Accessibility links

logo-print

სამსახურების რეორგანიზაცია და ტესტირების მოლოდინი ლაგოდეხში


ლაგოდეხი

ლაგოდეხი

ლაგოდეხში სამსახურების გაერთიანება და შტატების ოპტიმიზაციის პროცესი დაიწყო. პარალელურად ფინანსურ დოკუმენტაციას ამოწმებენ იმ სამსახურებში, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ტესტირების მოლოდინში არიან საჯარო მოხელეები.

ლაგოდეხში, რეორგანიზაციის შედეგად, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და სპორტკომპლექსი გაერთიანდა. ორი აიპი ორგანიზაციის რეორგანიზაცია გამგეობამ მოითხოვა, რასაც საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. როგორც ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯამბურიამ განაცხადა, აღნიშნული ორგანიზაციები თითქმის ერთნაირ საქმიანობას ახორციელებდნენ, რის გამოც მათი გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს:

“მე მიმაჩნია, რომ ეს ორი აიპი ორგანიზაცია საქმიანობით ერთმანეთს ფარავს და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მათი გაერთიანების. ჩამოყალიბდება ერთი აიპი ორგანიზაცია. მოხდება შტატების ოპტიმიზაციაც. არც ერთი საქმე არ ჩავარდება და, პირიქით, უფრო უკეთესად იმუშავებს გაერთიანებული სამსახური“.

თუ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ სპორტი და ახალგაზრდობა ერთად უკეთ განვითარდება, მე მზად ვარ ამ პროცესში მონაწილეობა მივიღო. მთავარია სარგებელი მიიღოს საზოგადოებამ...

რეორგანიზაციის შედეგად, გაერთიანებულ არაკომერციულ, არასამეწარმეო იურიდიულ სამსახურში შტატებიც ხელახლა დაკომპლექტდება, თუმცა რა ერქმევა ახალ სამსახურს, ეს ჯერ უცნობია. ლაგოდეხის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა თავისი სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ მხოლოდ მედიისგან შეიტყო. თორნიკე მაჭარაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რას უკავშირდება აღნიშნული გადაწყვეტილება:

„მე ეს ამბავი გავიგე მედიისგან, თუმცა ჩემთვის უცნობია, რა მიზეზით ხდება ორი აიპის გაერთიანება. პირდაპირ გაოგნებული ვარ. თუ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ სპორტი და ახალგაზრდობა ერთად უკეთ განვითარდება, მე მზად ვარ ამ პროცესში მონაწილეობა მივიღო. მთავარია სარგებელი მიიღოს საზოგადოებამ“.

ორი აიპი ორგანიზაციის გაერთიანება და იქ შიდა აუდიტის შესვლა სხვა არაფერია, თუ არა ძველი თანამშრომლების და უფროსების გაშვების საბაბი...

ლაგოდეხში კიდევ ერთ აიპი ორგანიზაციაში - ბაღების გაერთიანების სამსახურში - შიდა აუდიტის სამსახურია შესული. აუდიტი ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ირმა სიყმაშვილის განცხადებით, ის ამ პროცესში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს:

„ეს შემოწმება გეგმიურია. გამგეობის შიდა აუდიტი ჩვენს ფინანსურ დოკუმენტაციას ამოწმებს. 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება ფინანსური მასალების შესწავლა“.

„ორი აიპი ორგანიზაციის გაერთიანება და იქ შიდა აუდიტის შესვლა სხვა არაფერია, თუ არა ძველი თანამშრომლების და უფროსების გაშვების საბაბი“, - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გურამ კაკალაშვილმა გააკეთა:

„საიდუმლო არავისთვის არ არის, რომ აიპების გაერთიანება და იქ აუდიტის შესვლა უკავშირდება იმას, რომ თორნიკე მაჭარაშვილმა განცხადება არ დაწერა და არ წავიდა. ლაგოდეხში არაფერი არ იმალება. მას მოსთხოვეს განცხადების დაწერა იმიტომ, რომ ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და წევრი“.

რეორგანიზაცია არა, მაგრამ გვიან შემოდგომაზე თანამშრომელთა ტესტირება იგეგმება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამსახურებში, მაგალითად, გამგეობასა და საკრებულოში. საკონკურსო საატესტაციო კომისია უკვე შექმნილია. მას გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი ბოკერია უხელმძღვანელებს:

„მოხელეთა ატესტაცია და მათი კვალიფიკაციის შემოწმება აუცილებელია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომელ საჯარო მოხელეს რა ცოდნა აქვს და რამდენად აკმაყოფილებს ის მოთხოვნებს“.

აიპი ორგანიზაციების გაერთიანება, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები და ატესტაცია - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა დღეს ერთდროულად მუშაობს.

XS
SM
MD
LG