Accessibility links

ლაგოდეხელი ქალბატონი, 73 წლის ნაზი დოლენჯაშვილი, დიდი ოჯახის დედა და ბებიაა. მას 3 შვილი, 7 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი ჰყავს. ის საკუთარ მეუღლესთან ერთად, ოჯახის რჩენის მიზნით, საბჭოთა პერიოდის კოლმეურნეობაში ეწეოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. მოპოვებული თანხის ნაწილს შემნახველ სალაროში იმის იმედით ინახავდა, რომ მომავალში შვილებს შესაბამის განათლებას მისცემდა და, ასაკში შესულებს, ნორმალური ცხოვრების პირობები ექნებოდათ. ჩვენ ყოფილ მეანაბრეს გავესაუბრეთ. იგი ჰყვება, რომ შემოსავალს მძიმე შრომის ფასად იღებდნენ, შვილებს კი ფიზიკურ მუშაობას ფეხის ადგმისთანავე აჩვევდნენ:

„შრომატევადი სამუშაოს შედეგი იყო იმ დროს ნაშოვნი ფული. ბავშვები თამბაქოს კულტურის მოსაყვანად სარაიაში დაგვყავდა აკვნებით. იქ დაიზარდნენ და ჯდომას რომ ისწავლიდნენ, მაშინვე თამბაქოს სანემს ნემსს დავაჭერინებდით, რომ მოგვხმარებოდნენ. ვფიქრობდით, რომ იმ შეტანილი და დაგროვილი ფულით ან შვილებს მივცემდით განათლებას, ან ჩვენ გამოვიყენებდით მაშინ, როცა ასაკში შევიდოდით. შემნახველ სალაროში მე და ჩემი მეუღლის სახელზე დაახლოებით 30 000 რუსული მანეთი გვქონდა დაგროვილი. თამბაქოს გარდა, მოგვყავდა სიმინდი, ბაზელიკი, ვამუშავებდით ვენახს და აბრეშუმის წარმოებასაც მივსდევდით“.

ადამიანებს 5 და 10 ლარის ქურდობისთვის იჭერენ და ის ქურდობად არ ითვლება, რომ სიმწრით და დიდი შრომის ფასად მოპოვებული ჩვენი შემოსავალი უგზო-უკვლოდ დაიკარგა-მეთქი?! ...
ნაზი დოლენჯაშვილი და მისი მეუღლე პენსიონერები არიან. მათი სურვილია, საბჭოთა ანაბრების გაცემა მთავრობამ რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ჩვენმა რესპონდენტმა სახელმწიფოს თუ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შიდავალის დაფარვის თხოვნით არაერთგზის მიმართა, მათგან კი რეაგირება არასდროს ყოფილა. ნაზი დოლენჯაშვილი ამბობს, რომ თუ სახელმწიფოში ქურდობა სისხლის სამართლის დანაშაულია, მათი შრომის შედეგად მიღებული შემოსავლის მომპარავებიც შესაბამისად უნდა ისჯებოდნენ:

„სააკაშვილს მივწერე, ნათელაშვილსაც, ბოლოს - ივანიშვილსაც. წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ის ლაგოდეხს სტუმრობდა, საპარლამენტო არჩევნების დროს, „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ლუკა კურტანიძის მეშვეობით მივაწოდე წერილი. რას მოვიფიქრებდი, რომ სახელმწიფო ამას გაგვიუქმებდა და ყველა წერილში დავწერე, ადამიანებს 5 და 10 ლარის ქურდობისთვის იჭერენ და ის ქურდობად არ ითვლება, რომ სიმწრით და დიდი შრომის ფასად მოპოვებული ჩვენი შემოსავალი უგზო-უკვლოდ დაიკარგა-მეთქი?! მე და ჩემი მეუღლე ისეთ ასაკში ვართ, რომ მართლა გვჭირდება თანხის შეშველება, წამლის ფულს ვერ ავუდივართ. ანაბრების შესახებ ყველა დოკუმენტაცია შენახული მაქვს, სალაროს წიგნაკები და ის, რაც საჭიროა თანხის გასანაღდებლად. ტელევიზორში მოვისმინე იმის შესახებ, რომ ანაბრების დაბრუნებას აპირებს ახალი ხელისუფლება. ძალიან გამიხარდა, წამლის ფული მაინც გვექნება“.

სახელმწიფოში შიდავალის დაფარვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გახმაურდა. იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ანაბრების დაბრუნებას არ დაჰპირებია, ამ თემაზე საუბარი მთავრობის წარმომადგენლებმა ინტენსიურად დაიწყეს. აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო საზოგადოება პერმანენტულად მუშაობს.

სახელმწიფო დაიწყებს ანაბრების გადახდას. მაგას ვინ ამბობს, რომ არ გადაიხდის, ვინ არის უარზე? ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ საკითხზე მთავრობამ მუშაობა დაიწყო, უკვე არის...
არასამთავრობო ორგანიზაციები „ახალგაზრდა ადვოკატები“ და „ახალგაზრდა ფინანსისტები“ პრობლემის გადაჭრის გზებს სწავლობენ. მათი თქმით, სტატისტიკის დეპარტამენტს მეანაბრეთა საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

ჩვენ ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელ წევრს, გიორგი გოზალიშვილს ვესაუბრეთ. გოზალიშვილი არ აკონკრეტებს ვადებს, თუ როდის დაიწყებს პარლამენტი აღნიშნული საკითხის ოფიციალურად განხილვას. მისი თქმით, ინფორმაცია ლაგოდეხელ მეანაბრეთა საერთო რიცხვზე არ აქვს, თუმცა, როგორც თავად გვითხრა, საბჭოთა პერიოდში შეტანილი ანაბრები მისმა ოჯახმაც დაკარგა:

„სახელმწიფო დაიწყებს ანაბრების გადახდას. მაგას ვინ ამბობს, რომ არ გადაიხდის, ვინ არის უარზე? ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ საკითხზე მთავრობამ მუშაობა დაიწყო, უკვე არის. პროცედურა მოითხოვს, რომ მთავრობა შევიდეს პარლამენტში წინადადებით, თუმცა რა ეტაპზეა ვითარება ამ გარკვეული მომენტისთვის, ვერ გეტყვით“.

არაერთხელ იმედგაცრუების მიუხედავად, ლაგოდეხელები ამბობენ, რომ მათი მოთმინება ჯერ მაინც არ ამოწურულა. ანაბრების თემა კი იმ დრომდე იქნება საზოგადოების პრობლემათა რიგში, ვიდრე კითხვა, ვინ დააბრუნებს ანაბრებს, აქტუალობას არ დაკარგავს.
XS
SM
MD
LG