Accessibility links

logo-print
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება ჯერ კიდევ 2009 წლიდან დაიწყო. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძველი გაზსადენი სისტემა, რომელიც წნორი-ლაგოდეხის ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს, კომპანია „სოკარმა“ ნაწილობრივ გამოიყენა, დიდი ნაწილი კი დღემდე უფუნქციოდაა დარჩენილი. რეპორტაჟში სწორედ ამ მაგისტრალის ერთ-ერთ გარკვეულ უბანს შევეხებით, რომელიც კერძო მესაკურემ მთავრობას აჩუქა. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაზსადენი წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცმებით კი, მასზე თვითმმართველობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათას ლარამდე დახარჯა, რისი უფლებაც, კანონმდებლობით, არ ჰქონდა.

როგორც კერძო საკუთრების ყოფილი მფლობელი ნუნუ კაპანაძე ამბობს, მათ ქონება ადგილობრივ ხელისუფლებას იმიტომ გადასცეს, რომ მთავრობას გაზიფიცირება უნდა მოეხდინა. კაპანაძეები ყურადღებას მთავარ ფაქტზე ამახვილებენ. ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ მოსახლეობა დაუპირისპირა, რის გამოც ადგილობრივებისგან შეურაცხყოფას გასზადენი მილის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ გადაცემა ამჯობინეს. მიუხედავად ამისა, ჩუქების დღიდან 3 წელია გასული და ვარდისუბანი კვლავ ბუნებრივი აირის გარეშე რჩება:

„ჩვენ ვუთხარით ადგილობრივ ხელისუფლებას, გჩუქნით ამ გაზს და თქვენი მხრიდან როდის მოხდება სოფლის გაზიფიცირება? შეხვედრებზე ადგილობრივი მთავრობა ლაპარაკობდა, გაზსადენის გადაცემიდან სოფელს ბუნებრივი აირი ექნებოდა, თუმცა მას შემდეგ უკვე სამი წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. „სოკარმა“ გვითხრა, წინასაარჩევნოდ გვთხოვესო, 2 მრიცხველი დაგვამონტაჟებინეს, ვითომ პროცესი დაიწყოო“.

ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაზსადენის რეაბილიტაციაზე სოლიდური თანხების ხარჯვა დაიწყო. ფულის გამოყოფა 2011 წლიდან ხდება. სწორედ 2011 წელს სოფლის გასაძლიერებლად შექმნილმა პროგრამამ ამ საქმისთვის 19.288 ლარი გამოყო, 2012 წელს კი იმავე პროგრამამ 20. 530 ლარი გაიღო - ჯამში, 40 000 ლარი და შეუსრულებელი პირობა. გაზსადენი კვლავინდებურად უფუნქციოა. 2012 წელსვე მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამავე გაზსადენზე 14 ათას 690 ლარი დახარჯა.

ფაქტობრივად, ეს ფული მთლიანად გადაიყარა წყალში, იმიტომ რომ მისი ექსპლუატაციის ვადა 2 წელია და ეს 2 წელიც მალე გავა. გაზსადენში ბუნებრივი აირი თუ არ შევიდა, სისტემა ხელახლა გახდება სარეაბილიტაციო. გამოდის, რომ თანხას ვხარჯავთ და შედეგს არ ვიღებთ...
რატომ იჩუქა სახელმწიფომ კერძო საკურება და რატომ არ შესრულდა წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება? ამ კითხვით ჩვენ ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი გოზალიშვილს მივმართეთ, რომელიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა.
„არაფერი არ მომხდარა. გაზსადენი კერძო მესაკუთრეებმა დაუბრუნეს რაიონს, ვისიც იყო ეს გაზსადენი თავიდან. მე როგორც ვიცი, მაგათ შესყიდული ჰქონდათ 2000 ლარად, მერე, არ ვიცი, რამ მოუარათ თავში და აჩუქეს რაიონს. ასე თქვეს, ჩვენ ვერ ვუვლითო. 294 000 ლარიანი ობიექტი 2 000 ლარად აქვთ შესყიდული და ენა გააჩერონ მაგათ, მაშინ რომ მოატყუეს ქვეყანა. ეს არის ხალხის ქონებით აშენებული მილსადენი“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი დარბაიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ გაზსადენზე წლების განმავლობაში თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. ამიტომ მან კახეთის საოლქო პროკურატურას განცხადებით მიმართა, რომ ამ თემით დაინტერესდნენ და დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.

„ფაქტობრივად, ეს ფული მთლიანად გადაიყარა წყალში, იმიტომ რომ მისი ექსპლუატაციის ვადა 2 წელია და ეს 2 წელიც მალე გავა. გაზსადენში ბუნებრივი აირი თუ არ შევიდა, სისტემა ხელახლა გახდება სარეაბილიტაციო. გამოდის, რომ თანხას ვხარჯავთ და შედეგს არ ვიღებთ. საერთო ჯამში, ნებისმიერი სტრუქტურის დანაშაული ვიღაც პიროვნებების დანაშაულამდე დადის. კონკრეტულად ვისზე, ჯერ არ ვიცი, თუმცა, სავარაუდოდ, კონკრეტული პიროვნებები გამოიკვეთება“.

მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში აღნიშნული ქონების არსებობამ და მასზე დახარჯულმა სოლიდურმა თანხებმა გარკვეული კითხვები გააჩინა როგორც მოსახლეობაში, ასევე არასამთავრობო სექტორში. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის ეკონომისტი მამუკა ისკანდარაშვილი განმარტავს, რომ მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას საერთოდ არ წარმოადგენს.

„რეალურად, აქ ლაპარაკია 40 000-ზე მეტ ლარზე. თანხები 2 წელიწადია იხარჯება, თუმცა ამ ფულის დახარჯვით არც მუნიციპალიტეტს და არც საზოგადოებრივ შეკვეთებს არაფერი ემატება. თანხა იხარჯება, მოსახლეობა გაზს ვერ იღებს“.

2 წლის განმავლობაში დახარჯული 60 000-მდე ლარი და ბუნებრივი აირის მოლოდინში მყოფი მოსახლეობა!.. ვარდისუბნელები ამბობენ, რომ ისინი წინასაარჩევნო დაპირებით მოატყუეს და დღემდე რეაბილიტირებული გაზსადენი ისეთივე უფუნქციოა, როგორც ფიზიკური პირების საკუთრებაში ყოფნის დროს იყო. ვარდისუბნის გაზსადენის საქმეს საგამოძიებო ორგანოები სწავლობენ. პროცესში კახეთის საოლქო პროკურატურაა ჩართული.
XS
SM
MD
LG