Accessibility links

logo-print

ლაგოდეხის ახალი გამგებლის პრიორიტეტები და ხალხის მოლოდინი


ლაგოდეხი

ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს. 44 წლის ვალერი ალიბეგაშვილი მუშაობას 2013 წლის 3 იანვრიდან შეუდგა. ალიბეგაშვილი პროფესიით აგროტექნოლოგია და გამგებლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში უფრო მეტ აქტიურობას სწორედ ამ კუთხით აპირებს. ამბობს, რომ ლაგოდეხი სოფლის მეურნეობის მწარმოებელი რაიონია და, პირველ რიგში, განვითარებას ამ სფეროში საჭიროებს. ვალერი ალიბეგაშვილი საკადრო ცვლილებებსაც გეგმავს.

ლაგოდეხის ახალი გამგებელი ამბობს, რომ პრიორიტეტები უკვე განსაზღვრა და პირველი, რასაც გააკეთებს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებია - სურს, რომ ადგილობრივებს პირადად გაეცნოს:

„პირველი პრიორიტეტი იქნება ხალხი, ხალხთან მუშაობა და მათი პრობლემების შესწავლა-გადაწყვეტა. დღესაც გასული ვიყავი, მაგრამ, ალბათ, უკვე ხვალიდან დავიწყებ სოფლებში სიარულს. ადგილზე უნდა ვნახო ის პრობლემები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს“ .

გამგებელი ვალერი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოიკვეთება პრობლემათა დიდი ნუსხა. მისი განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტი მწირია, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა იქნება:

„შედარებით მცირე ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ რა ვქნათ?! რაც გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რასაც გავწვდებით, უნდა გავაკეთოთ. როგორც ადრე იყო, ისე არ იქნება, რომ ის ჩემი მომხრეა, ის სხვისი მომხრეა - მორჩა, ეს დრო დამთავრდა. ყველას, ვისაც პრობლემები ექნება და ჩვენ შეგვეძლება, რომ დავეხმაროთ, აუცილებლად დავეხმარებით“.

როგორ მოხდება სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება და აქვს თუ არა ახალ გამგებელს კონკრეტული პროექტები? - ვალერი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ ქართველ ბიზნესმენებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ლაგოდეხში ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდეს. გამგებელი ირწმუნება, რომ ამ კუთხით ინტერესს და ინიციატივებს თავად ბიზნესმენებიც იჩენენ. გამგებელი ლაგოდეხის მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ თუ ხარისხიან პროდუქტს მოიყვანენ, მის კარგ ფასად რეალიზაციას პირადად იკისრებს:

„ბიზნესმენების შემოყვანა გვინდა ლაგოდეხში, რომ გაკეთდეს პატარა გადამამუშავებელი ქარხანა. უკვე იყვნენ დაინტერესებული პირები ჩამოსული. შემსყიდველებიც იყვნენ, გასაღების პრობლემა რომ გადავუწყვიტოთ ხალხს. მე შემიძლია ვუთხრა ხალხს, რომ ხილისა და ბოსტნეულის გასაღების პრობლემა აღარ იქნება. რა თქმა უნდა, ლაპარაკია ხარისხიან პროდუქტზე“.

პრიორიტეტულ მიმართულებად არ ასახელებს, თუმცა საკადრო ცვლილებებს გეგმავს საჯარო სამსახურებში ახალი გამგებელი. ვალერი ალიბეგაშვილის თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ თანამდებობას დატოვებს მისი სამივე მოადგილე: გიორგი წვერავა, იოსებ ტყემალაძე და გიორგი გოგრიჭიანი:

„ვისაც პატარა გადაცდენა მაინც აქვს, ისინი ყველანი დატოვებენ თანამდებობებს. რაც შეეხება ჩემს მოადგილეებს, ნელ-ნელა მოხდება საკადრო ცვლილება. ისედაც შევხედავ: ვინც მუშაობს, ის იმუშავებს; ვინც არ მუშაობს, ყველა დატოვებს თანამდებობას და წავა“.

ემთხვევა თუ არა გამგებლის და ჩვენ მიერ გამოკითხული რიგითი ლაგოდეხელების პრიორიტეტები ერთმანეთს და გამოკითხულთა აზრით, რომელი პრობლემის მოგვარებაზე უნდა დაიწყოს მუშაობა რაიონის ახალმა ხელმძღვანელმა?

მოსახლეობა:

„ჩვენ ლელიანიდან ვართ, სტიქიით დაზარალებული და განადგურებული ხალხი. ქალაქელებივით ყველაფრის ყიდვა გვიწევს. ძალიან მადლობლები ვიქნებით, თუ დახმარების ხელს გამოგვიწვდის ახალი გამგებელი, რომ ლუკმაპური მაინც ვჭამოთ და არ შემოგველიოს საკვები“.

„ ეს ნაგავი მოგვაშორონ, ჩაფლულები რომ ვართ, და მერე დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება. არაფერი არ არის გაკეთებული. ასფალტი ვითომ დააგეს, მაგრამ ყველგან აყრილ-დაყრილია. ისე მაინც დააგონ, რომ ადამიანმა ფეხი არ წამოკრას და არ წაიქცეს“.

„ყველანაირი დახმარება უნდა გაუწიონ მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოებისთვის, ხვნა-თესვისთვის. ძალიან გაჭირვებულ დღეშია მოსახლეობა“.

ადგილობრივების განცხადებით, გაითვალისწინებს თუ არა ლაგოდეხის ახალი გამგებელი მათ მიერ დასახელებულ პრობლემებს, ეს მუშაობის პროცესში გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG