Accessibility links

logo-print

თვითმმართველობა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ


ლაგოდეხი

ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალ თავმჯდომარეს მიმდინარე კვირის ბოლოს აირჩევს. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი გოზალიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყარა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, გოზალიშვილმა არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი მოიპოვა. ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დავით ბაკაშვილი ასრულებს.
იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება საკრებულოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა, დავით ბაკაშვილი საუბრობს:

"გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულოს თითოეული წევრი. ნება არის შეუზღუდავი, ეს მოხდება ღია კენჭისყრით, დასახელდება კანდიდატი და ვინც აიღებს ხმების უმრავლესობას, ის იქნება თავმჯდომარე. კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს ერთი, ორი, სამი და ასე შემდეგ. ამის შეზღუდვა არ არსებობს."

არჩევნების შემდეგ საკადრო ცვლილებებს არ ელოდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარინა გოგოლაძე. მისი თქმით, თუ ვინმე დაკისრებულ მოვალეობას ვერ შეასრულებს, ის არჩევნების შედეგების მიუხედავადაც დატოვებს თანამდებობას:

„პარლამენტში უმრავლესობის შეცვლას ჩვენთვის არანაირი ცვლილება არ მოუტანია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. საკრებულოს აპარატი არის კონკურსით დანიშნული თანამდებობებზე და არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლება შეიცვლება თუ არ შეიცვლება.“
თითოეული საჯარო მოხელე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ...

კახეთში წინასაარჩევნო კამპანიის დროს შვებულებაში გასული საჯარო მოხელეები სამუშაო პროცესს უბრუნდებიან. მაგალითად, 8 ოქტომბერს დაბრუნდა შვებულებიდან ლაგოდეხის გამგებელი დიმიტრი ლოლაძე. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლიკა სამყურაშვილი ამბობს, რომ გამგეობა ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე მუშაობს. სამყურაშვილის თქმით, მდგომარეობა არ შეცვლილა არც არჩევნების შემდეგ, როდესაც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა:

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ყველა სამსახური ჩვეული რეჟიმით მუშაობს. არანაირ შეფერხებებსა და საკადრო ცვლილებებს ადგილი არ აქვს. რაც შეეხება გამგებელ დიმიტრი ლოლაძეს, ის იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში და ისიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.“

კითხვა: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვალა მთავრობა, რა მოლოდინი არსებობს გამგეობაში?

„ჩვეულებრივი! თითოეული საჯარო მოხელე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.“

თვითმმართველ ორგანოებში საკადრო ცვლილებებს არ ელოდებიან, თუმცა ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ლუკა კურტანიძე, რომელიც, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში დამარცხდა, ამბობს, რომ ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს:
როგორ საშუალებასაც აძლევდა ცენტრალური მთავრობა, ისე მუშაობდნენ ადგილზე. უკეთესობისკენ შეიცვლება, ალბათ ...

„დიმიტრი ლოლაძე, რომელიც დეპუტატობის კანდიდატის გია გოზალიშვილის წინასაარჩევნო პერიოდში აგიტაციას ეწეოდა და მის შეხვედრებზე იმყოფებოდა, დაისჯება. ასევე დაისჯებიან ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რომლებიც აგიტატორებად მოგვევლინნენ. ძალიან მალე თითოეულ მათგანს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს. პასუხისგება მოუწევს ასევე გოზალიშვილსაც, რომელიც წლების განმავლობაში ჯერ იყო გამგებელი, მერე საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენ ამ ყველაფერს სამართლებრივად მივუდგებით და გავარკვევთ რა გაფლანგვებია ლაგოდეხის რაიონში.“

თემაზე, თუ როგორ მუშაობდა თვითმმართველობა ლაგოდეხში არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, აზრი ლაგოდეხელებსაც ვკითხეთ:

"მე ახლაც აქ ვზივარ და მაშინაც აქ ვიჯექი. პენსიონერი კაცი ვარ, რა გავაკეთო!?“

"როგორ საშუალებასაც აძლევდა ცენტრალური მთავრობა, ისე მუშაობდნენ ადგილზე. უკეთესობისკენ შეიცვლება, ალბათ. ჩვენ ამის იმედი გვაქვს!"

"ეგ კითხვა მათ უნდა დაუსვა, ვინც იქ მუშაობს."

"აქ ყველა ლაგოდეხელები ვართ, კუბიდან ხომ არ ვართ?! როგორც იყო ხელისუფლება, ისე იყო მოსახლეობაც. რაც იყო ცენტრალური, ის იყო ადგილობრივი. რა თქმა უნდა, შეიცვლება მდგომარეობა, ეჭვი ვის ეპარება ამაში?!"
XS
SM
MD
LG