველი არ გაგვაჩნია...
ირაკლი ალასანია
”გარდა იმისა, რომ აბსურდული რამეები გიწერიათ, ამ ანგარიშში არის რამდენიმე ძალიან სერიოზული ლაფსუსი, მაგალითად, როდესაც წერთ, რომ ბატონ მარგოშვილს ჰქონდა საქართველოში რეგისტრირებული იარაღი და ეს არის იმის დასტური, რომ შსს მათ ეხმარებოდა ტერორიზმში, ეს იმდენად არალოგიკურია, რომ არგუმენტების მოყვანაც კი არ სჭირდება. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჰქონდეს დარეგისტრირებული იარაღი მისი შენახვის უფლებით. თუ ის დაიწყებს ამ იარაღის ტარებას, მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება. აქ მთავარი ის არის, რომ ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია საქართველოს დასავლურ განვითარებასთან, ნატოში ინტეგრაციასთან, თქვენ კი, ყოველგვარი დამადასტურებელი ფაქტების გარეშე მოგყავთ ანგარიშში რაღაც ნარატივი, რომლითაც საქართველოს ადანაშაულებთ ტერორისტების მომზადებაში”.

ლაფანყურის ოპერაციის გარშემო გაჩენილ კითხვებს 29 აპრილს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე "როუზ-როსის" რიგით 83-ე სემინარზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც შეეხო. მან თქვა, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავს შეიკავებს:

”გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნები არ უნდა გაკეთდეს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ასეთი მტკიცების საფუძველი არ გაგვაჩნია”.

ამავე კონფერენციაზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, გაიხსენა პრემიერ-მინისტრის ლოპოტის ხეობასთან დაკავშირებული ვარაუდი, რომ წინა ხელისუფლებამ ჩრდილო კავკასიაში გასაგზავნად გაწვრთნა და შეაიარაღა მებრძოლები. ამაზე პრემიერის პასუხი იყო, რომ ”მას წინა ხელისუფლება ”ტერორისტებთან თანამშრომლობაში” არასოდეს დაუდანაშაულებია, რომ მან მხოლოდ ეჭვი გამოთქვა და მას ამ ტიპის ეჭვები კვლავაც აქვს. მისი აზრით, სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ეს საქართველოს იმიჯზე არანაირ ცუდ ზედავლენას არ მოახდენს. ის ფიქრობს, რომ საქართველოს იმიჯი დაზარალდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამ საკითხს თავად საქართველოს ნაცვლად „მესამე სახელმწიფო“ გამოიძიებს.

სახალხო დამცველის ანგარიშის დარჩენილი ნაწილის შემაჯამებელი განხილვა პარლამენტში შემდგომ სასესიო კვირაში უნდა გაიმართოს. იმ დროისათვის უკვე მზად იქნება პარლამენტის დადგენილების პროექტი, თუ რომელი რეკომენდაციის გათვალისწინებას გადაწყვეტს საკანონმდებლო ორგანო, ხოლო ამის შემდგომ სახალხო დამცველს უკვე პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG