Accessibility links

logo-print
საბჭოთასიმბოლიკიანი ძეგლების დემონტაჟი ლაგოდეხში 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დაიწყო. ლენინისა და სტალინის ძეგლები თავდაპირველად ქალაქისა და სოფლების ცენტრალური ადგილებიდან აიღეს, შემდეგ უკვე გარეუბნებშიც მოხდა მათი დემონტაჟი. ერთადერთი ადგილი, სადაც სტალინის ბიუსტი 2011 წლამდე იყო შემორჩენილი, ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაა. იქ ყოველი წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები იკრიბებოდნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად სტალინის ძეგლს ყვავილებით ამკობდნენ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი აკაკი მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ვეტერანების თხოვნის გათვალისწინებით დარჩა 2011 წლამდე ძეგლი ხელუხლებელი:

„საბჭოთა ბელადების ძეგლები აღარ არის. ლაგოდეხში 2011 წლამდე შემორჩენილი იყო სტალინის ბიუსტი და ისიც ავიღეთ. შესაძლებელია, რომ შემორჩენილი იყოს ისეთი დეტალი, როგორიცაა ვარსკვლავი. სიმბოლიკა: ჩაქუჩი და ნამგალი არსად აღარ არის“.

ყველა სხვა საბჭოთასიმბოლიკიანი ძეგლი, რომელიც ლაგოდეხის რაიონში იყო, დაიმსხვრა და საბოლოოდ განადგურდა. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ძეგლების განადგურება შეცდომა იყო:

„ჩემი აზრით, ყველა სიმბოლიკა უნდა იყოს, რადგან არის ისტორიული“.

„სტალინმა გაყიდა ნახევარი საქართველო და რად გვინდა მისი ძეგლები?!“

„ჰიტლერის ძეგლი არის გერმანიაში, ხოლო საფრანგეთში ნაპოლეონის, რომელმაც თავისი ქვეყანა გაანადგურა. სტალინის ძეგლი არ უნდა იყოს საქართველოში? ძეგლების დემონტაჟი ტვინგაცხელებული ხალხის მოგონილია“.

„მე მიმაჩნია, რომ ეს მონუმენტები და სიმბოლიკები მუზეუმში უნდა ინახებოდეს და არა ქუჩაში“.

„სტალინის ძეგლს კიდევ არა უშავს, მაგრამ ლენინის ძეგლი არ უნდა იყოს არსად“.


მოსახლეობის აზრს იზიარებენ ისტორიკოსებიც. მაგალითად, ვალერი ოღიაშვილის აზრით, საბჭოთასიმბოლიკიანი ძეგლები დემონტაჟის შემდეგ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე უნდა გადატანილიყო ან მუზეუმებში განთავსებულიყო:

სტალინის ძეგლი თელავში

სტალინის ძეგლი თელავში

„შესაძლებელია ისე გაკეთებულიყო, როგორც იყო მოსკოვში. ყველა ჩინოსნის ძეგლი იყო მუზეუმში. ერთ ადგილას იყოს კერპების თავყრილობის ადგილი“.
ბოლო ხანებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში საბჭოთა ბელადის ძეგლების განახლება და მისი თავიდან გახსნა ხდება. ასე მოხდა 1 სექტემბერს თელავშიც. როგორც ვეტერანები ამბობენ, საერთაშორისო ორგანიზაცია "სტალინელისა" და „ვეტერანთა კავშირის“ ორგანიზებით, ძეგლი საზეიმო ვითარებაში გახსნეს, თუმცა 2 სექტემბრის დილას ძეგლი უკვე წითლად იყო შეღებილი.

„დილით 7 საათზე მოვედი და ასეთი მდგომარეობა დამხვდა. ვიფიქრე პატრულისთვის დამერეკა და ამასობაში ის ადამიანი მოვიდა, ვინც მემორიალს ყურადღებას აქცევს. შემდეგ „ვეტერანთა კავშირს“ გავაგებინეთ და ისინიც მოვიდნენ“, ამბობს თელავში მცხოვრები იოსებ სუმბაძე.

უნდა აიკრძალოს თუ არა საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკა? - ამ საკითხზე მსჯელობა აქტუალობას არ კარგავს. საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ უნდა აიკრძალოს, ისტორიკოსები კი ამბობენ, რომ ნებისმიერი სიმბოლიკის განაგურება დაუშვებელია, რადგან ეს ისტორიის განადგურების ტოლფასია.
XS
SM
MD
LG