Accessibility links

logo-print
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში მოქმედმა სათემო ორგანიზაცია „ლელიმ“ ნიადაგების პოლიეთილენით დაბინძურების შესახებ კვლევა ჩაატარა. სათემო ორგანიზაცია „ლელის“ წარმომადგენელი გელა თედეევი ამბობს, რომ პოლიეთილენის ფირი, რომელსაც გლეხები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიხედვით იყენებენ, უხარისხოდაა ნაწარმოები და მოხმარების შემდეგ იგი ნიადაგში რჩება. თედეევის თქმით, პოლიეთილენის ფირი ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, ის აბინძურებს მიწის ნიადაგს და რამდენიმე წელიწადში მიწა უსარგებლო და მოუსავლიანი გახდება:

„ლაგოდეხში დაახლოებით 600-მდე რესპონდენტი გამოვკითხეთ და კატასტროფული სურათი მივიღეთ. საქმე ისაა, რომ მოსახლეობა მასობრივად იყენებს პოლიეთილენს მებაღეობაში. ნიადაგი იფარება პოლიეთილენით, რათა ზამთარში დაგროვილი ნესტი შენარჩუნდეს ზაფხულისთვის. ამასთან, მიწის ნაკვეთზე ბალახიც თითქმის აღარ ამოდის. რადგან ეს პოლიეთილენი არის უხარისხო, მოსავლის მომკის შემდეგ ცელოფნის აღება აღარ ხდება და მოხვნის დროს მიწაში ჩადის“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში გიორგი მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიეთილენის ფირი ნიადაგის გარდა ადამიანის ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს. მჭედლიშვილის თქმით, ამ ხერხით დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ეკოლოგიურად არასუფთა და არაჯანსაღია.

დამწვარი პოლიეთილენი შესაძლოა მტვრის სახით მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა დაავადების გავრცელებას შეუწყობს ხელს...
„არსებობს ხარისხიანი პოლიეთილენის ფირიც, რომელიც შედარებით ძვირად ფასობს, თუმცა გლეხისთვის ხარისხიანი ფირით სარგებლობა არაერთჯერადი და მეტად მომგებიანი იქნებოდა“, - ამბობს გამგებლის მოადგილე.

„ეს არა მარტო ნიადაგის დეგრადაციასთან არის დაკავშირებული, არამედ თითოეული გლეხის ჯანმრთელობასთან. დამწვარი პოლიეთილენი შესაძლოა მტვრის სახით მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა დაავადების გავრცელებას შეუწყობს ხელს. ასე თუ გაგრძელდა, პროდუქციაც აღარ იქნება ნატურალური. ჩვენ თუ გვინდა ევროპის ბაზრების ათვისება და ხარისხიანი პროდუქცია, ამ ფაქტს დიდი ყურადღების მიქცევა სჭირდება“.

გიორგი მჭედლიშვილი პრობლემის მოგვარების უპირველეს გზად მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას მიიჩნევს. იგი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ბერკეტი აქვს და, მისი აზრით, სასურველი იქნებოდა საკითხზე სათემო ორგანიზაციასთან ერთად ემუშავათ:

სახელმწიფოს კურსი არის, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს. იმისათვის, რომ განვითარდეს ეს დარგი, ნიადაგი უნდა იყოს ნაყოფიერი. ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლი ამ პრობლემის მოგვარებაში დიდი იქნება...
„ამ ეტაპზე ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია, რომ მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენას ახდენს პოლიეთილენი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. შესაძლებელია სპეციალური ბუკლეტების დამზადება და გავრცელება“.

სათემო ორგანიზაცია „ლელი“ თემასთან დაკავშირებით სპეციალური კონფერენციის მოწყობას აპირებს. ორგანიზაციის ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ყველა ის ადამიანი იქნება მიწვეული, რომელთაც აღნიშნული საკითხი აწუხებთ. გელა თედეევის განცხადებით, შეხვედრის მონაწილენი საკითხს ძირეულად განიხილავენ და მისი მოგვარების შესაძლო გზებს გააცნობენ საზოგადოებას:

„სახელმწიფოს კურსი არის, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს. იმისათვის, რომ განვითარდეს ეს დარგი, ნიადაგი უნდა იყოს ნაყოფიერი. ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლი ამ პრობლემის მოგვარებაში დიდი იქნება. შესაძლებელია, რომ პოლიეთილენის გამოყენება არ აიკრძალოს, მაგრამ ის ხარისხიანი უნდა იყოს, რომ მოსავლის აღების შემდეგ მისი აღება მოხდეს“.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მესვეურნი პრობლემით არ დაინტერესდებიან და მნიშვნელოვან ძვრებს არ განახორციელებენ, ქვეყანა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგება.
XS
SM
MD
LG