Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ლაგოდეხელები ზამთარს მოუმზადებლები ხვდებიან


71 წლის პენსიონერი ლაგოდეხის მუნციპალიტეტის გამგეობისგან მყარი საწვავით დახმარებას ითხოვს. ნათელა მოსაშვილი ამბობს, რომ მას, როგორც სოციალურად დაუცველს, ადგილობრივი ხელისუფლება შეშით ყოველწლიურად ეხმარებოდა, წელს კი პენსიონერს შეშით მომარაგებაზე უარი ეთქვა. ქალბატონი აცხადებს, რომ 100-100 ლარიანი დახმარება, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეშის შეძენის მიზნით გამოუყო, მას არ მისცეს. მარტოხელა ქალბატონი ამბობს, რომ ის ავადმყოფია, სითბოს გარეშე ზამთარს ვერ გადაიტანს და ამიტომ აპირებს ცივი სეზონი გამგებლის კაბინეტში გაატაროს:

„გამგეობაში მითხრეს, სოციალურად დაუცველი კი ხარ, მაგრამ ქულები არ გყოფნის და შეშის 100 ლარიან დახმარებას ვერ მოგცემთო. არც ერთი წელიწადი არ ყოფილა, რომ ჩემთვის დახმარება არ გაეწიოთ. მეც არ ვიცი, რა გავაკეთო. იმისათვის, რომ ზამთარში არ გავიყინო, იძულებული გავხდები, გამგეობაში დავჯდე და თბილად ვიყო. მე მათ ვუთხარი კიდეც ასე. „რით მოგიტანო შეშაო?“ - გამგებელმა მითხრა. ფიზიკურად არ შემიძლია. მარტო ვცხოვრობ და თითქმის სულ ვწევარ. ცუდად ვარ. ჩემნაირ საცოდავ ხალხს არაფერში არ ეხმარებიან. ცოტაოდენი ფიჩხი ხევიდან ჩემი ხელით მოვიტანე. ისეთი გამწარებული ვარ, ამის წინ ისიც კი ვიფიქრე, მეოთხე სართულიდან გადავვარდნილიყავი და თავი მომეკლა“.

რა რაოდენობის მასალა გამოყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა დაცული ტერიტორიებიდან შეშის გატანის მიზნით და რატომ არ ჰყოფნის მოსახლეობას მყარი საწვავი? დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის დირექტორი გიორგი სულამანიძე აცხადებს, რომ, სხვა წლებთან შედარებით, შეშის მარაგმა 50 პროცენტით დაიკლო. მისი თქმით, ნედლი მასალის რესურსის განახევრება შეშის დიდი მარაგის ნაკრძალიდან გაცემამ გამოიწვია:

„დაცული ტერიტორიაა და შეზღუდულები ვართ ხე-ტყის გაცემასთან დაკავშირებით. არსებული რესურსი მხოლოდ 1500 კუბური მეტრია. ეს ძალიან მცირე რაოდენობაა. ვცდილობთ, რომ დავაკმაყოფილოთ ტყის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. ეს რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებია. ეს არის დაცული ტერიტორია და სისტემატურად მაქსიმალური რაოდენობით ხე-ტყის ამოღება აქ არ შეიძლება“.

არც შეშა მომცეს გამგეობიდან და არც თანხა. ხომ თქვეს, რომ წელს ფულადი სახით გაიცემაო დახმარება. დავწერე განცხადება, როგორც სოციალურად დაუცველმა, მივაკითხე ბანკში და არ იყო დარიცხული...
მოსახლეობის ნაწილს, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლებას შეშით დახმარების თხოვნით მიმართა, ამ დრომდე მყარი საწვავი ან მისი საზღაური, თანხის სახით, არ მიუღია. სოციალურად დაუცველები 100 ლარიან დახმარებას კვლავ ელოდებიან. მათი თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ არჩევნების შემდეგ შეშით უზრუნველყოფას დაჰპირდა. მოსახლეობა აცხადებს, რომ საკუთარი სახსრებით სათბობი მასალის შეძენა არ შეუძლიათ:

„არც შეშა მომცეს გამგეობიდან და არც თანხა. ხომ თქვეს, რომ წელს ფულადი სახით გაიცემაო დახმარება. დავწერე განცხადება, როგორც სოციალურად დაუცველმა, მივაკითხე ბანკში და არ იყო დარიცხული. შემპირდნენ, რომ დაგერიცხებაო და ველოდები“.

„ჩემი სარეიტინგო ქულა 47 000-ია. განცხადება შევიტანე გამგეობაში. ამ დრომდე ჯერ არ მოუციათ 100 ლარიანი დახმარება. ასე თქვეს, ჯერ დაბალქულიანებზე გავცემთ და შემდეგ რამე იქნებაო“.

ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარება განაწილდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველაზე დაბალქულიან სოციალურად დაუცველებზე...
ვალერი ალიბეგაშვილი
ლაგოდეხის გამგებელი ვალერი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ გათბობის სეზონთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარი გამოიყო. მისი თქმით, 100 ლარიანი დახმარება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ 150 ოჯახზე განაწილდა, რომელთა რეიტინგიც 0-დან 20 000 ქულამდე მერყეობს. ალიბეგაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებითი სახსრები გაჩნდა, შესაძლებელი გახდება დახმარება უფრო მეტ ოჯახს მიეცეს:

„სოფლებში გამოყოფილია ტყე-კაფები. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის შეშით მომარაგების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15000 ლარი გამოვყავით. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარება განაწილდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველაზე დაბალქულიან სოციალურად დაუცველებზე. თუ ბიუჯეტში გამოჩნდა დამატებითი სახსრები იმისთვის, რომ ამ ადამიანებს სათბობი მასალისთვის დახმარება მივცეთ, ამას სიამოვნებით გავაკეთებ“.

2 დღეში გათბობის სეზონი ოფიციალურად დაიწყება. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი გათბობის გარეშეა დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი გაზიფიცირებულია, მოსახლეობა ბუნებრივი აირით გათბობას ვერ ახერხებს. ამის მიზეზად კი კერძო სახლები და დიდი ოთახები სახელდება.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG