Accessibility links

სიცოცხლისთვის საშიში წყალი ლაგოდეხში


ფოტო გადაღებული ლაგოდეხში, ერთ-ერთ ოჯახში

ფოტო გადაღებული ლაგოდეხში, ერთ-ერთ ოჯახში

სასმელი წყლის ცენტრალიზებული სისტემის რეაბილიტაციისთვის ლაგოდეხში წლების მანძილზე მილიონობით ლარი დაიხარჯა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე, თითოეული გამგებლის მუშაობის პერიოდში სასმელ წყალთან დაკავშირებით სხვადასხვა პროექტები იგეგმებოდა და ხორციელდებოდა, მაგრამ მდგომარეობა, ამისდა მიუხედავად, უარესობისკენ იცვლებოდა. სპეციალისტების თქმით, წყლის შემადგენლობა და ხარისხი ამ დროის განმავლობაში არასდროს ყოფილა სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისი.

ცენტრალური სათავე-ნაგებობიდან წამოსული წყალი, რომლითაც ლაგოდეხი და მიმდებარე 5 სოფელი სარგებლობს, მოსახლეობასა და ოფიციალურ პირებს შორის დავის საგნადაა ქცეული. ადგილობრივი მოსახლეობა გახარჯულ მილიონებს არამიზნობრივს უწოდებს და უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავს:

“როგორია, ჭიქაში რომ ჩაასხამ წყალს, ჭუჭყიანია და ამ დროს ლაბორატორიული კვლევები გვეუბნება, რომ წყალი სასმელად ვარგისია. ეს ხომ აბსურდია! მე ასე მგონია, რომ წყალმომარაგების კომპანია არასწორ ანალიზებს იღებს! როდესაც ონკანს ვხსნით, ფოთლები და ბაყაყები მოჰყვება“.

„თავად მილები დაბინძურებულია და როდესაც მასში წყალი გაივლის, არ შეიძლება რომ სასმელად ვარგისი იყოს“.

წყლის სათავე ლაგოდეხში

წყლის სათავე ლაგოდეხში

გაერთიანებული წყალმომარაგების კახეთის რეგიონალურ სამსახურში ამბობენ, რომ პრობლემა გაზვიადებულია და მოსახლეობის დამოკიდებულება რეალობას სცილდება. სამსახურის ტექნიკური განყოფილების უფროსი შალვა გასიტაშვილი ამბობს, რომ ის პროექტი, რომელიც 2012 წლის მარტში დაიწყო და ერთი წლის შემდეგ დასრულდა, ლაგოდეხის წყლის სათავე-ნაგებობის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. მისი თქმით, პროექტის შედეგი დადებითია და სასმელი წყალი ვარგისიანია.

„ეს პრობლემა, მე მგონია, რომ გადაჭარბებულია. სასმელად ვარგისია, ნორმებში და დადგენილ რეგლამენტში ჯდება და მოსახლეობას შეუძლია თავისუფლად, თამამად მიირთვას. სათავის რეაბილიტაცია რომ მიმდინარეობდა, მაშინაც არ ეჯერებოდა ლაგოდეხის მოსახლეობას, რომ სათავე კეთდებოდა. ანალოგიურად არ სჯერათ, რომ წყლის ხარისხი გაუმჯობესდა“.

რაც შეეხება პროექტს, რომლის შესახებაც წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი შალვა გასიტაშვილი საუბრობს, ის ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მასზე 1 180 000 ლარი დაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მშენებლობა ამჟამინდელი გამგებლის მოღვაწეობის დროს დასრულდა და ობიექტი ექსპლუატაციაში იქნა მიღებული, ვალერი ალიბეგაშვილი წყლის შემადგენლობას, ხარისხს და ვარგისიანობას უარყოფით შეფასებას აძლევს:

„ჭუჭყიანი წყალი მოედინება და რად მინდა მათი ანალიზები?! როგორც ოდნავ წვიმა მოვა, წყალი იმღვრევა. შემდეგ კეტავენ, რომ დაწმინდავდეს. ასე გრძელდება წლებია. ეს წყალი დასალევად არ ვარგა!“
ლაგოდეხელების მასობრივ დაავადებად ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები ითვლება. ჩვენი წყალი არ შეიცავს ფტორს, ამიტომ არის კარიესული დაავადებებიც. გარდა ამისა, ლაგოდეხში გავრცელებულია ჩიყვი. ესეც წყალში იოდის ნაკლებობითაა გამოწვეული...

გამგებლის მსგავსად, ლაგოდეხში სასმელი წყლის ხარისხს უარყოფითად აფასებს ჩვენი რესპონდენტების ნაწილიც. წყლისგან დაავადებას უჩივის ლაგოდეხში მცხოვრები ქალბატონი, ლილი ლობჟანიძე, რომელიც ირწმუნება, რომ დაბინძურებული წყლის მოხმარებამ მას ნაღველ-კენჭოვანი დაავადება გაუჩინა:

„მე როდესაც ლაგოდეხში ჩამოვედი საცხოვრებლად, სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, შემდეგ კი, როგორც ექიმმა მითხრა, ნაღველში კენჭების დაგროვება დაბინძურებულმა წყალმა გამოიწვია. ახლა ვნერვიულობ, რატომ ვსვამდი ამ წყალს, რატომ არ ვფილტრავდი ან არ ვყიდულობდი მაღაზიაში“.

ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი გიორგი გოზალიშვილი პროფესიით ექიმია და ის პრობლემას მედიცინის თვალითაც უყურებს. დეპუტატი ფიქრობს, რომ ქალაქში გახშირებული ნაღველ-კენჭოვანი და კარიესული დაავადებების მთავარი მიზეზი სწორედ დაბინძურებული სასმელი წყალია:

„ლაგოდეხელების მასობრივ დაავადებად ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები ითვლება. ჩვენი წყალი არ შეიცავს ფტორს, ამიტომ არის კარიესული დაავადებებიც. გარდა ამისა, ლაგოდეხში გავრცელებულია ჩიყვი. ესეც წყალში იოდის ნაკლებობითაა გამოწვეული“.

ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც წყლის ხარისხის შესამოწმებელ დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს. ჯგუფმა დახმარებისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიასა და პრემიერის აპარატს სპეციალური წერილით მიმართა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG