Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაფანყურის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება?


ვერტმფრენები სოფელ ლაფანყურში, 2012 წლის 29 აგვისტო
ვერტმფრენები სოფელ ლაფანყურში, 2012 წლის 29 აგვისტო
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა გვამების ექსჰუმაციის შემდეგ მათი ოჯახის წევრები პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას მოითხოვენ. სწორედ ასეთივე თხოვნით მიმართეს საგამოძიებო ორგანოებს სახალხო დამცველის აპარატმა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, რომლებიც ამ ეტაპზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. რამდენად მართებულია ინფორმაცია მიღებული უარის თაობაზე და ითვალისწინებს თუ არა კანონი ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართულობას?

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ლაფანყურის სპეცოპერაციის საგამოძიებო პროცესებში ჩართვის სურვილი მედიის საშუალებით გვამების ექსჰუმაციამდე კარგა ხნით ადრე გაამხილა, რამდენიმე დღის წინ კი, როგორც თავად გვეუბნება, დაღუპულთა ოჯახის წევრების მოთხოვნით, პროცესში მისი ჩართვა სახალხო დამცველმაც მოინდომა და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. მაია ნიკოლეიშვილი, რომელსაც იგორ გიორგაძის პარტიასთან დაკავშირებულ ხმაურიან პროცესებამდე საზოგადოება უკომპრომისო პროფესიონალად იცნობდა, რადიო თავისუფლებასთან გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა რაღაც არის დასამალი და სწორედ ამიტომ საგამოძიებო უწყებებმა გზა მას შეგნებულად გადაუკეტეს:

”ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა, ჩემი ღრმა რწმენით, თვითონ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, რომ მე მიმეღო მონაწილეობა. მით უმეტეს, რომ მე ანაზღაურებას არ ვითხოვდი. მე მზად ვიყავი დავხმარებოდი, რადგან სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა. მაგრამ პერსონალური უარი წავიდა და მე მაქვს ამის გამოცდილება, 1997 წლიდან დაწყებული - დაახლოებით ანალოგიური სირთულეები არსებობდა მაშინაც, რაც მერე გადაილახა და მერე ისევ გაუარესდა”.

უარის არსებობა, რაზეც მაია ნიკოლეიშვილი ლაპარაკობს, არ დაგვიდასტურეს სახალხო დამცველის აპარატში. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა უთხრა 10 მაისს რადიო თავისუფლებას, ჯერჯერობით არაფერია გარკვეული:

”დღეს დილით ოფიციალური წერილი გავაგზავნეთ, სადაც შევთავაზეთ 2 დამოუკიდებელი ექსპერტი და ველოდებით პასუხს. როცა გვექნება ოფიციალური პასუხი, შეგვეძლება ვრცელი კომენტარის გაკეთება. ამ ეტაპზე სულ ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ”.

სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რითაც ჩვენ მოვითხოვთ და, შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოებს ექნებათ ვალდებულება, რომ დააკმაყოფილონ მოთხოვნა დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მტკიცებულება შეიძლება აღმოჩნდეს არსებითი...
თამთა მიქელაძე
სახალხო დამცველის აპარატში გვარებს არ აკონკრეტებენ და არც იმაზე მიგვანიშნებენ, არის თუ არა მაია ნიკოლეიშვილი შეთავაზებულ 2 ექსპერტს შორის. ინფორმაციის გადამოწმება რადიო თავისუფლებამ, მცდელობის მიუხედავად, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროში შეძლო. უწყებაში განგვიცხადეს, რომ გამოძიების დასრულებამდე არანაირი კომენტარი არ გაკეთდება. არადა, დაგროვილი შეკითხვები სწორედ საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობას უკავშირდება. მაგალითად, მნიშვნელოვანი და საინტერესოა, იგეგმება თუ არა გამოძიების დაწყება სამართალდამცავთა მიერ ლეტალური ძალის გამოყენების მართლზომიერებისა და პროპორციულობის შესასწავლად და გამოძიებული იქნება თუ არა სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების გარემოებები, როგორც ეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რეკომენდაციებშია ასახული. ამავე წყაროს ცნობით, ამჯერად გამოძიების ყურადღების ცენტრშია მხოლოდ მძევლად აყვანის ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მიხედვით, მაშინ როცა 29 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია მძიმე შედეგებით დასრულდა და მას 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

საია ასევე მიიჩნევს, რომ ირღვევა გამოძიების ინსტიტუციური დამოკიდებულების სტანდარტი, ”რადგან ლაფანყურის სპეცოპერაციას შს სამინისტროს შეიარაღებული ძალები აწარმოებდნენ”. მართალია, მსგავსი შემთხვევების გამოძიება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, პროკურატურას ექვემდებარება, მაგრამ საიამ არაერთხელ და უშედეგოდ მოითხოვა, რომ საქმე გამოსაძიებლად სრულად გადასცემოდა პროკურატურას.

ამასთან, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გვამების ექსპერტიზის პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვის აუცილებლობას ხედავს და, როგორც ორგანიზაციის სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტმა თამთა მიქელაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, შესაბამისი თხოვნა უკვე გაგზავნილია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე პროკურატურაში. ეს არის თხოვნა და არა მოთხოვნა, რადგანაც, მიქელაძის განმარტებით, კანონი ამ მხრივ არანაირ ვალდებულებას არ აწესებს:

”სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რითაც ჩვენ მოვითხოვთ და, შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოებს ექნებათ ვალდებულება, რომ დააკმაყოფილონ მოთხოვნა დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მტკიცებულება შეიძლება აღმოჩნდეს არსებითი ამ საქმეში და გამოძიების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს იმის გამო, რომ ამ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ძალიან სპეციფიკური საქმეა. გამოძიებამ კეთილი ნება უნდა გამოავლინოს და ეს დაუშვას, მით უფრო, რომ ეს გაზრდიდა ნდობას გამოძიების მიმართ და მის ანგარიშვალდებულებას”.

ერთი სიტყვით, სახალხო დამცველის აპარატისგან დამოუკიდებლად საგამოძიებო ორგანოების პასუხს ელოდება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. თუმცა, როგორც თამთა მიქელაძემ გვითხრა, სამომავლოდ პრობლემას არც მათი პოზიციების შეჯერება შექმნის. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ უარს არავინ ადასტურებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი თითქმის დარწმუნებულია, რომ მას არ ჩართავენ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ცხედრების ექსპერტიზის პროცესში. ამ ეტაპზე ექსჰუმაცია ჩაუტარდა 3 პირს და უახლოეს დღეებში პანკისის ხეობის სოფელ დუისში კიდევ 4 სამარე გაითხრება.

როგორც დაღუპული ასლან მარგოშვილის მამამ ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მას და ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სხვა პირების ოჯახის წევრებს საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა გამოძიების მიმართ უნდობლობის გამო არ მოუთხოვიათ, თუმცა თუკი ეს ვერ მოხერხდა, მერაბ მარგოშვილს გაუმძაფრდება ეჭვი, რომ გამოძიება რაღაცის დამალვას ცდილობს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG